მას შემდეგ, რაც 2012 წლის დეკემბერში პრემიერ - მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საინვესტიციო ფონდების შექმნის შესახებ ისაუბრა, ათი თვე გავიდა. დღეს კი, პირველი “საქართველოს თანაინვესტირების ფონდი” ოფიციალურად გაიხსნა.
თანაინვესტირების ფონდის მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ პრეზენტაციას პრემიერ - მინისტრი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, პოტენციური ინვესტორები და ეკონომიკის დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.
სანამ ფონდის წარმომადგენლები სტუმრებს კონკრეტულად ფონდის სტრუქტურას, მართვის პრინციპებს, არსებული კაპიტალის და ინვესტორების შესახებ ინფორმაციას გააცნობდნენ, სიტყვით პერმიერ მინისტრი გამოვიდა.
ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საინვესტიციო გარემოს და ზოგადად, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის თანაინვესტირების ფონდის დაფუძნება. მისი თქმით, საინვესტიციო ფონდების დაფუძნება ქვეყნის ეკონომიკისთვის სტიმულის მიმცემი იქნება, გარდა ამისა, ფონდი ისეთ დიდ პროექტებს დააფინანსებს, როგორიცაა ანაკლიის პორტის მშენებლობა.
“უნდა აშენდეს 8 წლიანი პორტი, რომელსაც ექნება წელიწადში 110 მილიონ ტონამდე გამტარიანობა. ანაკლიის პორტი სიმძლავრით უფრო დიდია. შესაბამისად, ასეთი პორტის მშენებლობის დაწყებისთვის სერიოზული მზადება მიდის. პროექტის სტრუქტურირებაზე და დაფინანსებაზე უკვე მიმდინარეობს საუბარი. ეს იქნება ყველაზე დიდი და რეალისტური პროექტი”-, განაცხადა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება ახალი პორტის მშენებლობისთვის რამდენიმე ალტერნატიულ პროექტს განიხილავდა, მაგრამ ლაზიკის პორტის პროექტი, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივა იყო, ივანიშვილის თქმით შეჩერდა, რადგან ანაკლიის პორტი სიმძლავრით უფრო დიდია.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, თანაინვესტორების ფონდის პარალელურად, შეიქმნება ფონდი, რომელიც ინოვაციურ პროექტებს დააფინანსებს და ასევე, საქართველოს სუვერენული ფონდი, რომელიც საპარტნიორო ფონდის ბაზაზე დაფუძნდება. თუმცა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არ იქნება საკმარისი, მნიშვნელოვანია კერძო საკუთრება იყოს დაცული და ბიზნესი ხელშეუხებელი.
პრემიერი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხო და განაცხადა, რომ პოლიტიკური სტაბილურობისთვის ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, კოჰაბიტაციის დასასრული იქნება ის ერთ-ერთი პირობა, რომელიც უკეთესობისაკენ შეცვლის როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ გარემოს.
პრემიერ მინისტრის გამოსვლის შემდეგ, საქართველოს თანაისნვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა ფონდის სტრუქტურასა და მიზნებზე ისაუბრა.
“თანაისნვესტირების ფონდი ქართველი და უცხოელი ინვესტორებისგან მოზიდული სახსრების კომერციულად მიმზიდველ პროექტში ინვესტორებისათვისაა შექმნილი. ეს არის კერძო, პირდაპირი ინვესტიციების ფონდი, რომელიც დასავლური პრაქტიკის სტანდარტების გათვალსიწინებითაა ჩამოყალიბებული. ფონდი დარეგისტრირებულია შეზღუდული პარტნიორობის იურიდიული ფორმით, ბრიტანული სამართლის შესაბამისად. მსგავსი ფონდებისთვის ეს არის ყველაზე მიღებული ფორმა. ის უზრნველყოფს რეგულირების და დაცულობის ისეთ ფორმას რომელიც უცხოელი ინვესტორებისთვისაა მისაღები.”
თანაინვესტირების ფონდს საქართველოში დარეგისტრირებული სპეციალურად შექმნილი მმართველი კომპანია უხელმძღვანელებს. ამჟამად, ფონდის კაპიტალი 6 მილიარდი აშშ დოლარია. ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა ფონდის კაპიტალში 15%-ია, ანუ - 900 მილიონი დოლარი. ფონდი ქართველ და უცხოლ ინვესტორებს დააფინანსებს.
ბიძინა ივანიშვილის გარდა, ფონდში ინვესტორები არიან "დაბი ჯგუფი", რაკია (RAK Investment Authority), აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო ფონდი (State Oil Fund of the Republic of Azerbaijan), კომპანია ყაზტრანსოილის წარმომადგენელი კომპანია - ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი (Batumi Industrial Holding Limited), ჩალიკ ჰოლდინგი (Calik Holding A.S), მაილსთოუნ ინთერნეშენალ ჰოლდინგი (Milestone International Holdings Group Limited), ალექსანდრე მაშკევიჩი, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი.
ფონდის თანაინვესტირება პროექტებში 25%-დან 75%-მდე იქნება. თუმცა, როგორც ბაჩიაშვილმა აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ ფონდმა დამოუკიდებლად დაიწყოს პროექტების განხორციელება და ინვესტორები შემდეგ მოიზიდოს. თითოეული პროექტის ხანგძლივობა კი 7 წელი იქნება.
