Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალაქი ესტაკადების ხაფანგში

25 იანვარი 2018

რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიამ ძველ იპოდრომთან, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ესტაკადის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა.

დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 2,9 მილიონი ლარია.

ახალი ესტაკადის საშუალებით მოძრაობა ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისკენ კონფლიქტური წერტილების გარეშე უნდა განხორციელდეს. გარდა ამისა, ესტაკადის ქვეშ შეფერხების გარეშე გაივლის ყაზბეგის ქუჩიდან იყალთოს გვირაბისკენ მიმავალი სატრანსპორტო ნაკადი.

არის კი ახალი ესტაკადები საცობების მოგვარებისა და მოძრაობის განტვირთვის საშუალება? როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნების უამრავი ქალაქის ბოლო ათწლეულების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ უფრო პირიქით ხდება.

ტრანსპორტის სფეროში ფართოდ გავრცელებული ცნებაა - „გამოწვეული მოთხოვნის“ სისტემა, რომელიც ახალი გზების საშუალებით მანქანების ახალი ნაკადისთვის მოთხოვნილების გაზრდას გულისხმობს.

ახალი გზებთან ერთად მატულობს მძღოლების რაოდენობა, რაც საგზაო მოძრაობის ინტენსიურობას იმავე დონეზე ტოვებს. შედარებისთვის, იგივე ხდება წყლის მილის დიამეტრის შეცვლისას, როცა მილი უფრო განიერია, მეტი მოცულობის წყლით ივსება.

მაგალითისთვის, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში, ბაქოში, სადაც ხელისუფლება ნავთობის მაღალის ფასების ხარჯზე თავს უფლებას აძლევდა აეშენებინა ახალი ესტაკადები, მდგომარეობა იქამდე მივიდა, რომ საცობების პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა, რადგან ტრანსპორტის ახალი ნაკადი გაჩნდა.

ახლა ხელისუფლება იძულებულია სხვა ღონისძიებებს მიმართოს, როგორიცაა, ავტობუსებისთვის მოძრაობის ცალკე ზოლების გამოყოფა, ეფექტური პარკინგის პოლიტიკის შექმნა და ახალი ავტობუსების შეძენა.

ტრანსპორტის სფეროს ექსპერტების კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში - ლოს-ანჯელესში, ჰონოლულუსა და სან-ფრანცისკოში - ყველაზე მეტად დგას საცობები პრობლემა. ყველა ეს ქალაქი მოძრაობის განსატვირთად ახალი გზების მშენებლობის მიდგომას იყენებს.

ამასთან, ახალი ესტაკადები საზოგადოებას უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ესტაკადები ამახინჯებს და არამიმზიდველს ხდის ურბანულ გარემოს, რასაც მიმდებარე ტერიტორიის ხმაურიც ემატება. ესტაკადები ეს არის ხაფანგი, საიდანაც უამრავი ქალაქი ცდილობს გამოძრომას, თუმცა ძნელად ახერხებს. დღეს უამრავი ქალაქის მესვეურები აშენებული ესტაკადების დაშლითა და იქ არსებული ადგილების გამოცოცხლებით არიან დაკავებული. ჩვენთან ესტაკადები შეიძლება ერთი შეხედვით მძღოლებისთვის მიმზიდველი იყოს, თუმცა რეალობაში ის მათ გადაადგილებას ვერ გააადვილებს.

საიდან დავიწყოთ? საცობების პრობლემა მარტო ესტაკადებისა და გზის გაფართოებით ვერ გვარდება, განსაკუთრებით იმ ქალაქში, სადაც კერძო ავტომობილების, მათ შორის ჯიპების რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მაღალია, ვიდრე ნებისმიერ ევროპულ ქალაქში. საცობი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხის, ავტობუსების ნაკლებობის, საგზაო მოძრაობისა და პარკინგის არასწორი ორგანიზების შედეგია. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფერო ითხოვს ინვესტიციებს. ამიტომ მერიის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს ავტობუსების პარკის განახლება, უახლოეს პერიოდში წელიწადში მინიმუმ 100 ახალი ავტობუსის შეძენა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამოძრაო ზოლი ბარიერებით იყოს დაცული, რადგან კერძო ტრანსპორტმა ხელი არ შეუშალოს მის სწრაფ გადაადგილებას და არ იყოს დამოკიდებული კერძო ტრანსპორტის ნაკადის გადაადგილების რეჟიმზე. მნიშვნელოვანია, რომ ტრანსპორტის სფეროს ისედაც მწირი რესურსები ჩაიდოს იმ სფეროებში, რომელიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^