Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ გავატაროთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის რეფორმა

09 ოქტომბერი 2013

პროფესორი გრაჰამ თორნიკროფტი ლონდონის “კინგს კოლეჯში” სათემო ფსიქიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. გრაჰამ თორნიკფოტს ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მუშაობის ათწლიანი, სათემო სერვისებში მოღვაწეობის კი 20-წლიანი გამოცდილება აქვს. ის ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში უკვე  30 წელია, მუშაობს. ინგლისში ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს კარგად იცნობს. საქართველოში არსებულ პრობლემებს კი ახლა ეცნობა. ეს საქართველოში მისი მეორე ვიზიტია. 

პროფესორო თორნიკროფტ, რამდენ ხანს გრძელდებოდა ინგლისში ინსტიტუციებიდან სათემო სერვისებზე გადასვლის პროცესი?

მთელი პროცესი დაახლოებით 30 წელს გაგრძელდა, 1954 წელს ყველაზე ბევრი საავადმყოფო  გვქონდა, ნელ-ნელა  შევამცირეთ საწოლების რაოდენობა და მივაღწიეთ გარკვეულ ეკვილიბრიუმს. ეს ნაბიჯები ძალიან არაპოპულარული იყო, განსაკუთრებით ექიმებში.  ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ძირითადი ცვლილებები  არასამთავრობო ორგანიზაციებმა განახორციელეს. სერვისებსაც ისინი ახორციელებდნენ.  ყველა ინიციატივა და ცვლილება სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების თაოსნობით მიმდინარეობდა. მერე და მერე სახელმწიფომ არასამთავროების მიერ შექმნილი სერვისები გადაიბარა.   

საქართველოშიც პროცესები ანალოგიურად ვითარდება. არასამთავრობო ორგანიზაციებს შექმნილი აქვთ სათემო, თანამედროვე ტიპის  სერვისები, რომლებიც  სახელმწიფო სტრუქტურებში გადანერგვას საჭიროებენ.

ძველის გარდაქმნა და უფრო დაბალანსებული სისტემისაკენ სვლა ია-ვარდებით არ არის მოფენილი. ხანდახან  ვაღწევთ პროგრესს, ზოგჯერ არის უკუსვლაც. თუმცა, მაინც  შესაძლებელია გამოვყოთ რამდენიმე ზოგადი ხელშემწყობი ფაქტორი:

პირველი, კონსენსუსი უნდა შედგეს დაინტერესებულ მხარეთა შორის; აუცილებელია სერვისის მომხმარებლებისა და ბენეფიციარების ინტერესის გათვალისწინება, არსებული მტკიცებულებების გამოყენება; ადგილობრივი რესურსების მობილიზება; მნიშვნელოვანია, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემა იყოს ღია და ჩართული იყოს პროცესში. ასევე აუცილებელია სხვა გარე ფაქტორების, როგორიცაა ოჯახის წევრების, თანასწორ-განმანათლებლების, დონორების მობილიზება, თუმცა ამ უკანასკნელებს დიდხანს ვერ დაეყრდნობი, რადგან სისტემა მდგრადი  უნდა გახდეს. 

მეორე გაკვეთილი:

ქვეყანაში უნდა  არსებობდეს   ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია  - ეს არის მაღალი დონის დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, თუკი არსებობს მისი  შესატყვისი სამოქმედო გეგმა, რომელსაც აქვს კანონის ძალა. დოკუმენტი, სადაც ზუსტად არის გაწერილი თუ როგორ დაფინანსდება პროგრამა, რამდენი ადამიანი მიიღებს მასში მონაწილეობას, რამდენი ხალხი გაიწვრთნება, ვინ იქნება პროგრამის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი. მოკლედ, საჭიროა შედგეს პროექტის მართვის დეტალური გეგმა, რომელიც, პირველ ყოვლისა, უნდა განახორციელო და  შემდგომ უზრუნველყო მისი შენარჩუნება.

პროცესის დასაწყებად საჭიროა ქარიზმატული ადამიანების  არსებობა, მაგრამ ასეთი ადამიანები მალე იღლებიან, და ისინი უნდა ჩანაცვლდნენ  უფრო მშვიდი,  მოსაწყენი ადამიანებით, რომლებიც საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და შექმნიან სახელმძღვანელოებს, შეიმუშავებენ  ჩარჩოებს, გაწვრთნიან თანამშრომლებს.

მესამე ფაქტორი:

ქვეყანაში უნდა არსებობდეს მამოძრავებელი ძალა, ნებისმიერ, მაგალითად, ნაციონალურ  დონეზე. უნდა იყოს გუნდი, რომელიც თავდადებით დაიცავს სფეროს ინტერესებს. პროგრესის მისაღწევად, თავდადებული კერკეტი კაკლები ძალიან თანმიმდევრულნი უნდა იყვნენ იმაში, რომ მუდმივად მოსთხოვონ მთავრობას  ცვლილებების განხორციელება. თუ მსგავსი მოთხოვნა არ იქნა, რეფორმაც არ იქნება.  

