დღესდღეობით სასკოლო განათლების სისტემის გაუმჯობესების ინიციატორი მეტწილად სახელმწიფოა. საზოგადოების როლი კი ამ პროცესში ბუნდოვანი და პასიურია. დარგის სპეციალისტების შეფასებით, დღემდე განათლების სისტემა სამინისტროს ინიცირებული მოკლევადიანი ინიციატივების განხორციელებით შემოიფარგლება. საზოგადოებრივი ჯგუფების ინიციატივები კი „სახალხო“ არ არის და მისი განხილვა, ძირითადად, ვიწრო საზოგადოებრივ წრეებს არ სცდება. ამდენად, სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება, რომელიც საზოგადოებრივ ინიციატივას დაეფუძნება, ჯერჯერობით არ გვაქვს. ამგვარ ინიციატივად შეიძლება მოვიაზროთ საზოგადოებისა და სკოლის თანამშრომლობა: სკოლის მზადყოფნა ითანამშრომლოს საზოგადოებასთან - მშობლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან ან საინიციატივო ჯგუფებთან - დადებითად აისახება მისსავე განვითარებაზე. საზოგადოების აქტიური თანამშრომლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეხმარება იმგვარი მოქალაქეების აღზრდაში, რომლებსაც გააზრებული აქვთ პასუხისმგებლობა ამ საზოგადოების წინაშე.
ავტონომია, სკოლის ღიაობა, ურთიერთთანამშრომლობა სკოლასა და საზოგადოებას შორის - ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომლებიც ზოგადი განათლების შესახებ კანონსა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტშია მოცემული. თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, სისტემაში არსებობს ბარიერები, რაც წინააღმდეგობაში მოდის კანონის გაცხადებულ მიზნებთან.
********
პროექტი „სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის“ სწორედ სკოლისა და საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა (CDI) და World Vision-ის თანამშრომლობით განხორციელდა. პროექტში ექვსი სხვადასხვა რეგიონის სკოლები, უნივერსიტეტები და ახალგაზრდული ჯგუფები იყო ჩართული.
პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით სკოლებში სამოქმედო კვლევა ჩატარდა. მოსწავლეებს სკოლაში არსებული პრობლემების გამოვლენასა და მათი მოგვარების გზების დასახვაში ადგილობრივი უნივერსიტეტების სტუდენტები დაეხმარნენ.
მოსწავლეებისა და სტუდენტების მიერ სამოქმედო კვლევის ფარგლებში იდენტიფიცირებული სასკოლო პრობლემები მრავალფეროვანია და განპირობებულია სკოლების ინდივიდუალური საჭიროებებით, რაზეც, თავის მხრივ, ისეთი ფაქტორები ახდენს გავლენას, როგორიცაა, სკოლის ადგილმდებარეობა, თემში არსებული სოციალური თუ ეკონომიკური ფონი და სხვა.
„სტუდენტებისა და მოსწავლეების თანამშრომლობა ერთმანეთისთვის ღირებული ცოდნის გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. ამ შესაძლებლობას კი სკოლები და უნივერსიტეტები იშვიათად იყენებენ “, - ამბობს მარიამ გვეხიძე, სტუდენტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომელიც მარნეულის საჯარო სკოლებთან თანამშრომლობდა. მარიამი ამბობს, რომ მისი დაკვირვებით, ამგვარი თანამშრომლობა მოსწავლეებისთვის პოზიტიური შედეგის მომტანია რამდენიმე მიმართულებით: ერთი მხრივ, ისინი სტუდენტების დახმარებით კვლევის ელემენტარულ უნარებს სწავლობენ; მეორე მხრივ კი, სკოლაში არსებულ საჭიროებებზე და მათი გადაჭრის გზებზე ფიქრი მათში თანამონაწილეობის განცდას ბადებს, რაც მათ სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე ზრუნვაში ეხმარებათ. მან კი, როგორც მომავალმა მასწავლებელმა, მოსწავლეებთან ურთიერთობით ღირებული პრაქტიკული გამოცდილება მიიღო.
