Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის მე-16 ჯაზფესტივალი ვარსკვლავების მოლოდინში

03 ოქტომბერი 2013

„ისთერნ პრომოუშენსი“ თბილისის ჯაზფესტივალზე მსოფლიო  ვარსკვლავების ჩამოყვანას ტრადიციულად აგრძელებს. 28 ოქტომბერს თბილისის რიგით მე-16 ჯაზფესტივალს, კომპოზიტორი, ბასისტი და პროდიუსერი, ქართველი მსმენელისთვის უკვე კარგად ნაცნობი მუსიკოსი, მარკუს მილერი გახსნის. 1 ნოემბერს კი, კლასიკური პოპის  წარმომადგენელი ნატალი კოლი დახურავს.

“ისთერნ პრომოუშენსის” მარკეტინგის დირექტორის, კახა კანდელაკის თქმით, თბილისის ჯაზფესტივალი ყოველთვის გამორჩეულია, რადგან ყოველ წელს სხვადასხვა ჯგუფი ჩამოდის, ან თუ მეორდება რომელიმე მუსიკოსის ვიზიტი, მათ ახალი პროექტი ჩამოაქვთ ხოლმე.

მარკუს მილერი საქართველოში უკვე მესამედ ჩამოდის. პირველად, 2008 წლის შავი ზღვის ჯაზფესტივალს ეწვია. 2009 წელს კი, თბილისის ფესტივალზე უკვე Tutu Revisited music of Miles პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდა. ეს ალბომი მან მაილს დევისთან თანამშრომლობის დროს ჩაწერა. მარკუს მილერი, როგორც კომპოზიტორი და პროდიუსერი, 22 წლის ასაკში  დევისის ბენდში აღმოჩნდა. მათ ორი წელი გაატარეს ტურნეებში და ერთობლივი მუშაობით შექმნეს ბევრი ცნობილი კომპოზიცია და ალბომი.  მულტი-ინსტრუმენტალისტი მარკუს მილერი, 2 გრემის და 10 ალბომის მფლობელია.

წლევანდელ კონცერტზე, ქართველი მსმენელის წინაშე, იგი სულ სხვა პროექტით - The Renaissance - 2012 წლის ალბომით წარსდგება. მარკუს მილერი განახლებული ბენდით ჩამოდის: მესაყვირე - ლი ჰოგანსი, გიტარისტი - ადამ აგატი, პიანისტი - ბრეტ უილიამსი და დრამერი - რობერტ  Sput სირაიტი. საქსოფონისტი ალექს ჰანი კი,  უკვე დიდი ხანია მილერთან თანამშრომლობს.

29 ოქტომბერს,  ფესტივალის სცენაზე ერთ-ერთი წამყვანი კონტრაბასისტი, ვოკალისტი და პროდიუსერი, ასევე, ისრაელის Red Sea Jazz Festival-ის მუსიკალური პროდიუსერი, ავიშაი კოენი წარსდგება. იგი, თბილისის ფესტივალს თავისი ახალი პროექტით - Avishai Cohen and Strings -ით ეწვია. ეს კონცერტი ნამდვილად გამორჩეული იქნება. საქართველოს ჯაზფესტივალების ისტორიაში, პირველად, ერთ სცენაზე, ჯაზი და საორკესტრო მუსიკა -  კონტრაბასი, როიალი და დასარტყამი ინსტრუმენტი,  ამავე დროს,  ჰობოე-კლასიკური ინსტრუმენტი, ორი ვიოლა, ვიოლინო და ჩელო, ერთობლივ  სინთეზს შექმნიან.

„ეს მუსიკოსები უკრავენ მსოფლიოში წამყვან სიმფონიურ ორკესტრებში  და ამას ეძახიან ჯაზისა და კლასიკის შეხვედრას ერთ სცენაზე. მის გამოსვლებს უფრო მეტი მუსიკოსი ესწრება ხოლმე, ვიდრე ჩვეულებრივი მსმენელი. კონსერტვატორიის სტუდენტები აუცილებლად უნდა დაესწრნონ ამ კონცერტს, რადგან ეს  მათთვის  ნამდვილი მასტერკლასი იქნება“,- ამბობს კახა კანდელაკი.

