Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სკოლა და მშობლები

17 იანვარი 2018

ქართულ საჯარო სკოლებს მშობლებთან თანამშრომლობის მწირი გამოცდილება აქვთ. სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობა, ძირითადად, სპონტანური ხასიათისაა და კერძო, ერთეულ  ინიციატივას წარმოადგენს, რაც საბოლოოდ საერთო სურათზე გავლენას ვერ ახდენს. სპეციალისტების შეფასებით, სკოლა როგორც ზოგადსაგანმანათლებლო პოლიტიკით, ისე კულტურული დამოკიდებულებით დისტანცირებულია მშობლისაგან.

„მშობლები განათლებისთვის“ ასე ჰქვია ორგანიზაციას, რომელიც ახლახან დაფუძნდა. მისი მთავარი მიზანი კი მშობლის, როგორც სკოლის სრულუფლებიანი პარტნიორისა და გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიმღების საგანმანათლებლო პროცესში ჩართვაა. ორგანიზაცია რამდენიმე მიმართულებით გეგმავს მუშაობას - მშობელთა და ბავშვთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა; მშობელთა განათლება და დემოკრატიული ცნობიერების ამაღლება; განათლების პროცესში ბავშვების საუკეთესო ინტერესების ადვოკატირება და განათლების მართვაში მშობელთა მონაწილეობის ხელშეწყობა.

ორგანიზაციის დაფუძნების ინიციატივა მშობელს, მეგი კავთუაშვილს ეკუთვნის. ის ჰყვება, რომ იდეა რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა, გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის ანგარიშის გაცნობისას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, იქ, სადაც მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში მაღალია, საგრძნობლად უმჯობესდება მოსწავლის აკადემიური მოსწრება; ბავშვებს უვითარდებათ სოციალური უნარები; მოსწავლის ქვევა პოზიტიური ხდება, როგორც სკოლაში, ასევე სახლში. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს იმასაც, რომ მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში პოზიტიურად აისახება, არამარტო მოსწავლის აკადემიურ წარმატებაზე, ასევე, ხელს უწყობს სკოლის განვითარებას.

ჩვენს რეალობაში კი სკოლასთან მშობლის ურთიერთობას, ძირითადად, ნეგატიური კონტექსტი აქვს,- ამბობს მეგი კავთუაშვილი და განმარტავს, რომ სკოლიდან მასწავლებლის ზარი მშობლისთვის მეტწილად ნიშნავს, რომ მოსწავლემ რაღაც დააშავა ან ცუდი შეფასება მიიღო.

„სკოლასთან დაკავშირებითაც მოსწავლეებს, როგორც წესი, ვეკითხებით ხოლმე, გაიძახა თუ არა მასწავლებელმა, რა შეფასება მიიღო და ა.შ., რაც სინამდვილეში ნაკლებად მნიშვნელოვანია. გვინდა, რომ მშობლების ყურადღება მივმართოთ იქითკენ, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, რაც რეალურად დაეხმარება მოსწავლეებს როგორც აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაში, ასევე ხელს შეუწყობს მოსწავლეების აღზრდას, კარგ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. დღესდღეობით განათლების სისტემაში მშობლის ხმა არ ისმის. მშობლებს გვჭირდება ასეთი გაერთიანება, იმისათვის, რომ ჩვენი პრობლემები მივიტანოთ განათლების პოლიტიკის შემქმნელებამდე, რათა  ვიქცეთ ანგარიშგასაწევ ძალად“,- ამბობს მეგი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, სკოლამ ანგარიშვალდებულება იგრძნოს მშობლის წინაშე და განიხილოს, როგორც პარტნიორი, რომელსაც შეუძლია, დაეხმაროს მას განვითარებაში. თავის მხრივ კი, მშობელმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ბავშვის სწავლა-აღზრდის პროცესში სკოლა მარტო არ დატოვოს.

სასკოლო ცხოვრებაში მშობლების პასიურ ჩართულობაზე მიუთითებს „კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველოს“ 2017 წლის კვლევის ანგარიში. კვლევის ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და ახალგაზრდები გამოიკითხნენ.

