ლიტერატურასა და მწერლობაში უამრავი განსაცდელი არსებობს. მწერალმა შეიძლება ზუსტად ვერ გამოთქვას სათქმელი, შეიძლება ვერ გაუგონ. ისეც ხდება, რომ მწერლის ნაწარმოები არ მოსწონთ. მარსელ პრუსტის „დაკარგული დროის ძიებაში“ იმდენად არ მოეწონათ, რომ არ გამოუქვეყნეს. მადლობა ღმერთს, პრუსტი დიდი ფულის პატრონი იყო, გამომცემლობა შეისყიდა და საკუთარი წიგნი თავად გამოსცა.
შეიძლება მწერალს ვერ გაუგონ მისმა თანამედროვეებმა (როგორც ვერ გაუგეს ფრანც კაფკას სიცოცხლეში; როგორც ვერ გაუგეს ვაჟა-ფშაველას XX საუკუნის შუა პერიოდში და ჩამორჩენილი უწოდეს), ვერც შთამომავლებმა.
მწერალმა შეიძლება დაკარგოს უძვირფასესი ხელნაწერი, როგორც ჰემინგუეიმ დაკარგა რომანი, გალაკტიონმა კი ლექსებით სავსე პორტფელი, 1927 წელს.
შესაძლოა ვინმეს საკუთარი თავი არ მოეწონოს ამა თუ იმ მწერლის შემოქმედებაში, როგორც სტალინს - მანდელშტამის პოეზიაში, გამსახურდიას რომან „ბელადში“ და ბულგაკოვის პიესაში - „ბათუმი“.
შეიძლება მწერალმა პრემია ვერ მიიღოს; ნობელის პრემია ვერ მიიღო ვერც ტოლსტოიმ, ვერც ბორხესმა, ვერც ჯოისმა და ა.შ.
შეიძლება მწერალი ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალოს, როგორც ანა ფრანკი - 15 წლის, რაიმონ რადიგე - 20 წლის, ჯონ კიტსი - 25 წლის, ბარათაშვილი - 27 წლის, პერსი ბიში შელი - 29 წლის.
ბოლოს და ბოლოს, მწერალმა შეიძლება თავი მოიკლას - როგორც აკუტაგავამ, ვირჯინია ვულფმა, გალაკტიონმა, ლუკრეციუსმა, რომენ გარიმ, მაიაკოვსკიმ, პაულ ცელანმა, სენეკამ და ა.შ.
მწერალი შეიძლება მოკლან, მაგალითად, დუელში, როგორც პუშკინი, ლერმონტოვი; დახვრიტონ, როგორც ჯავახიშვილი და ფედერიკო გარსია ლორკა.
მწერლის ცხოვრებაში უამრავი განსაცდელი არსებობს, თუმცა, არის ერთი, ყველაზე დიდი განსაცდელი - მწერლის ნაწარმოები შეიძლება სკოლის პროგრამაში შეიტანონ, სავალდებულო გახადონ და ისე შეასწავლონ მოსწავლეს, რომ სამუდამოდ შეაზიზღონ.
მიზეზი? რამდენიც გინდათ - მასწავლებლის არაპროფესიონალიზმით დაწყებული, მისი არსიყვარულით, მეთოდოლოგიური მიდგომების მოძველებით, ან ახალი - ძველზე უარესი მეთოდებით, არასწორი და ხელოვნური მოდერნიზებით დამთავრებული.
მთავარი ქართველი მწერალი, რომელიც ახლა ამ განსაცდელშია - შოთა რუსთაველია.
ქვეყანამ, მთავრობამ, სამინისტრომ, სკოლამ, მასწავლებელმა უნდა იცოდნენ, რომ რუსთაველის განსაცდელი მთელი საქართველოს განსაცდელია. არასწორი სახელმწიფო, საგანმანათლებლო ან პედაგოგიური მიდგომის გამო, მოსწავლემ შეიძლება „ვეფხისტყაოსანი“ ვერ „დაინახოს“ და ამოდენა განძის პატრონი ისე გაღარიბდეს, რომ მცირე პოეტების წვრილ პოეზიას დაეტანოს, ან საერთოდაც, სამუდამოდ შეიძულოს პოეზია.
