Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოციალურად დაუცველები ერთმანეთის პირისპირ

11 ნოემბერი 2013

დიდი დიღმის მე-4 მიკრო რაიონში ორი სამსაართულიანი საცხოვრებელი კორპუსი 24 სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის თბილისის მერიისა და შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში აშენდა.  სახლების მშენებლობა 2013 წლის მაისში დასრულდა. შერჩეულმა 24 ოჯახმა  მერიასთან ხელშეკრულება აგვისტოს ბოლოს გააფორმა.  ამ დრომდე მერიამ მხოლოდ 17 სოციალურად დაუცველი ოჯახის შესახლება მოახერხა, დანარჩენი 7 ოჯახი უკვე  მესამე თვეა უშედეგოდ  ელოდება კუთვნილ საცხოვრებელს. რადგან მათი საცხოვრებლები იმ სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა დაიკავეს, რომლებიც შერჩეულთა სიაში ვერ მოხვდნენ.  

მაია ბურდული სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, სვანეთის უბანში ნაქირავებ ერთ ოთახში ცხოვრობს.

მარტოხელა დედა, რომლის ერთადერთი შემოსავალი სოციალურად დაუცველის დახმარება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის პენსიაა, სამ შვილს მძიმე სოციალურ პირობებში ზრდის.

მაია თითქმის ყოველდღე დადის მერიაში იმის გასარკვევად როდის შეასახლებენ კუთვნილ სოციალურ საცხოვრებელში.

“მერიაში მეუბნებიან, რომ ჩემს კუთვნილ საცხოვრებელში მას შემდეგ შემასახლებენ, როცა პოლიცია იქ შეჭრილ სოციალურად დაუცველ ოჯახს გამოასახლებს”, - ამბობს მაია.

საცხოვრებლის მოთხოვნით მერიაში განცხადება ერთი წლის წინ შეიტანა. რამდენჯერმე შეამოწმეს, ივლისში კი დაურეკეს და უთხრეს, რომ დიდ დიღომში თბილისის მერიისა და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში აშენებულ სოციალურ საცხოვრისში შეასახლებდნენ.

ხელშეკრულება მერიასთან 22 აგვისტოს გააფორმა. რომლის მიხედვით, სოციალურ საცხოვრებელში ოჯახი ათი დღის ვადაში უნდა შესულიყო. მას შემდეგ ორი თვე გავიდა.

მაიას მდგომარეობაში კიდევ ექვსი ოჯახია. სამი დევნილი და სამი სოციალურად დაუცველი ოჯახი საცხოვრებელს ელოდება.

მზია ქვლივიძეც მარტოხელა დედაა, ისიც ნაქირავებში ცხოვრობს სამ შვილთან ერთად, მათ შორის ერთ-ერთი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. მერიაში ეუბნებიან, რომ შეჭრილი ოჯახები არ გამოდიან, პოლიციაც არაფერს აკეთებს მათ გამოსაყვანად.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდი დიღმის პოლიციის განყოფილებამ უკანონოდ შეჭრილ სოციალურად დაუცველებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა მათ გამოსაყვანად არაფერს აკეთებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვპასუხობენ, რომ ჯერჯერობით საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და მოკვლევის დასრულების შემდეგ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

“ლიბერალმა” დიდ დიღომში სოციალურ საცხოვრებლებში შეჭრილი ოჯახები მოინახულა.

დიდ დიღომში ჯერ კიდევ მშენებარე სოციალური საცხოვრებელი რამდენიმე ოჯახმა 2013 წლის იანვარში დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შერჩეულ ოჯახებს შორის არ არიან, არც ხელშეკრულებები აქვთ და სადაც ცხოვრობენ ის საცხოვრებლები სხვა სოციალურად დაუცველებს ეკუთვნით, სახლების დაცლას მაინც არ აპირებენ.

„აქ რომ შემოვედით არც შუქი გვქონდა, არც გაზი, არც ავეჯი, ბავშვებს მეტლახზე ვაძინებდით. ჩვენ რომ საცხოვრებელი გვქონოდა ასეთ პირობებში როგორ გავძლებდით, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. ასე გამოვიზამთრეთ. უკვე ხუთი თვეა აქ ვცხოვრობთ. წასასვლელი არსად გვაქვს. ჩვენ სხვას არაფერს ვართმევთ, რაც გვეკუთვნის იმას ვითხოვთ. ისინიც სოციალურად დაუცველები არიან და ჩვენც და იმათაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები გვყავს. როცა გვეუბნებიან თქვენზე გაჭირვეულები არიანო, რას ნიშნავს ჩემზე გაჭირვებული. რას ეძახიან ჩემზე გაჭირვებულს? თუ სიაში ვერ მოვხვდი ეგეც მაგათი ბრალია. ვინც აქ ვართ ყველა ვაკმაყოფილებთ იმ პირობებს, რაც მერიას ჰქონდა და რას ნიშნავს ჩემზე გაჭირვებული," - ამბობს ნანა, რომელიც მარტოხელა დედაა და მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი ჰყავს.

