Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი 12 დასახლებაში განხორციელდება

22 იანვარი 2018

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი 12 დასახლებაში განხორციელდება

მინდა, რომ მიწა კანონიერად იყოს გაფორმებული ჩემს სახელზე. ამაში ეს პროექტი ძალიან დაგვეხმარა

იაგო შიშნიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. უკვე წლებია, რაც მისი შემოსავლის ძირითად წყაროს სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. იაგო დღეს 2500 კვადრატული მეტრ საკარმიდამო და 5 ჰექტარზე მეტ სახნავ-სათეს ნაკვეთებს ფლობს, რომელთა ნაწილზეც ბაღები და ვენახები აქვს გაშენებული.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და ახალ ეკონომიკურ სისტემაზე გადაწყობის შემდეგ, იაგო შიშნიაშვილმა ქონების რეგისტრაციაზე ზრუნვა მალევე დაიწყო. თუმცა, 1990-იან წლებში ეს პროცედურა როგორც ფინანსური, ისე ბიუროკრატიული თვალსაზრისით, დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. გარდა ამისა, მაშინდელი აზომილი და დარეგისტრირებული მიწები არაზუსტ მონაცემებს შეიცავდა, რის გამოც დოკუმენტების ლეგალიზება გაუჭირდა. 2017 წლის ბოლოს იაგო შიშნიაშვილმა საბოლოოდ დაირეგისტრირა უძრავი ქონება და ოფიციალურად გახდა მესაკუთრე.

იაგო შიშნიაშვილი 

2016 წლის პირველი აგვისტოდან საქართველოში ძალაში შევიდა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი კანონი, რომლის მიზანია იმ სირთულეების აღმოფხვრა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა, მოიხსნა ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცესი წახალისდა.

რეფორმა ითვალისწინებს მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას სპორადული და სისტემური წესით. მიწის ნაკვეთების სპორადული რეგისტრაცია მიმდინარეობს დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე. კანონის ამოქმედებიდან დღემდე, 369 ათასზე მეტი რეგისტრაცია წარმატებით დასრულდა.

მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია მოიცავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკუთარი ინიციატივით მიწის ნაკვეთების აზომვას, უფლების დამდგენი დოკუმენტების მოძიებასა და მის საბოლოო რეგისტრაციას. სისტემური რეგისტრაცია საპილოტო პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და მას მსოფლიო ბანკის „ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის“ მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტი აფინანსებს.

მთავრობის დადგენილებით, საპილოტე პროექტის განსახორციელებლად გეოგრაფიული მრავალფეროვნებისა და სარეგისტრაციო პრაქტიკის გათვალისწინებით, 12 დასახლება შეირჩა: ჯიმითი, მზისგული, არხილოსკალო, არბოშიკი, სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი), მანგლისი, კარალეთი, ზარიძეები, ვედიდკარი, ლახამულა, საგურამო, შუახევი - ეს ის არეალებია, სადაც საპილოტო პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობა საკუთრების უფლების რეგისტრაციას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, მარტივად შეძლებს.

მოქალაქეები თავიანთი ნაკვეთების დეტალებს ნახაზებზე ეცნობიან. სოფელი ჯიმითი.

მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს სააგენტო თავად ახორციელებს, ხოლო პროექტის ფარგლებში მოქალაქეები უფასოდ იღებენ შემდეგ მომსახურებებს: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და აღრიცხვა, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება, საკადასტრო მონაცემების ცვლილება, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება, ნოტარიუსის მიერ მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯიმითი, რომელიც თბილისიდან 76 კილომეტრში მდებარეობს, პირველია თორმეტი დასახლებიდან, სადაც სისტემური რეგისტრაციის სამუშაოები განხორციელდა. სოფელში დღეისათვის 1478 მოსახლე ცხოვრობს. აქ რეგისტრაციის პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება. იაგო შიშნიაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო ჯიმითში, ვინც პროექტის ფარგლებში ქონება დაირეგისტრირა.

ეს მიწები თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ყოველთვის ჩვენს ოჯახს ეკუთვნოდა, მაგრამ მინდოდა რომ კანონიერად ყოფილიყო გაფორმებული ჩემს სახელზე. ამაში ეს პროექტი ძალიან დაგვეხმარა,“- ამბობს შიშნიაშვილი, რომელიც უახლოეს მომავალში მცირე ბიზნესის დაწყებას გეგმავს:

მინდა, მიკროსესხები გამოვიტანო ბანკიდან, ხილის ბაღები გავაშენო და გავაფართოვო ჩემი მეურნეობა. ახლა უკვე შემიძლია ეს, რადგან ყველაფერი ოფიციალურადაა რეგისტრირებული“.

