„პორნოგრაფიის განმარტება შეუძლებელია, მეტაფიზიკური ცნებაა, ეს ანტიკური დებატია”[1] – გიორგი ჩიბჩიური, ადვოკატი, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი საქმეში „საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ [2].
„მარიხუანა ეს არ არის სწორი ტერმინი. სწორი ტერმინია კანაბისი. მე მეცნიერებათა აკადემიაში ვარ და მარიხუანა ეს არის სლენგი...იყო მარია და ხუანი. ეს ორი ადამიანი გაერთიანდა, მოწიეს ეს შეკეთებული სიგარეტი და მერე გამოვიდა პაპიროსი - მარიხუანა“ [3] - ჯემალ ჯანაშია, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს შსს სამმართველოს ყოფილი უფროსი (1993-1994) და საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე 1997-1998 წლებში.
***
სიტყვის „მარიხუანა“ ზუსტი ეტიმოლოგია უცნობია. საყურადღებოა, რომ 1894 წელს ჟურნალ „Scribner“-ის დამატებაში "The American Congo"ავტორი ჯონ ბურკე აღწერს მცენარეებს - toloachi , mariguan და drago [4]. მისი გადმოცემით, პირველი ორი მცენარე ადგილობრივი ქალების მიერ ყოფილ შეყვარებულებზე შურისძიებისთვის გამოიყენებოდა, ხოლო მესამეს კი რელიგიური რიტუალებში ენიჭებოდა მნიშვნელოვანი როლი.
რამდენად იყო მცენარე Мariguan, იგივე მარიხუანა უცნობია, თუმცა აღნიშნული სიტყვების ფონეტიკური მსგავსება თვალშისაცემია. ეს იყო მარიხუანას შესახებ შესაძლო პირველი ცნობა ინგლისურენოვან პუბლიკაციაში.
მკვლევარმა დეილ გირინგერმა, თავის ნაშრომში მიმოიხილა ტერმინის „მარიხუანა“ ადრეული წარმოშობა და მისი გავრცელება კალიფორნიის შტატში [5]. აღნიშნული კვლევა მოიაზრებდა სიტყვის გამოყენებას პოპულარულ პრესასა და სამედიცინო/ფარმაცევტულ ჟურნალებში მეცხრამეტე საუკუნის მიწურულსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში.
ტერმინი |
წყარო/ჟურნალი |
თარიღი |
Mariguan |
Scribner |
1894 |
Marihuma |
Punch |
1905 |
Mariahuana |
Pacific Drug Rewiew |
1905 |
Marihuano |
The American Practitioner |
1912 |
Marahuana |
The L.A. Times |
1914 |
Maraguango |
The Military Surgeon |
1933 |
როგორც აღვნიშნე, სიტყვის ზუსტი ეტიმოლოგია ბოლომდე გამორკვეული არ არის, თუმცა ფაქტია, ინგლისურ ენაში სიტყვა „მარიხუანა“ ესპანურიდან შემოვიდა. რაც შეეხება ესპანურში მის გაჩენას, აღნიშნულზე რამდენიმე თეორია არსებობს.
ესპანურ ენაში ბალახის სახელები შესაძლოა უკავშირდებოდეს სემიტური ენების ჯგუფში არსებულ Мrr ფუძეს. აღნიშნული მოსაზრება პენსილვანიის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ აზიური ენებისა და ცივილიზაციის კათედრის პროფესორს, ვიქტორ მეირს ეკუთვნის. მისი აზრით, არაბულში არსებული mrr ფუძის შემცველი სიტყვები უფრო ადრინდელია, ვიდრე ანტიკურ ჩინურში გავრცელებულ კანაფის აღმნიშვნელ სიტყვები Maraj/Mraj; მაგალითად: სიტყვები mejorana/mayorana შუასაკუნეობრივი ლათინური სიტყვებიდან maiorana/majorana იღებს ფუძეს, რომელიც შეცდომით არის დაკავშირებული ასევე ლათინურ სიტყვასთან Мajor, რაც „უფრო დიდს“ აღნიშნავს [6]. სინამდვილეში აღნიშნული სიტყვის ფუძე ლათინური Аmarus (მწარე) არის, სემიტური ფუძე murr კი სიმწარეს გამოხატავს. სიტყვები mejorana ან mayorana, რომელთაც სიტყვის „მარიხუანა“ მსგავსი ფონეტიკური სტრუქტურა აქვთ, ისევე აღიქმება ესპანურში, როგორც ქართულში „ინდი-მინდი“.
