Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მასწავლებელი ჩაკეტილ წრეში

01 ნოემბერი 2013

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სერტიფიცირებას არაფრისმომცემი უწოდა. განათლების სამინისტრო პედაგოგებისთვის კარიერული ზრდისა და შეფასების ახალ სქემაზე მუშაობს. სკოლაში მოტივირებული და კარგი მასწავლებლების შესანარჩუნებლად და ახალი, პროფესიონალი კადრების მოსაზიდად კი სახელმწიფოს უფრო კომპლექსური მუშაობა მოუწევს

ნინო ფანჩულიძე 52-ე საჯარო სკოლის პედაგოგია. საღამოს 7 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ კაფეში შევხვდი. შეხვედრა ისე დავუნიშნე, არ გამიფრთხილებია, რომ მასთან ინტერვიუს ასაღებად და ზოგადი განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ მივდიოდი. ზუსტად ვიცოდი, რომ ნინოს ჩართული ჩამწერის დანახვა არ შეაშინებდა. არც სკოლაზე და განათლების სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ საუბარს შეუშინდებოდა.

ვისაც ერთხელ მაინც უცდია საქართველოში, საჯარო სკოლის პედაგოგებთან სკოლის პრობლემებზე ღიად საუბარი, იცის, რას ნიშნავს ეს. რა თქმა უნდა, არსებობენ გამონაკლისები და ჩემს შემთხვევაში ეს გამონაკლისი 52-ე საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო ფანჩულიძეა.

ნინო სკოლაში 2003 წლიდან მუშაობს. მისი პედაგოგიური კარიერა ერთ-ერთ კერძო სკოლაში, გახანგრძლივებულ კლასში მუშაობით დაიწყო. კერძო სკოლაში სამი წელი იმუშავა. თვეში 20 ლარს იღებდა.

„თეორიული ცოდნა არაფერს მოგცემს, თუ ბავშვებთან მუშაობის სურვილი არ გაქვს. ბავშვებს თანატოლად ვღებულობ. როცა შენ მიმართ სიყვარულს ავლენენ, ურთიერთობა მზრუნველობითი ხდება. სანამ ყველა არ ისწავლიდა, ვერ ვისვენებდი. არავინ არ მაძალებდა. 20 ლარზე ვმუშაობდი. სამი წელი ვიმუშავე ამ ანაზღაურებით. შემდეგ 80 ლარამდე გამიზარდეს“, - იხსენებს ნინო.

2010 წლიდან საჯარო სკოლაში ასწავლის, იმ დროიდან, როცა პირველად ჩატარდა მასწავლებელთა სერტიფიცირება. 2010 წლიდან,ზოგადი განათლების სისტემაში არსებობენ სერტიფიცირებული და არასერტიფიცირებული პედაგოგები. სერტიფიცირებულობა მასწავლებელთა წარმატებულობის განსამზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი გახდა.

როგორც ნინო ამბობს, თავად პედაგოგები, პედაგოგის წარმატებულობას სერტიფიკატის ფლობით არ განსაზღვრავენ. სერტიფიკატს დიდ მნიშვნელობას მშობელი და სკოლის დირექცია ანიჭებს.

„მე უნარებში არც მოვმზადებულვარ, ისე ჩავაბარე. პედაგოგების უმეტესობა სერტიფიცირებას პროფესიული განვითარების შესაძლებლობად არ აღიქვამს. ბევრისგან მიმიღია რჩევა: ჩააბარე, მოიშორე, კლასში მაინც არავინ გამოწმებს“, - ამბობს ნინო.

ნინო ფანჩულიძის განწყობა თითქმის ემთხვევა პედაგოგთა იმ 30%-ის აზრს, რომელიც სერტიფიცირების საჭიროებას ვერ ხედავს.

"სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" მიერ 2012 წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სადაც 1901 პედაგოგი გამოიკითხა, პედაგოგთა 30.1 პროცენტი სერტიფიცირების საჭიროებას საერთოდ ვერ ხედავს. მკვლევართა აზრით, ეს პროცენტი საგულისხმოა. 2008 წელთან შედარებით, იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სერტიფიცირება საჭირო არ არის, გაიზარდა. 2008 წლის კვლევით, პედაგოგთა 19 პროცენტი ვერ ხედავდა საერტიფიცირების საჭიროებას.