ამ გუნდის მუშაობისათვის ამოსავალი წერტილი მომხმარებელთა საჭიროებებზე დაფუძნებული სერვისების გახსნა უნდა იყოს. რეფორმის განხორციელების  ძირითადი პრინციპი უნდა იყოს ისეთი სერვისების გახსნა,   რომლებიც ადამიანთა მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ამისათვის  ყველა ეტაპზე უნდა შეეკითხო ამ ადამიანებს, თუ რა პრობლემებს აწყდებიან ისინი. პრობლემები შეიძლება სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ხასიათის იყოს, მაგალითად, სოციალური დახმარება, ან სტიგმატიზაცია. ამ პრობლემების გათვალისწინებით უნდა მოხდეს ახალი სერვისების შექმნა. დაგეგმვის პროცესში  პაციენტები უნდა დააყენო ცენტრში და მათ ემსახურო. თუ არ იქნება ასეთი თავდადებული ლიდერობა, რეფორმა ვერ განხორციელდება.

რა მიგაჩნიათ საქართველოს ფსიქიკური სფეროს პირველი რიგის პრობლემად?

ამჟამად საქართველოში იწყებენ სტრატეგიისა და ნაციონალური გეგმის შემუშავებას. ეს ორი რამ ურთიერთგადაჯაჭვულია. თუ არ იარსებებს  სამოქმედო გეგმა,  სტრატეგია ვერ განხორციელდება. თუ მთავრობის მხრიდან არ მოხდა სამოქმედო გეგმის შემუშავება, ის ხალხი, ვინც სტრატეგიაზე მუშაობს, იმედს დაკარგავს. ჩათვლიან, რომ სტრატეგიაზე სამუშაოდ გამოყოფილი დრო ფუჭად დაკარგეს და მათი ძალისხმევა უაზრო იყო. 

ბევრ ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული რესურსები ძალიან მცირეა.  ამიტომ ძალთა გაერთიანება, ერთად ყოფნა, კოოპერაცია ძალიან მნიშვნელოვანია. დაყოფა, სეპარაცია, შეჯიბრებითობა ამ პროცესს დააზარალებს. მთავრობა ბოროტად გამოიყენებს  აზრთა სხვადასხვაობას და იმოქმედებს “დაყავი და იბატონეს” პრინციპით.  თუ არ მიიღწევა მართლაც სრული მთლიანობა, მიზანი ვერ განხორციელდება. საერთო აზრზე შეჯერება მტკივნეული და რთული პროცესია. უნდა შემუშავდეს გარკვეული დისციპლინა, რაც ზოგიერთის მხრიდან კომპრომისს მოითხოვს. საბოლოოდ, ადამიანები ერთმანეთს უნდა შეეწყონ, გამოცადონ ერთმანეთი და ნდობაზე დაფუძნებული ერთობა შექმნან. ამ კოალიციიდან მცირე ჯგუფი უნდა გამოიყოს, რომელიც შეთანხმებულ პოზიციას, საერთო ხედვას მთავრობამდე მიიტანს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პოზიციაში ისმოდეს ბენეფიციარების, მომხმარებლების ხმა, მათი ისტორიები. ამ “ერთი ხმის” არსებობის შემთხვევაში მთავრობას გაუჭირდება ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმა.

 10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. როგორი  ხვდება მას საქართველო და რა უნდა მოიმოქმედონ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს გულშემატკივრებმა?

საქართველოში პროფესიული ორგანიზაციები ძალისხმევას არ იშურებენ, მაგრამ  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ “ფსიქიკური ჯანმრთელობის ატლასის” 2011 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე მოსახლეობის მხოლოდ  10% იღებს გარკვეულ სერვისებს. პროფესიულმა საზოგადოებამ უნდა დასვას კითხვა, რატომ ხდება ეს?  შესაძლებელია, რომ ისევ ასე გაგრძელდეს? როგორ უნდა შევძლოთ, რომ ბევრად მეტ ადამიანს მოვემსახუროთ. სერვისების მიღმა დარჩენილ 90% რა ეშველება?  რამდენად მძიმეა მათი მდგომარეობა? დეპრესიისა და  ქრონიკული დაავადებების გამო რა მოსდის მათ შემოსავლებს, ფინანსებს, რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკაზე?  ამ ხალხს მდგომარეობის შეფასება, მკურნალობა სჭირდება. უნდა მოხდეს  გზების მოძიება. იქნებ ამ სიცარიელის ამოვსება ადგილობრივი რესურსებით შესაძლებელია? იქნებ დონორების დახმარებაა საჭირო, იქნებ პრობლემების გადაჭრის რაიმე  უნიკალური ქართული გზა არსებობს?  მე ზუსტად ვერ ვიტყვი, ეს ფორმები თავად ქართულმა საზოგადოებამ უნდა მოძებნოს.  

მთავარი კითხვაა, რამდენად კმაყოფილები ვართ იმ შემთხვევაში, თუ ხალხს საჭირო დახმარებას ვერ ვუწევთ. თუ პასუხი უარყოფითია და ჩვენ არ ვართ კმაყოფილები, მაშინ უნდა დავსახოთ გზები, რათა ახალი სერვისები რაც შეიძლება სწრაფად შევქმნათ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^