ფოლკლორული ჭრილიდან სიტყვის ეტიმოლოგიაზე გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა მარიამ ღვთისმშობლის დიდ როლს მორწმუნე მექსიკელთა აღქმაში. აღნიშნული მოსაზრების შესაძლო მართებულობაზე მიუთითებს ფსიქოაქტიური მცენარის Salvia divinorum-ის ესპანური სახელწოდება - ska Maria Pastora (მწყემსი მარიამის ბალახი); ამგვარად თუ სიტყვაში Мarijuana მთავარი მოქმედი პირები ქალები, მარია და ხუანა (და არა ხუანი) არიან, მარია შესაძლოა, მარიამ ღვთისმშობლის სახელი იყოს [7].
ერთ-ერთი წამყვანი შეხედულების მიხედვით, სიტყვა „მარიხუანას“ ჩინური ფესვები შეიძლება ჰქონდეს და უკავშირდებოდეს ქვანახშირის მომპოვებელი ჩინელი მუშების დასავლეთ მექსიკაში შემოსვლას. ჩინურში კანაბისის აღსანიშნავად იყენებდნენ სიტყვათშეთანხმებას Ma hua, რაც კანაფის ყვავილს ნიშნავს. კანაფთან დაკავშირებული კიდევ ერთი ჩინური სიტყვათშეთანხმებაა Ma ren, რაც კანაფის თესლს ნიშნავს. Ma ren hua - თუკი ამგვარი ტერმინი იარსებებდა, გამოხატავდა კანაფის თესლსა და ყვავილს. [8]
ინგლისურ ენაში სიტყვა „მარიხუანას“ გამოყენება მეოცე საუკუნის დასაწყისში მექსიკელი მიგრანტი მუშების აშშ-ში შემოსვლას ემთხვევა. შემდგომში, სწორედაც ეს ფაქტი გახდება სახელმწიფოს აგრესიული ნარკოპოლიტიკის საკვანძო დეტალი [9].
აშშ-ის ბეჭდურ მედიაში „მარიხუანა“ მოიხსენებოდა მექსიკელი დაბალი კლასის წარმომადგენლების დასახასიათებლად. ყოველგვარი ძალადობისა და არეულობის ეპიზოდი კი სწორედაც მარიხუანას მიეწერებოდა [10]. „ოპიუმზე უფრო მძლავრი“, „Locoweed” ამგვარი ეპითეტებით ახასიათებდა აშშ-ის პრესა მარიხუანას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აშშ რამდენიმე ათწლეულით ადრე გაეცნო კანაფს, უფრო ეგზოტიკური, აღმოსავლური სახელით – „ჰაშიში“[11].
სიტყვა „მარიხუანა“ კი XX საუკუნის დასაწყისის აშშ-ის მოსახლეობის აღქმაში მჭიდროდ დაუკავშირდა ბუნტისთავი მექსიკელების ხატებას. აღნიშნული კიდევ უფრო გააძლიერა 1930-იან წლებში წამოწყებულმა შოვინისტურმა ანტინარკოტიკულმა კამპანიამ, რომელსაც თავში ნარკოტიკებთან ბრძოლის ბიუროს მეთაური, ჰარი ანსლინგერი ედგა. მის სახელს უკავშირდება 1937 წელს მიღებული საკანონმდებლო აქტი Marihuana Tax Act [12].
