Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და არსებული გამოწვევები

14 თებერვალი 2018

დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს უზრუნველყოს ქალებისა და კაცების თანაბარი მონაწილეობა  გადაწყვეტილების მიღების პროცესში. აღნიშნული მოთხოვნა პირდაპირ უკავშირდება გენდერული სამართლიანობის პრინციპის დაცვას და მიზნად ისახავს ქალების მიმართ არსებული უთანასწორო დამოკიდებულებების აღმოფხვრას.

პარლამენტში ქალთა  რაოდენობით საქართველო 122-ე ადგილს იკავებს 193 ქვეყანას შორის.[1] გლობალური გენდერული ინდექსის მიხედვით კი, - 90-ე ადგილზე დგას 144  ქვეყანას შორის ქალთა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ჩართულობის თვალსაზრით.[2]

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე წარდგენილი კანდიდატებიდან 37% იყო ქალი, ხოლო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ქალთა რაოდენობა 17.69%-ს შეადგენდა. არჩევნების შედეგად, 150 მანდატიდან ქალებმა მხოლოდ 24 მოიპოვეს. აქედან, პროპორციული სიით განაწილებული მანდატების 23.38%, და  მაჟორიტარული მანდატების მხოლოდ 4.35%.

საქართველოს პარლამენტის მსგავსად საგანგაშო დისბალანსია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს ყველა თვითმმართველ ერთეულში არჩეულ ქალთა რაოდენობამ 13.46%-ი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ უმნიშვნელოდაა გაზრდილი (1.5%) 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. 64 პირდაპირი წესით არჩეული მერიდან მხოლოდ ერთია ქალი.

1994 წლიდან საქართველო „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციას შეუერთდა, რითაც  ვალდებულება აიღო  ყველა ზომა მიეღო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მიმართ არსებული დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. კონვენციის რატიფიცირების შემდეგ სახელმწიფომ შეიმუშავა ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების ეროვნული სამოქმედო გეგმა, ხოლო 2010 წელს  „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონი მიიღო, რომლითაც განისაზღვრა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ვალდებულებები გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად. კანონის ლეგიტიმურ საჯარო მიზნად დასახელდა საზოგადოების ყველა სფეროში დისკრიმინაციის დაუშვებლობა, თანასწორი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისთვის სამართლებრივი მექანიზმების შექმნა და უთანასწორო მოპყრობის თავიდან აცილება.

2013 წელს გენდერული ბალანსის დაცვისა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით საქართველოს პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმად, პარტიულ სიაში პირველ, მეორე და ყოველ მომდევნო ათეულში განსხვავებული სქესის სულ მცირე 30%-ით წარმოდგენის შემთხვევაში პოლიტიკური პარტიისთვის დაფინანსებაზე 30%-ის დანამატი განისაზღვრა. 

2017 წლის 21 ოქტომბერს ადგილობრივ არჩევნებზე რეგისტრირებული  იყო  22   პოლიტიკური პარტია და 5  საარჩევნო ბლოკი. არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პარტიულ სიებში ყოველ ათეულში განსხვავებული სქესი სულ მცირე 30%-ით წარმოადგინა 9 საარჩევნო სუბიექტმა. არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პარტიის მიერ მიღებულ საბაზისო დაფინანსებაზე დანამატი მიიღო მხოლოდ 4-მა საარჩევნო სუბიექტმა.[3]  საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, რომ აღნიშნული ნორმის  გამოყენება საარჩევნო სუბიექტების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, რაც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის თვალსაზრისით ეფექტურ გარანტიებს ვერ ქმნის.

გარდა ამისა, დღეს მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ფორმირება ხდება, ე.წ. შერეული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. პრაქტიკაში არსებობს გარკვეული ურთიერთკავშირიც საარჩევნო სისტემასა და ქალთა პოლიტიკაში წარმომადგენლობას შორის. საარჩევნო სისტემა არ არის გენდერულად ნეიტრალური. სისტემის სახეობა ხშირ შემთხვევაში არსებით გავლენას ახდენს ქალთა წარმომადგენლობაზე.  ქვეყნები, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, ქალთა წარმომადგენლობის მხრივ გაცილებით უსწრებს იმ ქვეყნებს, რომელშიც მაჟორიტარული სისტემაა დანერგილი.[4] ამას ადასტურებს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიც, რომლის შემდეგაც საკრებულოების შემადგენლობაში ქალებმა პროპორციული ადგილების 19.59%, ხოლო მაჟორიტარული მანდატების მხოლოდ 8% მოიპოვეს. პროპორციულ-წარმომადგენლობითი სისტემები, განსხვავებით შერეული სისტემისგან, რომელსაც საქართველო ამ დროისთვის მიეკუთვნება, ხელს უწყობს უფრო დივერსიფიცირებული საარჩევნო სიების არსებობას, სადაც მეტი ქალი კანდიდატია წარმოდგენილი, ანუ პოტენციურად მეტი შესაძლებლობაა ქალთა ჩართულობის გასაზრდელად.[5]

საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში ქალთა წარმომადგნელობის სიმცირე, განსაკუთრებით კი, არათანაბარი პოლიტიკური წარმომადეგნლობა, რაც დასტურდება სტატისტიკური მონაცემებითაც, სტრუქტურული დისკრიმინაციით აიხსნება. და თუ დისკრიმინაცია სტრუქტურულია, არ უნდა დავეყრდნოთ სისტემას, რომელიც მამაკაცებით დომინირებულ რეპრეზენტაციის მოდელს ეფუძნება. მსგავსი სისტემები  არა მხოლოდ ართმევენ ქალებს უფლებას, თანაბრად მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა, არამედ ხაზს უსვამენ იმას, რომ ქალები პოლიტიკურად უთანასწოროები არიან. ეს უკანასკნელი კი წარმოუდგენელია, მივიჩნიოთ თანამედროვე დემოკრატიისთვის მისაღებ გარემოებად.[6]

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, თავის მხრივ, გულისხმობს უმაღლეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში, ე.წ. ქალთა „კრიტიკული მასის“ არსებობას. 1995 წლის პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა, ასევე გაერო-ის კომიტეტის რეკომენდაცია გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევს პარლამენტში 30%-დან 35%-მდე ქალთა წარმომადგენლობის არსებობას.

იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც ქალთა წარმომადგენლობა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 30%-ზე მაღალია, ცხადყოფს, რომ არსებული ბარიერების გაქრობა ეფექტური საკანონმდებლო ზომების გატარებას მოითხოვს. გენდერული კვოტა, სწორედ საკანონმდებლო, დროებით ზომას წარმოადგენს ქალთა და კაცთა პოლიტიკაში თანასწორი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. 2017 წლის 12 ივნისს  საქართველოს პარლამენტში 37,455 ამომრჩევლის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა, სწორედ  საკანონმდებლო, დროებითი ზომების მიღებას ითვალისწინებს. ინიციატივის თანახმად,  საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე პოლიტიკურ პარტიებს დაეკისრებათ ვალდებულება, პროპორციული საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვით დააკომპლექტონ და სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. არსებული ინიციატივა ითვალისწინებს 50%-იანი სქესთა ბალანსის დაცვას, რაც  საქართველოს პარლამენტის შემთხვევაში, შერეული საარჩევნო სისტემის გათვალისწინებით, 150 დეპუტატიდან  მხოლოდ 38 ქალი დეპუტატის არსებობას უზრუნველყოფს.

ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის თვალსაზრისით, პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხია გენდერული კვოტირების სისტემის დანერგვა. კვოტირება  სწორედ, არსებული სოციალური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ბარიერების მოხსნის გზით გენდერული თანასწორობის მიღწევას ისახავს მიზნად. შესაძლებელია საზოგადოების ნაწილი კვოტირებას ხელოვნურ ჩარევად მიიჩნევდეს, მაგრამ ეს პროცესი უნდა აღვიქვათ გენდერული სამართლიანობის მიღწევის ერთ-ერთ ინსტრუმენტად, რომლის ამოქმედების აუცილებლობა მხოლოდ გენდერული დისბალანსის შემთხვევაში ჩნდება. კვოტირების მოთხოვნა უნდა გავიაზროთ, როგორც ქალთა უფლება, ადეკვატურად იყვნენ წარმოდგენილი არჩევით ორგანოებში, რაც  უფრო ინკლიზიურსა და მრავალფეროვანს გახდის პოლიტიკურ პროცესებს. ეს რეალური შესაძლებლობაა ქალებისთვის, არ დარჩნენ პოლიტიკური პროცესების მიღმა და მოახდინონ საკუთარი საჭიროებების უკეთ ლობირება, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონზე. პოლიტიკურ პროცესებში ქალების ჩართულობის მოთხოვნა მოსახლეობის დიდი ნაწილის ნებას წარმოადგენს. ამას ადასტურებს, საქართველოს პარლამენტში 37,455 ამომრჩევლის ხელმოწერით წარდგენილი კანონპროექტი და NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებიც. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტმა გამოიყენოს ისტორიული შანსი და მხარი დაუჭიროს კვოტირების სისტემის შემოღებას, რაც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება გენდერული სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.

 

[1] იხ. ინფორმაცია:http://www.ipu.org/wmn-e/classif.htm

[3] საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“;

საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

პოლიტიკური პარტია „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;

პოლიტიკური პარტია „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

[5]  იხ.Bridge Project 2005 AEC, UNEAD v2, P.12/38

[6] იხ. ქალთა პოლიტიკური ბრძოლის ველი, ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში, სტატიების სერიის მეორე წიგნი: თბილისი 2017 წელი, გვ. 141 ნაზიბროლა ბერიძე გაბაიძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^