საპილოტო პროექტის განხორციელების შედეგად, მიწის სისტემური რეგისტრაციის ეროვნული სტრატეგია შემუშავდება, რომელიც სახელმწიფოს სასოფლო-სამეურნეო მიწების პირველადი რეგისტრაციის დასრულებასა და სარეგისტრაციო და საკადასტრო ბაზის სრულყოფაში დაეხმარება.

საპილოტო პროექტის მენეჯერმა ელენე გრიგოლიამ საუბრისას განაცხადა, რომ პროექტის განმავლობაში გამოიცდება მეთოდოლოგია ქვეყანაში მიწის სისტემური რეგისტრაციების განსახორციელებლად მომდევნო წლებში.

ეს იქნება მაგალითი  სხვა არეალებისთვის. პროექტი გვაჩვენებს, რომელმა უწყებამ უნდა განახორციელოს სისტემური რეგისტრაცია - კერძო კომპანიამ თუ საჯარო უწყებამ, და რაც მთავარია, გავიგებთ ღირებულებას, თუ რა უჯდება ქვეყანას ეს ყველაფერი. შემდგომ მთავრობა  და  პარლამენტი გადაწყვეტს, რამდენად მიზანშეწონილია  პროექტის გაგრძელება მთელი ქვეყნის მასშტაბით.“

უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურა შემდეგნაირია: პროექტის ამზომველი სპეციალისტები სარეგისტრაციო ბლოკების მიხედვით საკუთარი ინიციატივით მიდიან ოჯახებთან და თანხმობის შემდეგ ზომავენ მათ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს. საპილოტო დასახლება ბლოკებად არის დაყოფილი, რაც ამარტივებს რეგისტრაციის პროცესს. თითოეულ ბლოკში, საშუალოდ, 20 მიწის ნაკვეთი მდებარეობს. მათი აზომვისა და დოკუმენტების მოძიების შემდეგ, საჯარო გამოცხადების გზით მუნიციპალიტეტის შენობაში გამოკრულ ნახაზებზე მოქალაქე საკუთარი ნაკვეთის დეტალებს ეცნობა და თუ გამოქვეყნებულ ინფორმაციას და მონაცემებს ეთანხმება, ხელს აწერს სარეგისტრაციო განცხადებას, შემდეგ კი საჯარო რეესტრი ქონებას უფასოდ ურეგისტრირებს.

მიუხედავად პროცედურების გამარტივებისა, გამოწვევები საპილოტო პროექტსაც აქვს.

 ძირითადი პრობლემა არის  სოციალური მობილიზაცია, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა. ამისთვის არაერთი ღონისძიება დაგეგმა პროექტმა, მაგრამ მეტი დროა საჭირო, რომ ყველა დარწმუნდეს, რატომ არის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მათთვის მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ზოგიერთი მოქალაქე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს და მათი პოვნა რთულია. ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს ინფორმაცია მიწის ნაკვეთების მფლობელების შესახებ და გვიდასტურებს ასეთი ადამიანების ნაკვეთების ადგილმდებარეობას, თუმცა არის შემთხვევებიც, როდესაც სრულყოფილი დოკუმენტების მოძიება რთულდება- აღნიშნავს ელენე გრიგოლია. თუმცა, მისი თქმით, დღევანდელი კანონმდებლობა ამ მიმართულებით მაქსიმალურად ლიბერალურია და, წინა წლებთან შედარებით, მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციის გამარტივებულ პროცედურებს სთავაზობს.

პროექტის თანამშრომლები საპილოტო არეალებში ადგილობრივ მოსახლეობას რეგისტრაციის პროცედურებსა და საჭიროებას აცნობენ. საჭიროების შემთხვევაში, ნოტარიუსი მოქალაქეებს ხელშეკრულებებზე ხელმოწერის დამოწმებაშიც ეხმარება.

ცირა ხუნწარია ჯიმითის რეგიონული ფასილიტატორია, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა მხარეთა შორის დავების აღმოფხვრასა და რეგისტრაციის პროცედურებში. მან აღნიშნა, რომ არის შემთხვევები, როდესაც მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა აქვს, თუმცა პროექტის თანამშრომლები ადგილზე აკითხავენ მათ და ეხმარებიან დოკუმენტების მომზადებაში.

