Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამხედრო რეზერვი ბრუნდება - ვინ გახდება რეზერვისტი

07 თებერვალი 2018

საქართველოს პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე რეზერვის რეფორმის შესახებ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით, ერთხმად (82 ხმით) მიიღო. ცვლილება რამდენიმე კანონში შედის. 

პროექტის თანახმად, კანონის ერთი ნაწილი 2018 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება, ხოლო სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული მართვის სისტემის ნაწილი 2020 წლის პირველი ივნისიდან შევა ძალაში.

სამხედრო რეზერვის სისტემა საქართველოში ოფიციალურად უკვე წლებია არსებობს, მაგრამ 2008 წლიდან, ომის შემდეგ სამხედრო რეზერვის ეს მოდელი საქართველოს ხელისუფლებამ არაეფექტიანად მიიჩნია და მან მოქმედება ფაქტობრივად შეწყვიტა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, ზაზა გოგავამ, 2008 წლის 28 ოქტომბერს აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიას განუცხადა, რომ რეზერვისტთა სისტემა იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველაზე სუსტი წერტილი და მის ახალ კონცეფციაზე მუშაობა უნდა დაეწყოთ. თავდაცვის სამინისტრომ რეზერვის განახლებული სისტემის კონცეფცია 2017 წლის ოქტომბერში წარმოადგინა და პარლამენტში განხილული კანონპროექტით, სამხედრო რეზერვის სისტემა საქართველოში შეცვლილი სახით  დაბრუნდება.

რას ითვალისწინებს ახალი კანონი?

„სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონით, რეზერვის ძველი სისტემა დარჩება სამობილიზაციო რეზერვის სახით. იქ გაწვევას მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ და სამსახურს ეტაპობრივად ყველა კაცი გაივლის. კანონში მთავარი სიახლეა აქტიური რეზერვი, რომელიც, სამობილიზაციოსგან განსხვავებით, ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადი იქნება. პარლამენტში კანონის მომხსენებელი და თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნუკრი გელაშვილის თქმით, ეს სისტემა უფრო მობილიზებულ და ბრძოლისუნარიან რეზერვს შექმნის.

ვის გაიწვევენ?

სამობილიზაციო რეზერვში ეტაპობრივად ყველას გაიწვევენ. იმ პირებს, ვინც თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადების მიხედვით, 18-დან 60 წლამდეა და არის სამხედრო თვალსაზრისით ვარგისი, ახალი ელექტრონული სისტემა აღრიცხავს.

ნუკრი გელაშვილი ამბობს, რომ ეცდებიან სამობილიზაციო რეზერვში შერჩევით არ გაიწვიონ. „ეს წესით შეეხება ყველას, არა ერთ და ორ ადამიანს. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ერთსა და იმავე ადამიანს რამდენჯერმე წასვლა არ მოუწიოს იმ პირობებში, როცა ვიღაცას საერთოდ არ დაუძახებენ.“ - ამბობს გელაშვილი. ის განმარტავს, რომ ტოტალური თავდაცვის კონცეფცია, რომელსაც საქართველო გამოიყენებს, გულისხმობს, ყველამ გაიაროს გარკვეული სამხედრო მომზადება.

ხოლო გაწვევის მასშტაბი დამოკიდებული იქნება იმ ფინანსურ და ინფრასტრუქტურულ რესურსებზე, რასაც თავდაცვის სამინისტრო სარეზერვო სამსახურისთვის გამოყოფს. რაც შეეხება, ახალი ტიპის - აქტიურ რეზერვს, აქ მოქალაქეებს ნებაყოფლობით შეეძლებათ ჩართვა.

ვის არ გაიწვევენ?

გამონაკლისები იქნება. მაგალითად, ადამიანები ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს ამის საშუალებას. მაგრამ კანონი არ აზუსტებს კონკრეტულად რა სახის ავადმყოფობა დაიხსნის მოქალაქეს სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან. პროკურორისა და მოსამართლის თანამდებობა, რომელიც ადრე მოქალაქეს ათავისუფლებდა ამ სამსახურისგან, ახლა მხოლოდ გადაუვადებს.

რა განსხვავება იქნება აქტიურ და სამობილიზაციო რეზერვებს შორის?

მოქალაქეებს სამობილიზაციო რეზერვში ტრადიციულად მუნიციპალიტეტები გაიწვევენ, როგორც ეს აქამდე იყო. მასში მონაწილეობა სავალდებულო იქნება, მაგრამ სახელმწიფო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს.

