Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

“ასე ვერ გავფრინდებით!”

30 ოქტომბერი 2013

2014 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მეცნიერებისთვის გამოყოფილი თანხის ჯამური რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ რადიკალურად შემცირდა კვლევითი გრანტებისთვის გამოყოფილი თანხა - 10 მილიონი ლარითაა შემცირებული იმ სამეცნიერო გრანტების დაფინანსება, რომელსაც კონკურსის საფუძველზე გასცემს რუსთაველის ფონდი

არ ვიცი, რამ  იმოქმედა ყველაზე მეტად, შეიძლება ქრისტეფორე მგალობლიშვილმა “შერეკილებიდან” ან მოარულმა ისტორიებმა დაბნეულ მეცნიერებზე, მაგრამ ცხადია, ქართველ პოლიტიკოსებში უკვე კარგა ხანია გამყარდა მეცნიერის იმიჯი, რომელიც მოწყვეტილია რეალობას და სადღაც ხაროშია დამწყვდეული. თავისი იდეა აქვს და ხაროშიც ახერხებს, ამ იდეაზე იმუშაოს, ექსპერიმენტსაც ატარებს, მოწაფეც კი ჰყავს და არც არაფერს აპროტესტებს. ორმოს გარეთ კი არიან ძალაუფლების მქონე მეცნიერები, რომლებიც იოლად ირგებენ ფსიქიატრის  ფორმას. სანამ ორმოში გაფრენაზე მსჯელობენ, გარეთ მყოფები რაღაცას უპირებენ, ოღონდ რას, ეს ამათ არ იციან.

უკვე წლებია, საქართველო მეცნიერების დაფინანსების სიმცირით გამოირჩევა. დაფინანსების გაზრდა და წახალისების ინსტრუმენტების შემოღება მნიშვნელოვანია, ოღონდ იმგვარად, რომ გაზრდილი დაფინანსება პრობლემების მოგვარებას ემსახურებოდეს. იმისთვის, რომ ცვლილებები წარმატებული იყოს, აუცილებელია, ვიცოდეთ, რას მივაღწიეთ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმებით, რა იყო წარმატებული და რა - არა. ამგვარი კვლევა და შეფასება წინ უძღოდეს გადაწყვეტილებებს, ხოლო ახალი მოდელის შემოღება აკადემიურ სივრცეში განხილვის საგანი უნდა გახდეს შემოღებამდე და არა შემოღების შემდეგ.

რამდენიმე კვირის წინ პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი. პროექტის მიხედვით მეცნიერებისთვის გამოყოფილი თანხის ჯამური რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ რადიკალურად შემცირდა კვლევითი გრანტებისთვის გამოყოფილი თანხა. 2013 წელთან შედარებით, 2014 წლის ბიუჯეტში, 10 მილიონი ლარით შემცირდა სამეცნიერო გრანტების დაფინანსება, რომელსაც, რუსთაველის ფონდი, კონკურსის საფუძველზე გასცემს (მუხლი: “სამეცნიერო გრანტების გაცემისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა" იხ. თავი VI საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები, გვ.109-112 ) საგრანტო პროექტებისთვის მოკლებული 10 მილიონი ლარი, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პროგრამულ მუხლში გადავიდა, რომელსაც "მეცნიერების აღდგენა და განვითარება" ჰქვია.  ბიუჯეტის პროექტის განმარტებაში, ამ მუხლთან დაკავშირებით, ერთადერთ ფრაზას ვკითხულობთ: “მეცნიერების აღდგენისა და განვითარებისთვის ფონდის შექმნა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისათვის დაფინანსების უზრუნველსაყოფად.”

გაუგებარია, ზუსტად რა იგულისხმება ამ მცირე განმარტებაში და ასევე, როგორ შეიძლება, განვითარებას ხელს უწყობდეს დაფინანსების ჩამოშორება ძირითადი აქტივობისთვის: კვლევისთვის? ეროვნული ფონდი ამჟამად ერთადერთია, სადაც მეცნიერს შეუძლია, წარადგინოს პროექტი და კონკურსის საფუძველზე მიიღოს დაფინანსება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ასევე დაახლოებით 10 მილიონი ლარი სამეცნიერო გრანტებს აკლდება. 2012 წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით დაახლოებით 23 მილიონი უნდა დახარჯულიყო საგრანტო პროექტებზე, მაგრამ მხოლოდ 14 მილიონის რაოდენობის პროექტები დაფინანსდა. ამის შედეგი იყო ის, რომ 100 ქულიანი შკალაზე 97 ქულით შეფასებული პროექტებიც არ დაფინანსდა მთელ რიგ მიმართულებებში.