თანდათან უფრო ინტერესდებიან, მეტ კითხავს სვამენ და აქტიურობენ, უფრო გაერკვნენ აზომვით ნახაზებშიც და რეგისტრაციის პროცესში აქატიურად ჩაერთვნენ - ამბობს ხუნწარია.

შორენა ვარაზაშვილი ჯიმითის სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. ის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს მშობლების დატოვებულ სახლში. იაგო შიშნიაშვილის მსგავსად, მანაც ახალხანს დაირეგისტრირა უძრავი ქონება.

დიდი ხანია ინფორმირებულები ვიყავით, რომ საჭიროა რეგისტრაცია, მაგრამ ამას სჭირდებოდა თანხები და დრო, რის გამოც თავს ვიკავებდი. რადგანაც ახლა მოვიდნენ და თვითონ მოგვემსახურნენ, მადლობის მეტი რა გვეთქმის.

90-იან წლებში, ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, შორენას მამამ ქონების ნაწილი თავის სახელზე გადაიფორმა, თუმცა მაშინ 500 ლარამდე თანხა გადაიხადა. ამჯერად, ქონების რეგისტრაცია სრულიად უფასოდ და მაქსიმალური სიზუსტით განხორციელდა. შორენა ფიქრობს, რომ მესაკუთრის სტატუსი მომავალში ბევრ რამეს გაუადვილებს და ბიზნესის დაწყებას თუ დააპირებს, კრედიტსაც ადვილად აიღებს:

ვიცი, რომ ბევრი ბანკი სესხის გაცემისგან თავს იკავებს, თუ ქონება ოფიციალურად დარეგისტირებული არ გაქვს. ახლა ეს გაცილებით მარტივი იქნება.

მეორე დასახლება, სადაც პროექტი მიმდინარეობს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი მზისგულია. მზისგული თბილისიდან 67 კილომეტრში მდებარეობს და მისი მოსახლეობა 652-ს შეადგენს. ამ ეტაპზე, მიწის რეგისტრაცია დაწყებულია და საჯარო რეესტრი ამონაწერებს უკვე გასცემს.

კობა ჩაფიძე

მზისგულის მცხოვრები კობა ჩაფიძე ხუთსულიანი ოჯახის მარჩენალია. ის სოფლის მეურნეობით არის დაკავებული და ახლახანს დაირეგისტრირა უძრავი ქონება.

15 წელიწადია, მიწა არ დაუმუშავებია ბევრს და ზოგმა არც იცის, რა ნაკვეთები აქვს. ჩემი ნაკვეთების საზღვრებიც რთული დასადგენი იყო და ძალიან დამეხმარნენ პროექტის თანამშრომლები გარკვევაში - ამბობს კობა ჩაფიძე, რომელიც უკვე მესაკუთრეა და აპირებს მეურნეობა გააფართოვოს. ბიზნესის დაწყება ახლა უფრო მარტივი იქნება და ფინანსურ გათვლებსაც უფრო იოლად გააკეთებს.

პროექტის რეგიონული ფასილიტატორი, თეიმურაზ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ სოფელში მთავარი პრობლემა ე.წ. გადაფარვები იყო. ეს ის შემთხვევებია, როდესაც რამდენიმე მოსახლე ერთსა და იმავე მიწის ფართობზე ამტკიცებს საკუთრებას. ასეთ დროს ფასილიტატორები ცდილობენ მოდავე მხარეები მედიაციის გზით მოარიგონ:

ჩვენ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ, ჩვენ უბრალოდ ვესაუბრებით მხარეებს ჯერ ცალ-ცალკე, შემდეგ ერთად ვხვდებით და ვცდილობთ, დავეხმაროთ მათთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებაში - ამბობს ჯაფარიძე.

ჯიმითისა და მზისგულის გარდა, საპილოტო პროექტის წარმომადგენლები კახეთის კიდევ ორ არეალზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში - არხილოსკალოსა და არბოშიკში მუშაობენ, სადაც ამ ეტაპზე აზომვითი სამუშაოები მიმდინარეობს. თებერვლიდან პროექტი საქართველოს სხვა რეგიონებშიც დაიწყება, 2018 წლის ბოლომდე კი თორმეტივე დასახლებას მოიცავს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს უფასოდ და ბარიერების გარეშე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობას მისცემს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი მხარდაჭერილია მსოფლიო ბანკის მიერ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^