Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჭიათურა და "ჯორჯიან მანგანეზი" სახელმწიფო მმართველის პირობებში

26 იანვარი 2018

2017 წლის მაისში, გარემოს დაცვის სამინისტროს მოთხოვნით, სასამართლომ ჯორჯიან მანგანეზს სპეციალური სახელმწიფო მმართველი გარემოსთვის კატასტროფული ზიანის გამოსწორების მიზნით დაუნიშნა.  ნიკოლოზ ჩიქოვანს რეგიონში მდომარეობის ეტაპობრივად გამოსწორება დაევალა.

რა შეიცვალა, კონკრეტულად, ჭიათურაში ამ შვიდი თვის განმავლობაში და რა გეგმები აქვს სპეციალურ მმართველს როგორც გარემო დაცვის, ასევე, დასაქმებულთა შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების გამოსწორების კუთხით?

...

„ჯორჯიან მანგანეზი“ ამერიკული კომპანიის - „ჯორჯიან ემერიქან ელოისის“ მფლობელობაშია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფეროშენადნობების წარმოებასა და რეალიზაციაზე მომუშავე კომპანიებს მართავს.

საქართველოში „ჯორჯიან მანგანეზს“ სამი მსხვილი საწარმო აქვს: ჭიათურაში - მანგანეზის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი; სოფელ ვარციხეში - შპს „ვარციხე 2005“ და ზესტაფონში - ფეროშენადნობთა ქარხანა.

ჭიათურაში აღნიშნული კომპანია მადანს 2007 წლიდან მოიპოვებს. პარალელურად, ქალაქში მუშაობს 40-მდე პატარა ე.წ. კოოპერატივი, რომელთაც „ჯორჯიან მანგანეზმა“ თავისი სალიცენზიო ტერიტორიის ნაწილი მიჰყიდა.

ჭიათურაში ამ დროისთვის დაახლოებით მანგანუმის ოცი საბადოა, მათგან ცხრა - მაღარო, დანარჩენი - ღია კარიერები. ღია კარიერული პრინციპით მადნის მოპოვება საბჭოთა პერიოდიდან დაიწყო და დღემდე აქტიურად გრძელდება, რის გამოც რეგიონში დაბინძურებულია ატმოსფერული ჰაერი, მიწისქვეშა და სასმელი წყლები.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ 2017 წელს გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ქრონოლოგიურადაა აღწერილი კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზარალის მასშტაბები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მადნის მოპოვების დროს საწარმოო ჩამდინარე წყალია, რომელიც  სხვა ნაწილაკებთან ერთად, დიდი რაოდენობით მანგანუმის ნაერთებს შეიცავს. ფაბრიკის შლამსადენები ძალიან ძველია და მოშლილი, ამიტომ წყალი გაწმენდის გარეშე დღემდე პირდაპირ მდინარე ყვირილაში ჩაედინება. ეს კი მდინარის წყლის შეწონილი ნაწილაკებითა და მანგანუმის ნაერთებით დაბინძურებას იწვევს. „მწვანე ალტერნატივის“ მიერ გარემოს სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად,  2008 წლის მხოლოდ 9 თვის განმავლობაში  ყვირილასა და მის შენაკადებში ჩაშვებულია 375 961 ტონა შლამი (მშრალ წონაზე გადაანგარიშებით).

ორგანიზაციის ინფორმაციით, გაცილებით მასშტაბურ პრობლემებს ქმნის მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება. ჭიათურის სხვადასხვა სოფელში ამ პრინციპით მუშაობამ ჰაერის, ნიადაგის, წყლის მნიშვნელოვანი დაბინძურება გამოიწვია.

სოფელი რგანი ღია კარიერული წესით მოპოვების ერთ-ერთი „ცხელი წერტილია“. ჭიათურის ცენტრიდან დაახლოებით ნახევარი საათის სავალ გზაზე მდებარე სოფელი, მოსახლეობისგან ნელ-ნელა იცლება. მიტოვებული სახლები აქ კანტი-კუნტად დგას. სოფელი თითქმის მთლიანად გადათხრილია და დარღვეულია მიწის რეკულტივაციის პირობებიც. რეკულტივაცია საკმაოდ რთულ პროცესს მოიცავს - მადნის ამოღებამდე ამ ტერიტორიიდან უნდა ამოიღონ ჯერ ჰუმუსი (ნიადაგის ორგანული ნაწილი, რომელიც წარმოქმნილია მცენარეული და ცხოველური ნარჩენების ბიოქიმიური გარდაქმნების შედეგად). სასარგებლო და ფუჭი მიწა უნდა დასაწყობდეს და შემდეგ დაიწყოს მანგანუმის მოპოვება, საბოლოოდ კი, ერთმანეთის მიყოლებით ამოღებულ ადგილზე უნდა დაყარონ ჯერ ფუჭი მიწა, შემდეგ ჰუმუსი,  შემოღობონ ტერიტორია და დარგონ მცენარეები.

