Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინ ჩაატარებს პედაგოგებისთვის ტრენინგებს - გაგრძელდება თუ არა სერვისების დეცენტრალიზაცია

29 იანვარი 2018

გასულ წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების დეცენტრალიზაციის პროცესი დაიწყო, რაც გულისხმობს სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვას, მასწავლებელთა საჭიროებებსა და შედეგზე  ორიენტირებული სერვისების მიწოდების გზებისა და მიმწოდებლების დივერსიფიცირებას. იქამდე, 2011 წლიდან კი პედაგოგთა პროფესიული განვითარების პროგრამებს ცენტრალიზებულად მასწავლებლის სახლი ახორციელებდა.

2017 წლის ივნისში მასწავლებლის სახლმა დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში პროფესიული განვითარების პროგრამების შესარჩევი პირველი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა და გამარჯვებული ორგანიზაციები გამოავლინა.

გასულ წელს ითქვა, რომ პროფესიული განვითარების პროგრამების დეცენტრალიზაციის პროცესი 2018 წელსაც გაგრძელდებოდა, თუმცა ჯერჯერობით ხელმოწერილი არ არის მინისტრის ბრძანება, რომლის საფუძველზეც საგრანტო კონკურსი უნდა გამოცხადდეს. გარდა ამისა, დღემდე ახალ მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს არ დაუფიქსირებია პოზიცია გაგრძელდება თუ არა პროცესი. ყოველივე ეს დარგის სპეციალისტებსა და კონკურსში მონაწილე ორგანიზაციებში კითხვის ნიშნებს აჩენს, ისინი ხედავენ რისკებს, რომ შესაძლოა დეცენტრალიზაციის პროცესი აღარ გაგრძელდეს.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI) ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელმაც ზაფხულში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. ინსტიტუტის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ ვინაიდან ჯერ კიდევ არ არის ცხადი სამინისტროს პოზიცია, გაგრძელდება თუ არა დეცენტრალიზაციის პროცესი, ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო არასაიმედო პარტნიორის როლში გვევლინება,-

„ყველაზე მძიმე ჩვენი ქვეყნისთვის  არის სახელმწიფო უწყებების არათანმიმდევრული პოლიტიკა, როდესაც კონკრეტული გადაწყვეტილება უკავშირდება კონკრეტულ მინისტრს და მინისტრის ცვლილება იწვევს ამ გადაწყვეტილების ცვლილებასაც. ეს პირველ რიგში აზარალებს ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას, ჩვენ ვიცოდით რომ 2018 წელს ეს პროცესი კიდევ გაგრძელდებოდა. იანვარის ბოლოა, ჩვენ არ ვიცით სახელმწიფო აპირებს თუ არა მსგავსი კონკურსის ჩატარებას, შესაბამისად პროცესის გაგრძელებას“,- ამბობს თამარ მოსიაშვილი.

რატომ არის მასწავლებელთა საგანმანათლებლო პროგრამების დეცენტრალიზაცია მნიშვნელოვანი? თამარ მოსიაშვილის განმარტებით, ცენტრალიზებული სისტემის პირობებში, მასწავლებლის სახლი თავად ადგენდა პროფესიული განვითარების სტანდარტებს, თავად ახორციელებდა პროფესიული განვითარების სერვისებს და შემდგომში აფასებდა პროცესს. გარდა ამისა, მასწავლებელს არ ეძლეოდა საშუალება აერჩია რომელ ორგანიზაციასთან სურდა თანამშრომლობა. თამარ მოსიაშვილის შეფასებით, ეს არის სახელმწიფოსა და მასწავლებელს შორის ე.წ. იერარქიული თანამშრომლობის მოდელი, რამაც შეუძლებელია ხარისხის განვითარებას შეუწყოს ხელი.

„სახელმწიფო უწყება ტრენინგების ჩატარებისთვის არ უნდა მოცდეს, მან უნდა შექმნას კარგი პოლიტიკის ინსტრუმენტები, რომ ჩვენ -  საზოგადოებრივი ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და ა.შ. ვინც ვმონაწილეობთ ცოდნის შექმნაში, კვლევის ჩატარებაში, ვიყოთ უფრო წელგამართულები და უფრო მეტი და მრავალფეროვანი პროგრამები შევთავაზოთ საზოგადოებას, სკოლებს, რომ მათ ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა. ეს უფრო მეტ მოტივაციას გამოიწვევს ჩვენი ტიპის ორგანიზციებში“,- ამბობს თამარ მოსიაშვილი.  

„კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე მიიჩნევს, რომ დეცენტრალიზაცია ხელს შეუწყობს გარე ექსპერტული ცოდნის დაგროვებას და მასწავლებელთა საგნობრივი ასოციაციების გაძლიერებას. რომლებიც თავის მხრივ, უშუალოდ მასწავლებლების ინტერესებზე მორგებული, მრავალფეროვანი სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფენ.

გარდა ამისა, ის ყურადღებას ამახვილებს ტრენინგების მიზნობრიობასა და შინაარსზე. მაგალითად ზაფხულში ჩატარებულ საგრანტო კონკურსის მოთხოვნებს იხსენებს, სადაც მასწავლებლებს საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით არამხოლოდ უნდა ესწავლათ პროექტული სწავლების მეთოდები, არამედ უნდა შეემუშავებინათ კონკრეტული პროექტული სწავლების მაგალითები, რომელთა დანერგვასაც პრაქტიკაში მყისიერად დაიწყებდნენ. შედეგად კი პროგრამა არამხოლოდ კონკრეტული უნარ-ჩვევების განვითარებაზეა ორიენტირებული, არამედ ტრენინგზე მიღებული ცოდნის სასკოლო ცხოვრებაში პრაქტიკულად დანერგვის შესაძლებლობასაც უზრუნველყოფს.

„როდესაც ვსაუბრობთ დეცენტრალიზაციაზე, ვსაუბრობთ იმაზეც, რომ ეს დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს იმ რესურსების გათვალისწინებით, რაც არსებობს დღეს მიმწოდებელთა ბაზარზე.  შესაბამისად ტემპი ამ დეცენტრალიზაციის უნდა შეესაბამებოდეს აქტორთა შესაძლებლობებს. აპელირება იმაზე, რომ ჩვენ დღეს არ გვყავს ძლიერი და ბევრი კვალიფიციური მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამების მომწოდებელი, ვფიქრობ არ არის სწორი, იმიტომ რომ რთულად წარმოსადგენია ცენტრალიზებული სისტემის პირობებში მათ არსებობა და განვითარება შეძლონ. ამ მიმართულებით პოლიტიკის არათანმიმდევრულობა კი ცხადია აფერხებს ამ ორგანიზაციების განვითარების პროცესს“,- ამბობს ირინა ხანთაძე.

რას გეგმავს სამინისტრო, გაგრძელდება თუ არა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სერვისების დეცენტრალიზაციის პროცესი? „ლიბერალმა“ კითხვებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა, თუმცა მცდელობის მიუხედავად, სამინისტროს გეგმებთან დაკავშირებით პასუხები ვერ მივიღეთ.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრში მიიჩნევენ, რომ დეცენტრალიზაციის პროცესი მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებით საშუალებას იძლევა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამები მოერგოს არსებულ საჭიროებებს. პროცესის წარმართვა ხდება სამი მეთოდით: საგრანტო კონკურსი, სატენდერო შესყიდვა, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია/რეგისტრაცია.

გასულ წელს შემდეგი საგრანტო კონკურსების მიმართულებები განისაზღვრა:

„მასწავლებელთა საგნობრივი გაერთიანებების ჩართულობა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისათვის რეკომენდაციების შემუშავებაში“;

სასწავლო და სოციალური პროექტების საშუალებით სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობის ხელშეწყობა;

სკოლის ბაზაზე საკლუბო და საჭირო საქმიანობის ხელშეწყობა;

მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მცირეკონტიგენტიან სკოლებში.

სკოლის საერთო კულტურის გაძლიერება;

გამოცხადებულ კონკურსებში კი 8 ორგანიზაციამ გაიმარჯვა. ცენტრში მიიჩნევენ, რომ საერთო ჯამში, საგრანტო კონკურსების შემთხვევაში პროცესი პოზიტიურად წარიმართა და ორგანიზაციებმა მიაღწიეს სამოქმედო გეგმებით დასახულ მიზნებსა და ამოცანებს. გამოიკვეთა ხარვეზებიც, პროექტის განსაზღვრული  ვადა (შემჭიდროებული ვადები) არასაკმარისი აღმოჩნდა ორგანიზაციებისთვის, რათა შესაბამისი საქმიანობები ჩაეტარებინათ.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^