ავიშაი კოენი საქართველოში  ისრაელის საელჩოს ხელშოწყობით ჩამოდის.

ფესტივალის მომდევნო დღეს, ჰიპ-ჰოპ ჯაზის პიონერი, DJ Logic გამართავს კონცერტს. თუმცა, მანამდე მას ივენთ ჰოლშიც მოუსმენენ. DJ Logic 28 და 29 ოქტომბერს,  22:00 საათზე, ჯორჯ დიუკისა და მაილს დევისისადმი  მიძღვნილ საღამოებს წარუძღვება.  პირველ კონცერტში მარკუს მილერიც მიიღებს მონაწილეობას,  მეორე საღამოს კი, უკვე ავიშაი კოენიც შეუერთდება.

2013 წლის თბილისის ჯაზფესტივალს, კლასიკური პოპ მუსიკის უდიდესი წარმომადგენელი, ნატალი კოლი დაასრულებს. მომღერალმა პირველი სერიოზული აღიარება 1975 წელს, კომპოზიცია This will be-ს შესრულების შემდეგ მოიპოვა. 1976 წელს კი, გრემი აიღო როგორც R&B-ის საუკეთესო შემსრულებელმა. ივინგ გორდონის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა, Unforgettable- მომღერლის კიდევ ერთი წარმატების განმსაზღვრელი გახდა. 1951 წელს ეს  კომპოზიცია Nat King Cole-მა შეასრულა. 40 წლის შემდეგ  ნატალი კოლიმ სიმღერა გარდაცვლილ მამასთან ერთად „ჩაწერა“. მომდევნო წელს კი, მომღერალმა სამი გრემი მოიპოვა და მსოფლიო ვარსკვლავად იქცა.

ცხრა გრემის მფლობელი მუსიკოსი, თბილისის ფესტივალზე, თავის ძველ და შუა პერიოდის ჰიტებთან ერთად, რამდენიმე სიმღერას, 2013 წლის ალბომიდანაც შეასრულებს, რომელიც 5-წლიანი პაუზის შემდეგ, ესპანურ ენაზე ჩაწერა - Natalie Cole en Español .

აღსანიშნავია, რომ ესპანურენოვანი ალბომები, მის მამასაც Nat King Cole-საც ჰქონდა გამოშვებული. (1958 წლის Cole Espanol, 1959 წელს A Mis Amigos და 1962 წლის More Cole Espanol. )

„ეს ალბომი არა მხოლოდ მამაჩემს  ეძღვნება, არამედ ლათინურ მუსიკასაც. ამ ყველაფერს ვაკეთებ როგორც ახალბედა, არაესპანურენოვანი ამერიკელი, ამიტომ,  მე არ მაქვს უფლება, ზერელედ ვიმღერო“, - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ნატალი კოლი.

თბილისის ჯაზფესტივალის ისტორია 1978 წლიდან იწყება. ფესტივალი 90-იან წლებში შეწყდა და 2000 წლიდან „ისთერნ პრომოუშენსმა“  ტრადიცია  აღადგინა. ამჟამად, ყოველწლიურად, თბილისს მსოფლიოს ჯაზის ვარსკვლავები სტუმრობენ.

მე-16 ჯაზფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებშია შესაძლებელი, ასევე საიტზე Biletebi.ge.  ბილეთის ფასი 20-დან 150 ლარამდეა. ასევე, ცალკეულ ბილეთზე მოქმედებს ფასდაკლებების სისტემა: TBC Platinum-ის, TBC PrimeCard-ისა და TBC Status-ის მაფლობელებისთვის 15%-დან 20%-მდე  ფასდაკლებაა.

თბილისის ჯაზფესტივალის გენერალური სპონსორია  TBC Status.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

1 / 6
^