მიწის დეგრადაციის პარალელურად, მადნის ღია კარიერული წესით მოპოვება ატმოსფერულ ჰაერს აბინძურებს. აფეთქების დროს ჰაერში მანგანუმის ორჟანგი განიბნევა და ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის: „საშიში გეოდინამიკური პროცესების განვითარება გამოწვეულია როგორც კარიერების დამუშავებით, ისე სამუშაოების დამთავრების შემდგომ, რეკულტივაციის ჩაუტარებლობით“, - წერია „მწვანე ალტერნატივის“ ანგარიშში.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კომპანია ბოლო 5 წლის განმავლობაში არაერთხელ დააჯარიმა. მათ შორის, ყველაზე მასშტაბური იყო 2013-2014 წწ., როგორც ლიცენზიის ფარგლებში წიაღითსარგებლობისას, ისე გამამდიდრებელი საწარმოს მუშაობის შედეგად „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 357 364 708 ლარი შედგინა.

რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის ბრძანებით, კომპანიას სანებართვო ქმედების განხორციელების უფლება 2017 წლის 31 დეკემბრამდე ზემოთ მოცემული ვალდებულებების შესრულებისა და ახალი გამამდიდრებელი ფაბრიკის მშენებლობის პირობით მიენიჭა. თუმცა შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ გარემოზე ზემოქმედების ნებართვით დადგენილი პირობების შესრულებისათვის დაწესებული „გონივრული ვადა“ 2013 წლიდან 2017 წლის დასაწყისამდე მთავრობამ ოთხჯერ  გადაუვადა.

გარემოს დაცვის სამინისტრომ არსებული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, კომპანიას ახალი მმართველი დაუნიშნა. ნიკოლოზ ჩიქოვანი ამ პოზიციის დაკავებამდე ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის დირექტორი იყო. უშუალოდ გარემოს დაცვის საკითხების მხრივ მას აქამდე არ უმუშავია.

სპეციალურმა მმართველმა დანიშვნის შემდეგ წარადგინა 14-პუნქტიანი გეგმა, რომელიც 2017-დან 2019 წლამდე პერიოდს მოიცავს, მხოლოდ გარემოს დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებს ეხება და მასში არაფერია ნათქვამი, შრომით უსაფრთხოებასა და უფლებებზე.

გარემოს სამინისტროს წარმომადგენელი, კომპანიის სპეციალური მმართველი „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნული გეგმის განხორციელება აქტიურად დაიწყო და ჯერ არც ერთი პუნქტი არ დარღვეულა. დაიწყო მადნის ტრანსპორტირება ძარაგადახურული ტრანსპორტით; წელსვე გარემოს მხრივ არსებულ მდგომარეობას შეამოწმებენ - ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ემისიების, ზედაპირულ წყლებში მანგანუმის შემცველობის კონტროლისა და ნიადაგის დაბინძურებისგან დაცვის მიზნით. ასევე,  მომზადდება და სამინისტროსთან  შეთანხმდება ტყის აღმდგენი ღონისძიებები.

უშუალოდ მადნის ღია კარიერული წესით მოპოვებასთან დაკავშირებით, სამინისტროს გეგმებზე ჩიქოვანი დეტალურად არ საუბრობს, მაგრამ ამბობს, რომ კარიერები, რომელზეც მადნის მოპოვება დასამთავრებელია, გააგრძელებს მოქმედებას. თუმცა დაიხურა წერეთლის კარიერი, რადგან: „ირგვლიც არსებული შენობების ნგრევას იწვევდა, იქმნებოდა მეწყერსაშიში მდგომარეობა, ტალახი და შლამი მოსახლეობას ეზოში შესდიოდა“.

