მას შემდეგ, რაც მუსტაფა ემრე ჩაბუქს საქართველომ თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა, იგი ექსტრადიციის საფრთხის წინაშე დგას. იმაზე, რომ თურქეთში ჩაბუქს წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრება, უამრავი უფლებადამცველი საუბრობს. თუმცა პროცესებს სხვაგვარად ხედავს საქართველოს აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება, რომელიც, სავარაუდოდ, თურქეთის პოლიტიკური წნეხის ქვეშ ასეთი რისკების არსებობას არ აღიარებს. რა ემუქრება ჩაბუქს თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? - ამის შესახებ „ლიბერალი“ ბრიუსელში ევროპარლამენტარებს ესაუბრა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჩაბუქის საქმე საქართველოსთვის გამოცდაა.
***
9 თვის წინ თბილისში თურქეთის მოთხოვნით მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს.
პროფესიით პედაგოგისა და დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მენეჯერის დაკავებას ხმაური მოჰყვა როგორც არასამთავრობო სექტორის, ისე სკოლის თანამშრომლების მხრიდან.
არაერთი აქცია გაიმართა ჩაბუქის ექსტრადირებაზე უარის მოთხოვნით; საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას განცხადებაზე ავრცელებდნენ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, არ გადაეცა ემრე ჩაბუქი თურქეთისთვის.
„იმედი მაქვს, რომ საქართველოს მიმართ ჩემი საქმიანობისა და სიყვარულის გამო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და დევნილთა სამინისტრო მე და ჩემს ოჯახს ლტოლვილის სტატუსს მოგვანიჭებს “, - ამ სიტყვებით ემრე ჩაბუქმა ერთ-ერთ პროცესზე მიმართა მოსამართლეს.
საქართველოს სასამართლომ ემრე ჩაბუქის ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ იგი ექსტრადიციის საფრთხის წინაშე დგას.
იმაზე, რომ თურქეთში ჩაბუქს წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრება, უამრავი უფლებადამცველი საუბრობს.
თუმცა საქართველოს მთავრობა და სასამართლო ხელისუფლება ამ რისკებს ვერ ხედავს და აღნიშნავს, რომ, თურქეთის ციხეებში არსებული გარკვეული პრობლემების მიუხედავად, თურქეთის ხელისუფლებისგან დიპლომატიური გარანტია მიიღეს, რომ
„ამ კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით ეს არ მოხდება“, – (სოზარ სუბარი).
სამინისტრო დასაბუთებაში გაერო-ის სპეციალური მომხსენებლის 2016 წლის ანგარიშზე მიუთითებდა, სადაც, მისი თქმით, ეწერა, რომ არასათანადო მოპყრობას თურქეთის ციხეებში ადგილი აღარ აქვს და რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირებს მისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ ციხეებში მიმდინარე წამების ან არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ.
არადა, 2016 წლის ანგარიშში გაერო-ის სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში ნილს მელზერი წერს, რომ 2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, წამება და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმები ფართოდ იყო გავრცელებული, განსაკუთრებით კი დაპატიმრებისა და წინასწარი დაყოვნების იზოლატორებში.
„სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში წამება და არაადამიანური მოპყრობა კვლავაც ფართოდ არის გავრცელებული დაკავებისა და დაკითხვის ეტაპზე, რაც დაპატიმრებულთა მიერ სხვა ტერორიზმში ეჭვმიტანილების მხილებას ემსახურება. შედეგად, უამრავ ადამიანს აპატიმრებენ წამების შედეგად მიღებული ბრალდებების საფუძველზე, რომლებიც სარწმუნო არ არის“, - წერია ანგარიშში.
ამავე ანგარიშში გაერო-ის სპეციალური მომხსენებელი თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, გადახედოს ანტიტერორისტულ კანონს და შეცვალოს იგი იმგვარად, რომ კანონი პოლიტიკური დევნის იარაღად ვეღარ იქნეს გამოყენებული.
რა ემუქრება ჩაბუქს თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? - ამის შესახებ „ლიბერალი“ ბრიუსელში ევროპარლამენტარებს ესაუბრა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჩაბუქის საქმე საქართველოსთვის გამოცდაა.
***
დაკავებულთა ცემა, ხანგრძლივად სტრესულ მდგომარეობაში ჩაყენება, გაუპატიურების მუქარა და სამედიცინო შემოწმებაში ჩარევა - მიუხედავად თურქეთის მთავრობის მიერ ადამიანის წამებისთვის გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობისა, Human Rights Watch-ის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს პოლიციის მიერ დაკავებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის არაერთი ფაქტი გამოვლინდა.
