Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კიბოს ახალმა ვაქცინამ თაგვებში სიმსივნე მთლიანად გააქრო

05 თებერვალი 2018

ჟურნალ Science Translational Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საინექციო ვაქცინამ, რომელიც მეცნიერებმა თაგვებს სიმსივნეებში შეუყვანეს, ცხოველებში დაავადების ყველა ნიშანწყალი გააქრო.

სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა განავითარეს მკურნალობის შესაძლო მეთოდი, რომელიც გულისხმობს სხეულის იმუნური სისტემის სტიმულირებას ორი აგენტის მეშვეობით.

„როდესაც ჩვენ ვიყენებთ ამ ორ აგენტს, სიმსივნეები მთელი სხეულიდან ქრება. ეს მიდგომა გვერდს უვლის სიმსივნის სპეციფიკური იმუნური „სამიზნეების“  საჭიროებას და არ მოითხოვს მთელი იმუნური სისტემის ჩართვას,“ - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, ონკოლოგი რონალდ ლევი.

კიბოს იმუნოთერაპია რთული საქმეა. ორგანიზმი წარმოქმნის კიბოს უჯრედებს, იმუნური სისტემა კი მათ ისე ვერ აღიქვამს საფრთხედ, როგორც, ვთქვათ, აღიქვამს ვირუსებს. შესაბამისად, კიბოს იმუნოთერაპია გულისხმობს იმუნური სისტემისთვის იმის სწავლებას, თუ როგორ ამოიცნოს  და ებრძოლოს კიბოს უჯრედებს.

მკურნალობის ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ იგი გულისხმობს პაციენტის ორგანიზმიდან იმუნური უჯრედების მოშორებას, მათ გენურ ინჟინერიას და კვლავ ორგანიზმში დაბრუნებას. ეს პროცესი ერთდროულად ძვირი და შრომატევადია, სტენფორდის ვაქცინა კი შესაძლოა უფრო იაფი და მარტივი იყოს.

აქამდე ცნობილი ვაქცინებისგან განსხვავებით, რომლებიც  ორგანიზმში ინფიცირებამდე, პროფილაქტიკურად შეჰყავთ, ეს  ვაქცინა უკვე დაავადებულ თაგვებს შეუყვანეს.

„ჩვენი მიდგომა გულისხმობს ორი აგენტის ძალიან მცირე რაოდენობით  და ერთჯერადად შეყვანას უშუალოდ სიმსივნის შიგნით იმუნური უჯრედების სტიმულაციისთვის. თაგვებში ამან მოგვცა საოცარი შედეგები მთელი ორგანიზმის მასშტაბით,“ - ამბობს ლევი.

ეს ვაქცინა იმუნური სისტემის ერთ უცნაურობას იყენებს. სიმსივნის ზრდასთან ერთად, იმუნური სისტემის უჯრედები, მათ შორის  T ლიმფოციტები - სისხლის ერთ-ერთი უჯრედი, რომელიც უჯრედული იმუნიტეტის მუშაობაში მთავარ როლს თამაშობს -  ამოიცნობენ კიბოს უჯრედების პათოლოგიურ ცილებს და ებრძვიან მათ.  მაგრამ ზრდასთან ერთად სიმსივნეები T უჯრედების დათრგუნვას ახერხებენ. ახალი ვაქცინა სწორედ ამ T უჯრედების ხელახლა გააქტიურების გზით მუშაობს.

ვაქცინა მოიცავს ორ ძირითად ნაწილს. ერთია დნმ-ის მცირე ნაწყვეტი, რომელსაც CpG ოლიგონუკლეოტიდს ეძახიან. იგი ახლოს მყოფ იმუნურ უჯრედებთან ერთად T უჯრედების  გამააქტივებელი რეცეპტორების ექსპრესიას აძლიერებს. ამ რეცეპტორებს OX40-ს ეძახიან და „სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის“ რეცეპტორების სუპეროჯახში შედის.

მეორე აგენტი  კი ანტისხეულია, რომელიც უმაგრდება OX40-ს  და ააქტიურებს T ლიმფოციტებს, რომ ებრძოლონ კიბოს უჯრედებს.

ორივე აგენტი მიკროგრამებით შეჰყავთ სიმსივნეში, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ სიმსივნის შიგნით მყოფ იმუნურ უჯრედებზე იმოქმედებენ, რომლებსაც უკვე ამოცნობილი ჰყავთ სიმსივნური უჯრედი , როგორც საფრთხე.  ამის შემდეგ უჯრედების ნაწილი ტოვებს სიმსივნეს და ორგანიზმში არსებული სხვა სიმსივნეების გასანადგურებლად მიემართება.

ამ მეთოდმა კარგად იმუშავა ლაბორატორიულ თაგვებზე, რომლებსაც სხეულის ორ ნაწილში ლიმფომა გადაუნერგეს. ერთი სიმსივნის მკურნალობამ  ორივე მათგანის უკუგანვითარება გამოიწვია.  90 ლიმფომიანი თაგვიდან 87 სრულიად განიკურნა, დანარჩენ სამს ლიმფომა ხელახლა განუვითარდა, თუმცა მეორე მკურნალობის შემდეგ ისინიც მალევე განიკურნენ. მკვლევრებმა მსგავსი შედეგები აჩვენეს მკერდის, სწორი ნაწლავის კიბოს და მელანომის შემთხვევაშიც.

ამავე დროს პირველი სიმსივნის მკურნალობამ ხშირ შემთხვევაში სიმსივნის ხელახლა განვითარებას შეუშალა ხელი და ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზარდა. გუნდმა მკურნალობა ასევე გამოსცადა ლიმფომისა და სწორი ნაწლავის კიბოს მქონე თაგვებზე, ისე, რომ ორივე აგენტი მხოლოდ ლიმფომაში შეიყვანეს.  ლიმფომა განადგურდა, მაგრამ სწორი ნაწლავის კიბო არა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სიმსივნეში მყოფი T უჯრედები სპეციფიკურია ერთი ტიპის კიბოსთვის. ასე რომ, მკურნალობის ამ მეთოდსაც აქვს თავისი შეზღუდვები. გარდა ამისა, ჯერ კიდევ შესამოწმებელია მისი ეფექტიანობა ადამიანებზე. ამას სულ მალე გვიჩვენებს კლინიკური კვლევა, რომელიც ლიმფომის მქონე 15 პაციენტზე ჩატარდება.

მომზადებულია med.stenford.edu-ს და sciencealert.com-ის მიხედვით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^