როგორც ფოკუსჯგუფების ანალიზმა ცხადყო, სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა მშობლების მხრიდან, ძირითადად, რამდენიმე საქმიანობით გამოიხატება- ბავშვის მეცადინეობაში ჩართულობა, მასწავლებლებთან ფორმალური ტიპის კომუნიკაცია, ექსკურსიებზე დასწრება. ყველა სხვა ტიპის ჩართულობა კი სპონტანური ხასიათისაა და კერძო ინიციატივას წარმოადგენს.

მაგალითისთვის კვლევაში მოტანილია კასპის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებლის მონათხრობი, რომელიც ჰყვება, რომ სკოლაში რუკა სჭირდებოდათ, სკოლას კი საკმარისი თანხა არ ჰქონდა რუკის შესაძენად, ერთ-ერთმა მოსწავლემ კი რუკა მშობელს დაახაზვინა. „მთელი კლასი იყო ძალიან მადლიერი და აღფრთოვანებული, შემდეგ ყველა მოსწავლემ ნელ-ნელა გაგვაცნო საკუთარი მშობლების შესაძლებლობები და დაიწყეს მათი გამოყენება სხვადასხვა პროექტების მომზადების დროს“,- იხსენებს მასწავლებელი.

ერთ-ერთი მშობელი ბათუმიდან კი ჰყვება, რომ მუდმივად ჩართულია შვილის სკოლის ფიზიკური აქტივობების ორგანიზებაში. გამომდინარე იქედან რომ თავად ბათუმის სახელმწიფო უნივესრიტეტის თანამშრომელია, როცა კი შესაძლებელია, მოსწავლეებს სპორტული შეჯიბრებებისთვის დარბაზს უთმობს, გარდა ამისა, სკოლას ეხმარება ინფორმაცია მიაწოდოს საინტერესო ოლიმპიადებისა და სპორტული შეჯიბრებების შესახებ.

კახეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში კი მშობელმა არაფორმალური განათლების პროგრამა გაიარა და საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა შვილის სკოლაში ბავშვებისთვის აღნიშნული პროგრამა დაენერგა და უკვე ორი წელია ბავშვებს სკოლაში არაფორმალური განათლების მიღებაში ეხმარება.

კვლევის შედეგებმა აჩვენა ისიც, რომ სასკოლო ცხოვრებაში მეტწილად დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლები არიან ჩართულნი, მშობლების აქტიურობა კი განათლების უფრო მაღალ საფეხურებზე მნიშვნელოვნად იკლებს. მაგალითისათვის, კვლევის ფარგლებში, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მშობლების სასაკოლო ცხოვრებაში ჩართულობის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ფოკუსჯგუფებში მონაწილე მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ  მნიშვნელოვანია, მასწავლებლები თავად იყვნენ სკოლაში მშობელთა ჩართულობის ინიციატორები. მაგალითად მოჰყავთ ისეთი გაკვეთილების დაგეგმვა, რომლებიც მოსწავლის მხრიდან მშობლის ჩართულობასაც ითვალისწინებს. მასწავლებლები პირად პრაქტიკაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ამგვარად მომზადებული პროექტი ან პრეზენტაცია, მშობლებში ჩართულობის მეტ მოტივაციას ბადებს.

კვლევაში მონაწილე მშობლები კი აცხადებენ, რომ დემოტივებული მშობელი მეტწილად სკოლის პასუხისმგებლობაა, ამიტომ მიაჩნიათ, რომ მშობლების ჩართულობა კერძო ინიციატივაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და ინსტიტუციურად უნდა მოწესრიგდეს.

მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, სამეურვეო საბჭოს წევრები გახდნენ და ამ გზით მონაწილეობა მიიღონ სასკოლო ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში, თუმცა მშობლები მიიჩნევენ, რომ სამეურვეო საბჭოს საქმიანობა ფორმალურია და მშობელს სასკოლო ცხოვრებაში რეალურად ჩართულობის საშუალებას ნაკლებად აძლევს.