„მარიხუანას“ ამგვარი დისკრიმინაციული წარსულის გამო მის გამოყენებას დღეს აქტიურად ეწინააღმდეგებიან აშშ-ში გარკვეული ჯგუფები, რომლებიც უფრო პოლიტკორექტულ ფორმად კანაბისს მიიჩნევენ [13].
***
12 იანვარს მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით, მეცნიერები, ნარკოლოგები, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის ინიციატორებს შეხვდნენ. სწორედაც აღნიშნულ შეხვედრაზე გაჟღერდა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, ჯემალ ჯანაშიას ეს სიტყვები, რომელიც თავისი ანეკდოტურობით ზუსტად გამოხატავს მის განსწავლულობას ნარკოპოლიტიკის საკითხებში.
სიტყვა „მარიხუანას“ წარმოშობაზე „მეცნიერული“ მსჯელობა ჯემალ ჯანაშიას მხრიდან დაახლოებით ისეთივე „ღრმა“ და „მრავლისმომცველია“, როგორც ადვოკატ გიორგი ჩიბჩიურის წარმოდგენა პორნოგრაფიის რაობაზე.
მსგავსი ზედაპირული ცოდნა ყველაზე საბაზისო ტერმინოლოგიაში მრავლისმეტყველი და კომიკურია. გასაგებია, რომ იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს არაფერი ესაქმება ენათმეცნიერებაში და არ მოეთხოვება სიტყვების წარმოშობისა თუ სახეცვლილების ძირეული ცოდნა. მაგრამ მეცნიერს, რომელიც 420%-ით დარწმუნებულია, რომ მარიხუანას სახელი მარიასა და ხუანის ერთობლივი „დაბოლების“ შემდგომ მიენიჭა, არ უნდა ჰქონდეს მორალური უფლება, რაიმე სახის მეცნიერული აზრი გააჟღეროს.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არის უძველესი ქართული აკადემიების – გელათისა და იყალთოს აკადემიების მემკვიდრე, სახელმწიფოს მაღალი დონის ინტელექტუალური განვითარების ატრიბუტი, საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩეველი, საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო მიღწევებისა და მაღალი სამეცნიერო და სამოქალაქო ავტორიტეტის მქონე პირთა გაერთიანება - ამგვარ დეფინიციას უკეთებს საკუთარ თავს ეს ორგანიზაცია. ჯემალ ჯანაშიას სიტყვების შემდეგ არც არის გასაკვირი, საქართველოს მთავრობა მეცნიერულ რჩევებს ფსევდომეცნიერებისგან რომ იღებს, ხოლო ქვეყნის მაღალი დონის ინტელექტუალურ განვითარებაზე საუბარიც კი სასაცილოა.
წყაროები
[1] მოსამართლეების უხერხული კითხვები პორნოგრაფიაზე- ჯაბა ანანიძე, ნეტგაზეთი
[2] საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ- სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“
[3] „მარიამ და ხუანმა მოწიეს შეკეთებული სიგარეტი" - შეხვედრა მეცნიერებათა აკადემიაში- „ლიბერალი“
[4] "The American Congo"- John G. Bourke; „Scribner“
[5] "The Forgotten Origins of Cannabis Prohibition in California"- Dale H. Gieringer; „Contemporary Drug Problems“
[6] A Comprehensive Etymological Dictionary Of The English Language- Ernest Klein
საქართველოს კანონი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ- სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“
[7] The Mysterious Origins of the Word 'Marihuana'- Alan Piper
[8] Taxonomic studies of Cannabis in China- Shao Hong; Robert C. Clarke; „Journal of the International Hemp Association“
[9] "Delirium or Death: Terrible Effects Produced by Certain Plants and Weeds Grown in Mexico"- Los Angeles Times, Mar. 12, 1905
[10] "It Brings Ravishing Dreams of Bliss"– San Francisco Call, Oct. 24; 1897
[11] The Hasheesh Eater– Fitz Hugh Ludlow
[12] Marihuana Tax Act
[13] The "M" Word– Shop „Harborside“