ასევე, სპეციალური მმართველის ინფორმაციით, სამინისტრო ახლა მუშაობს რუკაზე, რომელიც განსაზღვრავს მაღაროებში მადნის მოპოვების გაფართოებას: „თუ გვინდა, ჭიათურაში მადნის მოპოვება გაიზარდოს,  ახალი მაღაროები უნდა გავხსნათ. გვაქვს რუკა, მოვნიშნეთ ადგილები, სადაც მარგანეციის დიდი კონცენტრაცია იყრის თავს, დიდი რესურსი არსებობს. რუკა არაა საჯარო, ამიტომ, მადნის მოპოვების სამომავლო გეგმებსა და მასშტაბებზე ჯერ ვერ ვილაპარაკებ“, - განმარტავს სახელმწიფო მმართველი.

თუმცა ყველაზე მეტად ნიკოლოზ ჩიქოვანი მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობით ამაყობს, რომელიც, მისი თქმით, თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და მაქსიმალურად შეამცირებს მდინარეში დაბინძურებული წყლის ჩადინებას. ახალი ქარხნის მშენებლობა კომპანიის ძველი მმართველობის პერიოდში დაიგეგმა, თუმცა ჩიქოვანი ამბობს, რომ ამ პროცესის დროში გაწელვამ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო მდინარე. კომპანიის მმართველის ინფორმაციით, ქარხნისთვის ახალი დანადგარები გერმანული კომპანია „ოლ მინერალისგან“ შეიძინეს.  მთლიანად 32 მილიონი ლარის ინვესტიცია დაბანდდება:“ ქარხანაში მადნის გარეცხვა დახურული ციკლით წარიმართება და საწარმოო პროცესს მდინარესთან შემხებლობა აღარ ექნება".

ქარხნის მშენებლობა, გეგმის მიხედვით, 2018 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულდეს, თუმცა ჩიქოვანი ვარაუდობს, რომ გეგმას გადაუხვევს და ქარხანას უფრო ადრე, ზაფხულშიც გახსნიან.

...

გარემოს დაცვის კუთხით არსებული პრობლემების გარდა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა კომპანიაზე მმართველობის სხვა ვალდებულებებიც აიღო, მათ შორის - დასაქმებულთა შრომით უფლებებსა და პირობებზე. თუმცა გეგმაში, რომელიც მას მოქმედების ვადებსა და ვალდებულებებს უწესებს, არაფერია ნათქვამი დასაქმებულთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. 

დეკემბერში ჭიათურაში პირველადმა პროფესიულმა კავშირმა და მუშებმა საპროტესტო აქცია დააანონსეს.  რამდენიმე დღეში აქცია გაუქმდა. მიზეზი კომპანიის სპეციალური მმართველის მიერ მუშებთან შეხვედრის სურვილი და პრობლემებზე საუბარი იყო.

საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელი, თამაზ დოლაბერიძე „ლიბერალთან“ საუბარში ამბობს, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ დასაქმებულებს იმედი გაუჩნდათ, მათი შრომის უფლებების გაუმჯობესების კუთხით, სახელმწიფო ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას შეეცდებოდა. პროფკავშირმა ნიკოლოზ ჩიქოვანთან შეხვედრა მისი დანიშვნის შემდეგ რამდენჯერმე მოითხოვა, თუმცა მუშებისა და კომპანიის მმართველის შეხვედრა მხოლოდ 8 თვის შემდეგ, ნოემბერში შედგა: „ნიკა ჩიქოვანთან შეხვედრის დროში გაწელვამ მუშებისა და ადგილობრივების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. საპოროტესტო აქცია ნოემბრის ბოლოს დაიგეგმა, მაგრამ დაანონსებისთანავე ადმინისტრაციამ დაგვირეკა და გვითხრა, რომ 8 დეკემბერს შეხვედრა სურდა“.

დოლაბერიძე ამბობს, რომ შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა. მუშების მთავარი მოთხოვნა კოლექტიური ხელშეკრულებების შემუშავებაა. ეს სამართლებრივი დოკუმენტი აწესრიგებს შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ და პროფესიულ ურთიერთობას დამსაქმებელსა და მუშაკებს შორის საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.

ამ დროისთვის ჭიათურის მაღაროში დასაქმებული 3200-მდე მუშა კოლექტიური ხელშეკრულებით არ სარგებლობს, შესაბამისად, მათი მოთხოვნების შესრულება სამართლებრივად რთულდება.

