დღეს ბერლინის კინოფესტივალი იხსნება, რაც იმას ნიშნავს, რომ კინომანებისთვის ახალი, 2018 წლის საერთაშორისო სეზონი დაიწყო. 15-დან 25 თებერვლამდე „მარლენ დიტრიხ პლაცზე" თავს მოიყრიან მსოფლიოს გამორჩეული რეჟისორები, მსახიობები თუ პროდიუსერები, რომლებიც განსაზღვრავენ კიდეც საფესტივალო ცხოვრების რიტმს. ბერლინალეს პროგრამაში (ოფიციალური კონკურსი, „პანორამა" და „ფორუმი") რამდენიმე ასეულ ფილმს უჩვენებენ, რომელთაც დაახლოებით ოთხი ათასამდე აკრედიტებული ჟურნალისტი და კრიტიკოსი გააშუქებს.
წლევანდელი ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეა თანამედროვე გერმანული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული პერსონა, რეჟისორი ტომ ტიკვერი, რომელმაც თავის დროზე მკაფიო და პრეტენზიული არტჰაუზით დაიწყო („გაიქეცი ლოლა, გაიქეცი", „პარფიუმერი") და შემდეგ არამეტყველ მეინსტრიმზე გადაინაცვლა. ამჟამად კი სერიალითაა დაკავებული. ფესტივალის დირექტორი, ბატონი დიტერ კოსლიკი აღნიშნავს, რომ მისთვის საამაყო და სასიხარულოა ტომ ტიკვერის საფესტივალო ცხოვრებაში ასეთი აქტიური მონაწილეობა.
ჟიურის წევრები ასევე არიან: Moonlight-ის პროდიუსერი ადელ რომანსკი, ბელგიელი მსახიობი სესილ დე ფრანსი, რეჟისორი ჩემა პრადო, კინოკრიტიკოსი სტეფანი ზაჩარეკი და ცნობილი იაპონელი კომპოზიტორი რიჩი საკამოტო.
პირველად ბერლინალეს ისტორიაში ფესტივალი ანიმაციური ფილმით - „ძაღლების კუნძული" გაიხსნება. რეჟისორი უეს ანდერსონი უცხო კაცი ნამდვილად არ არის ბერლინში: უკვე სამჯერ მონაწილეობდა საკონკურსო პროგრამაში, ხოლო 2014 წელს სწორედ მისი ირონიული და უფრო მეტად ელეგანტური ფილმით, „ოტელი „გრანდ ბუდაპეშტი" გაიხნა ბერლინის კონოფესტივალი. ასე რომ, ამერიკელ რეჟისორს, სცენარისტსა და პროდიუსერს უკვე მეორედ ერგო ბერლინალეს გახსნის პატივი.
„ძაღლების კუნძული" ერთგვარი იგავია, რომელიც იაპონიის ერთ-ერთი ქალაქის ძაღლების სევდიან ამბავზე მოგვითხრობს - მათ შორეულ ნაგვის კუნძულზე აგზავნიან. თუმცა მათ დასახმარებლად ამავე კუნძულზე 12 წლის ბიჭუნა ჩამოფრინდება, რომელიც თან საკუთარ ძაღლს ეძებს. მოკლედ, ბერლინალე ჰუმანისტურ-ეკოლოგიური გზავნილით იწყება.
კადრი ანიმაციური ფილმიდან „ძაღლების კუნძული"
საკონკურსო პროგრამაშია ბრაზილიელი რეჟისორის, ჟოზე პადილიას „ელვა", რომელსაც საფუძვლად რეალურად მომხდარი ამბავი დაედო: 1976 წელს, თელ-ავივიდან პარიზში გაფრენილი თვითმფრინავი ტერორისტებმა გაიტაცეს და იძულებით უგანდაში დასვეს. სხვათა შორის, ამ ტერაქტის შესახებ რამდენიმე ფილმი უკვე გადაღებულია. ამდენად, ამ ისტორიაში ბრაზილიელმა რეჟისორმა საინტერესო და ახალი ნიუანსები აღმოაჩინა.
საკონკურსო პროგრამა ცხადია, ეპასუხება გერმანულ კინოსაც. ახალი თაობის რეჟისორის, ფილიპ გრენინგის ფილმზე „ჩემს ძმას რობერტი ჰქვია და ის იდიოტია" კრიტიკოსები დიდ იმედებს ამყარებენ. ისინი მასში „ფილოსოფიის, სიყვარულის, ირონიისა და მგრძნობელობის" ნაზავს ხედავენ. ასევ საინტერესოა „ბერლინური სკოლის" წარმომადგენლის, კრისტიან პეცოლდის ფილმი „ტრანზიტი", რომლის სცენარი ანა ზეგერსის რომანის მიხედვით დაწერა. თუმცა მოქმედება 1940 წლიდან ჩვენს დროში გადმოიტანა და სირიიდან გამოქცეული ლტოლვილების თემას დაუკავშირა.
