რამდენიმე დღის წინ ჩემს მეგობარს სცემეს. მიზეზი მისი გენდერული იდენტობაა. ეს არც პირველი შემთხვევაა და სამწუხაროდ, არც ბოლო იქნება. არაერთი ტრანსგენდერი ქალი გამხდარა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. ყოველი დღე, როდესაც ჩვენ გავდივართ საკუთარი სახლებიდან, სიცოცხლისთვის ბრძოლაა, გადარჩენისთვის ბრძოლა. გარდა სასტიკი ფიზიკური ძალადობისა, მირანდას ამბავში ის ფაქტიც მნიშვნელოვანია, რომ ამბის შემსწრე ადამიანთა დიდი ნაწილი მას არ დაეხმარა, მინიმუმიც კი არ გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო და ევალებოდა - პატრულშიც კი არ დარეკა არავინ. რთულია, როცა იაზრებ, რომ ამ სისასტიკეში გიწევს ცხოვრება, სადაც განსხვავებულობის გამო შეუძლიათ მოსაკლავად გაგიმეტონ ან თვალი დახუჭონ, როდესაც სხვა გკლავს.
არადა, ჩვენ ვცდილობთ გვერდით დავუდგეთ სხვა ჩაგრულ ჯგუფებს. გამოვდივართ ქალთა უფლებების დასაცავად, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ და სასტიკ ნარკოპოლიტიკასაც ვაპროტესტებთ, იმას კი ჯერ ვერ მივაღწიეთ, სხვა ჩაგრულმა ჯგუფებმა გამოგვიცხადონ სოლიდარობა.
ახლაც აქა-იქ რამდენიმე აქტივისტი აღაშფოთა ამ ამბავმა, სხვები საკითხზე საუბარს გაურბიან. ვიცი, ტრანსგენდერი ადამიანისთვის სოლიდარობის გამოცხადებით ვერც ხალხის სიყვარულს მოიპოვებ და ვერც პოზიტიურად წარმოაჩენ შენს თავს მაგრამ, რას ვუშვებით მორალს, რომელიც (წესით) გკარნახობს, რომ ყველა ადამიანი უნდა დავიცვათ, ვისაც ჩაგრავენ? თუმცა, ძალით სოლიდარობას ვერავის გამოაცხადებინებ. ადამიანები ან მხარს გიჭერენ, ან არა. ამ ბრძოლაში „შუაშისტი“ ყველაზე ცუდი ტიპია. ეს ნაწილობრივი სოლიდარობა უფრო დამამცირებელია, ვიდრე შენს წინააღმდეგ დგომა. როცა პირად საუბრებში გეუბნებიან, რომ შენთან დგანან, გგულშემატკივრობენ, ამ დროს კი ერთ ხმამაღალ სიტყვას ვერ დააცდენინებ შენს დასაცავად. ჩემო „შუაშისტო“ „მეგობრებო“ დროა გამოხვიდეთ სახლებიდან, გამოსცდეთ თქვენი კარის ზღურბლს და ერთად ვანახოთ ყველას, რომ ამხელა ჰომოფობიის წინააღმდეგ მხოლოდ რამდენიმე აქტივისტი არ ვიბრძვით, რომ ბევრად მეტნი ვართ და ერთად დიდი ძალა ვართ. ასეთ დროს დუმილი ჰომოფობიის მხარეს დგომას უდრის. სწორედ თქვენი დუმილი კვებავს ამ საშინელ ზიზღს და აგრესიას.
როგორც დასაწყისში ვთქვი, მირანდას ამბავი არ არის პირველი, თუმცა, პირველია, რომელსაც მსგავსი მასშტაბის გამოხმაურება მოჰყვა. მე, როგორც ერთი რიგითი აქტივისტი, მარია კასენკო, შსს-სგან მოვითხოვ დროულ და ეფექტურ გამოძიებას. ეს არ არის მხოლოდ მირანდას საქმე. ამ საქმეს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს მთელი თემისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრებას ვაპირებთ და გვინდა კანონი მართლაც უზენაესი იყოს.