ზურა ბრეგვაძე რგანის მაღაროს გვირაბგამყვანია. ჭიათურაში ცოლსა და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ მისი მთავარი პრობლემა მაღაროში შტატების სიმცირეა, რის გამოც მას ოთხი საქმის შეთავსება უწევს: „ბურღვა, აფეთქება, გზის დაგება-გამაგრება და ვაგონის მადნით დატვირთვა - ამ ყველაფრის გაკეთება მე და კიდევ ერთ მუშას გვიწევს“. პარალელურად კი, მეოთხე წელია, დასაქმებულები შრომის ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ.

„მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ჩემი ხელფასი იმდენად მინიმალურია, ოჯახი სოციალური დახმარებით სარგებლობს. მრავალშვილიანი ოჯახი მყავს და მაღაროში გამომუშავებული თანხა, ფაქტობრივად, არაფერში გვყოფნის. 2014 წლის შემდეგ ანაზღაურება 1%-ითაც არ გაზრდილა“, - ამბობს ზურა.

მისივე განმარტებით, მუშებს დიდი მოლოდინი აქვთ სახელმწიფო მმართველის მიმართ: „შეხვედრა მართალია, გვიან შედგა, მაგრამ მაინც კმაყოფილები ვართ. ჩიქოვანი დაგვპირდა, მალე მაღაროელები პროგრესს იგრძნობთო. დაგვპირდა კოლექტიური ხელშეკრულებების შემუშავებას, რაც საშუალებას მოგვცემს, ჩვენი შრომითი უფლებებისთვის უფრო ეფექტიანად ვიბრძოლოთ".

გაერთიანებულ პროფესიულ კავშირებს დაევალა, უახლოეს თვეში შეიმუშაონ კოლექტიური ხელშეკრულების შინაარსი, სადაც დასაქმებულთა მოთხოვნები გაჟღერდება და ამის შემდეგ განისაზღვრება, კომპანია რა ნაბიჯებს გადადგამს დასაქმებულთა მდგომარეობის გამოსწორების მიზნით: „როგორც კი შევიმუშავებთ პროექტს, რომელშიც საუბარი იქნება ანაზღაურების ადეკვატურ ნიშნულამდე მიყვანაზე, ასევე ბიულეტენების სისტემის შემოტანაზე, მუშათა სხვა შრომითი უფლებების გაუმჯობესებაზე, კომპანიას წარვუდგენთ“.

ნიკოლოზ ჩიქოვანი აღიარებს, რომ შრომის უფლებების პარალელურად,  კომპანიაში მნიშვნელოვანი პრობლემებია შრომითი უსაფრთხოების კუთხითაც: „დღეს მაღაროში ვიმყოფებოდი და მაგალითად, ერთ-ერთ მუშას, რომელიც რკინაზე მუშაობდა, ხელთათმანი არ ეკეთა. ზამთარში ასე შეიძლება დამწვრობა მიიღოს“.

თუმცა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის გაცილებით საშიშ პირობებზეა საუბარი „ლიბერალის“ მიერ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაში. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა რეგიონში არსებული შვიდი მაღარო 2017 წლის ზაფხულში შეამოწმა და აღნიშნული რეკომენდაციები კომპანიას უკვე გაუგზავნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ  მაღაროებში დარღვეულია სახანძრო უსაფრთხოება, არსებული ცეცხლმაქრები გადასამუხტია;  საწარმოში არასრულყოფილადაა დანერგილი ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სისტემა;  დასაქმებულების განმარტებით, წყლისა და დღიური საკვების ულუფა არასაკმარისია; ადამიანების გასასვლელები არ არის დადგენილი წესის შესაბამისად მოწყობილი და ა.შ.

თუმცა კონკრეტულად რა გეგმები აქვს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს შრომის პირობების გამოსწორებისა და კოლექტიური ხელშეკრულების შემუშავების შემდეგ, რა წინადადებები ექნება კომპანიას, უცნობია: „აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ. პრობლემები ასე, ციდან, ერთი ხელის მოსმით არ გვარდება. ყველაფერს დრო სჭირდება. უფრო კონკრეტულად ჯერ ვერაფერს გეტყვით“.

პროფკავშირის წარმომადგენელი, თამაზ დოლაბერიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულებს კოლექტიური ხელშეკრულების პირობები არ დააკმაყოფილებთ და არ იქნება საუბარი რეალურ ცვლილებებზე, ჭიათურაში პერმანენტული აქციები დაიწყება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^