9 ოქტომბერს აზერბაიჯანში ქვეყნის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს ილჰამ ალიევი, რომელმაც ხმათა 85% დააგროვა. მისი მთავარი მოწინააღმდეგე ჯამილ ჰასანლი იყო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, მას ხმა ამომრჩევლის 6%-მა მისცა. სწორედ ეს ციფრებია ასახული აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის შედეგებში.
იმ ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომელთაც აზერბაიჯანში ეგზიტპოლები ჩაატარეს, უშუალოდ არჩევნების დამთავრებისთანავე ერთხმად აღიარეს, რომ ილჰამ ალიევმა ხმათა 85-87% მიიღო. უნდა აღნიშნოს, რომ გადანაწილებულ ხმათა პროცენტული წილები თითქმის მსგავსი იყო ყველა ამ ეგზიტპოლის მიხედვით. ჯერ ოფიციალური მონაცემები არ იყო გამოცხადებული, რომ მოქალაქეების დიდი ჯგუფი ახალი აზერბაიჯანის პარტიის ოფისის წინ უკვე გამარჯვებას ზეიმობდა - ამ ზეიმს მმართველი პარტიის წარმომადგენლები და პრეზიდენტ ალიევის მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილი ის პირები ესწრებოდნენ - არჩევნებისავე დღის ბოლოს კი ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოქალაქეთა უმრავლესობას საკუთარი კაბინეტიდან პრეზიდენტად არჩევისათვის მადლობა გადაუხადა.
ოპოზიციამ არჩევნების შედეგების მიმართ უნდობლობა გამოაცხადა. მისი განცხადებით, არჩევნები მნიშვნელოვანი გაყალბებებით ჩატარდა და ეს ბაქოში თუ რეგიონში გადაღებული ვიდეომასალის დათვალიერებისას - ეს ვიდეოები ახლა ინტერნეტსვრცეში მუდმივად ტრიალებს - ჩანს, რომ ეს ასე იყო. გამოყენებულ იქნა ,,კარუსელის“ ტრადიციული მეთოდი, ბევრ საარჩევნო უბანში ბიულეტენებით წინასწარ გავსებული ყუთები მიიტანეს. მეტიც, ოპოზიციური ძალების წარმომადგენელ ზოგ დამკვირვებელს საარჩევნო უბანში მოხვედრის საშუალება არ მიეცა, ოპოზიცია აცხადებს, რომ მათზე ზეწოლასაც კი ახდენდნენ. ზოგ საარჩევნო უბანზე კაბინაში ხნის მისაცემად ერთდროულად 3-4 პირი შედიოდა.
რასაკვირველია, მთავარი პრეტენზია ამ არჩევნების მიმართ ისაა, რომ ილჰამ ალიევმა საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ მიიღო მონაწილეობა - წინა კონსტიტუციის თანახმად, მან ორჯერ, 2003 და 2008 წელს იყარა კენჭი და ორჯერ იქნა არჩეული. 2009 წელს აზერბაიჯანის კონსტიტუციაში გარკვეული დანართები და შესწორებები იქნა შეტანილი, რომელთა მიღება სათანადო რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ გადაწყდა. ერთ-ერთი ასეთი შესწორების შედეგად შესაძლებელი გახდა, ერთმა პიროვნებამ სიცოცხლის ბოლომდე დაჰყოს პრეზიდენტის თანამდებობაზე. ამის მიუხედავად, რამდენიმე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტი ახლა აცხადებს, რომ ალიევს ახალი შესწორების მიხედვით პრეზიდენტად არჩევის საშუალება არ მისცემია, რადგან მისი წინა არჩევის დროს სხვა კონსტიტუცია იყოს ძალაში, ის, რომ მან პრეზიდენტობის ფიცი სხვა, ძველ კონსტიტუციაზე დადო, ამიტომ 2009 წელს მიღებული შესწორების წყალობით პრეზიდენტობის უფლება არ მისცემია.
და მაინც, ალიევმა ამ წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. ქვეყნის ოპოზიციურმა პარტიებმა ეროვნული საბჭო შექმნეს, რომელშიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ რეჟიმის მოწინააღმდეგე თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა, მათ შორის, „მუსავატი“ და „სახალხო ფრონტი“ გაერთიანდა, შემდეგ კი, ხანგრძლივი მწვავე დისკუსიების შემდეგ, ერთიანი კანდიდატი წამოაყენა - ჯამილ ჰასანლი, მეცნიერი, ისტორიკოსი, პარლამენტის წევრი 2000-2010 წლების შუალედში.
