საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო. ორი არასრულწლოვნის მკვლელობა ბრალად მათივე თანატოლს, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ორ მოსწავლეს ედება.
პროცესი დახურულია, რადგან არასრწულწლოვნებს ეხება. შესაბამისად, მხარეებს საქმის მასალებზე საჯაროდ საუბრის უფლება არ აქვთ. ამიტომ საზოგადოებამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ცოტა რამ იცის.
რას ამბობს დაცვის მხარე?
ვინ ჩაიდინა დანაშაული? რამდენი პირი მონაწილეობდა? რამდენი ცივი იარაღი ფიგურირებს საქმეში? - ამ საკითხებზე მომხდარის შემდეგ სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება.
ოფიციალურად ცნობილია, რომ ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. დაცვის მხარე ამბობს, რომ ბრალდებულებმა ზუსტად იციან, რა მოხდა ადგილზე. როგორც „ლიბერალს“ ადვოკატმა ეკატერინე მაჭარაშვილმა განუცხადა, ისინი სასამართლოზე დუმილს დაარღვევენ, ჩვენებას მისცემენ და „ყველაფერს ფარდას ახდიან“.
დღემდე პასუხგაუცემელია შეკითხვა - რაიმე ფორმით მონაწილეობდა თუ არა თანატოლების დაჭრაში ორზე მეტი პირი და იყო თუ არა იქ უფრო მეტი ცივი იარაღი. დაცვის მხარე თავიდანვე აცხადებდა, რომ საქმეში უფრო მეტი დანა ფიგურირებდა, ვიდრე ეს პროკურატურამ საქმის მასალებში წარმოადგინა.
ეკატერინე მაჭარაშვილის ინფორმაციით, იმის დასადგენად, რამდენმა ადამიანმა მიაყენა გარდაცვლილებს ჭრილობები და ნამდვილად კონკრეტული დანებით არის თუ არა მიყენებული დაზიანებები, შესაბამისი ექსპერტიზები დანიშნა. ალტერნატიულ ექსპერტიზას ატარებს დაცვის მხარეც.
მათი ნაწილის პასუხები უკვე ცნობილია. თუმცა მხარეები ამაზე საჯაროდ არ ლაპარაკობენ. ადვოკატი არც იმას ამბობს, ვის პოზიციას ამყარებს ეს დასკვნები.
საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე მკვლელობაში სხვა პირთა მონაწილეობას ან მეტი დანის არსებობას კატეგორიულად გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ ბრალდებულთა დანაშაული სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდება.
მაჭარაშვილი (ბრალდებულების ადვოკატი) პროკურატურის ვერსიას აბსურდს უწოდებს და აცხადებს, რომ გამოძიება სულ სხვა, არასწორი მიმართულებით წავიდა.
დაცვის მხარისთვის კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს ის ფაქტი, რომ საქმეში კიდევ ერთი დაშავებული ფიგურირებს. რა ვითარებაში მიიღო მან ეს დაზიანება და რისგან, ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, თუმცა ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დაზიანება მასაც დანით ჰქონდეს მიყენებული.
„ნამდვილად გიდასტურებთ, რომ საქმეში არის პირი, რომელსაც მიყენებული აქვს დაზიანება. რამდენად სიცოცხლისთვის საშიშია ესა თუ ის დაზიანება, ამას ჩვენ ვერ დავადგენთ. მაგრამ ის, რომ მას მიყენებული აქვს დაზიანება რაღაც საგნის გამოყენებით, რომელიც შეიძლება დანა იყოს, თავისთავად ცხადია, “.
პროკურორი ამბობს, რომ მესამე არასრულწლოვანს დაზიანება ნებისმიერი საგნით შეიძლებოდა მიეღო, მათ შორის წაქცევით. მისი ინფორმაციით, ეს საქმე ცალკეა გამოყოფილი და მასზე გამოძიება მიმდინარეობს.
ზვიად ფხაკაძის განმარტებით, დანაშაულის სრული სურათი დადასტურებულია მტკიცებულებებში როგორც ვერბალურად, ასე ფოტოგადაღებებში.
„ყველა პირი იდენტიფიცირებულია, თუ რას აკეთებდნენ, როგორ მოქმედებდნენ, ვინ აქტიურობდა აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში - ეს ყველაფერი ჩანს სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებში“, - ამბობს პროკურორი.
დაზარალებულის პოზიცია
პროკურატურის ვერსიის არ სჯერა არც გარდაცვლილი სარალიძის ოჯახს და არც მათ ახლობელ „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავას. მათ მომხდარის საკუთარი ვერსია აქვთ, რომელიც გარდაცვლილის მეგობრების, თვითმხილველი არასრულწლოვნების მონაყოლს ეყრდნობა.
ზვიად კუპრავას განმარტებით, მათ იციან, რომ შემთხვევის ადგილზე რამდენიმე მოზარდი დაიჭრა, პროკურატურა კი შეგნებულად არიდებს თავს გამოძიებას, რათა სხვა პირთა ბრალეულობაც არ გამოიკვეთოს.
ისინი არც იმ ვერსიას ეთანხმებიან, რომ სარალიძეს 12 ჭრილობა მხოლოდ ერთმა ადამიანმა მიაყენა.
„ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს თვითმხილველებზე დაყრდნობით, გ.ჯ.-მ [სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული] მხოლოდ ფეხში დაარტყა სარალიძეს და შემდეგ გვერდზე გადგა. ამავეს ამბობს დაცვის მხარეც. ოჯახის პოზიციაა, რომ ყველა შესაბამისად დაისაჯოს იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა - არც მეტად და არც ნაკლებად. მათ არ სურთ, რომ გ.ჯ. ჩადენილი დანაშაულის შესაბამისად დაისაჯოს“, - ამბობს კუპრავა „ლიბერალთან“ საუბრისას.
დაზარალებულის ინტერესებს ამ დრომდე არავინ იცავს. კუპრავა განმარტავს, რომ ოჯახი პროკურატურაზე იყო მინდობილი. მაგრამ მას შემდეგ, რაც საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა, ოჯახმა ადვოკატის აყვანა გადაწყვიტა. კუპრავა ამბობს, რომ მანაც და ზაზა სარალიძემაც (გარდაცვლილის მამა) პროკურატურას არაერთხელ მიმართეს საქმის მასალების გადაცემის მოთხოვნით. თუმცა პროკურატურა მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ სარალიძე უწყებაში დაიბარეს და 3-ტომიანი საქმის მასალების გასაცნობად 3 საათი მისცეს.
რატომაა საქმეში ამდენი ბუნდოვანება, ამაზე კუპრავას და სარალიძეების ოჯახს საკუთარი ვერსია აქვთ. მისი თქმით, თვითმხილველების მონაყოლით იციან, რომ შემთხვევის ადგილზე იყო მოზარდი, რომელიც სამართალდამცავ უწყებაში მაღალ თანამდებობაზე მყოფი, ყველასთვის კარგად ცნობილი პირის შვილია. ისინი ვარაუდობენ, რომ სწორედ მისი ბრალეულობის დასამალად არ არკვევს პროკურატურა დეტალებს, მათ შორის იმას, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა დაჭრაში და რამდენი დანა ფიგურირებს საქმეში.
„საუბარი ეხება ისეთ პირს, რომელსაც სამართლებრივადაც მიუწვდება ხელი გამოძიების მასალებზე და გავლენაც აქვს გამოძიებაზე. საკმაოდ ცნობილი სახელი და გვარია. ბავშვებისგან ვიცით ეს, იქ არაფერი იმალება, ყველამ ყველაფერი იცის. მაგრამ ამაზე ხმამაღლა ვერ ვსაუბრობთ, რადგან ჯერ ვაზუსტებთ, რას აკეთებდა ამ თანამდებობის პირის შვილი იქ და რა როლი მიუძღვის მას მომხდარში. ჯერ მტკიცებულება არ გვაქვს და ამის გარეშე ასეთი დანაშაულის დაბრალება ძალიან რთულია. თანაც არის მტკიცებულებების განადგურებისა და საქმის დეტალების შეცვლის საფრთხე“, - აღნიშნავს კუპრავა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 25 იანვარს გაიმართება.
ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას სახალხო დამცველი აკვირდება, თუმცა ამ ეტაპზე შეფასებისგან თავს იკავებს. როგორც „ლიბერალს“ ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, ისინი პერიოდულად პროკურატურიდან საქმის მასალებს ითხოვენ. პრესსამსახურის ინფორმაციით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ბრალდებულებიც მოინახულეს.
* * * * *
ოფიციალური ვერსიით, არასრულწლოვნებს შორის შელაპარაკება 2017 წლის 1 დეკემბერს #51-ე სკოლის საპირფარეშოში დაიწყო. მე-11 კლასის მოსწავლეებს დ.ნ-ს, დ.ღ-ს და ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს ა.ს-ს და თ.ჩ-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის გამოც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ა.ს. დახმარებისთვის ნათესავს მ.კ-ს დაუკავშირდა. მ.კ. მეგობრებთან ერთად 51-ე საჯარო სკოლასთან მივიდა. სკოლასთან ასევე შეიკრიბნენ ა.ს-სთან და თ.ჩ-სთან დაპირისპირებული არასრულწლოვნები. მანდატურის შენიშვნის შემდეგ კონფლიქტმა ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გადაინაცვლა. კამათი ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ორი მოსწავლე სასიკვდილოდ დაიჭრა. ერთი მათგანი, ლევან დადუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა; ხოლო მეორე დაჭრილი, დავით სარალიძე - მეორე დღეს საავადმყოფოში. მას 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
შსს-ს წარმომადგენლებმა მკვლელობაში ბრალდებული ერთი მოზარდი იმავე დღეს დააკავეს. ხოლო მეორე რამდენიმე დღის მერე თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს. მათ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულ არასრულწლოვნებს, გ.ბ.-ს და გ.ჯ.-ს თავდაპირველად ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ). 27 დეკემბერს მათ ბრალი დაუზუსტდათ. გ.ბ.-ს ბრალად სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ასევე ორი ან მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო გ.ჯ.-ს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაული ედება.
გ.ბ.-სთვის წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო გ.ჯ.-სთვის წარდგენილი მუხლი - 13-დან 17 წლამდე. აღსანიშნავია, რომ ქართული კანონმდებლობით, თავისუფლების უვადო აღკვეთა მხოლოდ სრულწლოვნებისთვის შეიძლება.
ამ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ 5 პირის მიმართ დაიწყო. მათ ბრალად დანაშაულის დაფარვა (სსკ-ის 375-ე მუხლი) ედებათ. ბრალდებულთაგან 3 პირი დაკავებულია, ხოლო 2 პირის მიმართ ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.