გამოკითხულთა თითქმის მესამედი, 32 პროცენტი აღიარებს, რომ სერტიფიცირება დროული და აუცილებელია. მხოლოდ 4.2 პროცენტი მიიჩნევს, რომ სერტიფიცირების პროცესის დაწყება 2010 წლიდან დაგვიანებული იყო. 27 პროცენტი ამბობს, რომ სერტიფიცრება საჭიროა, მაგრამ არა ამ ეტაპზე.

განათლების ექსპერტის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლის, გიორგი გახელაძის თქმით, მასწავლებლების წარმატებულობა თეორიული გამოცდებით ვერ გაიზომება, რადგან მასწავლებლობა პრაქტიკული პროფესიაა, ტესტებით კი პედაგოგების პრაქტიკულ საქმიანობას ვერ ვამოწმებთ.

მასწავლებელთა შეფასების სისტემა რომ დასახვეწია, ამაზე დღეს ყველა თანხმდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა „ლიბერალთან“ მიმდინარე წლის აგვისტოში მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ  პედაგოგის პრაქტიკული საქმიანობის კომპონენტი შეფასების მიღმაა და პედაგოგის ბედი ერთი გამოცდით არ უნდა წყდებოდეს.

ჟურნალისტებთან 21 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე, სერტიფიცირებას "არაფრისმომცემი" უწოდა განათლების ახალმა მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

მისი თქმით, სულ მალე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პედაგოგებისთვის კარიერული ზრდისა და შეფასების ახალ სქემას წარმოადგენს, რომელიც უფრო სამართლიანი იქნება. მინისტრის თქმით, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი კარიერის განვითარების საფეხურების მიხედვით განისაზღვრება.

ნინო ფანჩულიძე, კოლეგებთან ერთად, ამ ახალი სქემის პრეზენტაციას ელოდება, თუმცა მიაჩნია, რომ მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე სახელმწიფომ უფრო კომპლექსურად უნდა იფიქროს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ჯანსაღი სასკოლო გარემოს შექმნაზე ზრუნვაა. მისივე თქმით, მასწავლებლის მოტივირებისა და კარიერული ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა სასკოლო გარემოა. მასწავლებელს სკოლის ადმინისტრაცია ყველა საჭირო რესურსით უნდა ამარაგებდეს.

"გაკვეთილზე შედეგს მხოლოდ ცარცით ვერ მიაღწევ. საკუთარი სახსრებით, ხშირად ვყიდულობ ფლაერებს, ვამზადებთ პლაკატებს", - ამბობს ნინო. 

მისივე თქმით, ქართული ზოგადი განათლების სისტემაში კოლეგებთან გამოცდილების გაზიარების პრაქტიკა არ არსებობს.

"არ ხდება არც პოზიტიური და არც ნეგატიური გამოცდილების გაცვლა. თითქოს ამისთვის არავის სცალია. ერთი სული აქვთ, როდის გაიქცევიან სკოლიდან. სკოლაში ახალგაზრდა, მოტივირებულ ადამიანს შეიძლება პროფესიული ზრდის სურვილი გაუქრეს. ჩაკეტილ წრეში ვტრიალებთ. სახელმწიფომ კომპლექსურად უნდა იმუშაოს პრობლემის მოგვარებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლა დაკარგავს მოქმედ პედაგოგთა კორპუსში საუკეთესოებს და ახალგაზრდა ნიჭიერი კადრის მოზიდვაც გაუჭირდება", - ამბობს ნინო.

