Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინტერვიუ მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის მენეჯერთან, ელენე გრიგოლიასთან

24 იანვარი 2018

2016 წლის აგვისტოდან საქართველოში მიწის რეფორმის ახალი კანონი ამოქმედდა, რომელიც მოსახლეობას უძრავი ქონების გამარტივებული პროცედურებით დარეგისტრირების საშუალებას აძლევს.  რეფორმის ფარგლებში გასული წლის ივლისიდან  სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი დაიწყო, რომელიც ქვეყნის მასშტაბით წინასწარ შერჩეულ არეალებს მოიცავს. პროექტი უკვე წარმატებით  მიმდინარეობს კახეთის ოთხ სოფელში და უახლოეს მომავალში სხვა რეგიონებშიც განხორციელდება.

პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში დაგროვებულ კითხვებზე პასუხების მისაღებად მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერს ელენე გრიგოლიას ვესაუბრეთ.

- ქალბატონო ელენე, რატომ არის მნიშვნელოვანი ქონების რეგისტრაცია მოქალაქეებისათვის?

- ქონების რეგისტრაციას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის, ასევე ეკონომიკური წინსვლისათვის საქართველოში და ამას თავისი მიზეზები გააჩნია. პირველ რიგში, მოსახლეობისათვის ქონების რეგისტრაცია ნიშნავს მათი საკუთრების უფლების დაცვას. წლების განმავლობაში ბიუროკრატიული, ფინანსური თუ ტექნიკური პრობლემების გამო, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ვერ ახერხებდნენ მათი წინაპრების მიერ დატოვებული ქონების რეგისტრაციას, ხოლო რეგისტრაციის გარეშე მიწის კუთვნილების დასაბუთება საკმაოდ რთულია. ამიტომაც, როდესაც მოქალაქეებს დარეგისტრირებული აქვთ ქონება და იციან, თუ რას ფლობენ, მათი დაკარგვის ან შემცირების რისკი არ არსებობს. უფრო მეტიც, მსგავს შემთხვევებში, თუკი მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია, მესაკუთრეებს საშუალება აქვთ, საკუთარი უფლებები დაიცვან სასამართლოში.

მიწა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი აქტივია და სოფლის მეურნეობის განვითარების საფუძველს წარმოადგენს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გაზარდოს სოფლის მეურნეობის ეფექტიანობა და ამისათვის გამოიყენოს შესაძლებლობები, რომლებიც კანონმდებლობამ მისცა. მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ რომ ამ შესაძლებლობების გარანტიაა. ქონების რეგისტრაცია მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ სასოფლო-სამეურნეო კრედიტებით და გაზარდონ წარმოება.

- რა სარგებელს ნახულობს სახელმწიფო ქონების რეგისტრაციის შემთხვევაში?

- მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველზე, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, ეკონომიკის მიმართულებების განსავითარებლად განსაზღვროს პრიორიტეტული ადგილები და ადგილობრივი ეკონომიკური მიმართულებების გათვალისწინებით, გაზარდოს ინვესტიციები. ასეთი ადგილების გამოვლენა და წინასწარი მონაცემების დამუშავება შესაძლებელია სრული სადაკასტრო სურათის არსებობის პირობებში. უფრო მეტიც, როდესაც სახელმწიფოს ექნება ინფორმაცია რეგიონების მიხედვით ქონებრივი და საკადასტრო მდგომარეობის შესახებ, მას შეეძლება სამთავრობო სტრატეგიებისა და გეგმების შემუშავების გზით ქვეყნის ერთიანი ეკონომიკური მიმართულებების განსაზღვრა და რეგიონების მიხედვით სასოფლო-სამეურნეო, გარემოსდაცვითი და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაგეგმვა.

როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა, სახელმწიფოს უჭირს განახორციელოს სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური პროექტი, თუკი მან არ იცის, ვის ეკუთვნის ქონება, რომელზედაც დაგეგმილია ესა თუ ის საქმიანობები, რაც, საბოლოო ჯამში, ართულებს გადაწყვეტილების მიღებას და ეფექტური ქმედებების განხორციელებას.

- 2017 წლის ივლისიდან რეფორმის მეორე ნაწილი - სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი დაიწყო, რომელიც საქართველოს 12 დასახლებას მოიცავს. რას მოიაზრებს პროექტი და რით განსხვავდება სხვა სახის რეგისტრაციისგან?

- მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, 2016 წლიდან მოქალაქეებს საშუალება აქვთ, სპორადულად, საკუთარი ინიციატივით, განცხადების, საკადასტრო აზომვითი ნახაზებისა და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საშუალებით დაირეგისტრირონ ქონება და გახდნენ მათი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები. ამ ეტაპზე, 372 ათასზე მეტი განცხადება წარმატებით დასრულდა.

სპორადული რეგისტრაციის პარალელურად, სახელმწიფომ დაიწყო მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი, რომლის მიზანია წინასწარ განსაზღვრულ დასახლებებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია ადგილობრივი მოქალაქეებისათვის გამარტივებული პროცედურებით. თუკი სპორადული რეგისტრაცია საჭიროებს დაინტერესებული პირის მისვლას საჯარო რეესტრში და განცხადების შეტანას, სისტემური რეგისტრაციისას მათ, პრაქტიკულად, საკუთარი დასახლების დატოვება არ უწევთ. პროექტის თანამშრომლები თავად მიდიან მოქალაქეებთან, აგროვებენ მათგან დოკუმენტებს, უზომავენ მათ მიწის ნაკვეთებს, უმზადებენ საკადასტრო აზომვით ნახაზებს, ხოლო საჯარო რეესტრი ურეგისტრირებს მათ საკუთრების უფლებას. რაც ყველაზე მთავარია, პროცესი მოქალაქეებისათვის უფასოა და დამატებით თანხებს არ საჭიროებს. მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის მიმდინარეობა საკმაოდ გამჭვირვალეა და ემყარება მოქალაქეების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ხოლო პროექტის ფარგლებში მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზების ნახვა მოქალაქეებს საჯარო გაცნობის პროცესის განმავლობაში შეუძლიათ და აქვთ შესაძლებლობა, დაეთანხმონ შედეგებს ან ცვლილებები შეიტანონ მასში.

პროექტის დასასრულს, სააგენტო გეგმავს მიწის სისტემური რეგისტრაციის მეთოდოლოგიის შემუშავებასა და პროექტის შეფასებას, რომელიც საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს საშუალებას მისცემს, შეაფასოს სისტემური რეგისტრაციის მიზანშეწონილობა.

საპილოტო პროექტი ამ ეტაპზე, გურჯაანის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ოთხ სოფელში მიმდინარეობს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. საპილოტო პროექტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები 2018 წლის განმავლობაში კიდევ რვა დასახლებაში განხორციელდება, ხოლო მოსახლეობა მარტივად და დაბრკოლებების გარეშე შეძლებს საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი მხარდაჭერილია მსოფლიო ბანკის მიერ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^