მარიამს მაგალითად მოჰყავს მარნეულის მე-2 საჯარო სკოლა, სადაც მოსწავლეებმა არაფორმალური განათლების მიღების მიზნით, პროექტის ფარგლებში მკითხველთა კლუბი შექმნეს, შეიძინეს ლიტერატურა სკოლის ბიბლიოთეკისთვის, სადაც კვირაში ერთხელ იკრიბებიან; წაკითხული წიგნებიდან მიღებულ შთაბეჭდილებებს ერთმანეთს უზიარებენ, აწყობენ დისკუსიას, მსჯელობენ.
პროექტის ფარგლებში, გარდა სამოქმედო კვლევისა, ჩატარდა ადვოკატირების კამპანიაც. საზოგადოებრივმა ჯგუფებმა სკოლებში ისეთი საკითხების ადვოკატირება განახორციელეს, როგორიცაა, წიგნიერების განვითარება, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, სახელმწიფო ენის სწავლების გზით ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრირება, სკოლებში სოციალური მეწარმეობის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სხვა.
„ბავშვები - ბავშვებისთვის“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში განახორციელეს. მათ ადვოკატირება მარნეულში ბავშვთა შრომის პრობლემის მოგვარებას გაუწიეს.
როგორც მე-10 კლასის მოსწავლე მუჰამედ გაჯიევი ამბობს, ბავშვთა შრომა მუნიციპალიტეტისთვის დიდი პრობლემაა, რის გამოც ბავშვები სეზონურად აცდენენ გაკვეთილებს ან საერთოდ ტოვებენ სკოლას. მოსწავლეებმა თავდაპირველად პრობლემა თავად შეისწავლეს. შემდეგ კი საინფორმაციო პრეზენტაციები მარნეულის იმ სოფლის სკოლებში ჩაატარეს, სადაც ყველაზე მწვავედ დგას ბავშვთა შრომის პრობლემა.
„მოსწავლეებისთვის უფრო ადვილად გასაგები და საინტერესოა, როცა თანატოლები ვესაუბრებით. ასე მათ ნაკლებად რცხვენიათ და თამამად საუბრობენ პირად გამოცდილებაზე ან ჰყვებიან მეზობლებისა და ნათესავების ისტორიებს, რომლებსაც შრომის გამო სწავლის მიტოვება ან გაკვეთილების გაცდენა უწევთ“, - ამბობს მუჰამედი.
სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის, გიორგი ჭაუჭიძის თქმით, ამგვარად მარნეულში შეიქმნა სკოლების თანამშრომლობის ქსელი, რომლებიც ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.
გიორგი ჭაუჭიძე იმ გამოწვევებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც პროექტის განხორციელებისას გამოიკვეთა - „ისეთ საკითხებზე მსჯელობა და საუბარი როგორიცაა ჩაგვრა, ბავშვთა შრომა, ნაადრევი ქორწინება - თემისთვის თავისთავად გამოწვევაა. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს სათანადო გამოცდილება, როგორ ესაუბროს ადამიანებს, რომლებიც თავად დგანან ამ პრობლემის წინაშე. მნიშვნელოვანია, მშობლების როლი და მათი მხარდაჭერა, მათთან სწორი კომუნიკაცია, რათა მშობლები სკოლის მხარდამჭერებად იქცნენ და არა მის მოწინააღმდეგეებად. მიმაჩნია, რომ მშობლებთან სწორი კომუნიკაცია და სასწავლო პროცესში მათი თანამონაწილეობის გაზრდა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა“.