რუსთაველი და „ვეფხისტყაოსანი“ ქართული განათლების გადამწყვეტი ნაწილია. კაცმა რომ თქვას, ადამიანი, რომელსაც საქართველოში „ვეფხისტყაოსანთან“ პრობლემები აქვს, არ შეიძლება განათლებულად ჩაითვალოს, რადგან თუ მოსწავლეს სკოლიდან ამ პოემის სიყვარული არ მოჰყვება, ე.ი. მან იქიდან საერთოდ ვერაფერი წამოიღო.
(a+b)2 = a2 + 2ab + b2 საკმარისი არ არის! ფიგურალურად რომ ვთქვა, „ვეფხისტყაოსნის“ გარეშე ქართველისთვის (a+b)2 არ უდრის a2 + 2ab + b2-ს. ყოველ შემთხვევაში, სკოლიდან ისეთს ვერაფერს წამოიღებთ, რაც „ვეფხისტყაოსანივით“ გამოგადგებათ ცხოვრებაში.
ცდებით, თუკი ფიქრობთ, რომ ამ სიტყვების უკან რკინის ლოგიკა არ დგას. შოთა რუსთაველი არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის მწვერვალია, არამედ თავადაა ეს ლიტერატურა! ქართულ ლიტერატურაში მის გარეშე არაფერი ქმნილა! მხატვრული ლიტერატურის ფლაგმანი საქართველოში „ვეფხისტყაოსანია“, ხოლო მხატვრული ლიტერატურა ნებისმიერი განათლების მწვერვალია. ვინც ამ მწვერვალს ვერ ხედავს, ის მთელ მთასაც ვერ დაინახავს! ვინც ვერ ხედავს რუსთაველს, ის ვერ ხედავს განათლებას, ის ვერ ხედავს საქართველოს და ასეთი ადამიანი, პრინციპში, ძალიან ღარიბია.
შეიძლება იკითხოთ, რას იძლევა ასეთს ეს მხატვრული ლიტერატურა, კერძოდ, ჩვენი მთავარი ძეგლიო. ამ კითხვას რამდენიმე პასუხი აქვს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ეს ძეგლი სხვისთვის თავდადებას, სიყვარულისთვის ბრძოლას, ბრძოლაში გამარჯვებას, ადამიანში ადამიანობის პოვნასა და სულიერი გაძლიერების სურვილს გვასწავლის! შეიძლება ვინმეს ჰგონია - სიყვარულს სწავლა რად უნდაო, მაგრამ ეს არ არის სწორი ფიქრი. ამქვეყნად არაფერს სჭირდება იმდენი სწავლა, რამდენიც სიყვარულს. ამიტომაც, ადამიანი, რომელიც პოლიტიკური ცხოველია, ცხოველიდან - განათლებულ, ცივილიზებულ, ანუ ზნეობრივ არსებად სწორედ მხატვრულმა ლიტერატურამ უნდა აქციოს.
ამ თვალსაზრისით, მხატვრული ლიტერატურის ფუნქციას საქართველოში სწორედ „ვეფხისტყაოსანი“ ასრულებს.
რატომ ვერ ასწავლიან „ვეფხისტყაოსანს“ სკოლაში?!
რა პრობლემა აქვთ ქართველ მასწავლებლებს? უპირველეს ყოვლისა, მთავარი პრობლემა ისაა, რომ მასწავლებელს შეიძლება უყვარდეს, მაგრამ არ ესმოდეს „ვეფხისტყაოსანი“. „ვეფხისტყაოსანი“ რთული ძეგლია და მოსწავლის მიერ მისი მოწონება, გააზრება, გათავისება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ ამ სირთულეში თავად მასწავლებელია გარკვეული.
მასწავლებელთა დიდ ნაწილს ეს ბოლომდე არ აქვს გააზრებული, ამიტომაც, „ვეფხისტყაოსნის“ გადაცემას, მის „მოშორებას“ მექანიკური ხერხებით ცდილობენ. უბრალოდ, ჩაეტევიან იმ ძუნწად გამოყოფილ საათებში, რომელიც ამ ძეგლისთვის არის განკუთვნილი და ამით ყველაფერი სრულდება.
„ვეფხისტყაოსნის“ სწორად სწავლებისთვის აუცილებელია, რომ თავად მასწავლებელი იყოს ამ პოემაზე შეყვარებული. რა თქმა უნდა, ადამიანს უფლება აქვს ის მოსწონდეს, რაც თავად უნდა, მაგრამ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს უბრალოდ არ აქვს უფლება, არ უყვარდეს „ვეფხისტყაოსანი“!