ბიუჯეტის პროექტში წარმოდგენილი ცვლილება რამდენიმე მიზეზის გამო არის პრობლემური და აკადემიური სივრცისგან, დროულ რეაგირებას მოითხოვს. ვფიქრობ, რომ ამგვარი ცვლილება კანონზომიერების ნაწილია, როცა ერთი მხრივ, გადაწყვეტილებები მიიღება საკითხის წინასწარი შესწავლის, მისი განხილვის გარეშე და რევანშიზმის ელფერი დაკრავს.

შემოთავაზებული ცვლილებით 2014 წლისთვის მილევად რეჟიმში გადადის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. ეს კი ნიშნავს, რომ მეცნიერთა დიდი ნაწილი ამაოდ ელის იანვარს და გამარჯვებული საგრანტო პროექტების გამოცხადებას. შემცირებული დაფინანსება მხოლოდ წინა ორი წლის მანძილზე აღებული ვალდებულებების და გამარჯვებული პროექტების დასრულებას გასწყვდება და ახალი პროექტების დაფინანსება, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდება.

იმისთვის, რომ ნათელი იყოს, რაზე ვსაუბრობთ, მოკლედ ავხსნი დღევანდელ მოქმედ მოდელს: არსებობს სახელმწიფოს მიერ დაარსებული რუსთაველის ფონდი, რომელიც აცხადებს კონკურსს სამეცნიერო პროექტებისთვის. შემოტანილი განცხადებები იგზავნება საერთაშორისო რეფერირებაზე: ჩვენთვის უცნობი მეცნიერები წერენ რეცენზიებს ჩვენს პროექტებზე და აფასებენ მათ. ამ შეფასებების მიხედვით ნაწილდება არსებული ბიუჯეტი.

აღწერილი მექანიზმი, ყველაზე მეტად, დღეს ევროპის ქვეყნებშია გავრცელებული. მას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ის არ არის მეცნიერების დაფინანსების ერთადერთი საშუალება, მაგრამ ხშირად არის ერთ-ერთი გზა. ჩვენთან ხშირად ისმის საყვედური რუსთაველის ფონდის მიმართ: რეცენზენტები, ზოგჯერ, ურთიერთგამომრიცხავად აფასებენ პროექტებს, მეცნიერების ყველა მიმართულებისთვის ერთნაირი ზღვარი არსებობს, თანხა მცირეა და არ ითვალისწინებს თავისებურებებს და ა. შ. მაგრამ ამ ნაკლოვანებების გამოსწორების ნაცვლად, მთლიანად მექანიზმზე უარის თქმა და მისთვის დაფინანსების შემცირება და გაუქმება ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

საქართველოში გრანტების გამცემი სამეცნიერო ფონდის არსებობას სამი ძირითადი უპირატესობა აქვს: ის აძლევს მკვლევარს კვლევით თავისუფლებას, დამოუკიდებლობას პროექტის წარმართვისას და ბიძგს, იყოს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცის ნაწილი. თუ დაფინანსება მხოლოდ ინსტიტუციაზე იქნება მიბმული, ისევ ძველ მოდელს დავუბრუნდებით, როცა ინსტიტუციის მმართველი ორგანო წყვეტს არა პროექტის ავკარგიანობის, არამედ უფრო პირადი სიმპათიების თუ  “ღვაწლმოსილების” ნიშნით იღებს გადაწყვეტილებას, ვინ რაზე შეიძლება იმუშაოს.

ამ მოდელისგან განსხვავებით, ფონდი აძლევს მეცნიერს თავისუფლებას, გახდეს დამოუკიდებელი მკვლევარი, შეარჩიოს სასურველი თემა, პარტნიორები, თანამშრომლები, თავისი კვლევითი პროექტი გააგრძელოს ინსტიტუციის შეცვლის პირობებშიც (თუ სპეციფიკურ კვლევით არ არის მიბმული). ხშირად, ამგვარი გრანტი ერთადერთი საშუალებაა პროფესორებისთვის,  აწარმოონ კვლევა, რადგან საქართველოში უნივერსიტეტების დიდი ნაწილი კვლევას პრიორიტეტად არ მიიჩნევს.

გრანტის გაცემის მექანიზმი უზრუნველყოფს არა მხოლოდ შედარებით ობიექტურ შერჩევას, მას მნიშვნელოვანი ირიბი ფუნქციაც აქვს: რეფერირების პროცესი საშუალებას აძლევს მეცნიერს, თავისი კვლევა საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანოს. თუ ეს პროცესი დაიხვეწება და კვლევის შედეგების საერთაშორისო სივრცეში გამოქვეყნების აუცილებლობაც მიებმება, ის უფრო მნიშვნელოვანი გახდება.

