Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრანსფარანტიანი ჟურნალისტები, ჰიმნი და მიტოვებული დვანელები

29 სექტემბერი 2013

შეხვედრის ადგილი: თბილისი, სასტუმრო რედისონი.

შეხვედრის დრო: 11-დან 12 საათამდე.

ჟურნალისტები ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ დვანში, ოკუპაციის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე წასასვლელად ემზადებიან.

მედიის წარმომადგენელთა პროტესტი 22 სექტემბერს, დვანთან, რუსი სამხედროების მიერ ე.წ. სადემარკაციო სამუშაოების განახლებას ეხება. საოკუპაციო ზოლის გადმოწევის შედეგად, საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე 10 ჰექტრამდე სახნავ-სათესი მიწები და  ხეხილის ბაღები მოექცა.

აქცია ფეისბუქზე რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა და მას  მედიის 200-მდე წარმომადგენელი შეუერთდა. თუმცა, 28 სექტემბერს, დვანში სამი ყვითელი ავტობუსითა და ორი მიკროავტობუსით,  რუსი მესაზღვრეების მიერ ე.წ სადემარკაციო ხაზის გადმოწევის გასაპროტესტებლად, 100-მდე  ჟურნალისტი წავიდა.

ვიდრე დვანში შევიდოდით, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა ჟურნალისტების მიერ დაგეგმილ აქციას სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონებში დაძაბულობის გაღვივების მცდელობა უწოდა. ახალ ინფორმაციას ტრანსპორტში ჟურნალისტების დისკუსია მოჰყვა. ყველა ერთხმად ადასტურებდა, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია, რომლის საშუალებითაც მათ სურთ, სოფელ დვანის მოსახლეობის მიმართ მთავრობის მეტი ყურადღება მიმართონ. რუსეთს კი მოუწოდონ, რომ შეწყვიტოს საქართველოს მცოცავი ოკუპაცია.

ამის შემდეგ იქვე, ავტობუსში, ჟურნალისტებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

დვანის შესასვლელთან აქციის ორგანიზატორმა გაგვაფრთხილა, რომ ის შეთანხმებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სამხარეო პოლიცია დაგვხვდება და ჩვენივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათ განკარგულებებს უნდა დავემორჩილოთ.

საოკუპაციო ზოლამდე დაახლოებით 2 კილომეტრი ფეხით ვიარეთ. 50-მდე პოლიციის თანამშრომელი ზოლის გასწვრივ სპეციალურად აქციისთვის, ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იყო მობილიზებული.

იქვე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რამდენიმე მანქანაც შევნიშნეთ.
“არა მცოცავ ოკუპაციას”, “შორს ხელები და მავთულხლართები საქართველოსგან”, “JOURNALISTS AGAINST RUSSIAN OCCUPATION”, “NO TO RUSSIAN BOOTS” - თბილისიდან სპეციალურად წამოღებული ტრანსპარანტებით დადგნენ, შემდეგ კი ე.წ. სოლიდარობის ჯაჭვი გააბეს. პარალელურად, საქართველოს ჰიმნს მღეროდნენ.

“ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის უკანონო ქმედებებს ვაპროტესტებთ. არ გვინდა, რომ დღითიდღე მოიწევდეს საქართველოს ტერიტორიისკენ და ახორციელებდეს მის ანექსიას. მთავარია, რომ საქართველოს ხელისუფლების გარკვეულწილად უმოქმედობის ფონზე, სოფლის მოსახლეობას ჩვენი აქტივობით გამოვუცხადოთ თანადგომა და ვუთხრათ, რომ მარტო არ არიან”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მარიკა ბოჭორიძემ.
ნინი მაჭავარაიანიც აქციის მონაწილეა. მისი თქმით, მართალია, მედიის წარმომადგენლებისთვის უჩვეულოა აქციებზე სიარული, თუმცა ეს იმდენად სენსიტიური თემაა, გადაწყვიტა საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა:”ჩვენ დასაკარგი ერთი სანტიმეტრიც არ გვაქვს”.

აქციის მსვლელობას რამდენიმე მეტრის მოშორებიდან თვალყურს დვანის მოსახლეებიც ადევნებდნენ. 

ზიზილო ახალკაცი  ჟურნალისტების მიერ გამოჩენილი ინიციატივის გამო აღფრთოვანებას გამოთქვამს და  2008 წლიდან გადატანილ პრობლემებზე მიყვება: “აი აქვე, წმინდა გიორგის ეკლესია და ჩვენი ახლობლების საფლავებია. თუ აღდგომა არაა, იქ ასვლის უფლებაც არ გვაქვს. აღდგომაზე სპეციალურად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მანქანებით ახლოს მიდიან ხოლმე. რუსი ოკუპანტები მხოლოდ ამის შემდეგ, წელიწადში ერთხელ გვიშვებენ ჩვენი შვილებისა და ახლობლების საფლავების მოსანახულებლად. ამიტომ, ჩენთვის დიდი იმედის მომცემია ჟურნალისტების თანადგომა, იქნებ რამე გამოვიდეს”.

