ბოლო დროს კინემატოგრაფმა ახალი კონცეფციისა და ახალი ტექნოლოგიების წყალობით ხელოვნებასთან დაახლოების ორიგინალური, ცინცხალი გზა მოძებნა - ლეგენდარული სპექტაკლების, კლასიკური ოპერების, თანამედროვე ბალეტისა თუ უდიდესი მხატვრების გამოფენების ჩვენება დიდ კინოთეატრებში, დიდ ეკრანზე, მაღალი ხარისხის გამოსახულებითა და საუნდით.
ამ კრეატიულ წამოწყებას კინოთეატრი „ამირანიც" შეუერთდა, რომელიც კომპანია Event Cinema-სთან ერთად მაყურებელს მსოფლიოს წამყვანი დრამატული თუ საოპერო თეატრების (National Theatre, The Old Vic, Globe, The Metripolitan Opera) ლეგენდარულ სპექტაკლებსა თუ საუკეთესო თანამედროვე პერფორმანსებს სთავაზობს. ასევე, ძალიან საინტერესოა ყველა დროის გამოჩენილი მხატვრების გამოფენების ეკრანზე ასახვა, თანაც მსოფლიოში ცნობილი გალერეებიდან.
ასე რომ, მაყურებელს შესაძლებლობა აქვს „ამირანში" ექსკლუზიურ ჩვენებებს ყოველ სამშაბათს დაესწროს. მაგალითად, გასულ სამშაბათს, 6 თებერვალს უჩვენეს ცნობილი თანამედროვე გერმანელი ქორეოგრაფის, ჯონ ნოიმაიერის ბალეტი „ქალი კამელიებით", რომელიც მან ევროპის არაერთი საოპერო თეატრის შემდეგ, მოსკოვის დიდ თეატრში დადგა.
ალექსანდრე დიუმა-შვილის რომანი ხელოვნების მოყვარულთათვის მაინც ვერდის ოპერასთან ასოცირდება, თუმცა ნოიმაიერის ქორეოგრაფიულ ვერსიაში „ტრავიატას" ერთი ნოტიც კი არ ჟღერს - მხოლოდ შოპენის საფორტეპიანო ნაწარმოებები. მარგარიტა გოტიეს პარტიას „ბოლშოის" სახელოვანი პრიმა, სვეტლანა ზახაროვა ცეკვავს. ბალერინა, რომელიც იშვიათ სილამაზესა და გრაციასთან ერთად, სიღრმისა და ტკივილის იშვიათ ერთიანობას ფლობს. აღსანიშნავია, რომ ჯონ ნოიმაიერის დახვეწილი ქორეოგრაფია სილამაზესთან ერთად გააზრებულ მინიმალიზმსა და თანამედროვე ფსიქოლოგიზს უფრო ეყრდნობა.
13 თებერვალს დიდ ეკრანზე ნაჩვენები იქნება ლონდონის ცნობილი თეატრის - „ოლდ ვიკის" (The Old Vic) სპექტაკლი „მძიმე განსაცდელი", რომელიც ცნობილმა თეატრალურმა რეჟისორმა იაელ ფარბერმა დადგა. სპექტაკლს საფუძვლად დაედო არტურ მილერის ალბათ ყველაზე ცნობილი დრამა „სეილემის პროცესი", რომლის ბევრი გამორჩეული თეატრალური ვერსია არსებობს მსოფლიოში. მთავარი როლის - ჯონ პროქტორის შემსრულებელი, კინოვარსკვლავი რიჩარდ არმიტაჟი ნომინირებული იყო ბრიტანეთში ყველაზე პრესტიჟული თეატრალური ჯილდოს - ლოურენს ოლივიეს სახელობის პრიზზე.
მილერის „სეილემის პროცესი" პოპულარულია საქართველოშიც. გასული საუკუნის 60-იან წლებში ეს პიესა ახალგაზრდა რობერტ სტურუამ დიდი წარმატებით დადგა რუსთაველის თეატრში, საიდანაც დაიწყო კიდეც მისი „პოლიტიკური თეატრი". ჯონ პროქტორის როლს ედიშერ მაღალაშვილი ასრულებდა, ხოლო ელიზაბერ პროქტორს -ზინა კვერენჩხილაძე. აღსანიშნავია ასევე 90-იანი წლების ბოლოს „სეილემის პროცესი" მარჯანიშვილის თეატრში, რომელიც თემურ ჩხეიძემ დადგა, სადაც პროქტორის როლს გივი ჩუგუაშვილი თამაშობდა. სულ ახლახან 2017 წელს კი მოზარდ მაყურებელთა თეატრში მილერის პიესა დიმიტრი ხვთისიაშვილმა დადგა.
20 თებერვალს, სამშაბათს Event Cinema და კინოთეატრი „ამირანი" წარმოგიდგენთ „გამოფენას ეკრანზე". ამ სერიაში ფრანსისკო გოიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმს, „გოია: სისხლისა და სხეულის ხილვა", უჩვენებენ, რომელშიც მაყურებელი უდიდესი ესპანელი ხელოვანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ბევრ საინტერესო ფაქტს შეიტყობს.
27 თებერვალს კი ოპერის მოყვარულთ „მეტროპოლიტენ ოპერაში" დადგმული ჯაკომო პუჩინის „ტოსკას" ნახვის შესაძლებლობა ექნებათ. ცნობილი ბრიტანელი თეატრალური რეჟისორის, დევიდ მაკ/ვიკარის ბრწყინვალე დადგმაში მთავარ პარტიას თანამედროვეობის ერთ-ერთ წამყვანი დრამატული სოპრანო, ბულგარელი პრიმა-მომღერალი ნადია იონჩევა შეასრულებს. „მეტროპოლიტენის" გუნდსა და ორკესტრს გარეტ მორელი დირიჟორობს. ასე რომ, საოპერო გურმანებს მართლაც საუკეთესო ხარისხის მუსიკალურ-თეატრალური პროდუქტის დაგემოვნება შეეძლებათ.