Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსეთში არჩევნები ყველასთვის არ არის

24 ოქტომბერი 2013

ჩრდილოეთ ოსეთი ჩრდილო კავკასიის მესამე ისეთი რეგიონია, რომელმაც რესპუბლიკის მეთაურის თავად არჩევაზე უარი თქვა და ეს არჩევანი რუსეთის ფედერაციის მეთაურს მიანდო.

3 ოქტომბერს ჩრდილოეთ ოსეთის საპარლამენტო საბჭომ ხმათა უმრავლესობით  დაუჭირა მხარი იმ ნორმების შეცვლას, რომელთა მიხედვითაც რესპუბლიკა მეთაურს ირჩევს. დეპუტატების წინადადებით, საყოველთაო არჩევნები ჩრდილოეთ ოსეთში სხვა  - რუსეთის პრეზიდენტის მიერ დანიშვნის პროცედურით შეიცვლება. ამგვარად, ჩრდილოეთ ოსეთი ჩრდილო კავკასიის მესამე ისეთი რეგიონი გახდება, რომელმაც რესპუბლიკის მეთაურის თავად არჩევაზე უარი თქვა და ეს არჩევანი რუსეთის ფედერაციის მეთაურს მიანდო. სექტემბერში ინგუშეთის და დაღესტნის მოქმედი მეთაურები დაინიშნენ ხელახლა  საკუთარ თანამდებობებზე, იმის მიუხედავად, რომ იუნუსბეკ ევკუროვს ინგუშეთში და რამაზან აბდულატიპოვს - დაღესტანში სერიოზული ოპოზიცია ჰყავდათ, როგორც საზოგადოებაში, ისე ადგილობრივ ელიტებში.

რუსეთის ფედერაციაში ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებსა და რუსულ რეგიონებს შორის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სხვაობა გაჩნდა. უნდა ითქვას, რომ 2012 წელს, პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის გადაწყვეტილებით, რუსეთში რეგიონების მეთაურების საყოველთაო არჩევნებში არჩევის  წესი აღდგა. თუმცა, წელიწადიც არ იყო გასული, რომ ვლადიმირ პუტინმა რეგიონებს პირდაპირ არჩვენებზე უარის თქმის ,,უფლება მისცა“. დღევანდლამდე ამ ,,უფლებით’’ მხოლოდ  ინგუშეთი და დაღესტანი ,,სარგებლობდნენ“. ჩრდილოეთ ოსეთი შეიძლება მალე რუსეთის კიდევ ერთ არასანდო  რეგიონად იქცეს. ირონია იმაში მდგომარეობს, რომ ჩრდილოეთ ოსეთში ყოველთვის უყვარდათ რუსეთთან განსაკუთრებულ ურთიერთობაზე ხაზის გასმა. ახლა კი პრაქტიკულად ისე გამოდის, რომ მასსა და არასაიმედო კატეგორიაში შემავალ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებს შორის განსხვავებაც არ ყოფილა. მოსკოვი მაინცდამაინც არ ცდილობს იმის დამალვას, რომ სწორედ ის ირჩევს, რომელ რეგიონებს ექნებათ საკუთარი გუბერნატორების არჩევითი წესით ყოლის უფლება, და რომლებს - არა. აგვისტოში, მაგალითად, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მედვედევმა, სტავროპოლის მხარის ერთ-ერთ ახალგაზრდულ ბანაკს რომ სტუმრობდა, რაღაც ,,ცოტა არ იყოს, განსხვავებული პოლიტიკური კულტურა“ ახსენა, რომელიც თურმე ზოგიერთ რეგიონში ,,დროებით“ პირდაპირი არჩევნების ჩატარების საშუალებას არ  იძლევა. რუსი ექსპერტები განმარტავენ,  კრემლი ამ ,,ცოტა არ იყოს, განსხვავებულ პოლიტიკურ კულტურაში“ ჩრდილოკავკასიური არჩევნების არაპროგნოზირებადობას გულისხმობს.  ანუ, იმას, რომ ამ რეგიონში არჩევნები რეალურ არჩევნებად შეიძლება გადაიქცეს, რომლით მანიპულირებას მოსკოვი ვერ შეძლებს.

ჩრდილოეთ ოსეთის ახლანდელი ლიდერის, თაიმურაზ მამსუროვის მეორე ხუთწლიანი ვადა 2015 წლის დასაწყისში გადის. მამსუროვი მესამე ვადისთვის მზადყოფნის შესახებაც აცხადებდა, მაგრამ საფიქრებელია, რომ მოსკოვი მასამ ნაბიჯს არ მოუწონებს. რესპუბლიკის ახლანდელი მეთაური უკანასკნელი ყოფილი ,,კომსომოლაა“, რომელიც სსრკ-ს დაშლის შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთს ედგა სათავეში. როგორც ჩანს, ახლა ყველა პოტენციური კანდიდატი პოლიტიკოსების მეტ-ნაკლებად ახალი თაობის წარმომადგენელი იქნება.

