1 ნოემბერს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინსიტრომ „ყაზბეგი ჰესის“ მშენებლობაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა უნდა გასცეს. თუ დასკვნა მეორედაც უარყოფითი იქნება, კომპანიას გზშ ანგარიშზე მუშაობის პროცესის დაწყება უკვე მესამედ მოუწევს, ცხადია, თუ ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს. დადებითი ეკოლოგიური დასკვნის შემთხვევაში კი კომპანიამ ჰესის მშენებლობის ნებართვა ამჯერად ყაზბეგის მუნიციპალიტეტისგან უნდა მიიღოს.
„ყაზბეგი ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საჯარო განხილვა 11 სექტემბერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გაიმართა. თუმცა მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილმა სამინისტროს ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა და კიდევ ერთი განხილვის დანიშვნა ოფიციალურად სთხოვა. როგორც სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ შარაშიძემ განმარტა, რომ 64 პირიდან, რომლებმაც სამინისტროს მიმართეს, ნაწილთან დაკავშირება სამინისტრომ ვერ მოახერხა, გაგზავნილი წერილები კი უკან დაუბრუნდათ.
თუმცა შეხვედრას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, სტეფანწმინდის მცხოვრებნიც ესწრებოდნენ. აქვე იყვნენ საკონსულტაციო კომპანია „გამა კონსალტინგის“ წარმომადგენლებიც, რომლებმაც შპს „ფერის“ დაკვეთით 6 მეგავატი სიმძლავრის ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში მოამზადეს.
სამინისტრომ ხდის ხეობაში, მდინარე ბროლისწყალზე 6 მგვტ-იანი ჰესის მშენებლობის გზშ დოკუმენტზე ერთხელ უკვე გასცა უარყოფითი ეკოლოგიური დასკვნა. მაშინ სამინისტრო მიუთითებდა, რომ ანგარიშში არ იყო დასაბუთებული პროექტის უპირატესობა და გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმა.
„ასევე არაა შესწავლილი მდინარის ჰიდროლოგიური და გეოლოგიური გარემოს არსებული მდგომარეობა და მოსალოდნელი რისკები, ავარიულ სიტუაციებში მართვის გეგმა ჰესის მშენებლობისა თუ ექსპლუატაციის ეტაპებისთვის, დეტალურად არაა შესწავლილი დაგეგმილი ჰესის ზეგავლენის ზონაში არსებულ ფლორასა და ფაუნაზე".
შპს "ფერის" დირექტორები მაშინვე ამბობდნენ, რომ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდნენ და ახალ გზშ-ს უახლოეს მომავალში წარადგენდნენ. 18 ოქტომბერს სამინსიტროს უკვე საბოლოო დასკვნისთვის წარედგინა განახლებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. თუმცა გარემოსდამცველების ნაწილი ამბობს, რომ საფუძვლიანი კვლევები არ ჩატარებულა და იმ პრინციპულ შენიშვნებს, რომლებიც ისინიც და სამინისტროც მიუთითებდნენ, დოკუმენტი კვლავ არ პასუხობს.
ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტი კვლავ არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და გარემოსდაცვით სტანდარტებსა და ნორმებს.
„დოკუმენტში არ არის დასაბუთებული, რომ მითითებული საქმიანობის განხორციელება მოცემულ ადგილას გარემოს მდგომარეობისა და ბუნებრივი რესურსების შეუქცევად და ხარისხობრივ ცვლილებებს არ გამოიწვევს. წარმოდგენილ პროექტზე დადებითი ეკოლოგიური დაკსკვნის გაცემით დაირღვევა საქართველოს კანონმდებლობა", - აცხადებს მაჭარაშვილი.