ფონდს მართავს აღმასრულებელი დირექტორი და სამი მმართველი დირექტორი, რომლებიც სხვადასხვა სტრატეგიულ მიმართულებას ხელმძღვანელობენ. ფონდის სტრატეგიული მიმართულებებია სოფლის მეურნეობა და ლოჯისტიკა, ტურიზმი და უძრავი ქონება, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის და მრეწველობის სექტორები.
ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ფონდის ძირითადი მიზნებია ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი და კომერციული პროექტების განხორციელება, საერთაშორისო მასშტაბით მოღვაწე მსხვილი კომპანიების მოზიდვა და ქართულ ბაზარზე შემოყვანა, საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი კაპიტალის მიწოდების უზრუნველყოფა.
“ფონდი გრძელვადიანი კაპიტალით უზრუნველყოფს პარტნიორებს. საინვესტიციო პროექტების მოცულობა 5 მილიონი დოლარის ზემოთ უნდა იყოს. თუმცა, არ ვართ შეზღუდულები, სხვა შემთხვევაში შეიძლება უფრო დაბალი მონაწილეობაც განვიხილოთ. ფონდი მხოლოდ კაპიტალით მიიღებს მონაწილეობას. მობილიზებული თანხების ინვესტირება მოხდება ეტაპობრივად, 5 წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების მინიმუმ 80%-ის ინვესტირება საქართევლოში მოხდება,-“განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გამოსვლის შემდეგ, პრეზენტაცია მმართველმა დირექტორებმა გააგრძელეს. ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორებში თანაინვესტირების ფონდის მმართველი დირექტორის ცოტნე ებრალიძის თქმით, ქვეყანაში ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი სფეროა, შესაბამისად, ამ სექტორში ინვესტირება მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა მზარდია, ებრალიძის თქმით, ჯერ კიდევ აუთვისებელია რიგი ტურისტული მიმართულებები, როგორიცაა ეკო ტურიზმი. გასავითარებელია ინფრასტრუქტურა, ჰოსტელების მიმართულება.
გიორგი კიკვაძე ფონდის მმართველი დირექტორია სოფლის მეურნეობის და ლოჯისტიკის სექტორში. მისი თქმით, ქვეყანაში სოფლის მეურნეობა განვითარების დაბალ დონეზეა, რადგან ამ სფეროში დასაქმებული 50% მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 8%-ს აწარმოებს, ხოლო ადგილობრივი მოხმარების - 12%-ს.
“სოფლის მეურნეობა მძიმე ინდუსტრიაა და ამ სფეროში მხოლოდ ხანგრძლივი ინვესტიციაა მნიშვნელოვანი. ჩვენი ფონდი რამდენიმე მიმართულებით გააკეთებს აქცენტს, პირველი, ეს იქნება იმპორტის ჩანაცვლება. ერთ ტრანსნაციონალურ კომპანიასთან ერთად ვაპირებთ დასავლეთ საქართველოში, სამტრედიაში თანამედროვე რძის ქარხნის გახსნას. გვინდა დასავლეთ საქართველოში, გლეხებთან ერთად, კოოპერატივების გაკეთება, სადაც გლეხებს მივაწვდით ცხოველთა საკვებს, ვეტერინარულ საშუალებებს. რაც შეეხება ღვინოს, საქართველოს ღვინოს ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი, რომ გლობალურ ბრენდს გავუტოლდეთ. ასევე, პოტენციალი აქვს ხილ-ბოსტნეულს. მნიშვნელოვანია, სოფლის მეურნეობის ღირებულების ჯაჭვის განვითარება. შესანახი და სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურა, გადასამუშავებელი საწარმოები და სათათბურე მეურნეობები. “
ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და მრეწველობის სექტორებში ფონდის მმართველმა დირექტორმა ირაკლი მენაბდემ ქვეყნის ენერგეტიკულ პოტენციალზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანას მნიშვნელოვანი აუთვისებელი პოტენციალი გააჩნია ჰიდროელექტროენერგიის სექტორში.
“არსებული პოტენციალის გათვალისწინებით საქართველოს ყოველწლიურად დამატებით 22 ტერავატსაათამდე ელექტროენერგიის წარმოების შესაძლებლობა აქვს. რაც ორჯერ აღემატება ქვეყნის ყოველწლიურ მოხმარებას. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს რესურსი. ჩვენ ვხედავთ ელექტრო ენერგიის საექსპორტო პოტენციალს მეზობელ ქვენებში და განსაკუთრებით თურქეთში,” - ამბობს მენაბდე.
საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ კი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. თუმცა, მიიჩნევს, რომ ინვესტიციების მოსაზიდად, პირველი ფაქტორი, მაინც პოლიტიკური სტაბილურობაა. როგორც პერტაიამ აღნიშნა, ფონდი ინვესტორს სთავაზობს ძლიერ პარტნიორს და ფინანსურ მხარდაჭერას, რაც ყველა ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ინვესტიციები მეორე კვარტალში გაიზარდა, თუმცა, ეს ზრდა იმდენად მცირეა, იმის თქმის საშუალებას არ იძლევა, რომ ყველაფერი კარგადაა.