Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი მარგველაშვილის პროგრამის პრეზენტაცია ეკრანებს მიღმა

20 სექტემბერი 2013

სპორტის სასახლეს საბურთალოს ქუჩიდან ვუახლოვდებით. „რა არის, რა ხდება აქ“, რადიოგადამცემიდან (რაცია) ამავე ტერიტორიაზე საცობში მოყოლილი ერთ-ერთი ტაქსის მძღოლის ხმა ისმის.

„აქ“ ის ხდება, რომ 17 საათზე, სპორტის სასახლეში, კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი საპრეზიდენტო პროგრამას წარადგენს.

საცობის გამო მანქანით გადაადგილება აზრს კარგავს, მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი პატრულის თანამშრომლები საავტომობილო მოძრაობის დარეგულირებას ცდილობენ, რაც თბილისში ისედაც რთულია, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მსგავსი ღონისძიებაა დაგეგმილი.

საპრეზდენტო პროგრამის პრეზენტაციაზე დასასწრებად 41 ნომრიან თეთრ მაისურებში გამოწყობილი ახალგაზრდათა ჯგუფი მიდის - „თემქის ახალგაზრდულიდან დღეს 50-ნი შევდივართ, აქ 35 ვართ, 15 იქ დაგხვდება“.

სპორტის სასახლის წინ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის  მხარდამჭერები ნელ-ნელა იკრიბებიან, ნაწილი ჯგუფებად დგას, ნაწილი კი ტელეფონზე საუბრობს და „ხაზის იქით მყოფებს“ სწრაფად მოსვლისკენ მოუწოდებს - „წინ ვდგავარ და მალე მოდი, შევიდეთ ბარემ“.

ხალხის სიმრავლე ყველაზე მეტად მზესუმზირით, მიწისთხილითა და წყლით მოვაჭრე ბებოს უხარია, ჩვეულებრივ დღეებში დიდ სათლში მომარაგებული წყლის პატარა ბოთლების ორმაგ ფასად გაყიდვა გაუჭირდება.

შენობის გარე ფასადზე გიორგი მარგველაშვილის დიდი პლაკატია გამოკრული - „ერთად განვაგრძოთ წინსვლა”. შესაძლოა, ეს სლოგანი „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე პოპულარული გზავნილის პასუხია („წარსულში დაბრუნება“), რომლითაც ის ამჟამინდელ ხელისუფლებას უპირისპირდება.

სპორტის სასახლის შესასვლელი 3 ნაწილადაა დაყოფილი : დასავლეთ საქართველო, აღმოსავლეთ საქართველო და თბილისი. ქალაქების დასახელებები კედელზეა გაკრული. აქვე აქვთ რაიონებიდან გადმოცემული თანამშრომელთა სიები, რის მიხედვითაც შეხვედრაზე მოსულებს იარუსს, სექტორს, რიგსა და ადგილს უთითებენ.

შენობის უკანა მხარესაც კოალიციის მხარდამჭერები არიან შეკრებილნი. ორი პატარა დროშით ხელში, განცალკევებით მჯდომი ქალბატონი ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილის მხარდასაჭერადაა მოსული და არ ესმის იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაფრის შეცვლა დროის მოკლე მონაკვეთში სურთ -„რაც შეეძლოთ, ყველაფერი შეასრულეს და იმედი გვაქვს, რომ დანარჩენი დაპირებებიც შესრულდება, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მარგველაშვილი გახდება“.

აქვე, ოცამდე ადამიანი საპროტესტო აქციას მართავს - „ატსტუპნიკები ტყუილი დაპირებების წინააღმდეგ“, „ატსტუპნიკები ცრუპენტელა პარლამენტის წინააღმდეგ“. აქციაზე შეკრებილები ბინების დაკანონებას ითხოვენ.  

შესასვლელში კონტროლის მკაცრი ზომებია მიღებული. ჟურნალისტებს აპარატურას უმოწმებენ, მეტალო დეტექტორით კი აკრძალული ნივთის პოვნას ცდილობენ, თუმცა, თუკი ვინმეს შენობაში რაიმეს შეტანა სურს, ნაკლებ სავარაუდოა, დიდად გაუჭირდეს.

