Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადამიანი-ორკესტრი

26 იანვარი 2018

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ახალი მუსიკალური დირექტორი ჰყავს - მაესტრო დანიელ ორენი.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მრავალის მნახველ, რამდენიმეჯერ დამწვარ და უფრო ხშირად გარემონტებულ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს გაუმართლა - მას გამორჩეული ახალი მუსიკალური დირექტორი ჰყავს, მაესტრო დანიელ ორენი.

საოპერო თეატრთან დადებული კონტრაქტით, 2018 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოში აღიარებული დირიჟორი ხუთი წლის ვადით განსაზღვრავს ორკესტრის მუშაობის ტემპს, ხარისხსა და გარკვეულწილად, საოპერო რეპერტუარსაც. რაც მთავარია, თავისი ენერგიით და უსაზღვრო ტემპერამენტით შეეცდება, განახლების იმპულსები შეიტანოს თავად თეატრის ცხოვრებაში.

სიახლის სიო უკვე იგრძნობოდა ახლახან გამართულ ორ საკონცერტო საღამოზე, სახელწოდებით „ოპერა-ფანტაზია", რომელიც დირიჟორისათვის ერთგვარ „ზამთრის სასესიო" გამოცდად იქცა. თუმცა ჯერ 2017 წლის გაზაფხულზე ძეფირელისგან „ნასესხებ" საოპერო სპექტაკლ „აიდაში" მოთელვამ წარმატებით ჩაიარა და მაესტრო ორენი მისთვის დამახასიათწებელი ვნებით, არტისტული ჟესტებითა და ფეთქებადი შთაგონებით, თითქმის ოთხი საათის განმავლობაში პირველად უძღვებოდა ჩვენს ორკესტრსა და სახელოვან ქართველ სოლისტებს -  ანიტა რაჭველიშვილს (ამნერისი), იანო თამარს (აიდა), გიორგი ონიანს (რადამესი) და გიორგი გაგნიძეს (ამონასრო) - ვერდის დიდი მუსიკის ლაბირინთებში. სხვათა შორის, დღეს დანიელ ორენი ჯუზეპე ვერდის ოპერების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და გაბედულ ინტერპრეტატორად ითვლება.

ვერდი ამჯერადაც ლოკომოტივის ფუნქციას ასრულებდა, რომელზეც „გამობმული" ბიზე, მასკანი, პუჩინი, როსინი და რატომღაც არასაოპერო და კონცერტის კონცეფციიდან ამოვარდნილი რაველის „ბოლერო", ვრცელ, მსუყე და ლამის სამსაათიან „ოპერა-ფანტაზიად" შეიკრა. მომღერლები ამ კონცერტში არ მონაწილეობდნენ - მათი ადგილი სცენაზე გუნდმა და ორკესტრმა დაიკავა, რომლებიც ასე საჯაროდ და დიდი ხნით პირველად აღმოჩნდნენ მსმენელის პირისპირ.

პირველივე ტაქტებიდან (უვერტურა ვერდის ოპერიდან „ბედის ძალა“) ორკესტრი კონცენტრირებული და ორგანიზებული ჩანდა. თითქოს სადღაც გაქრა ნატანჯი სინქრონულობისა თუ მოუქნელი სიმძიმის კვალი, რომელიც არცთუ იშვიათად იგრძნობოდა ადრინდელ სპექტაკლებში. დირიჟორის ფართოდ გაშლილი ხელები, მისი ექსცენტრიული პლასტიკა, მხურვალე ჟესტები და საოცარი ენერგია რაღაც ახალსა და უხილავს აუწყებდა პუბლიკას. 

ურიცხვი დირიჟორებიდან, რომლებიც მინახავს და მომისმენია, დანიელ ორენი მართლაც გამორჩეულია. ის გასაოცარი ექსპანსიით აკეთებდა ყველაფერს და უფრო მეტსაც, რაც დირიჟორმა შეიძლება გაკეთოს - ადგილზე რიტმულად ხტოდა, სოლირებდა, ჟესტიკულირებდა, მუსიკას ხმა აყოლებდა, ხანდახან ჩაიმუხლებდა, ზოგჯერ ჯოხს პიუპიტრზე დებდა და იღებდა, ხელებს წარმოუდგენელი არტისტულობით იქნევდა, გმინავდა, მუსიკალურ ნომრებს შორის პუბლიკას მიმართავდა, გუნდს ამხნევებდა, ორკესტრს გზადაგზა შენიშვნებს აძლევდა... და რა მთავარია, ის ნამდვილად, პუბლიკის თვალწინ იწვოდა დიდი მუსიკით! ერთი სიტყვით, ჩვენ თვალწინ იდგა ნამდვილი ადამიანი-ორკესტრი და რომ შეძლებოდა, დაუკრავდა და იმღერებდა კიდეც.