ბერლინში გასაგები ინტერესით ელიან გას ვან სენტის ახალ ფილმს - „ნუ გეშინია, ფეხით შორს ვერ წავა", რომელიც რეჟისორმა კარიკატურისტ ჯონ კალაგანს მიუძღვნა. ამ როლის თამაში ჯერ კიდევ თორმეტი წლის წინ რობინ უილიამსს უნდოდა, თუმცა მაშინ პროექტი ჩაიშალა... ამჯერად კი რეჟისორმა მის ნაცვლად კარგად ნაცნობ ხოაკინ ფენიქსს უხმო, რომლის გემოვნებასა და ქარიზმატულობაში კრიტიკოსების დიდ ნაწილს ეჭვიც არ ეპარება. თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა.
კრიტიკოსები ავანსს სტივენ სოდერბერგისა და ალექსეი გერმან-უმცროსის ფილმების მიმართაც გასცემენ. პირველი - მშფოთვარე ჰორორსა და სიმძაფრეს გვპირდება (ფილმის მთავარ გმირს, რომელსაც სერიალ „გვირგვინის" მთავარი როლის შემსრულებელი, კლერ ფოი ასრულებს, ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოამწყვდევენ); გერმანის ფილმი კი - საბჭოეთში შერისხულ მწერალ სერგეი დოვლატოვის ცხოვრების ეპიზოდებს ასახავს. ფილმში ასევე ჩნდება იოსიფ ბროდსკი, რომელთანაც ლენინგრადში, ჯერ კიდევ ბროდსკის ემიგრაციაში გამგზავრებამდე მეგობრობდა დავლატოვი.
შეიძლება აქვე ვახსენოთ ქალთა მოძრაობის დაუცხრომელი აქტივისტი, პოლონელი რეჟისორი მალგოჟატა შუმოვსკა, რომლის ფილმსაც „სახე" საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევენ და, ცხადია, ფილიპინელი ლავ დიასი, რომლის უსასრულო, ასე 7-8 საათიანი, უცნაური და შავ-თეთრი ფილმები ერთდროულად მისტიკური ბაასია და ანეკდოტების საგანია. ჯერ კიდევ ბერლინალეს დაწყებამდე ლავ დიასის ახალ ფილმს „ეშმაკის დრო", კრიტიკოსებმა ირონიულად უკვე უწოდეს „სიბნელეში მოცეკვავე -2", რადგანაც ლარს ფონ ტრიერის მსგავსად, მანაც ფაქტობრივად ანტიმიუზიკლი გადაიღო. ასეა თუ ისე, კრიტიკა დიდი ინტერესით ელის ფილიპინელი რეჟისორის ახალ ნამუშევარს.
დაბოლოს, საკონკურსო ჩაროზი - ფრანგი რეჟისორის, ბენუა ჟაკოს ფილმი „ევა", რომელშიც მთავარ როლებს იზაბელ იუპერი და გასპარ ულიე ასრულებენ. მაქსიმალური ინტრიგის შესანარჩუნებლად ფილმის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია არსებობს, თუმცა იუპერის მონაწილეობა უკვე ბევრ რამეს განაპირობებს. შეიძლება გავიხსენოთ, რომ 2015 წელს ბერლინის ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში უჩვენეს ამავე რეჟისორის „მოახლის დღიური", რომელშიც მთავარ როლებს ლეა სეიდუ და ვენსან ლინდონი ასრულებდნენ.
კადრი ფილმიდან „ევა"
ბერლინალეზე ქართული კინო სხვადასხვა პროგრამაში იქნება წარმოდგენილი. „პანორამაზე" უჩვენებენ თინათინ ყაჯრიშვილის ახალ ფილმს „ჰორიზინტი“, ხოლო ანა ურუშაძის არაერთგზის პრიზიორი - „საშიში დედა“ ბერლინალეს კრიტიკოსთა პრესტიჟულ კვირეულს გახსნის. საქართველო მოხვდა ასევე ბერლინალეს 10 რჩეულ პროექტს შორის Talent Project Market-ზე, სადაც რატი წითლიძის და ნინო ვარსიმაშვილის „ცარიელი სახლი“ იქნება წარმოდგენილი. Market screening-ზე დისტრიბუტორებისა და სეილსაგენტებისთვის კი ნაჩვენები იქნება ზაზა ხალვაშის „ნამე“.
Co production market-ზე წელს ფოკუსში საქართველო იქნება, რაც ქართველ რეჟისორებსა და პროდიუსერებს საშუალებას მისცემს საკუთარი პროექტები გავლენიან კინოპროდიუსერებს წარუდგინონ. სპეციალურ პროგრამაში - European shooting star საუკეთესო ახალგაზრდა ევროპელ მსახიობებს შორის მოხვდა ირაკლი კვირიკაძე, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ფილმში „მძევლები“.
სტატია მომზადებულია ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს მხარდაჭერით