არაადამიაური მოპყრობის წინაშე განსაკუთრებულად მოწყვლადი აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ანტიტერორისტული კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით დააპატიმრა.
არაერთი უფლებადამცველის აზრია, რომ ასეთივე მოპყრობის რისკის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს თბილისში მცხოვრები თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქიც.
თურქეთის რესპუბლიკა მას ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს და მის ექსტრადირებას მოითხოვს.
საგულისხმოა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაჭერამდე 2 დღით ადრე საქართველოში იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის ხელმძღვანელობით.
ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების განცხადებების მიუხედავად, სამინისტრომ მას ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა, არგუმენტად კი ის დაასახელა, რომ თურქეთის ციხეებში პოზიტიური ცვლილებებია.
ეს გადაწყვეტილება ორივე ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა, რის შემდეგაც პროკურატურამ ექსტრადაციის დასაშვებობის საკითხზე სასამართლოს მიმართა.
იმ შემთხვევაში, თუკი საქალაქო და უზენაესი სასამართლოები მოთხოვნას დააკმაყოფილებენ, გადაწყვეტილების მიღების ჯერი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანზე მიდგება.
სწორედ ის გადაწყვეტს, მოაწერს თუ არა ხელს ბრძანებას ექსტრადიციის შესახებ. თუმცა, იქამდე, საჭიროების შემთხვევაში, ჩაბუქის ოჯახი გეგმავს, მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერების მოთხოვნით.
ჩაბუქის საქმიანობა საქართველოში და ერდოღანის პოლიტიკა
მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2002-2007 წლებში ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი იყო, 2012-2016 წლებში კი „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. იგი ასევე იყო დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი.
„ჩემი მეუღლე უკვე 15 წელია, საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. ტერორისტული ორგანიზაციის წევრი ან მხარდამჭერი რომ ყოფილიყო, ამ 15 წლის განმავლობაში ამის საშუალებას არ მისცემდნენ. ექსტრადიცია ჩემი ოჯახის დანგრევას ნიშნავს - თურქეთში ჩასვლა ჩემთვის საშიშია. ის, რაც ჩვენ გამოვიარეთ, ბავშვებისთვის ძალიან დიდი სტრესია. მინდა, რომ მამა ჰყავდეთ გვერდით“, - ამბობს „ლიბერლთან“ საუბარში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლი თუბა ჩაბუქი.
თურქეთში გადატრიალების მცდელობის შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა ფეთჰულაჰ გიულენთან აფილირებული სკოლების დასახურად პარტნიორ ქვეყნებზე წნეხი გააძლიერა. გიულენს ერდოღანი გადატრიალების ავტორად მოიაზრებს, მის მოკავშირეებს კი ტერორიზმის ბრალდებით დევნის.
გადატრიალების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ 50 000-მდე ადამიანი - მასწავლებლები, პოლიციელები და ჟურნალისტები - დააკავა გიულენის ქსელთან კავშირის ბრალდებით. ამავდროულად, 150 000-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან.
ანკარამ ასობით სკოლა და ფონდი დახურა გიულენთან კავშირის გამო. გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. 2016 წლის 16 ივლისს თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემიზქანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბათუმში მდებარე შაჰინის სკოლა-ლიცეუმი და სხვა სკოლები ტერორისტულ ორგანიზაციებთან არის დაკავშირებული და ამიტომ ისინი უნდა დაიხუროს.
2017 წლის თებერვალში შაჰინის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა. თებერვალშივე დაედო ყადაღა დემირელის სახელობის კოლეჯის ქონებას, ასევე მათი დამფუძნებლების ქონებას. ამავე თვეში „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ 60% წილის მფლობელი შპს „კონტროლის“ პარტნიორებს - რესულ დიქმენს და აიჰან არსლანს თავდაპირველად საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეუჩერა წილის მიყიდვის რეგისტრაცია, შემდეგ კი უარი ეთქვა აშშ-ის მოქალაქის - ზაფერ სუსლუსთვის წილის მიყიდვის რეგისტრაციაზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, 9 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს დემირელის კოლეჯის პარტნიორებს, რომლებიც გერმანიისა და თურქეთის მოქალაქეები არიან.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს დააკავეს.