მეორე მხრივ კი, გიორგი ჭაუჭიძე საუბრობს არსებულ სასკოლო ფორმატზე, რომლისთვისაც უცხოა ისეთი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, რაც, მაგალითად, ერთი სკოლის მოსწავლეების მეორე სკოლაში სტუმრობასა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. მისი თქმით, იმისათვის, რომ მსგავსი აქტივობები დაიგეგმოს და განხორციელდეს, საჭიროა ერთგვარი მოდიფიცირება. ეს პრობლემა არ ყოფილა მათი სკოლის შემთხვევაში, რადგან სკოლის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ამგვარი აქტივობა სარგებლის მომტანია, როგორც სკოლის, ასევე მოსწავლეებისთვის.
„ცოდნასთან ერთად ჩნდება ინიციატივებიც. მიღებული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, რომ ახალ პროექტებზე ვიფიქროთ. გვინდა, რომ შეხვედრები გავაგრძელოთ, მეტი სკოლა მოვიცვათ, თემები გავამრავალფეროვნოთ. მაგალითად, ვფიქრობთ, რომ მომდევნო შეხვედრები ჩაგვრის თემას დავუთმოთ, ჩავრთოთ ქართულენოვანი სკოლებიც. აქაური ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის, ვფიქრობთ ეს მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება“,- ამბობს გიორგი ჭაუჭიძე.
********
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ პროექტმა თვალნათლივ აჩვენა სკოლების განსხვავებული პრობლემები და საჭიროებები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, სკოლების საჭიროებიდან გამომდინარე განსხვავებული მართვის მნიშვნელობაზე. ამის განხორციელება კი შეუძლებელია ამგვარი პოლიტიკისადმი სახელმწიფოს მხარდაჭერისა და ამ საქმეში სხვადასხვა ორგანიზაციის წვლილის წახალისების გარეშე.
„ის ვითარება, რომ დღესდღეობით საზოგადოება არ არის დაინტერესებული საგანმანათლებლო მდგომარეობის გაუმჯობესებით, შესაძლებელია შეიცვალოს, თუკი შევცვლით გარემოს და ხელსაყრელი პირობები შეიქმნება იმისთვის, რომ ბიზნესსექტორმა, უნივერსიტეტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა თუ საინიციატივო ჯგუფებმა იზრუნონ სასკოლო სისტემის განვითარებაზე. მნიშვნელოვანია თავად სკოლის მზაობაც, იყოს არა მხოლოდ სარგებლის მიმღები, არამედ თავადაც იზრუნოს თემის განვითარებაზე. დავინახეთ ისიც, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები ძირითადად საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერის იმედად არიან, ადგილობრივი მხარდაჭერა მათთვის ძალიან შეზღუდულია. სახელმწიფო მხარდაჭერის შემთხვევაში ამ ორგანიზაციებს და ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანებს სკოლებისთვის ბევრი რამის გაკეთება შეეძლებათ“ ,- ამბობს თამარ მოსიაშვილი.
განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია ყურადღებას ცოდნის დეფიციტზე ამახვილებს. მისი თქმით, დღესდღეობით სკოლებს სჭირდებათ ცოდნა იმის შესახებ, როგორ მოახერხონ რესურსების მოზიდვა, საკუთარი პრობლემების იდენტიფიცირება, გამოკვლევა, პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა. სკოლებს სისტემაში არსებული ბიუროკრატიული ბარიერების გამარტივება სჭირდებათ, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ ფინანსური რესურსი და ქონება ეფექტურად გამოიყენონ არამხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ მთლიანი თემისთვის, რაც სკოლას საგანმანათლებლო ცენტრად აქცევს. გარდა ამისა, სკოლამ უნდა შეძლოს სკოლის გარეთ არსებული რესურსების მოზიდვა, იმისათვის, რომ თანამშრომლობის ინიციატორი იყოს არა მხოლოდ სკოლა, არამედ საზოგადოებრივი ჯგუფებისთვისაც სასარგებლო იყოს სკოლასთან ურთიერთობა და ისინიც იჩენდნენ მსგავს ინიციატივას.
სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ ამ პროცესის ხელშეწყობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საკანონმდებლო ბარიერის მოხსნა იქნება:
პროექტის ფარგლებში სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობის შესახებ პოლიტიკის დოკუმენტი მომზადდა. საჯარო სკოლის მასწავლებლებთან, დირექტორებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ჩატარებულ ფოკუსჯგუფებში ის ძირითადი ხარვეზები გამოიკვეთა, რომლებიც სკოლისა და საზოგადოების ურთიერთობისას არსებობს.
ერთ-ერთი კანონქვემდებარე აქტი, რომელიც ზღუდავს სკოლის ავტონომიას მინისტრის #837-ე ბრძანებაა. ბრძანება საჯარო დაწესებულებებში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ლექციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარების პროცესს არეგულირებს. უფრო კონკრეტულად კი, ბრძანების თანახმად, აღნიშნული აქტივობები სკოლებში მხოლოდ განათლების სამინისტროს თანხმობით უნდა ტარდებოდეს. თუმცა, პოლიტიკის დოკუმენტის ავტორის, რეზო ხოფერიას თქმით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ რეალურად სკოლებთან ნებისმიერი ურთიერთობა სწორედ ამ ბრძანების „გავლით“ ხდება.
მისივე თქმით, აღნიშნული ბრძანება პრობლემურია როგორც შინაარსის, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. უფრო კონკრეტულად კი ბრძანებაში არ არის გაწერილი კონკრეტული წესი, როგორ უნდა მიიღოს დაინტერესებულმა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა თანხმობა სკოლაში გარკვეული ღონისძიების ჩატარების თაობაზე; რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ან რა ვადაში არის შესაძლებელი თანხმობის მიღება. 2016 წლის სამინისტროს პრაქტიკის ანალიზმა კი აჩვენა, რომ სამინისტროს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები ერთგვაროვანი არ არის. ხოფერიას შეფასებით, გადაწყვეტილებები ბუნდოვანია და სამინისტროს ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. სწორედ ამიტომ, დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია #837-ე ბრძანების გაუქმება.
დოკუმენტის ავტორთა რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, სამინისტრომ შექმნას სკოლისა და საზოგადოების ურთიერთობის წახალისების სისტემა, ამავდროულად აკონტროლოს შინაარსი, თუ რა დადებითი შედეგის მომტანია ეს ურთიერთობა სკოლისთვის.
„კარგი იქნება თუ შეიქმნება ერთიანი ბაზა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მითითებით, რომლებსაც დაუშვებენ სკოლაში. ორგანიზაციას, რომელიც დიდი ხანია განათლების სფეროში მოღვაწეობს, ამგვარად აღარ დასჭირდება ყოველ ჯერზე განცხადების დაწერა და სამინისტროსგან თანხმობის მიღება, რათა სკოლასთან თანამშრომლობა შეძლოს. მნიშვნელოვანია, მოხდეს ამ ურთიერთობის შეფასებაც, რაც თვალსაჩინოს გახდის, როგორც სკოლისთვის, ასევე ორგანიზაციისთვის ამ თანამშრომლობით მიღებულ გამოცდილებას“,- ამბობს რეზო ხოფერია.
პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა საქმიანობამ აჩვენა, რომ საქართველოში ბევრი ახალგაზრდა, საინიციატივო ჯგუფი თუ ორგანიზაციაა, რომელსაც აქვს იდეები და სურვილი, რომ ეს იდეები სკოლებში განახორციელონ. არსებობენ სკოლებიც, რომლებსაც კარგად აქვთ გაცნობიერებული თავიანთი საჭიროებები და ეძებენ პარტნიორებსა თუ რესურსებს, იმისათვის რომ ეს პრობლემები მოაგვარონ. თუმცა, გამოჩნდა ცოდნის ნაკლებობაც, რაც ხელს უშლის სკოლებს, უნივერსიტეტებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ საინიციატივო ჯგუფებს, იპოვონ თანამშრომლობის ფორმები და გზები. კვლავ პრობლემად გვევლინება სისტემის შიგნით არსებული ბარიერები, ნორმატიული გარემო, რაც აფერხებს სკოლებსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობას.
სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.