"მწვანე ალტერნატივას" ბიომრავალფეროვნების კოორდინატორი ამბობს, რომ ანგარიშში კვლევის არასანდო და არამეცნიერული მეთოდებია გამოყენებული. "მოსახლეობის გამოკითხვაზე დაყრდნობით იმის თქმა, რომ აქ კალმახი და წავი არ ბინადრობენ, გაუმართლებელია. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ვეკითხებით, ჩაუდენიათ თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული - მოუკლავთ თუ არა წითელი ნუსხის სახეობა, რაზეც მიღებული უარყოფითი პასუხი სანდო მონაცემად ვერ ჩაითვლება", - ამბობს მაჭრაშვილი. "მოსახლეობის გამოკითხვა შესაძლოა იყოს მხოლოდ დამაზუსტებელი მეთოდი, და არა - ძირითადი. ამავე გამოკითხვით, ისინი ადასტურებენ, რომ აქ ყარყუმიც ბინადრობს, რომელიც საერთოდ, დედამიწის ამ ნაწილშიც კი არ გვხვდება".
თამარ შარაშიძემ რამდენჯერმე სთხოვა ექსპერტებს დაესახელებინათ ის კონკრეტული მეთოდოლოგია, რომელიც მათთვის მისაღები იქნებოდა. თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში მათზე არ არის და მთავარი ისაა, რომ წარმოდგენილ დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც დასკვნა უნდა გაიცეს, არარელევანტური მეთოლოგიაა გამოყენებული და ხეობა განზრახაა წარმოჩენილი, როგორც სახეობებით ღარიბი.
"ჩვენთვის მისაღები კვლევის მეთოდი და ვარიანტი ამ შემთხვევაში არ არსებობს, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ხეობაში ეს ჰესი არ უნდა აშენდეს".
ხდის ხეობის მნიშვნელობა წითელი ნუსხის სახეობებისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა სახეობათა კონსერვაციის ცენტრ "ნაკრესისთვის". კახა არცივაძე ამბობს, რომ ამ ჰესის მშენებლობაზე დადებითი ეკოლოგიური დასკვნის გაცემით სამინისტრო პირდაპირ დაარღვევს "წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ" კანონს, რომელიც ამ სახეობების საცხოვრებელი გარემოს, ჰაბიტატების დეგრადაციასა და განადგურებას კრძალავს.
შეხვედრაზე საუბარი იყო ხდის ხეობის უნიკალობაზეც და იმაზე, თუ რატომ არ აღუდგა მას საბჭოთა პერიოდში მინიჭებული ბუნების ძეგლის სტატუსი, რომელიც მას ამგვარი მშენებლობისგან დაიცავდა. ეს შეკითხვა "გრინფისის" მხარდამჭერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ლაშა ჩხარტიშვილმა დასვა.
"ნაკრესის" წარმომადგენელი კახა არცივაძე რამდენიმე თვის წინ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან შექმნილი იმ კომისიის წევრია, რომელმაც მთავრობას 16 ობიექტის ნუსხა წარუდგინა. ექსპერტებმა ის ობიექტები შეარჩიეს, რომლებიც, მათი აზრით, დაუყოვნებლივ საჭიროებს ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭებას, თუმცა ამ ნუსხის შესახებ პარლამენტს ჯერ კიდევ არ უმსჯელია.
"კომისიამ შეარჩია 16-მდე ობიექტი და ეს ნუსხა გადაიგზავნა პარლამენტში, რათა ამ ობიექტებს დაუბრუნდეთ ბუნების ძეგლის სტატუსი. ერთ-ერთი პირველი სწორედ ხდის ხეობა დასახელდა, მაგრამ იმის გამო, რომ ობიექტი კერძო საკუთრებაშია გადაცემული, მისთვის სტატუსის მინიჭება ვერ ხერხდება. ამიტომ არ შევაყოვნეთ იმ 16 ობიექტის გადარჩენაც და ვთხოვეთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს და პარლამენტს, როგორმე გადაწყდეს ისიც, როგორ დავიცვათ ეს ხეობა“, - ამბობს არცივაძე.
კომისიამ სააგენტოს რეკომენდაციით მიმართა, რომ ამ ეტაპზე ხდის ხეობა დაცულ ლანდშაფტად გამოცხადდეს, რაც არსებული ნორმებით უშვებს მის ტერიტორიაზე კერძო საკუთრების არსებობას, თუმცა გარკვეულწილად მაინც იცავს მას.