მუსიკალურ ვნებასთან შეზავებული სიახლის შეგრძნება უფრო თვალსაჩინო გახდა, როცა საქმეში გუნდი ჩაერთო: აუტოდაფეს სცენა „დონ კარლოსის" მესამე მოქმედებიდან შთამბეჭდავი მუსიკალური და ფსიქოლოგიური ნიუანსებით გამოირჩეოდა, ხოლო კარგად ნაცნობი და ლამის ჰიტად ქცეული ბოშათა გუნდი „ტრუბადურიდან" - Vedi le fosche notturne spoglie, სილაღესა და ენერგიას უფრო ფორტეს ხარჯზე გამოსცემდა.

ბოშები კიდევ შეგვახსენეს „ტრავიატას“ მესამე მოქმედებიდან. ბოშა ქალების და მატადორების გუნდი - Noi siamo zingarelle, რომელიც ვერდის  ოპერაში ერთგვარი ინტროდუქციისა თუ საონცერტო ნომრების ფუნქციას ასრულებს, ყოველთვის ძალიან მოსწონს პუბლიკას. სხვათა შორის, ფრანკო ძეფირელიმ თავის დროზე, ამ ოპერის ეკრანიზაციაში, სწორედ მატადორების გუნდის სცენაში უხმო დიდი თეატრის სახელოვან მოცეკვავეებს - ეკატერინა მაქსიმოვასა და ვლადიმირ ვასილიევს.

სამაგიეროდ, მკაცრად და დრამატულად ჟღერდა შოტლანდიის ბედზე დამწუხრებულ პატრიოტთა გუნდი Patria Oppressa „მაკბეტის" მეოთზე მოქმედებიდან; ხოლო  ებრაელ ტყვეთა ცნობილი გუნდი Va pensiero იმდენად შთამბეჭდავი და ემოციური აღმოჩნდა, რომ დარბაზი ფეხზე წამოდგა და ტაშს რამდენიმე წუთის განმავლობაში უკრავდა. ასევე ემოციურად მიიღო მაყურებელმა სააღდგომო ჰიმნი Regina Coeli პიეტრო მასკანის ოპერიდან „სოფლის ღირსება".

რაც შეეხება ამგვარი საკონცერტო საღამოებისთვის სავალდებულო ბიზეს, „"კარმენის" შესავალი და მარში მეოთხე მოქმედებიდან ზომიერად იყო გაზავებული პუჩინით - ინტერმეცო ოპერიდან „მანონ ლესკო" და როსინით - უვერტიურა ოპერისათვის „სევილიელი დალაქი". თუმცა ფინალში აჟღერებულმა „ბოლერომ" მაინც გააჩინა ერთი შეკითხვა - ღირდა თუ არა ამ გამორჩეულ და საოპერო მუსიკით გაძეძგილ საღამოს, არასაოპერო რაველის დამატება? იქნებ ბისზე შესრულებული ლეონარდ ბერნსტაინის ოპერა „კანდიდით" დასრულებულიყო ყოველივე...

დაბოლოს, რამდენიმე სიტყვით დანიელ ორენის შემოქმედებითი ბიოგრაფიის შესახებ. ოცი წლის სტუდენტი იყო, როდესაც 1974 წელს, გერმანიაში, ჰერბერტ ფონ კარაიანის მიერ ბერლინში დაარსებულ დირიჟორთა საერთაშორისო კონკურსზე პირველი პრიზი მოიპოვა. 1978 წლიდან დირიჟორობდა ამერიკაში, მაგრამ მალევე განაგრძო მუშაობა იტალიაში, რომის საოპერო თეატრში.

მაესტრო ორენი ძირითადად საოპერო ჟანრზეა კონცენტრირებული, თუმცა სხვადასხვა დროს სიმფონიური მუსიკის კონცერტები გამართა ბერლინის, ისრაელის, მიუნხენის რადიოს ფილარმონიის  ორკესტრებთან. რაც შეეხება ძირითად რეპერტუარს, ორენი მაინც ცნობილია, როგორც ვერდისა და პუჩინის ოპერების საუკეთესო ინტერპრეტატორი. ასევე წარმატებით დირიჟორობს ბელინის, დონიცეტის, ჯორდანოს, ბიზეს და სხვათა ნაწარმოებს.

თანამშრომლობდა ლუჩანო პავაროტისთან, პლასიდო დომინგოსთან, რაინა კაბაივანსკასთან, გენა დიმიტროვასთან, ფიორენცა კოსოტოსთან, მარსელო ალვარესთან, რუჯერო რაიმონდისთან და სხვა დიდ მომღერლებთან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^