Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ძეგველი ტოჩინოშინის ისტორიული ქართული Yūshō

30 იანვარი 2018

საქართველოს, ძველი დედაქალაქის მცხეთისა და განსაკუთრებით, სოფელ ძეგვის შესახებ, უკვე სუმოს ნებისმიერმა მოყვარულმა იცის. ასეთი კი ამომავალი მზის ქვეყნის 127 მილიონიანი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობაა. სუმო იაპონიაში საკულტო სპორტის ეროვნული სახეობაა, ბევრს მიაჩნია, რომ ის უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სპორტი.

სწორედ ძეგვიდან არის იაპონიის იმპერატორის თასის ახალი მფლობელი 30 წლის ლევან გორგაძე, საბრძოლო თიკუნით - ტოჩინოშინი, რომელმაც სამი დღის წინ, პროფესიული სუმოს, 2018 წლის პირველ სუპერტურნირზე, სუპერსენსაცია მოახდინა და ჰაცუ ბაშო მოიგო. იმპერატორის თასის გარდა, გორგაძეს ასევე გადაეცა იაპონიის პრემიერის თასი, ხოლო გამორჩეული და ტექნიკური შესრულებისთვის Shukun-sho-სა და Gino-sho-ს პრესტიჟული ჯილდოებიც დაიმსახურა.

ტოკიოს კოკუგიკანის არენაზე, ქართველმა 15 ორთაბრძოლიდან 14-ში იმარჯვა, თან ეს გააკეთა რიგითი მებრძოლის (დასავლეთის მე-3 მაეგაშირას) რანგში, რაც 21-ე საუკუნეში მესამედ მოხდა. სუმოს მრავალსაუკონოვანი ისტორიის მანძილზე, ტოჩინოშინი მხოლოდ მესამე ევროპელია, რომელსაც იმპერატორის თასის აწევის პატივი ხვდა წილად. ლევან გორგაძე ამბობს, რომ თავი სიზმარში ჰგონია:

„ამ დრომდე არ მჯერა ჩემპიონობას რომ მივაღწიე. ეს საოცარი გრძნობაა. ბაშოს მოგების შემდეგ, იაპონიაში არაჩვეულებრივი ატმოსფეროა, ყველა გახარებულია, ვინც მიცნობს, ვინც არ მიცნობს, ყველა მილოცავს. აქ ვინც საქართველოს არ იცნობდა, წარმოდგენა არ ჰქონდა სად არის ჩვენი ქვეყანა, ყველამ გაიცნო. ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო დღეა.“

სუმოს სამყაროში მოხვედრამდე ძეგველმა ბიჭმა ბედი ჯერ ძიუდოში, შემდეგ კი სამბოში სცადა. 15 წლის ასაკში ძიუდოში ევროპის იუნიორთა ოლიმპიურ ფესტივალზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, 16 წლისამ კი სამბოში ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე იმარჯვა.

2004 წლიდან ლევანი უკვე სამოყვარულო სუმოშია და ერთი წლის შემდეგ ტოკიოში, იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე პრიზიორი ხდება. ამის შემდეგ ნიჰონის უნივერსიტეტის სუმოს კლუბმა გორგაძე სტაჟირებაზე მიიწვია.

2006 წლის მარტიდან კი ნიჭიერი ცისფერთვალება ქართველისთვის ტოკიოში, კასუგანოს პროფესიულ კლუბის კარი გაიღო, "ოთახის" (ჰეიას), რომლის ისტორიაც მე-18 საუკუნიდან იღებს სათავეს.

ტოჩინოშინმა უმძიმესი და ურთულესი გზა სუმოს ყველაზე დაბალი ლიგიდან - ძენოკუტიდან (მეექვსე ლიგა) მაკუუჩიმდე (ელიტარულ ლიგამდე) 2 წელიწადში გაიარა. პირველი დიდი წარმატება, ელიტარულ მებრძოლებს შორის, 2009 წელს, ფუკუოკას სუპერტურნირზე მოვიდა, სადაც 12 ბრძოლა მოიგო.