არჩევნებში პრეზიდენტობის 10 კანდიდატი მონაწილეობდა, მაგრამ მთავარი კონკურენტები ილჰამ ალიევი და ჯამილ ჰასანლი იყვნენ. 10-დან 7 კანდიდატი მხარს მმართველ პარტიას უჭერდა. შესაბამისად, სამთავრობო პოლიტიკის კრიტიკისა და საკუთარი პლატფორმის წარდგინების სანაცვლოდ, ყველა მათგანი ოპოზიციის კანდიდატის მიმართ იჩენდა აგრესიას. ალიევი სახელმწიფო არხზე დაგეგმილ კანდიდატთა დებატებზე არც კი მივიდა, თავის სანაცვლოდ მის მიერ უფლებამოსილი პირები გაგზავნა. სწორედ ასევე არ მიუღიათ მონაწილეობა მას 2008 წლის არჩევნებში.
დებატებში მონაწილეობა არ ისურვა, თუმცა, სატელევიზიო გამოსვლები ალიევს მეტისმეტად ხშირად ჰქონდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო კამპანიის პერიოდში საკუთარი პროგრამის წარმოსაჩენად ყველა კანდიდატს თანაბარი დრო ეძლევა. ილჰამ ალიევს სხვა კანდიდატებზე გაცილებით მეტი საეთერო დრო მიეცა. ყოველდღიურად, რადიოთი, სახელმწიფო ტელეარხისა თუ საკაბელო არხების მეშვეობით, მას თითოეული კანდიდატისთვის გამოყოფილ 6 წუთზე გაცილებით მეტი დრო ეთმობოდა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ადგილობრივი არხები წინასაარჩევნოდ გამუდმებით უჩვენებდნენ მისი მამის, ქვეყნის წინა პრეზიდენტის, ჰაიდარ ალიევის კადრებს. ახალი აღარაფერია იმაში, რომ მას თანამედროვე აზერბაიჯანის მამამთავრად იხსენიებენ. არჩევნების წინ გამორჩევით ესმებოდა ხაზი ჰაიდარ ალიევის განსაკუთრებულ დამსახურებებს ქვეყნის წინაშე. წინა პრეზიდენტი სწორედ ილჰამ ალიევის გაპრეზიდენტების წელს, 2003-ში გარდაიცვალა. შესაბამისად, პრეზიდენტობის კანდიდატს მისი მამის ,,საქმის ღირსეულ გამგრძელებლად’’ მოიხსენიებდნენ.
საარჩევნო პროცესი სიტყვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების უხეში შეზღუდვებით მიმდინარეობდა. ეს კიდევ ერთი ხერხი იყო, რომლის გამოყენებითაც ალიევმა თანაბარი შესაძლებლობების კანდიდატთაგან ყველაზე მეტი უპირატესობა მიიღო.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახურმა აზერბაიჯანში ჩატარებული არჩევნები დაგმო და მისი შედეგები ეჭვქვეშ დააყენა. ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ არჩევნებიდან ერთი კვირის თავზე განმარტება გაავრცელა. ეს დამკვირვებლები აცხადებენ, რომ მათ 37 უბანზე საარჩევნო ყუთების ყალბი ბიულეტენებით ავსების აშკარა ფაქტები დააფიქსირეს, ხოლო საარჩევნო უბანთა უპრეცედენტო, 58% -ში ყველა შესაძლო ხასიათის დარღვევა გამოავლინეს. მათი დასკვნების საფუძველზე გადაწყდა, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფომ ეუთოს წინაშე საკუთარი ვალდებულება არ შეასრულა.
პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ თავმჯდომარემ, ალი აჰმადოვმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახურის რეაქციას ნაადრევი და მიკერძოებული უწოდა და ,,აზერბაიჯანის მოსახლეობის ნების უპატივცემულობაში“ დაადანაშაულა. ,,ჩემთვის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული ეს წინასწარი ანგარიში არაობიექტური და უსამართლოა.“
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებენ, რომ აზერბაიჯანში ჩატარებული არჩევნების შეფასებისას ხსენებულ ანგარიშსაც ეყრდნობოდნენ.
ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებმა ამ არჩვენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. მათ განაცხადეს, რომ ილჰამ ალიევი თავისუფალი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის მეშვეობით, ხმათა გამოკვეთილი უმრავლესობით მოვიდა ქვეყნის სათავეში.
სტატია მომზადებულია ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, "ლიბერალისა“ და ხსენებული ფონდის ერთობლივი პროექტის, "სამხრეთ კავკასიის ხმების“ ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, მასში გამოყენებული ტერმინოლოგია, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს ჟურნალის რედაქციისა და ბიოლის ფონდის პოზიციას.