თურქეთის წნეხი და შეფასებები ევროპარლამენტიდან
თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია, რომელთანაც ქვეყანას მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აქვს. ამიტომაც, სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ საქართველო თურქეთის წნეხისგან თავს ვერ იცავს და ჩაბუქის საქმე ამის კარგი ილუსტრაციაა.
ევროპის ქვეყნებს შორის ამ წნეხისგან ყველაზე თავისუფალი გერმანია აღმოჩნდა, რომელიც უკვე წლებია, თურქეთისგან მიღებულ ექსტრადიციის მოთხოვნებს, ძირითადად, უარით ისტუმრებს.
მას შემდეგ, რაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შესაძლოა ერდოღანის კრიტიკოსმა ევროპის მეორე ბოლოში ამოჰყოს თავი პატიმრობაში, თურქეთის პრეზიდენტმა მას მოუწოდა, საკუთარი ადგილი იცოდეს. „ვინ ხარ, რომ თურქეთის პრეზიდენტს ესაუბრები?“ - ამბობდა ერდოღანი.
საქართველო რომ პოლიტიკური წნეხის ქვეშაა, ამაზე ევროპარლამენტშიც საუბრობენ. „ლიბერალი“ ბრიუსელში რამდენიმე ევროპარლამენტარს ესაუბრა.
ჰეიდი ჰაუტალა - ფინელი დეპუტატი
„დაახლოებით ერთი წლის წინ ევროპაში გიულენის მოძრაობიდან დამიკავშრდნენ. აშკარა იყო, რომ თურქეთმა სამიზნეში ის ადამიანები ამოიღო, რომელთაც გიულენის მოძრაობასთან სავარაუდო კავშირი ჰქონდათ.
მოგვიანებით, აღმოვაჩინე, რომ საქართველოში გიულენის სკოლასთან დაკავშირებული საქმე არსებობდა, სადაც ზეწოლა იკვეთებოდა. საქართველოს პარლამენტში ჩემს ქართველ კოლეგასთან, ქალბატონ ხულორდავასთან, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ბატონ დოლიძესთან საუბარში ეს საკითხი რამდენჯერმე წამოვჭერი და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველო ამ წნეხს წინააღმდეგობას გაუწევდა.
მე დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება მიხვდებოდა, რომ ამ წნეხისთვის დამორჩილება საზიანო იქნებოდა იმ სტანდარტებისთვის, რომლებსაც საქართველომ მიაღწია.
ეს ძალიან სერიოზული საქმეა, გამოცდაა იმის შესამოწმებლად, შეძლებს თუ არა საქართველო კანონის უზენაესობის დაცვას თუ თურქეთის წნეხს დამორჩილდება“.
რებეკა ჰარმსი - გერმანელი დეპუტატი
„საქართველოსა და თურქეთს ხანგრძლივი, ღრმა ურთიერთობები აქვთ. გასაგებია, რომ ამ რეგიონში ასეთი ურთიერთობები აუცილებელია, თუმცა ის, რაც თურქეთში ხდება, შემაშფოთებელია. იქ კანონის უზენაესობა მართლაც რომ ქრება. მესმის, რომ საქართველოს სჭირდება თურქეთთან ურთიერთობა, მაგრამ ქართულ საზოგადოებას და განსაკუთრებით მთავრობას არ უნდა დაავიწყდეს, რომ თურქეთსაც სჭირდება ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან. ეს ინტერესი ორმხრივია და იგი ვერ შეძლებს იმხელა წნეხის გატარებას, რომ ფუნდამენტურ უფლებებზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ათქმევინოს უარი [საქართველოს].
აშკარაა, რომ ცნობილი მასწავლებელი თურქეთში ექსტრადიციის შემთხვევაში წამებას დაექვემდებარება. ჩემი რეკომენდაციაა, საქართველო გაეცნოს ანგარიშებს, თუ რა ხდება თურქეთის ციხეებსა და სასამართლოებში, და არსებული რეალობიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება.
ცოტა ხნის წინ თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, ცნობილი მწერალი და ჟურნალისტი ციხიდან დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ. უფრო დაბალი ინსტანციის სასამართლოებმა კი გადაწყვიტეს, რომ ამ საქმეებზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ გაიზიარებდნენ. ბრალდებულებს, რომლებიც ციხეში 2016 წლის ზაფხულიდან არიან, გიულენის მხარდაჭერისთვისაც დევნიან.