სამობილიზაცო რეზერვისგან განსხვავებით, უფრო სწრაფად და აქტიურად უნდა დაეხმაროს შეიარაღებულ ძალებს აქტიური რეზერვი, სადაც მოქალაქები უფრო მეტი სამხედრო გამოცდილებით ხვდებიან და მეტადაც დაიტვირთებიან. აქტიური რეზერვი სამობილიზაციო რეზერვამდე გამოცხადდება და შეასრულებს შესაბამის ამოცანებს. „ეს ადამიანები უშუალოდ იქნებიან ჩართული საომარ ოპერაციებში. ანუ აქ საუბარია კონკრეტულ სამხედროებზე, რომლებსაც აქვს უკვე სამხედრო ცოდნა, გამოცდილება და იმ ტიპის სამსახურს მივიღებთ, რომელიც ემსახურება ორ მიზანს: პირველი - შევინარჩუნოთ ეს ადამიანები და ის ცოდნა, რაც მათ აქვთ და მეორე - აქტიური რეზერვი გაცილებით მოკლე დროში შეძლებს ჩაერთოს შესაბამისი ამოცანის შემთხვევაში.“ - ამბობს ნუკრი გელაშვილი და განმარტავს, რომ მათ არ დასჭირდებათ დამატებითი ინსტრუქტაჟი, ეცოდინებათ საკუთარი როლი და გამოძახების შემთხვევაში, ფაქტობრივად, როგორც საკონტრაქტო სამსახურის ჯარისკაცი ისე იმოქმედებს.

აქტიური რეზერვის სტრუქტურა

აქტიური სარეზერვო სამსახური დაიყოფა სამ ნაწილად: შეიარაღებული ძალების რეზერვად; ტერიტორიულ და  სპეციალისტთა რეზერვებად. ნუკრი გელაშვილის თქმით, თითოეულ ამ რეზერვში ადამიანი იმის მიხედვით განაწილდება, თუ რა ფუნქციის შესრულება მოუწევს სამხედრო სამსახურის დროს.

შეიარაღებული ძალების რეზერვი უზრუნველყოფს სამხედრო ძალების შემადგენლობაში რეზერვისტის დაუყოვნებლივ ჩართვას, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაძლიერებასა და მხარდაჭერას.

ტერიტორიული რეზერვი შეიარაღებული ძალების დამატებით საბრძოლო მხარდაჭერას ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზებით ეცდება. ის შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში შევა და ორგანიზებული იქნება ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებში, რომლებიც თავის მხრივ, შედგება სამანევრო ელემენტებისგან, აგრეთვე დასახული ამოცანებისა და გეოგრაფიულ არეალს მორგებული ტერიტორიული რაზმებისგან.

სპეციალისტთა რეზერვი ნოვაციაა და მისი მიზანია სამხედრო ძალების სპეციფიკური მოთხოვნებისა და ამოცანების გადაჭრა. აქ მოქალაქეებს მისი ცოდნისა და შეიარაღებული ძალების ინტერესთა სფეროს მიხედვით შეარჩევენ. „აქ შეიძლება იყოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი, ინჟინერი თუ სხვა ისეთი სპეციალისტი, რომელიც შეიარაღებულ ძალებს დასჭირდება“ - ამბობს გელაშვილი.

როგორ დაკომპლექტდება მისი შემადგენლობა

აქტიურ რეზერვს საქართველოს შეიარაღებული ძალები დააკომპლექტებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილის მიხედვით, პირველ რიგში ამ სისტემაში მოხვდებიან სამხედრო სამსახურში გამოცდილი ადამიანები. ეს რეზერვისტები უფრო მეტ სამხედრო წვრთნას გაივლიან და საჭიროების შემთხვევაში სწრაფად დაეხმარებიან შეიარაღებულ ძალებს.

სახელმწიფო აქტიურ რეზერვში მოქალაქეებს წლის განმავლობაში მაქსიმუმ 45 დღით გამოიძახებს. კანონით განსაზღვრული არ არის გამოძახების კონკრეტული ვადები, როგორც ნუკრი გელაშვილი ამბობს განრიგს თავდაცვის სამინისტრო შეადგენს. ის შეიძლება რამდენიმე შაბათ-კვირას და ერთ ან ორკვირიან პერიოდს მოიცავდეს და რეზერვისტს 45 დღე სამხედრო სამსახურში ყოფნა ერთიანად არ მოუწიოს. როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, სახელმწიფო განრიგის შედგენისას იმასაც გაითვალისწინებს, რომ ესა თუ ის პირი შესაძლოა, პარალელურად სხვა სამსახურში იყოს დაასაქმებული.

აქტიურ რეზერვში ჩართულ მოქალაქეს სახელმწიფო, სავარაუდოდ, 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს და ანაზღაურებასაც მისცემს. კანონის მიხედვით, იმ პერიოდში, როდესაც პირი სამხედრო რეზერვში უშუალოდ ჩაერთვება, ის აიღებს მისთვის განსაზღვრულ სრულ ხელფასს, პარალელურად შეუნარჩუნდება თავისი სხვა სამსახური, ამ სამსახურის ხელფასი, პრემია და ნებისმიერი დამატებითი ფინანსური ჯილდო, მათ შორის ზეგანაკვეთურად მუშაობისთვის. ეს იმიტომ, რომ რომელიმე თვის განმავლობაში რეზერვისტმა შეიძლება მხოლოდ ორი დღე გაატაროს უშუალოდ სამსახურში, დანარჩენ დროს კი სამსახურში ჩვეულებრივად იმუშაოს. ამ დროს სამხედრო რეზერვის არააქტიური პერიოდი იქნება და რეზერვისტი წოდებრივი სარგოს 20%-ს მიიღებს. „ეს იქნება პროგრამა, რომელიც მაქსიმალურად მოერგება როგორც საჯარო, ისე კერძო ინტერესს“, - დასძენს გელაშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^