2010 წელს, ტოჩიმ კომუსუბის რანგსაც მიაღწია, თუმცა 2013-ში, ნაგოიას ბაშოზე უმძიმესი ტრავმა მიიღო (ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა), რის გამოც ზედიზედ სამი ბაშოს გამოტოვება მოუხდა, პროფესიონალის (სეკიტორის) სტატუსი დაკარგა და მესამე (მაკუშიტას) ლიგაში აღმოჩნდა.

„ორი ოპერაცია დამჭირდა, ტრამვებით დატანჯულმა გადავწყვიტე რომ სუმოდან სამუდამოდ წავსულიყავი“ - იხსენებს იმ მძიმე პერიოდს ლევანი, მაგრამ კასუგანის კლუბის უმკაცრესი პრეზიდენტის (ოიოკატას) ტოჩინოვაკას დაჟინებული თხოვნით ქართველი სუმოში დარჩა. „მან მითხრა რომ ჩემში დიდი მომავალს ხედავს და კარიერის პიკი ჯერ კიდევ წინ მაქვს“.

ტოჩინოშინი 2014 წელსვე მაკუუჩიში ტრიუმფით დაბრუნდა, 2016 წელს სეკივაკეს (მცირე ჩემპიონის) რანგამდე მიაღწია, 2018-ში კი სუმოს სამყაროში უზარმაზარი სენსაციის - ქართული Yūshō !-ს (ჩემპიონის ტიტული) ავტორი გახდა.

ლევანის მშობლები, ძმა, მეუღლე და სამი თვის ქალიშვილი ანასტასია, რომელიც საქართველოში დაიბადა და მამიკოს ჯერ არც უნახავს, ტოჩინოშინის გამარჯვებას ძეგვიდან ადევნებდნენ თვალს. მეუღლე ნინო როსტიაშვილმა ტოჩინოშინს ყველა სუმოისტისთვის სანუკვარი ოცნების ახდენა უსურვა:

„ეს უდიდესი ბედნიერებაა ჩვენი ოჯახისთვის, ნამდვილად ველოდი ამ დიდ წარმატებას, ლევანი ძალიან ღირსეული სპორტსმენია, ყოველთვის მჯეროდა მისი შესაძლებლობების და რა თქმა უნდა, სუმოში უმაღლეს წოდებას - იოკოძუნობას ვუსურვებ“.

დიდი ჩემპიონის - იოკოძუნას ტიტულამდე, რომელსაც უცხოელებიდან მხოლოდ ამერიკელები და მონღოლები ფლობენ, ურთულესი გზაა გასასვლელი. ტოჩინოშინმა მანამდე, ჯერ ოძეკის (ჩემპიონი) ტიტულის მოპოვება უნდა შეძლოს. ამ დიდი მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია, ქართველმა გოლიათმა ჰაცუ ბაშოზე ნაჩვენები დიდი შედეგი, მომდევნი ბაშოებზეც გაიმეოროს. შემდეგი - ჰარუ ბაშო მარტში, ოსაკაში აიღებს სტარტს.

ეს ურთულესი ამოცანაა იმიტომაც, რომ დიდი ალბათობით, ოსაკაშიც და მომდევნო ბაშოებზეც, სამივე იოკოძუნა უკვე მწყობრში იქნება. ჰაცუ ბაშოზე, სადაც სუმოს ისტორიის ახალი ფურცელი დაიწერა, დიდი ჩემპიონებიდან ტოჩინოშინი მხოლოდ მონღოლ იოკოძუნა კაკურიოს შეხვდა და ის ერთადერთი მარცხი სწორედ მასთან იწვნია. დანარჩენი დიდი ჩემპიონები - მონღოლი ჰაკუჰო და იაპონელი კისენოსატო კი ტურნირს ტრავმების გამო ადრეულ ეტაპზევე გამოეთიშნენ.

იაპონური ჭიდაობის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტოკიოს სუპერტურნირზე ნაჩვენები ბრძოლის დონიდან და ტექნიკიდან გამომდინარე, ქართველ ტოჩინოშინს მომავალ სუპერტურნირებზეც, კიდევ არაერთი სიურპრიზის შემოვათაზება შეუძლია.

