Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შშმ პირების დაზღვევა მათ საჭიროებებზე არაა მორგებული

05 ნოემბერი 2013

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არიან დაზღვეულები.

სადაზღვევო პაკეტი, ძირითადად, შშმ პირთა სამედიცინო საჭიროებებს მოიცავს. შშმ ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს სასწრაფო სამედიცინო, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურებით, ონკოლოგიური და სხვა დაავადების გამოკვლევებით, ქირურგიული ოპერაციებით, ერთჯერადად, 50 ლარის მედიკამენტებით.

შშმ პირთა საჭირობების ჩამონათვალი კი, ბევრად დიდია და მხოლოდ სამედიცინო მომსახურებებს არ მოიცავს.

“როდესაც შშმ პირის სადაზღვევო პაკეტზე ვსაუბრობთ, ის არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ სამედიცინო მიმართულებას, ამ ადამიანებს რეაბილიტაცია, თერაპევტი, ლოგოპეტი, ოკუპაციური თერაპევტი და ფსიქოლოგი სჭირდებათ. აქვე გათვალისწინებული უნდა იყოს მათი სპეციალური საჭიროებები. დღევანდელი მდგომარეობით კი, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათთვის გაწერილი სახელმწიფო პროგრამები ფორმალური და არაეფექტურია”, - აცხადებს სახალხო დამცველის შშმ პირთა უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ფირაშვილი.

შშმ პირთა სამედიცინო დაზღვევაზე სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშშიც არის საუბარი, სადაც ხაზგასმით წერია, რომ უფასო სამედიცინო მომსახურება შშმ ბენეფიციართა სპეციალურ საჭიროებებს არ ითვალისწინებს.

ომბუდსმენის ანგარიშში, რომელიც შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას ეხება, დაზღვევით მოსარგებლე პირები გამოიკითხნენ. რესპონდენტები ამბობენ, რომ ეს სადაზღვევო პაკეტი არ მოიცავს ისეთ მომსახურებებს როგორიცაა: სამედიცინო - სოციალური რეაბილიტაცია, რომელიც შშმ პირის ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობების რეაბილიტაციის წინააპირობაა. ამ სერვისის მისაღებად შშმ პირმა სხვადასხვა სპეციალისტების - ფიზიკური თერაპევტის, ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ლოგოპედის, ოკუპაციური თერაპევტის, რეაბილიტოლოგის, სოციალური მუშაკის და ა.შ. – მომსახურება კომპლექსურად უნდა მიიღოს.

ასევე, რეაბილიტაციისთვის მნიშვნელოვანია ფიზიკური ვარჯიშების ციკლი, ტრენინგი სხვადასხვა ადაპტური საშუალების გამოყენების შესახებ, მაგალითად, დამხმარე ავეჯის გამოყენება, ეტლის მორგება და ა.შ.

სხვადასხვა სტატუსის მქონე შშმ პირები სამედიცინო დაზღვევას, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში იღებენ. 18 წლამდე შშმ ბავშვები და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები ცალკე პროგრამით არიან დაზღვეულები. “სოციალურად დაუცველთა ბაზაში” რეგისტრირებული შშმ პირები სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფთა დაზღვევით სარგებლობენ. ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კი 2013 წლის საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში მოხვდნენ.

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტი და იურისტი ირინე ობოლაძე “ლიბერალთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ამ სამ სახელმწიფო პროგრამაში ჩართული შშმ პირების სადაზღვევო პაკეტებს შორის განსხვავებები არაა.

ირინა ობოლაძის თქმით, შშმ პირთა სადაზღვევო პაკეტი, სოციალურ ექსპერტიზას ითვალისწინებს, თუმცა არ ფარავს მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ხარჯებს. მედიკამენტებს რაც შეეხება, ბენეფიციარებს წელიწადში ერჯერადად 50%-იანი თანაგადახდით, 50 ლარის წამლების შეძენა შეუძლიათ.

“შშმ პირების დაზღვევაში არ შედის მაგალითად, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები, რაც უმნიშვნელოვანესია, რადგან ამ ადამიანებს ხშირად ესაჭიროებათ ხერხემლის ან თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რომ აღარაფერი ვთქვათ ფიზიკური რეაბილიტაციის შესახებ. გარდა ამისა, დაზღვევა მედიკამენტებს ერთჯერადად, მხოლოდ 50 ლარის ფარგლებში ანაზღაურებს. რეალურად კი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ძალიან დიდ ნაწილს წამლებისთვის თვეში გაცილებით მეტი თანხა სჭირდება”.

“ლიბერალი” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელსაც გაესაუბრა. ლელა ჯანაშია ამბობს, რომ რეალურად, ბავშვებს განსხვავებული მომსახურება სჭირდებათ, ის სამედიცინო მომსახურება კი, რასაც სადაზღვევო პაკეტი ითვალისწინებს, ნაწილობრივ გამოუყენებელი რჩებათ.

“თუ სხვას კბილის ექიმთან მისვლა 50 ლარი უჯდება, ჩემს შვილს ორმაგის გადახდა უწევს. სტომატოლოგმა ჯერ ნარკოზი უნდა გაუკეთოს, დააძინოს და მხოლოდ ამის შემდეგ ამოუღოს კბილი. შშმ ბავშვებს განსხვავებული სამედიცინო მომსახურება უნდათ, მაგალითად, ცერებრალური დამბლით დაავადებულებისთვის პერიოდულად ძვირადღირებული მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებია საჭირო, რისი საშუალებაც შშმ პირების ოჯახების უმეტესობას არ აქვს”, - განმარტავს ლელა ჯანაშია.

25 ოქტომბერს სახალხო დამცველის მიერ შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ გამართულ დისკუსიაზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ლომიძემ განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, 2014-2016 წლის სამთავრობო გეგმაში ომბუდსმენის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, რაც შშმ პირების სადაზღვევო პაკეტში მათი საჭიროებების შესწავლას ეხება: “ამ კვლევაში კარგადაა ნაჩვენები შშმ პირების სხვადასხვა პრობლემა, გარდა უფლებრივი მდგომარეობისა ვიცით, რომ ხარვეზებია ჯანდაცვის სისტემაშიც. სახალხო დამცველის მხრიდან შემოთავაზებულია გარკვეული რეკომენდაციები და, ვფიქრობ, რომ მომავალ სამთავრობო გეგმაში, მათ გავითვალისწინებთ”, - განმარტა დავით ლომიძემ.

სახალხო დამცველის შშმ პირთა უფლებების დაცვის ცენტრის უფროსის ნათია ფირაშვილის განმარტებით, სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და 2014 წლის მარტამდე სრულყოფილად შეისწავლიან შშმ პირთა სადაზღვევო სისტემას.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^