კარგი მასწავლებელი „ვეფხისტყაოსანს“ არა მხოლოდ ამ ნაწარმოებისთვის გამოყოფილი დროის, არამედ სხვა ავტორებისთვის „მოპარული“ საათების ხარჯზეც ასწავლის. ზოგიერთი იმასაც ახერხებს, რომ ამ ჩვენს მთავარ ძეგლს სხვა ავტორების სწავლების პარალელურადაც ასწავლის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს ლიტერატურაში რუსთაველის გარეშე არ არსებობს არც გურამიშვილი, არც ბარათაშვილი, არც ილია და არც აკაკი, არც ვაჟა, არც გალაკტიონი. შოთა ყველგან უმნიშვნელოვანესია, ჰაგიოგრაფიაზე საუბრის დროსაც კი ყველაფერი ხომ რუსთაველისკენ მიდიოდა.
აქ გასათვალისწინებელია კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი - ვერ წარმოიდგენთ რა გადამდებია, როცა მასწავლებელი მოსწავლეს აჩვენებს, თუ როგორ უყვარს „ვეფხისტყაოსანი“!
რამდენადაც დაკვირვებული ვარ, კარგი მასწავლებლების უმეტესობა მოსწავლეებს სახლში არ აძლევს დავალებას „ვეფხისტყაოსნიდან“. ასეთ შემთხვევაში, ბავშვებს „ვეფხისტყაოსანს“ გაკვეთილზე ასწავლიან, იქვე სკოლაში. ეს პრინციპული მომენტია, როცა მოსწავლეები ერთად კითხულობენ და სწავლობენ „ვეფხისტყაოსანს“, სწორედ მაშინ წარმოიშვება ის საერთო ენერგია, რომელიც მასწავლებელსა და მოსწავლეებს ერთად აყვარებს ამ ძეგლს.
მაინც რატომაა ასე მნიშვნელოვანი „ვეფხისტყაოსანი“ და მისი შეყვარება?!
ქართველ ხალხს რომ ვკითხოთ, ვინ იყო ყველაზე დიდი ქართველი, დავით აღმაშენებელს ან ილია ჭავჭავაძეს მივიღებთ პასუხად, რაც ბუნებრივია, არაა მცდარი პასუხი, თუმცა... თუკი ასე დავსვამთ კითხვას - ვინ შეავსო ქართული შინაარსით, ვინ შთაბერა სული საქართველოს გვირგვინიანი თუ უგვირგვინო მეფეების მიერ შექმნილ ხორცს, მაშინ სულ სხვა პასუხს მივიღებთ. აი, ამ კითხვას ერთადერთი სწორი პასუხი აქვს - ქართულ ხორცს სული წიგნიერებამ შთაბერა, ამ წიგნიერების მწვერვალი კი შოთა რუსთაველია. აი ამას უნდა ასწავლიდნენ მასწავლებლები!
ცნობილი შოტლანდიელი თეოლოგი, უილიამ ბარკლი ამბობდა, რომ ადამიანის ცხოვრებაში ორი დიდი დღეა, ერთი როდესაც დავიბადეთ და მეორე, როდესაც აღმოვაჩინეთ, თუ რისთვის დავიბადეთ.
ასეა ერის ცხოვრებაშიც. ეთნოსი შეიძლება ძალიან დიდი ხნის იყოს, მაგრამ იგი ნამდვილი მაშინ ხდება, ანუ მეორედ მაშინ იბადება, როდესაც მას ისტორია, ანუ საკუთარი დაწერილი მეხსიერება უჩნდება. ქართველები ძალიან დიდი ხნისანი ვართ, სხვადასხვა თეორიის მიხედვით, შეიძლება ორმოცი ან სულაც სამოცი საუკუნისა ვიყოთ. არსებობს უძველესი ცნობები, რომლებიც ჩვენზე სხვებს შემოუნახავთ, მაგრამ ეს ცნობები ჩვენზე გავლენას ვერ ახდენენ მანამ, სანამ ჩვენ თვითონ არ აღვწერთ საკუთარ თავს. როცა ჩვენთან ქრისტიანობასთან ერთად დამწერლობაც შემოვიდა, აი მაშინ გაგვიჩნდა საკუთარი მეხსიერება, ჩვენ ხელახლა დავიბადეთ!