"ჩვენი ორგანიზაცია კატეგორიულად წინააღმდეგია ამ ხეობაში ნებისმიერი საქმიანობის განხორციელების, მოვითხოვთ, რომ ხეობას დაუბრუნდეს ბუნების ძეგლის სტატუსი და იქ ყოველგვარი ეკონომიკური საქმიანობა შეწყდეს. ბოლოსდაბოლოს, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ამ ჰესით მიღებული ელექტროენერგია 12 პატარა გენერატორის გამომუშავებული ენერგიის ტოლია, რომლებიც თითოეულ მოქალაქეს შეუძლია შეიძინოს", - ამბობს არცივაძე.
ირაკლი მაჭარაშვილმა დასაქმების პერსპექტივაც ეჭვქვეშ დააყენა. მისი განმარტებით, ლარსი და დარიალი ჰესების მშენებლობაზეც (რომელსაც იგივე კომპანიები აშენებენ) 100 და 150 ადამიანი უნდა ყოფილიყო დასაქმებული, შპს "ფერის" დირექტორის, ლაშა იორდანიშვილის განმარტებით კი, იქ ახლა ჯამში მხოლოდ 67 ადამიანია დასაქმებული. "ამიტომ ეს მიმზიდველი პერსპექტივაც შეიძლება ყალბი აღმოჩნდეს", - ამბობს მაჭარაშვილი.
"მწვანე ალტერნატივა" აპირებს პროკურატურას მიმართოს იმის გასარკვევად, თუ რამდენად კანონიერად გაიზარდა თავდაპირველი სიმძლავრე 2,5 მგვტ 6 მგვტმდე.
"სრულიად კრიმინალური სიტუაციაა, მათ შეისყიდეს მოქმედი ყაზბეგი ჰესი, რომლის სიმძლავრეც 0.4 მგვტ-ია. მათ ის თანამედროვე დანადგარებით უნდა აღეჭურვათ და სიმძლავრე გაეზარდათ 2.5 მგვტ-მდე. შემდეგ ორაბზაციანი წერილი მისწერეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რომ სურდათ 5 მგვტ-მდე გაზრდა, 5 დღის განმავლობაში ყაზბეგის საკრებულოს თავმჯდომარემ მისწერა ეკონომიკის მინისტრს, მან პრეზიდენტს. პრეზიდენტმა ბრძანებულება გამოსცა და სიმძლავრეც გაიზარდა. ეს ყველაფერი სულ 5 დღეში მოხდა. მხოლოდ იმიტომ, რომ მათ იქ უკვე აქვთ გარკვეული სამუშაოები ჩატარებული და ბარემ ამ ჰესსაც ააშენებენ", - აცხადებს მაჭარაშვილი.
სტეფანწმინდელი ზაზა წიკლაური ამბობს, რომ თითოეულ სახეობაზე კამათის ნაცვლად აუცილებელია პრინციპული საკითხების განსჯა. მისი თქმით, აშკარაა, რომ ბიოლოგიური ნაწილი შესწავლილი არ არის. მას მერე კი, რაც პირველ ანგარიშზე უარყოფითი დასკვნა გაიცა, „იქ არც ხალხი შეცვლილა, არც ბუნება, არც ის მეცნიერები, ვინც ეს ანგარიში მოამზადა, არც ჰესის სიმძლავრე შემცირებულა და როგორ შეიძლებოდა ამ გზშ-ში ისეთი პრინციპული რამ შეცვლილიყო, რომ მეორედ განვიხილავდეთ?“ - ამბობს წიკლაური და იქვე აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ნაწილი არც საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიას ენდობა.
„რამდენიმე წელია ამ ინვესტორთან ურთიერთობა გვაქვს და ვიცით, როგორი ფინანსური თაღლითური სქემებით აშენებს „დარიალ ჰესს.“ ახლა კი, იქვე, მიშენებასავით უნდა რომ ბარემ ხდის ჰესიც ააშენოს.“
ზაზა წიკლაური პრემიერ-მინისტრის პოზიციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მაღალი თანამდებობის პირებს ამ კონკრეტული ჰესის მიმართ წინასწარი განწყობა აქვთ.