ამასობაში, ჟურნალისტებმა საქართველოს ჰიმნი დაასრულეს, თუმცა მათი აქტიურობა ამით არ შემოიფარგლა და ახლა უკვე პატარა მანქანებითა და მიკროავტობუსებით დვანის იმ ნაწილისკენ წავედით, სადაც რამდენიმე დღის წინ რუსების სახელით მეზობელი სოფლის - მუგუთის მცხოვრებმა, ოსმა სამხედრომ დვანელები გააფრთხილა, რომ საზღვარს კიდევ 50 მეტრით წევენ, რაშიც დვანში მდებარე სამი სახლი და ბაღები მოექცა. დვანელებმა სახლების დემონტაჟი უკვე დაიწყეს. მათ დასაშლელად და საყოფაცხოვრებო ნივთების გამოსაზიდად კი ერთი დღეღა აქვთ.
ადგილზე მისულები მართლაც მძიმე სურათს ვხედავთ: ერთ-ერთ ნახევრადდანგრეულ სახლთან პოლიციის ათამდე თანამშრომელი დგას და ჟურნალისტებს სახლის ეზოში, სადაც რუსების მიერ გავლებული საზღვარია, შესვლის საშუალებას არ აძლევს...
სოფლის რამდენიმე მაცხოვრებელი, უკვე ჩამოშლილი სახლიდან ჯართს, სამშენებლო მასალებსა და სხვა ნივთებს სატვირთო მანქანაში ყრის და მას ქუჩაში ერთ ადგილზე აგროვებს...

მანანა მახაჩაშვილი “ლიბერალთან” საუბრისას დღევანდელ მდგომარეობას, 2008 წლის ომის შემდეგ “მეორე ომს” უწოდებს და ამბობს, რომ ხალხი უარესადაა შეშინებული, რადგან არავინ იცის, რუსების მიერ საზღვრის 50 მეტრით გადმოწევას, კიდევ რა მოჰყვება: “წარმოიდგინეთ, გუშინ ჩამოვიდნენ ოსები და გვითხრეს, რომ 2 დღე გაქვთ ნივთების გასაზიდადო. 2008 წლის ომის შემდეგ, სამივე დამწვარი სახლი თავიდან აღვადგინეთ. კაცები აი ასე, ხელებით ზიდავდნენ ქვა-ღორღს და იმ გორაზე აჰქონდათ. ახლა კი, ჩვენი ხელით აშენებულს, ისევ ჩვენ თვითონვე ვანგრევთ”.
“ქალბატონო, ესენი ყოველთვის ასე გიყურებენ?”- ეკითხება ერთ-ერთი ჟურნალისტი მანანა მახაჩაშვილს და გორაზე მდგომ კაცისკენ მიუთითებს, რომელიც დურბინდით ცდილობს გაარკვიოს სიტუაცია.
“მარტო მანდ კი არა, აი აქ ირგვლივ სერებზე, სულ ეგენი დგანან. იქვე 100 მეტრში კი სოფლის სკოლაა. რომ გადმოწევენ საზღვარს, ალბათ ისიც მოხვდება”,- პასუხობენ დვანელები ერთხმად.
2000-კაციანი სოფლის მოსახლეობა ხელისუფლების უყურადღებობაზეც საუბრობს. ისინი ამბობენ, რომ მიუხედავად მათი მძიმე მდგომარეობისა, მთავრობა გულგრილობას იჩენს და დვანელებს პრობლემებთან მარტო გამკლავება უწევთ.
“არ ვიცი, ტელევიზორში ე.წ. სადემარკაციო ხაზის განახლებაზე ყველა შეშფოთებას გამოთქვამს და აქ ჩამოსვლას ერიდებიან, დაგვხედონ და იქნებ, ადგილზე მოისმინონ ჩვენი პრობლემები”,- ამბობენ დვანელები.
პრობლემების ჩამოთვლის შემდეგ, მზია მახაჭაშვილი, რომელიც გორაზე მდგომ, დურბინდმომარჯვებულ კაცს თვალს არ აშორებს, მიყვება, როგორ უყვარს საკუთარი ოსი მაზლიშვილები: “როდესაც ჩემმა მაზლმა ოსი ცოლი მოიყვანა, აქ ოსებთან ერთად გადავიხადეთ ქორწილი. კარგი დრო იყო. ჩემი მაზლიშვილები ჩემს შვილებზე ნაკლებად არ მიყვარს”.

ამასობაში, ჩვენი წამოსვლის დროც დადგა. სამუშაოდ წამოსულმა ჟურნალისტებმა რესპონდენტების ჩაწერა დაასრულეს, აქციის მონაწილეებმა ტრანსფარანტები შეინახეს, სხვა ჟურნალისტებმა რამდენიმე დვანის მაცხოვრებელი დიდი წვალების შემდეგ, გადაცემაში მონაწილეობის მიღებაზე დაითანხმეს, დვანელების ნაწილი საქონლის დასახვედრად გაემართა, ნაწილმა კი სახლების დემონტაჟი გააგრძელა და დაცლილი ლურჯი სატვირთო მანქანა ისევ დანგრეული სახლის ეზოში ჩამოდგა.
სოფლის რამდენიმე მაცხოვრებელი, უკვე ჩამოშლილი სახლიდან ჯართს, სამშენებლო მასალებსა და სხვა ნივთებს სატვირთო მანქანაში ყრის და მას ქუჩაში ერთ ადგილზე აგროვებს...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^