ტოჩინოშინის პრიზები

2018 წლის პირველი ბაშოს მოგებისთვის ტოჩინოშინმა იაპონიის სუმოს ასოციაციიდან ფულადი პრიზის სახით - 10 მილიონი იაპონური იენი (226 000 ლარი), ხოლო სპონსორებისგან 4,7 მილიონი იენი (106 000 ლარი) მიიღო. ბაშოს გამარჯვებულს ასევე გადაეცემა ახალი ავტომობილი, ერთი წლის სამყოფი ბენზინის ტალონით და ახალი საათი.

სპონსორებისგან ლევან გორგაძე ასევე მიიღებს ერთი წლის სამყოფ საკეს, ლუდს, კოკა კოლას და ბრინჯს. ერთ ტონა ბოსტნეულს, ხილს, სოკოს და ჩირს. ერთ სატვირთო მანქანა რძის პროდუქტებსა და ძროხის ხორცს. საჩუქრების საერთო ღირებულება 30 მილიონ იენს (680 ათასს ლარს) აღწევს.

რა არის სუმო?

სუმო სიტყვასიტვით, „ურთიერთცემას ნიშნავს“ და იაპონური ჭიდაობის ეროვნული სახეობაა. პირველი წერილობითი ცნობები ამ ორთაბრძოლის შესახებ ძველიაპონურ ლიტერატურის უდიდეს ძეგლში - კოჯიკში გვხდება, რომელიც 712 წლით თარიღდება. იქ მოყვანილი ლეგენდის მიხედვით, სუმო ამომავალი მზის ქვეყანაში 2500 წლის წინ ჩაისახა. სუმოს წესები ჰეიანის პერიოდში (794 - 1185) ჩამოყალიბდა, ოფიციალურ სპორტის სახეობად კი ადრეული ედოს პერიოდში (1600-1868) აღიარეს.

შეჯიბრის მიზანია მებრძოლმა მეტოქე დოჰიოდან გადააგდოს ან მიწაზე დაანარცხოს. დოჰიო ქვიშამოყრილი 4,55 მეტრი დიამეტრის თიხნარის რკალია, რომელიც ბრინჯის ღეროებისგან არის შეკრული.

პროფესიულ სუმოში სულ 6 ლიგაა, ელიტარულ მაკუუჩიში 42 სუმოისტი ირიცხება, ისინი თავიანთ კლუბებს/ ჰეიებს წარმოადგენენ, სადაც უმკაცრესი იერარქიული წესებით ცხოვრობენ.

წელიწადში ექვსი 15 დღიანი სუპერტურნირი, ანუ ბაშო იმართება, სამი ტოკიოში, სამიც - ოსაკაში, ნაგოიასა და ფუკუოკაში. შედეგებისა და რანგირების მიხედვით, ყოველი ბაშის წინ დგება და ქვეყნდება რეიტინგი - ბანძუკე. ელიტარული მაკუუჩის რანგირებებია - მაეგაშირა, კომუსუბი, სეკივაკე, ოძეკი და იოკოძუნა.

იოკოძუნა სუმოს ღმერთია, მას ტიტულს არ ართმევენ, ანუ შეუძლებელია მისი წოდებაში დაქვეითება, თუ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს იოკოძუნა სუმოისტის კარიერას ემშვიდობება.

პირველ იოკოძუნად მე-17 საუკუნეში მცხოვრები, ლეგედარული მებრძოლი აკაში შიგანოშუკე მიიჩნევა. დღემდე დიდი ჩემპიონის ტიტული 72 მებრძოლს ერგო, აქედან მხოლოდ ექვსია უცხოელი (ორი ამერიკელი და ოთხი მონღოლი), სამი მათგანი ამ დრომდე ასპარეზობს.

საქართველოდან და საერთოდ ევროპიდან პირველი სეკიტორი პროფესიულ სუმოში სოხუმელი ლევან ცაგურია იყო, რომელიც კოკაის თიკუნით, 2001-2012 წლებში ასპარეზობდა და კომუსუბის რანგს მიაღწია. ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) მეორე ქართველი სეკიტორია, ხოლო თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) მესამე. იგი ამჯერად, რანგით მეორე - ჯურიოს ლიგაში გამოდის.

ავტორი: ზაზა წულაძე

მასალა მომზადებულია ამერიკის ხმის მიერ 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^