Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უკრაინული სოფელი თბილისის შემოგარენში

15 იანვარი 2018

თბილისის აეროპორტიდან აფრენისას ან თბილისში ჩამოფრენისას - დარწმუნებული ვარ, შეამჩნევდით თბილისის ზღვის ჩრდილოეთით ქედზე მდგარ ვეებერთელა საავიაციო რადიოლოკატორს. აფრენა-დაფრენისას შესაძლოა ბევრს, ან ზოგიერთს გასჩენია ახლოდან ამ ლოკატორის და მიმდებარე ტერიტორიის მონახულების სურვილი. მე კი იქაურობის ნახვის კიდევ უფრო დიდი მიზეზიც მქონდა, ჩემთვის ძალიან საპატიო მიზეზი. მამით უკრაინიელი ვარ, დედით კი გერმანელი. ჩემი წინაპრები უკვე 200 წელია საქართველოში ცხოვრობენ. მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე. საქართველოში გერმანული და უკრაინული ნაკვალევის ძებნა, კვლევა და შესწავლა ჩემი გატაცებაა. 

ამ კვლევამ თბილისის თავზე, თბილისის ზღვის ჩრდილოეთით არსებულ პატარა უკრაინულ სოფლამდე მიმიყვანა. ეს სოფელი სწორედ იმ დიდი სანავიგაციო ლოკატორის მახლობლად მდებარეობს. დღეს ამ სოფელს ქვიშიანა ჰქვია, უფრო ზუსტად - ქვემო ქვიშიანა. თავდაპირველად ოლგინსკოე ერქვა, შემდეგ საბჭოთა პერიოდში ლენინისი უწოდეს. ეს ბოლო სახელწოდება სოფლის მახლობლად არსებული ქვიშის მომპოვებელი კარიერიდან მომდინარეობს. ეს უძველესი კარიერი დღესაც მოქმედია. ოლგინსკოეს სახელწოდების წარმოშობა კი ბუნდოვანია. ზოგიერთი ცნობით, მე-19 საუკუნეში სოფლის ერთ-ერთი დამაარსებელი სამხედროს მეუღლეს, რომელსაც მთელი სოფელი თურმე დიდ პატივს სცემდა, ოლგა რქმევია. თუმცა, ამბის ნამდვილობის  გადამოწმება მეტისმეტად რთულია.

სოფელში ძველი მოსახლეობა ძალიან ცოტაა, უფრო სწორედ, თითქმის არავინაა დარჩენილი. სოფელი 19-საუკუნეში დასახლდა. უფრო სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ, უკრაინელების გარდა, რუსულმა იმპერიულმა ხელისუფლებამ აქ მოლოკნები და დუხობორებიც ჩამოასახლა. სოფელი არცთუ დიდია, თუმცა მის შუაგულში საკმაოდ მოზრდილი და ახლა უკვე საგრძნობლად დაზიანებული ეკლესია დგას: წმინდა კონსტანტინეს და ელენეს სახელობის ეკლესია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აუგიათ და წირვა-ლოცვა აქ გასაბჭოებამდე რუსულ ენაზე ტარდებოდა. ახლა შენობის გუმბათი ჩამონგრეულია, კედლები - დაზიანებული. ეკლესიის მახლობლად საფლავის ქვაა, რომლის რუსული წარწერა გვამცნობს, რომ 1910 წელს აქ აგრაფინა მიხეილის ასული კირილოვა დაუკრძალავთ. 

ეკლესიის შემოგარენის სასაფლაოზე უფრო შთამბეჭდავი სოფლის თავზე წამომართულ მაღალ გორაზე არსებული სასაფლაოა. ტიმჩენკო, ბოიჩენკო, კალინიჩენკო, კარპენკო, მიხასენკო მე-19 და მე-20 საუკუნეების საფლავის ქვებზე ამ და სხვა უკრაინულ და რუსულ გვარებს ამოიკითხავთ. ამ სასაფლაოდან გამაოგნებელი ხედი მოსჩანს თბილისის ზღვაზე და თბილისზე. მე პირადად იშვიათად შემხვედრია ასეთ საოცარ ადგილას მოწყობილი სასაფლაო. 

რაც შეეხება ქვიშიანა-ოლგინსკოეს, ის უმეტესწილად დაცლილია. სოფელში ძირითადად დაკეტილ და ჩამონგრეულ სახლებს შეხვდებით. რამდენიმე საათი დავყავი ამ სოფელში და ვერავინ მოვძებნე, ვინც სოფლის თავგადასავლის შესახებ ჩემს კითხვებზე გამცემდა პასუხს. ამის მიუხედავად, ძალიან ამაყი და კმაყოფილი დავბრუნდი - მე, ქართველმა უკრაინელმა თბილისის შემოგარენში ჩემთვის მანამდე უცნობი უკრაინული სოფელი აღმოვაჩინე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^