მშობელთა ინფორმირებულობის ნაკლებობაზეა გამახვილებული ყურადღება საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PრიEდ) ფარგლებში ჩატარებული კვლევის (2012) ანგარიშში. დირექტორების, მასწავლებლებისა და მშობლების გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, რომ მთავარი პრობლემა როგორც ქვეყნის ქალაქებში, ისე სოფლებში, სასკოლო ცხოვრების შესახებ მშობლების ნაკლები ინფორმირებულობაა. 

მეგი კავთუაშვილი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციამ საქმიანობის პირველი ნაბიჯები სწორედ ამ მიმართულებით უნდა გადადგას. მშობლებთან შეხვედრები, არსებულ საჭიროებებსა და პრობლემებზე საუბარი ხელს შეუწყობს მშობლების ინფორმირებას, მათი ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებას.

თანამედროვე განათლების აღზრდის სისტემა შეუძლებელია, იყოს წარმატებული, მშობლის თანამონაწილეობის გარეშე- ამბობს სპეციალისტი განათლების საკითხებში, „კოალიცია განათლება ყველასათვის- საქართველოს“ პოლიტიკის ანალიზის ოფიცერი, რეზო აფხაზავა და ყურადღებას ამახვილებს იმაზეც,  რომ მშობლებთან თანამშრომლობის გარეშე გაუჭირდება სკოლას ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევა.

„მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ დღესდღეობით მშობელთა კონსოლიდირებული ხმა განათლების სისტემაში არ გვესმის. ჩვენ გვესმის მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციების ხმა, დირექტორების პოზიციაც ისმის, მაგრამ არ ისმის მშობლის ხმა. მშობელთა ორგანიზაციული გაერთიანება ამ მიმართულებით მშობლებს ანგარიშგასაწევ ძალად აქცევს, რომლის წინაშეც პასუხისმგებელია განათლების სისტემა. დღემდე მშობლების გაერთიანებები, ძირითადად, ინკლუზიური განათლების ჭრილში საქმიანობდნენ, რაც ცხადია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“,- ამბობს რეზო აფხაზავა.

მეორე მხრივ, ის ყურადღებას ამახვილებს ამ მიმართულებით სკოლების გააქტიურების აუცილებლობაზე და ამბობს, რომ სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობის ინიციატორი პირველ რიგში თავად სკოლა უნდა იყოს, ვინაიდან მას ამ მიმართულებით გაცილებით მეტი კომპეტენცია აქვს. მაგალითად მოაქვს თანამედროვე ტექნოლოგიებით მშობლებთან აქტიური კომუნიკაციის შესაძლებლობა, რაც წარმატებით შეუძლია გამოიყენოს სკოლამ საზღვარგარეთ მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობისას. მისივე თქმით, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონების შემთხვევაში, სადაც მშობლების გარკვეული ნაწილი საზღვარგარეთ არის სამუშაოდ წასული.

გარდა ამისა, აფხაზავა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია,სკოლასაც და მშობლებსაც ინფორმაცია მიეწოდოთ ამ მხრივ არსებულ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პოზიტიურ პრაქტიკაზე, რაც სასკოლო საზოგადოებას დაანახებს იმ კონკრეტულ მაგალითებს, როდესაც თანამშრომლობა მოსწავლის წარმატების ხელშემწყობი ფაქტორიც ხდება, მეორე მხრივ კი, სკოლას განვითარებაში ეხმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისივე თქმით, ნებისმიერი ტრენინგი და ერთჯერადი პროექტი ფორმალური იქნება და რეალურ შედეგს ვერ მოიტანს. მისივე თქმით, კოალიცია ამ მიმართულებით 2018 წლიდან აქტიურ მუშაობას გეგმავს.

როგორც მეგი კავთუაშვილი ამბობს, ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში იგეგმება მშობელთა სკოლის, მშობელთა დახმარების ცენტრის ჩამოყალიბება და არსებული პრაქტიკის შესწავლის მიზნით კვლევის წარმოება. ორგანიზაცია უფრო დეტალური ინფორმაციას საქმიანობის შესახებ მშობლებს facebook გვერდის მეშვეობით  გაუზიარებს, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება. ორგანიზაციაში გაწევრება კი ნებისმიერ დაინტერესებულ მშობელს შეუძლია ონლაინაპლიკაციის მეშვეობით.

სტატია მომზადებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^