„პრემიერმა 6-მეგავატიანი ჰესის შესახებ წესით არც კი უნდა იცოდეს, მაგრამ ხუდონჰესთან ერთად მან ხდის ჰესიც ახსენა, თანაც ორჯერ და აღნიშნა, რომ პატრიარქიც კი დაითანხმა ამ ჰესების აშენებაზე. ანუ არსებობს თანამდებობის პირის მხრიდან წინასწარგანსაზღვრული პოზიცია, არა ზოგადი - რომ ენერგეტიკას განვითარება სჭირდება, არამედ ის, რომ ხუდონჰესი და ხდის ჰესი, მიუხედავად ხალხისა და რელიგიური პირების დიდი წინააღმდეგობისა, მაინც უნდა აშენდეს“, - ამბობს წიკლაური.
"დარიალჰესის" საქმე შეხვედრაზე სხვა საკითხთან დაკავშირებითაც გაიხსენეს. იმ ექსპერტთა ნაწილი, რომლებმაც ეკოლოგიური დასკვნა უნდა მოამზადონ, "დარიალჰესის" გზშ დოკუმენტზე გაცემული დადებითი დასკვნის თანაავტორია. დასკვნის კანონიერება, სხვა საკითხებთან ერთად, გასულ წელს "მწვანე ალტერნატივასა" და სამინისტროს შორის სასამართლო დავის საგანი იყო.
წიკლაური იმასაც აღნიშნავს, რომ მდინარე ბროლისწყალზე არასდროს ჩატარებულა სისტემატური დაკვირვება. და ანგარიშში ანალოგის მეთოდით მისი ჰიდროლოგიური რეჟიმი აბსოლუტურად განსხვავებულ მდინარეზე, ჩხერზე დაყრდნობითაა გაანგარიშებული.
"ესთეტიკურ ღირებულებებს ადამიანები ხელით ვქმნით, ვუფრთხილდებით და ბუნების მოცემულს რატომ ვანადგურებთ? იმისთვის, რომ ამ ენერგიით მერე კიდევ რამე ხელოვნური შევქმნათ? თუ საკითხი უკვე გადაწყვეტილია, გვითხარით, რომ ისე იქნება, როგორც ეს ვინმე N ხელისუფალსა და ვინმე N ინვესტორს სურს და ჩვენი ემოციური, სოციალური მდგომარეობა არ გაინტერესებთ", - მიმართა მან სამინისტროს წარმომადგენლებს.
ანალოგის მეთოდი სამინისტროს ექსპერტებისთვის მისაღებია. მეთოდის რელევანტურობას ეჭვქვეშ არც გარემოსდამცველები აყენებენ, თუმცა ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტში არც მდინარე ჩხერზე ჩატარებული კვლევებია მითითებული.
"მე 11 სექტემბერსაც ვიკითხე, არსებობდა თუ არა ასეთი კვლევა და რატომ არ იყო ის მითითებული გამოყენებულ ლიტერატურაში, მიპასუხეს, რომ მიუთითებდნენ, თუმცა საბოლოო ვარიანტშიც ეს დოკუმენტი არსად ჩანს", - აცხადებს მაჭარაშვილი.
ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ შარაშიძემ ხაზი გაუსვა, რომ ეკოლოგიური დასკვნა მნიშვნელოვანია, თუმცა ის მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს არ უშლის ხელს, რომ არ გასცეს ნებართვა. "თუ ხედავთ, რომ პროექტი საფრთხეს უქმნის იმ რეგიონს, ეს დასკვნა გადამწყვეტი არაა. იქნებ მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოსთანაც მოსთხოვოთ დამატებითი შეხვედრები", - მიმართა შეხვედრის მონაწილეებს შარაშიძემ.
ანგარიშის განხილვა სტუდენტების საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა. სამინისტროსთან შეკრებილი ახალგაზრდები სამინისტროსგან უარყოფითი დასკვნის გაცემას მოითხოვდნენ. "არა - ხდის ჰესს!" "არა - რესურსების მაქსიმალური ათვისების პოლიტიკას!" - აცხადებდნენ სტუდენტები.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა 1 ნოემბერს უნდა გასცეს.