ახლა საკითხავია, როგორ ზეგავლენას მოახდენს არჩევნებზე უარის თქმა საკუთრივ ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთში. ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერის არჩევის წესი საბოლოოდ ჯერ განსაზღვრული არ არის, მაგრამ რესპუბლიკის პარალმენტში ძალთა ახლანდელი გადანაწილებით თუ ვიმსჯელებთ, ხელისუფლებას ამ კანონის ,,გატანის“ ძალა შესწევს.  ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებისგან განსხვავებით, აქ საგრძნობი დისონანსი შეიქმნება - ჩრდილოეთ ოსეთში პრეზიდენტის დანიშვნადობასა და მეზობელ სამხრეთ ოსეთში მის არჩევითობას შორის. აშკარაა, რომ სამხრეთ ოსეთში არჩევნები კრემლის პატრონაჟქვეშ ჩაივლის, და მაინც, აქ არჩევნებში სივრცე გარკვეული ინტრიგისთვის  მაინც რჩება და მოსკოვი იძულებულია, ადგილობრივი მოსახლეობის განწყობებს ანგარიში გაუწიოს. ხელისუფლების არჩევითობა სამხრეთ ოსეთში და ელიტების სრული უძრაობა - ჩრდილოეთ ოსეთში აუცილებლად გამოიწვევს ამ ორ მონათესავე ტერიტორიას შორის არასასურველი შედარების სურვილს.

პრობლემის სხვა მხარეა სიტუაცია თვით ჩრდილოეთ ოსეთში. რესპუბლიკას, ინგუშეთისა და დაღესტანისგან განსხვავებით, შეიარაღებული ,,მიწისქვეშა“ ძალების პრობლემა არ გააჩნია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ დესტაბილიზაცია პრინციპულადაა შეუძლებელი. უკანასკნელი წლების იქაური მოვლენები მოწმობს, რომ თუ ისლამური მიწისქვეშა ძალების პრობლემა არ ყოფილა, სამაგიეროდ პოლიტიკური ბანდიტიზმი ყვაოდა. მაგალითად, 2008 წელს რესპუბლიკაში მეხივით გავარდა ვლადიკავაკაზის მერზე, ასევე სერგეი ტარკოევზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მთავრობის მეთაურზე შეიარაღებული თავდასხმის ამბავი. ჩრდილოეთ ოსეთის შსს-ში მაშინ სკანდალს  სკანდალი მოსდევდა, რადგან გამოძიების შემდეგად დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, ყაზბეკ ბეკმურზოვის ღვიძლი ძმა ადამიანების გატაცებათა და მკვლელობათა სერიაში იყო გარეული.  ესეც რომ არა, არც მთავრობასა და შსს-ს ხელმძღვანელობასაც აქვთ მარტივი ურთიერთობა. რაკი ჩრდილოეთ ოსეთის შსს მხოლოდ ნომინალურად ითვლება ოსურ სტრუქტურად, სინამდვილეში კი მოსკოვს ემორჩილება, დაძაბულობა რესპუბლიკის ხელისუფლებასა და პოლიციას შორის ხანდახან შთამბეჭდავ მასშტაბებს იღებს. შსს-სადმი მიმართული კრიტიკის შემდეგ, ამ წლის ივლისში ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარეზე, სტანისლავ კესაევზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 

რაც უფრო მატულობს განსხვავება ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებსა და რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებს შორის, მით მეტად დაიწყებენ საკუთარი სიტუაციის შედარებას ამ რესპუბლიკების მოსახლეობა და ელიტები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან. იმის მიუხედავად, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ფაქტობრივად რუსეთის პროტექტორატის ქვეშ იმყოფებიან, ავტონომიურობა მაინც მათზე გაცილებით მეტი აქვთ. რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ მეზობლების ავტონომიურობის შემყურე ეს რესპუბლიკები კიდევ უფრო მეტად დააფასებენ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და უმატებენ მცდელობებს, რუსეთში პოლიტიკური კრიზისის გამწვავების შემთხვევაში, მოსკოვისაგან მაქსიმალური პოლიტიკური ავტონომიურობა, რუსეთისაგან გამოყოფაც კი მოითხოვონ.

 

სტატია მომზადებულია ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, "ლიბერალისა“ და ხსენებული ფონდის ერთობლივი პროექტის, "სამხრეთ კავკასიის ხმების“ ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, მასში გამოყენებული ტერმინოლოგია, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს ჟურნალის რედაქციისა და ბიოლის ფონდის პოზიციას.  

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^