კვლევამ აჩვენა, რომ მასწავლებლის პროფესიის "ვირტუალური" იმიჯი წინააღმდეგობაშია რესპოდენტთა წარმოდგენასთან ამ პროფესიის ემპირიული ღირებულების შესახებ. რესპოდენტთა უმრავლესობა, ერთი მხრივ, მიიჩნევს, რომ პედაგოგობა საპატიო პროფესიაა და მას არა ხელმოცარული, არამედ წარმატებული ადამიანები ირჩევენ, თუმცა, მეორე მხრივ, პედაგოგებს არ სურთ, რომ მათი ოჯახის წევრებმა მუშაობა სკოლის მასწავლებლად დაიწყონ.

"უნდა ვეძებოთ მიზეზები, რაც დღეს საშუალო განათლების სისტემის და კონკრეტულად, სკოლების წინაშე დგას. ამ პრობლემებს შორის, გამოკითხვის შედეგებით, უმწვავესია დაბალი ხელფასების პრობლემა". ასევე პრობლემატურია "არსებული სახელმძღვანელოების დაბალი დონე, სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სიმწირე, მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია სწავლისათვის, პედაგოგთა პროფესიის არაპრესტიჟულობა და სხვ." - ვკითხულობთ კვლევაში.

როგორც გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, ანაზღაურების ფაქტორი ძალზე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მასწავლებლებმა ალტერნატიულ სამსახურზე არ იფიქრონ. იგივე ანაზღაურებით, სხვა სამსახურის შეთავაზების შემთხვევაში, მასწავლებელთა უმრავლესობა (სულ მცირე 52.6%) არ აპირებს სკოლის დათმობას. თუმცა, როცა მასწავლებლებს უკეთესად ანაზღაურებად სხვა სამსახურს სთავაზობენ, რომელიც მათ ინტერესებს პასუხობს, ისინი მაღალანაზღაურებადი სამსახურის სასარგელოდ იღებენ გადაწყვეტილებას. ყოველი მესამე პედაგოგი (31.4%) სამსახურის გამოცვლას უპირობოდ თანხმდება, ხოლო დამატებით ყოველი მეოთხე სამსახურის შეცვლისკენ იხრება.

აღსანიშნავია, რომ ამავე კვლევით გამოვლინდა ერთგულ პედაგოგთა ის ნაწილი - თითქმის 29 პროცენტი, რომელიც მასწავლებლობას არც ერთ სხვა სამსახურში არ გაცვლიდა, თუნდაც უკეთესი ანაზღაურების შეთავაზების სანაცვლოდ.

ჯამში, იმ მასწავლებელთა ხვედრითი წილი, რომლებიც სხვა სამსახურში გადასვლას უკეთესი ანაზღაურების პირობებში არ გამორიცხავენ, მაინც  71.2 პროცენტია.

პედაგოგთა ეს ჯგუფი სასურველ ანაზღაურებად, თვეში, საშუალოდ, დაახლოებით 710 ლარს ასახელებს. სხვა სამსახურში გადასვლის მომხიბვლელი ფინანსური პირობა გაცილებით მეტი  - თვეში, საშუალოდ, დაახლოებით 955  ლარია.

“მასწავლებელთა საჭირო და მოსალოდნელი რაოდენობის კვლევის" მიხედვით, 2018 წლისათვის ქვეყანაში 20 000-მდე ახალი მასწავლებლის მომზადება იქნება საჭირო, იმ დაშვებით, რომ არსებული კონტინგენტი მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევისას დატოვებს სამსახურს.

ექსპერტების თქმით, პროფესიონალი მასწავლებლების დეფიციტის შესასვსებად იმ სახელმწიფო პროგრამების გაძლიერებაა მნიშვნელოვანი, რომლებიც საუკეთესო კადრების მოზიდვისა და შენარჩუნებისკენ იქნება მიმართული. სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული განათლების სისტემების კვლევა აჩვენებს, რომ მოსწავლეთა მიღწევები მნიშვნელოვნად იზრდება იქ, სადაც ძირითადი აქცენტი პედაგოგის პროფესიაში მოტივირებული, მაღალი მოსწრების კურსდამთავრებულთა მოზიდვასა და მათ შემდგომ განვითარებაზე კეთდება.

ქართულმა განათლების სისტემამაც უნდა მოიფიქროს, როგორ შეინარჩუნოს ნინო ფანჩულიძე სკოლაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^