ბიუჯეტიდან ნათლად ჩანს, რომ ის თანხა, რაც წინა წელს ფონდმა განკარგა, პროგრამულ მუხლში გადადის და რაღაც სხვა მოდელის ამოქმედებას ვარაუდობს,  რომელსაც, პროექტის ავტორებმა, ნოსტალგიურად, “აღდგენა” უწოდეს. მოგეხსნებათ, რომ ყველანაირი მოძრაობა კარგი არ არის. ზოგი სვლა უბრალოდ უკანსვლაა. ბიუჯეტის კანონში ჩაწერილი საიდუმლოებით მოცული ფრაზა: “მეცნიერების აღდგენის” შესახებ და ამავდროულად, საგრანტო დაფინანსების რადიკალური შემცირება გვავარაუდებინებს, რომ რაღაც წარსულში არსებულის დაბრუნებაზეა საუბარი (“აღდგენა” ხომ ერთ დროს არსებულის დაბრუნებაა). როგორც ჩანს, რაღაც მოდელი უკვე შემუშავებულია, მაგრამ მის შესახებ აკადემიურმა საზოგადოებამ ჯერ არაფერი იცის.

ბიუჯეტის პროექტთან ერთად, გამოქვეყნდა ინტერვიუ პროფესორ ჯემალ მებონიასთან, რომელიც დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრობს. ინტერვიუდან ჩანს, რომ ცვლილებების ინიციატორების ერთი ნაწილი მაინც, ამ აღდგენაში, საბჭოთა სისტემის დაბრუნებას გულისხმობს, რაც კვლავ ორსაფეხურიანი დისერტაციების შემოღებასა და სადოქტორო დისერტაციების მხოლოდ კვლევაზე ორიენტირებულ ინსტიტუტებში გადატანაში გამოიხატება. ვფიქრობ, ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ საბჭოთა სისტემა არა მარტო უსამართლო, არამედ არაპროდუქტიულიც იყო. კვლევისა და სწავლების გაყოფა არაეფექტურად არის მიჩნეული და უარყოფითად მოქმედებს როგორც სწავლების, ისე კვლევის ხარისხზე. უნივერსიტეტი უნდა იყოს ის ადგილი, სადაც იქმნება, იხვეწება და გადაეცამა ახალი ცოდნა.

როგორც ჩანს, ხელისუფლებაში მყოფი პროგრესული ნაწილი, საბჭოთა სისტემაზე ორიენტირებული გუნდის საპირწონედ, კომპრომისის სახით, სხვა მოდელის ამოქმედებას აპირებს. ზოგი ინფორმაციით, ეს შეიძლება მაქს პლანკის ინსტიტუტების მოდელის ამოქმედება იყოს. რადგან ამ მოდელის ქართული ვარიანტის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, მსჯელობა შეუძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ ის მორგებული იყოს საქართველოს რეალობას და შემოღებამდე განვიხილოთ.

არსებული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო გზა იქნებოდა ზოგადად მეტი წახალისების ინსტრუმენტის ამოქმედება და სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები ჩარევა ყოველდღიურ აკადემიურ ცხოვრებაში.

კონკრეტული გამოსავალი იქნებოდა უნივერსიტეტების ხელშეწყობა, რომ კვლევა მათ ფარგლებში გაძლიერდეს. ეს შეიძლება მოხდეს, როგორც სხვადასხვა საგრანტო კონკურსებით, ისე სხვადასხვა ტიპის ინიციატივებით, რეიტინგებით და ა. შ. მნიშვნელოვანია, ეროვნული სამეცნიერო ფონდის გაძლიერება, რეფერირების და გრანტის გაცემის არსებული მექანიზმის დახვეწა, დაფინანსების გაზრდა და დივერსიფიკაცია. სამეცნიერო ფონდის ფარგლებში, კონკრეტული სასიკეთო ცვლილება შეიძლება იყოს, მაგალითად, გრანტებისთვის დაწესებული შეზღუდვების სხვადასხვა მიმართულებებზე მორგება. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისთვის, 150 000 გრანტი, ძალიან ცოტაა, მაშინ როცა მათემატიკა ან ფილოლოგიას, შესაძლოა, გასწვდეს.

მეცნიერების განვითარებისთვის აუცილებელია დაფინანსების გაზრდა, თუმცა, მას არაფერი აქვს საერთო მეცნიერების დაფინანსებად შენიღბულ სოციალურ დახმარებასთან. სოციალური დახმარება სხვა თემაა და ის არ შეიძლება მეცნიერების განვითარებად ითარგმნოს. თუ ასე გავაგრძელებთ, ხაროში გათხრილი გვირაბის მეორე ბოლოდან ისევ ხაროში აღმოვჩნდებით ან საგიჟეთში, არადა, ქრისტეფორესი არ იყოს, “უნდა გავფრინდეთ!”

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^