სასამართლო ამბობს, რომ არ დამორჩილდება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. თურქეთში კონსტიტუციური კრიზისია და არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ იქ კანონი აღსრულდება. ეს ის მდგომარეობაა, რომლის ფონზეც საქართველომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მხოლოდ ისღა შემიძლია, შევუერთდე საქართველოს პრეზიდენტისადმი გაგზავნილ თხოვნას ჩაბუქისთვის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. საქართველოში საქმიანობისთვის იგი იმსახურებს საქართველოს მოქალაქეობას.
საქართველო ევროკავშირში ჯერაც მოწინავე ქვეყანად მოიაზრება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენს ქართველ კოლეგებთან ერთად, რომ ასეც გაგრძელდეს. დასავლეთში საქართველოს იმიჯი კიდევ უფრო გაუმჯობესდება, თუ ჩაბუქს რაც შეიძლება მალე გაათავისუფლებენ. ყველა ქვეყანა ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის, კანონის უზენაესობის შესაბამისად უნდა მოქმედებდეს. ჩაბუქის საქმე შესაძლებლობაა საქართველოსთვის, დაამტკიცოს, რომ იგი კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს ძალიან სერიოზულად ეკიდება“.
კლერ მუდი - დიდი ბრიტანეთი
„ჩაბუქის საქმის მსგავსი საქმეები, ანალოგიური შედეგებით, ევროკავშირშიც გვხვდება და ვერ ვიტყვი, რომ საქართველო გამორჩეულია თურქეთის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების თვალსაზრისით. ვფიქრობ, უსამართლო იქნება ვთქვა, რომ საქართველოს მიმართ განსხვავებული სტანდარტი უნდა გამოვიყენოთ.
თურქეთში ადამიანის უფლებების საკითხი ევროპარლამენტისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. ჩვენ ევროპარლამენტში ამ საკითხზე მსჯელობას ვაპირებთ. საქართველოს ესმის, რომ ეს პრობლემა უნდა წამოწიოს და გარანტიები მიიღოს. ამ გარანტიების მიღება, შემდგომ კი აღსრულების უზრუნველყოფა ძალიან მნიშვნელოვანია.
ვფიქრობ, საქართველო-ევროკავშრის ურთიერთობები საკმაოდ ძლიერია და ჩაბუქის საქმის სირთულეს გაუძლებს. ჩვენი ურთიერთობის ფარგლებში შეგვიძლია, უკმაყოფილება ინდივიდუალურ შემთხვევებზე გამოვთქვათ მეგობრულად და არა მუქარით“.
ანა გომესი - პორტუგალიელი დეპუტატი
„საქართველო საკმაოდ მკაცრ სამეზობლოშია. მესმის, რომ ქართული ხელისუფლებისთვის რთულია, გაუძლოს ამ რეჟიმიდან მომდინარე წნეხს, რომელიც იმ პოლიტიკური აქტივისტების გადაცემას ეხება, რომელთაც ტორორისტების იარლიყი მიაკრეს. იმედს ვიტოვებ, რომ პოლიტიკური და სასამართლო ხელისუფლება გამონახავს ძალას, დარჩეს ევროპული ღირებულებების ერთგული და არ მისცემს ავტორიტარულ, არადემოკრატიულ რეჟიმებს უფლებას, რომ დაჩაგრონ.
ერდოღანი თურქეთის მოქალაქეების უფლებებს არღვევს და საქართველო არ უნდა გახდეს ამის თანამონაწილე. მე მჯერა, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს იმათ, ვინც სამართლიანობისთვის, ადამიანის უფლებებისთვის, ევროპული ღირებულებებისთვის იბრძვის. იმედია, საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას, რომ არ გადასცეს ადამიანი, რომელიც აშკარად აქტივიზმისთვის იძებნება და არა იმიტომ, რომ ტერორიზმთან აქვს რამე საერთო.
ეს არ არის მხოლოდ საქართველოს იმიჯის საკითხი. განა შეესაბამება ეს ქართველი ხალხის განწყობებს?! არა მგონია. იმ იმიჯზე უფრო მნიშვნელოვანი, რომელსაც საქართველო ევროკავშირს აჩვენებს, არის ის, თუ რა სურს ქართველ ხალხს. ისინი მხარს არ დაუჭერენ იმას, რომ ადამიანი, რომელიც საქართველოში ღირსეულად ცხოვრობს, არადემოკრატიულ, რეპრესიულ რეჟიმს გადასცენ“.