ქართულ სულს ორი ძალა ქმნიდა - რელიგია და პოეზია, წიგნიერება, დამწერლობა. წიგნიერება ჩვენ ქრისტიანობამ მოგვიტანა, ხოლო დამწერლობა იმისთვის დაგვჭირდა, რომ ჯერ სხვისი დაწერილი მთავარი წიგნი გვეთარგმნა და წაგვეკითხა, შემდეგ კი საკუთარი წიგნები, მათ შორის, მთავარი ეროვნული წიგნი შეგვექმნა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თანამედროვე ქართული სული ორმა წიგნმა - სახარებამ და „ვეფხისტყაოსანმა“ შექმნა. დღევანდელი ქართველი შეიძლება ნებისმიერი აღმსარებლობისა იყოს, ან საერთოდ არ იყოს მორწმუნე, არც „ვეფხისტყაოსანი“ მოსწონდეს, ან ხეირიანად არც ჰქონდეს წაკითხული, შეიძლება განათლებულიც იყოს და გაუნათლებელიც, იდეებით სავსე ან მათგან სრულიად თავისუფალი, მაგრამ მისი სულიერი ორიენტირები, მისი იდეალები, მაინც სახარებითა და „ვეფხისტყაოსნით“ იქნება განპირობებული.
მასწავლებლის ამოცანაა მხატვრული ლიტერატურა, ანუ გონივრულად ორგანიზებული გამოგონილი სამყარო ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად უქციოს მოსწავლეს. ადრე თუ გვიან, ცხოვრებაში ადამიანი განსაცდელის პირისპირ მარტო აღმოჩნდება. მას მხოლოდ ის გაუძლებს, ვისაც შინაგანი რეზერვი აღმოაჩნდება. ლიტერატურის მოყვარულ კაცს განსაცდელში გამოგონილი სამყარო ამოუდგება გვერდში და რაც უფრო ახლოა ეს გამოგონილი სამყარო მის ბუნებასთან, მით უფრო ქმედითი, ეფექტიანია მისი დახმარება. როდესაც გაგიჭირდება, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ის ძეგლი დაგეხმარება, რომელიც ყველაზე მეტადაა ახლოს შენს სულიერ წყობასთან. ანუ, განსაცდელში ჩვენი მთავარი დასაყრდენი „ვეფხისტყაოსანია“!
როცა შურისძიებაზე ფიქრობ - ჰამლეტი გეხმარება, როცა შეყვარებულს კარგავ - რომეო გიდგას გვერდში, როცა მარტო ვერ უმკლავდები უბედურებას - ავთანდილი მოდის შესახიდებლად. ჰამლეტი, რომეო, ავთანდილი შენ ნაცვლად იწყებენ მოქმედებას, აშენებენ შენს სულიერ გალავანს, გამზადებენ თავდაცვისთვის, გაძლებისთვის, უბედურების გადატანისა და საბოლოო გამარჯვებისთვის. უბრალოდ ავთანდილი უკეთ გიცნობს, ვიდრე ჰამლეტი და რომეო, უფრო იოლადაც გამხნევებს, იმიტომ, რომ საკუთარ ენაზე გელაპარაკება.
„ვეფხისტყაოსანს“ მართლა შეუძლია განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანის გადარჩენა და ვისაც ამის არ სჯერა, ასეთი ხალხი არც უნდა ასწავლიდეს „ვეფხისტყაოსანს“. „ვეფხისტყაოსანს“ ის ადამიანი უნდა ასწავლიდეს, ვისაც სჯერა რომ ჯადოქარია, რომელიც სიცოცხლის წამლის საიდუმლოს ფლობს.
„ვეფხისტყაოსანში“ ასახული სიყვარული, მეგობრობა, თავდადება, შეცდომა, დანაშაული, მონანიება, ცოდვების გამოსყიდვა, ტყვეობა, განწირულობა, მეგობრების შეკრება, საერთო ბრძოლა - გვასწავლის რეალურ ცხოვრებას?! რვა საუკუნის წინანდელი ტექსტი გვასწავლის სწორ არსებობას კოსმოსური ხომალდების, კომპიუტერების, სოციალური ქსელებისა და გაჯეტების ეპოქაში? ამ მძიმე კითხვებზე პასუხი მარტივია და მასწავლებელმა ეს პასუხი უნდა იცოდეს. დიახ, გვასწავლის! რა თქმა უნდა!
