Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თუბა ჩაბუქის ღია წერილი თეა წულუკიანს: არ გადასცეთ თურქეთს მუსტაფა ჩაბუქი, მას წამება ელოდება

10 თებერვალი 2018

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე, თუბა ჩაბუქი თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართავს. „ლიბერალი“ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

„მოგმართავთ საქართველოზე და ქართველ ხალხზე შეყვარებული, ორი შვილის დედა, პედაგოგი თუბა ჩაბუქი. ქალი, რომელიც დღეს მეუღლისა და ოჯახის საბოლოო განაჩენს საქართველოში ელოდება.

ჩემი, ჩემი  შვილებისა და  მეუღლის, ფიზიკის პედაგოგის, მუსტაფა ჩაბუქის ბედი დღეს თქვენს ხელშია. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ  აღასრულოთ სამართლიანობა.  მოგმართავთ და მჯერა, რომ თქვენ, როგორც ძლიერი ქალი, რომელიც ქვეყნის სამართლიანობის სადარაჯოზე ხართ, არ დაუშვებთ საქართველომ გაწიროს ის ადამიანი, რომელიც საქართველოსთვის ყველაფერს დათმობდა.

დღეს ჩვენ თურქეთში არც თავშესაფარი გვაქვს და არც სამშობლო. ჩვენი სახლი ახლა საქართველოა.  ჩვენი საბოლოო იმედიც თქვენსკენაა მოპყრობილი. მე ჯერ კიდევ არ დამიკარგავს რწმენა  და ამ  იმედით ველოდები სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას.

 მე კარგად მესმის რა მდგომარებაშია დღეს საქართველო. ვხვდები რამხელა ტვირთადაც შეიძლება იქცა ერთი კეთილი ადამიანი და მისი პატარა ოჯახი ამ ქვეყნისთვის…კარგად ვიცი რამდენად რთულია გაუმკლავდე იმ წნეხს, რასაც თურქეთი ახორციელებს. თუმცა მჯერა და ვლოცულობ, რომ სიმართლემ იზეიმოს და ვერაფერმა ვერ მოახდინოს გავლენა სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

დღეს ალბათ თითოეული ქართველი კარგად აანალიზებს, რომ აქ უდანაშაულო ადამიანის ბედი წყდება, ადამიანის, რომელსაც შეეძლო მხოლოდ სიკეთე ეკეთებინა საქართველოსთვის. 13 ივნისის წყალდიდობის დროს რიგით დამხმარეთ მუშაობა, რუსეთთან ომის დროს დევნილების დაბინავება, გაჭირვებული ოჯახების დახმარება, ქართველი ბავშვების სწავლა-განათლებაზე ზრუნვა, სკოლებში არაქართველი ბავშვებისთვის ქართულად სწავლების პროგრამის დაფუძნება, ახალგაზრდა გამომგონებლების ხელშეწყობა - ის მცირედი ჩამონათვალია, რასაც მუსტაფა ჩაბუქი უანგაროდ აკეთებდა საქართველოსთვის და მჯერა გააგრძელებს კიდეც თუკი ამის საშუალებას თქვენ მისცემთ.

ქალბატონო თეა, მოგმართავთ თქვენი ქვეყნისთვის გულანთებული  ერთი რიგითი ქალი, ქალი რომელსაც ეიმედებით და თქვენი გადაწყვეტილების მოლოდინშია - არ გადასცეთ თურქეთს მუსტაფა ჩაბუქი, რომელსაც თურქეთში წამება და არაადამიანური მოპყრობა ელოდება!

მე უკვე სამშობლო წამართვეს, წამართვეს ოჯახის წევრები და მეგობრები, წამართვეს სახლი, გთხოვთ ნუ წამართმევთ იმედსაც და ერთს გთხოვთ მიიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელსაც ასე ელოდებიან აცრემლებული  შვილები... გადაარჩინეთ ერთი კეთილი ადამიანი, რომელიც ცარცით ხელში იცავდა სიკეთეს, სიყვარულსა და ადამინებს შორის მეგობრობას. დაუბრუნეთ ოჯახს მამა, სკოლას - პედაგოგი და საქართველო - მეგობარი. დაგვიბრუნეთ სიკეთის რწმენა!

სიმართლის იმედით,
თუბა ჩაბუქი“

თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. 

დაკავებულის ადვოკატებმა, დაკავებიდან რამდენიმე კვირაში ლტოლვილთა სამინისტროს ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართეს. სამინისტრომ ჩაბუქს უარი უთხრა სტატუსზე; სამინისტროს გადაწყვეტილება მხარემ საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სამინისტროს გადაწყვეტილება როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. 

6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადაციის დასაშვებობაზე გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა. თუმცა პროკურატურის შუამდგომლობით, პროცესი 19 თებერვლამდე გადაიდო. 

მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2002-2007 წლებში ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი იყო. 2012-2016 წლებში „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^