8600 ადამიანის ტევადობის დარბაზი ნელ-ნელა ივსება. ლურჯი განათება, საქართველოსა და „ქართული ოცნების“ დროშები, რომელთაგან ერთ-ერთსაც ადგილზე აუთოვებენ, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, მუსიკოსები, რომლებსაც ნოტების გვერდით „ქართული ოცნების“ ბროშურა და პატარა დროშები უწყვიათ. სცენის გვერდით "დინამიკები" ბიძინა კვერნაძის კომპოზიციას უკრავს, იგრძნობა, რომ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი, თუმცა ეს ყველაფერი, ყოფილი მმართველი გუნდის მიერ თუნდაც ამ დარბაზში გამართულ ღონისძიებებზე ნაკლებ პომპეზურია.

დეპუტატები ნელ-ნელა იწყებენ მოსვლას. ხანმოკლე დიალოგებს მართავენ  საზოგადოების სხვადასხვა ცნობილ, თუ უცნობ პირებთან და მსურველებთან ფოტოებსაც იღებენ.

17 საათი ხდება და სცენის უკან აღმართულ დიდ ეკრანზე  იმიჯშეცვლილი განათლების ყოფილი მინისტრის წინასაარჩევნო შეხვედრების კადრებისგან დამზადებული კლიპი ირთვება.

სპორტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილი და ქვეყნის პრემიერი ერთდროულად შემოდიან, რასაც დამსწრე საზოგადოება ოვაციებით ხვდება. ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს პრეს-ლოჟისაკენ მიუთითებენ, „დაიკავეთ თქვენი ადგილები, პირდაპირი ეთერია, ვერ გაგიშვებთ სცენისკენ, ბოლო-ბოლო ჩვენ სურათებს აიღებთ, ძალიან ბევრს გავავრცელებთ, ათას ცალს“.

შეხვედრას მისასალმებელი სიტყვით მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე ხსნის, რასაც კოალიციის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელის გამოსვლა მოჰყვება. პროტოკოლით, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლისთვის 10, გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაციისთვის კი 30 წუთია გათვალისწინებული.

ყველაზე დიდი ოვაცია ფრაზას - „ამ არჩევნებით კოჰაბიტაცია დასრულდება“, პრემიერის გამოსვლასა და ბიძინა ივანიშვილის მიერ დამსწრეთათვის გიორგი მარგველაშვილის წარდგენას მოჰყვა.

დარბაზში საშინელი სიცხე და უჰაერობაა, სიტყვით გამომსვლელთა ხმა თითქმის არ ისმის, თუმცა უკანა რიგებში მსხდომი ადამიანები წინა რიგებიდან ატეხილ ტაშს ჰყვებიან, ზოგიერთი მათგანი კი უბრალოდ დროშას აქნევს, ისე, როგორც ერთი შუახნის მამაკაცი, სკამზე „მეზობლის“გარეშე რომ ზის და მხოლოდ ოვაციების ხმაზე  უერთდება იქ შექმნილ ვითარებას.

გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო პროგრამას თითქმის თავაუღებლად კითხულობს, აუდიტორიასთან კონტაქტი თითქმის არა აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიების დასრულება 18 საათზეა დაგეგმილი, ოცი წუთით ადრე, შეკრებილები ნელ-ნელა ტოვებენ დარბაზს და კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება - „მე მჭირდება თქვენი ნდობა და მხარდაჭერა დღეს, და უწყვეტი თანამშრომლობა ხვალ“ გასასვლელისკენ მიმავალ ზოგიერთ მათგანს კიბეებზე ეწევა.

პრეზენტაციის დასრულებას დარბაზიდან გაღწევის მცდელობა მოჰყვა, გაღწევა იმიტომ, რომ გასასველებიდან მხოლოდ რამდენიმე იყო ღია და იარუსის ბოლოს სინათლის გამოჩენამდე შეხვედრაზე მოსულებს დიდი წვალება მოუხდათ.

„ეს რა სიმღერებია ჩართული, ცოტა მხიარული დაუკარით, შალახო ან რამე“, - ხმამაღლა გაიძახის ქაღალდებით, გაზეთებით, დროშებითა და წყლის ბოთლებით დანაგვიანებულ ტრიბუნაზე მჯდომი ქალბატონი, რომელიც დარბაზის დასატოვებლად „ხალხის დაცლას“ უცდის.

„სულ ასე, გამარჯვებულებს გვევლოს“ – ემშვიდობებიან ერთმანეთს შეხვედრაზე მოსული ქალბატონები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^