ვისაც არ სჯერა, გადაიკითხოს ეს ნაწარმოები, თუნდაც მხოლოდ ერთი მცირე თავი - „ავთანდილის ანდერძი“, მასში ხომ სულ ოციოდე სტროფია?! როგორც წყლის ერთ წვეთშია ასახული უზარმაზარი მსოფლიო ოკეანე, ისე ამ სტროფებში ვხედავთ მთელ სამყაროს, რომლის ცენტრშიც ადამიანი დგას. აქ ადამიანის იდეალზეა საუბარი და ეს იდეალი საერთოა მთელი კაცობრიობისთვის. თუმცა, რადგან ნაწარმოები ქართულადაა დაწერილი, იგი უფრო იოლად სწორედ ქართველი მკითხველის მიერ აღიქმება.
რას ამბობს „ავთანდილის ანდერძი“?!
ავთანდილი თავის პატრონს ატყობინებს, რომ მეგობრის გადასარჩენად მიდის, რადგან „კაცი ბრძენი ვერ გაწირავს, მოყვარესა მოყვარულსა“ და აქვე შეახსენებს ანტიკურ ცოდნას - „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“ და „რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა, მე რად გავწირო მოყვარე, ძმა, უმტკიცესი ძმობისა?!“ რაკი ეს სიბრძნე არსებობს, თუ ავთანდილი არ დაეხმარა ტარიელს, მაშინ მისი ცოდნა აზრს დაკარგავს. ცოდნა კი იმისთვის გვაქვს, რომ მოვიხმაროთ, სამყაროს ჰარმონიაში ჩავეწეროთ.
ავთანდილი მეფეს შეახსენებს, რომ, უზენაესი მოძღვრების მიხედვით, „სიყვარული აგვამაღლებს“ და ამტკიცებს, რომ სწორედ ეს მისია დააკისრა მას უკვდავმა ღმერთმა. არაფერი მოხდება უფლის ნების გარეშე და ავთანდილის წასვლა მეგობრის დასახმარებლად უფლის ნებაა. ამიტომაც, არავინ უნდა დამწუხრდეს, ცრემლი არ უნდა დაიღვაროს. ადამიანი ვალდებულია დაეუფლოს მოთმინების ხელოვნებას და ახსოვდეს, რომ განგებას ვერავინ გაექცევა - რაც ღმერთს დაუდგენია, ის აუცილებლად გადაგხდება. თუკი ადამიანს მოყვარის მიტოვება, დაღალატება შეუძლია, შეუძლია შედრკეს, ან სიკვდილს შეუშინდეს, მაშინ ის ადამიანი არ არის!
უნდა გვახსოვდეს, რომ სიცოცხლე დიდი ღირებულებაა, მაგრამ არა ერთდერთი! სამარცხვინო სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს; სიკვდილი, რომელსაც ვერავინ გაექცევა და სიკვდილი, რომელიც ყოველ წამსაა მოსალოდნელი. ამიტომაც, ავთანდილის ანდერძი მატერიალურ ნაწილსაც მოიცავს:
„მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები,
მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,
შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი, არას მქონები:
მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები“.
„რაცა თქვენთვის არ ვარგ იყოს საჭურჭლესა დასადებლად,
მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად“.
ესაა რუსთველის დანაბარები. ამას ასწავლის მასწავლებელი. ესაა ადამიანის იდეალი. ეს გახლავთ მისი მთავარი დანიშნულება, სწორედ ეს უნდა ვიცოდეთ უპირველეს ყოვლისა - სხვა ადამიანი შენი ძმაა. შენ მოვალე ხარ, გიყვარდეს სხვა, განსაცდელში არ მიატოვო. თუ ადამიანს გასაჭირში მიატოვებ და არ დაეხმარები, ან თუნდაც დაუგვიანებ დახმარებას, მაშინ შენს განათლებას, შენს ცოდნას, შენს სიბრძნეს, საერთოდ, შენს არსებობას აზრი არ აქვს და სამყაროს წესრიგში შენი ადგილი არ არის, რადგან ყველა მოქმედებას ან უმოქმედობას ვერ გაამართლებ სიცოცხლის ღირებულებით. უღირს სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს - ამ სამყაროში მარტო არ ხარ და ამ იდეალებისადმი შენს ერთგულებას უზენაესი ძალა აკონტროლებს.
აი რა არის „ვეფხისტყაოსანი“! აი რას ასწავლის მასწავლებელი მოსწავლეს!
და კიდევ ერთი, ნუ იფიქრებთ, რომ პრობლემა ისაა, რომ ბავშვს საზეპიროს აძლევენ. თუკი „ვეფხისტყაოსნის“ ძირითადი და უმნიშვნელოვანესი ციტატები ბავშვმა ზეპირად არ იცის, მან ეს ტექსტი არ იცის! ყველას გვესმის, რომ დაზეპირება იოლი საქმე არაა და, რა თქმა უნდა, შეღავათი უნდა გავუწიოთ მათ, ვისაც დაზეპირება უჭირთ, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ პოეზია არსებობს მხოლოდ იმ ფორმით, რა ფორმითაც მოგვეწოდა! პოეზიის სხვა სიტყვებით გადმოცემას აზრი რომ ჰქონდეს, მაშინ მოკლედ მოგიყვებოდით „ვეფხისტყაოსნის“ შინაარსს და ამით დავამთავრებდით...
ამიტომაც, მასწავლებელი უნდა იცავდეს „ვეფხისტყაოსნის“ იდეალებს, ბავშვებთან ერთად უნდა სწავლობდეს ამ ტექსტს, „ვეფხისტყაოსნის“ ლაბორატორიად უნდა იქცეს სკოლა და აი, ამ შემთხვევაში რუსთაველის პოემა იქნება განძი, რომელსაც ბავშვი სკოლიდან გამოიტანს და მუდმივად ემახსოვრება, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი რამ!
და კიდევ ერთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლის დროს და რასაც მასწავლებელი განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა აქცევდეს - კონტექსტი, ანუ „ვეფხისტყაოსნი“, როგორც პოემა, ნაწარმოები, რომელშიც საქართველო აისახა.
დიდი საიდუმლო არ არის, რომ არაბეთის, ინდოეთის, ზღვათა სამეფოსა თუ დანარჩენი სამყაროს ამბები - ქართული ამბებია. ის კი არა, „ცამცა გაიდარბაზესა“, ანუ ზეცაშიც საქართველოა! „ვეფხისტყაოსანმა“ მთელი სამყარო საქართველოდ გამოაცხადა. ამიტომ ყველანაირი მცდარი წარმოდგენები, რომ ეს დიდი ნაწარმოები პატარა ქართულ ნაჭუჭში მოვაქციოთ, როგორც აკაკის თეორიის მიხედვით, ტარიელი აღმოსავლეთ საქართველოდანაა, ავთანდილი კი იმერელი, სრულიად სამართლიან კრიტიკას შეხვდება ყოველთვის, ისე, როგორც ეს ილია ჭავჭავაძემ შეაგება აკაკის.
რა თქმა უნდა, რუსთაველთან მსოფლიო სახეები გვხვდება, მაგრამ, ამავე დროს, მასწავლებელს კარგად უნდა ესმოდეს და მოსწავლეებსაც უნდა შთააგონოს, რომ „ვეფხისტყაოსანში“ აღწერილი იდეალები, უპირველეს ყოვლისა, ქართული იდეალებია.
დასასრულ, უნდა ვთქვათ, რომ „ვეფხისტყაოსნის“ წაკითხვის შემდეგ შენ უფრო მეტი ხარ, ვიდრე მის წაკითხვამდე იყავი. შენ უკვე იცი, რომ სხვა ვალდებულებები გაკისრია და ღმერთს იმისთვის არ შეუქმნიხარ, რომ ჭამო, სვა, გეძინოს, დაიღალო და იცხოვრო ცხოველივით. აკი ამბობს კიდეც მეფე ლირი კორდელიას სიკვდილის შემდეგ, რომ ცხენს, ვირთხასა და ძაღლს შეუძლია ცოცხალი იყოს და შენ - არა! აქ სწორედ ამ ტრაგედიაზე საუბარი, რომ შენ ცხენი, ვირთხა და ძაღლი არა ხარ, შენ მეტი ხარ, შენ ადამიანი ხარ, აი რას ასწავლის „ვეფხისტყაოსანი“.
როცა მასწავლებლები ამ ცოდნით იქნებიან განმსჭვალულნი და შეძლებენ, რომ ის მოსწავლეებსაც შთააგონონ, მაშინ ჩვენ გვეყოლებიან ახალგაზრდები, რომლებიც სკოლიდან წამოიღებენ ჩვენს მთავარ საგანძურს, ჩვენ გვეყოლება უბედნიერესი ახალი თაობა.
პროექტის ავტორი და რედაქტორი - გიორგი ჭეიშვილი