სოციალურ საცხოვრისებში შესახლებას შვიდი ოჯახი ელოდება, თუმცა არანაკლებ მძიმეა იმ ოჯახების მდგომარეობა, რომლებმაც მიმდინარე წლის იანვარში უკანონოდ დაიკავეს საცხოვრისები.

როდის გამოასახლებენ სოციალურად დაუცველ ოჯახებს უკანონოდ დაკავებული ბინებიდან, უცნობია. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ უკანონოდ შეჭრილი ოჯახების გამოსახლება შშს-ს პრეროგატივაა.

სახალხო დამცველის აპარტმა სექტემბერში თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსს, მამუკა ქაცარავას, რეკომენდაციით მიმართა, რათა წარმომადგენლობითი კომისიის მიერ შერჩეული ბენეფიციარები დროულად შეესახლებინა სოციალურ საცხოვრისში.

სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ იმ შვიდი ოჯახის უპირობოდ გამოსახლებას სახალხო დამცველი არ დაეთანხმება. სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, რომ მერიამ გარდა იმისა, რომ უნდა უზრუნველყოს იმ ადამიანების შესახლება ვისაც ეს სახლები ეკუთვნის, იმ ოჯახებს, ვისაც ამ საცხოვრებლიდან გამოიყვანენ ალტერნატიული თავშესაფარი მისცეს.

7 ათასზე მეტი განცხადება და მხოლოდ 24 ბინა

თბილისის მერიისა და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს ეროთბლივი პროექტი, რომელიც სოციალურად დაუცველებისთვის და დევნილებისთვის სოციალური საცხოვრებლების აშენებას გულისხმობს, 2007 წელს დაიწყო. პროექტში გაეროს განვითარების პროგრამაც იყო ჩართული.

პროექტი სამ ეტაპად განხორციელდა. პირველის მშენებლობა 2009 წლის მაისში დასრულდა, და 28 სოციალურად დაუცველი ოჯახი შეასახლეს. მეორე ეტაპი 2010 წლის სექტემბერში დასრულდა. ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში აშენებულ კორპუსებში 24 ოჯახი შესახლდა. მესამე საცხოვრისის მშენებლობა დიდი დიღომში 2011 წლის ზამთარში დაიწყო.

თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და ჯანდაცვის განყოფილების უფროსის გია მამრიკიშვილის თქმით, 2012 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, სოციალური საცხოვრებლის მოთხოვნით მერიაში 7 ათასზე მეტი ოჯახის განცხადება იყო შესული, ამიტომ შვეიცარიის თანამშრომლობის სააგენტოსთან, გაეროს განვითარების პროგრამის და დევნილთა სამინისტროსთან ერთად მერიამ ყველაზე გაჭირვებული ოჯახების შესარჩევად კრიტერიუმები შეიმუშავა.

თავდაპირველად სამი ძირითადი მოთხოვნა იყო:

ოჯახის სიღარიბის ზღვარს მიღმა უნდა იყოს და 57 ათასზე დაბალი ქულა ჰქონდეს.

ოჯახს არ უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი, არც მიწა და არც რაიმე კერძო საკუთრება.

ოჯახის ერთი წევრი მაინც თბილისში უნდა იყოს რეგისტრირებული.

ამ ძირითად მოთხოვნებს ოთხიათასამდე ოჯახი აკმაყოფილებდა. ამიტომ თბილისის მერიამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დამატებით ოთხი კრიტერიუმი შეიმუშავა.

“ყველაზე მძიმე ოჯახები რომ შეგვერჩია კიდევ უნდა გაგვეცხრილა და რაღაც გონივრულ რაოდენობამდე დავსულიყავით. საბოლოოდ, ასეთი 310 ოჯახი დარჩა,“- ამბობს მამრიკიშვილი.

დამატებითი კრიტერიუმების მიხედვით,

ოჯახში დედა ან მამა მრავალშვილიანი მარტოხელა უნდა ყოფილიყო (მარტოხელა აუცილებელი მოთხოვნა იყო).

ოჯახის ერთი წევრი მაინც მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უნდა ყოფილიყო.

მესამე პირობა იყო მოხუცი ოჯახის წევრი, რომელიც შვილიშვილს ზრდის, რომელსაც მშობლები არ ჰყავს.

მეოთხე კრიტერიუმი კი, 18 წელს გადაცილებული ბავშვთა სახლის აღსაზღდელებს ეხებოდა, რომლებიც ბავშვთა სახლებიდან წამოვიდნენ და საცხოვრებელი არ ჰქონდათ.

ამ ოთხიდან ბენეფიციარს ერთ-ერთი მაინც უნდა დაეკმაყოფილებინა, რომ ის სიაში მოხვედრილიყო.

ოჯახების შესარჩევად ოთხი სამწევრიანი ჯგუფი მუშაობდა. ამ ჯგუფში შედიოდა მერიის წარმომადგენელი, შვეიცარიის თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაქირავებული ორგანიზაციის „საქართველოს სოცმუშაკთა ასოციაციის“ წევრი და დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი. მშენებლობის დასრულებამდე 5 თვის განმავლობაში ამ ჯგუფმა 310 ოჯახი შეამოწმა. კომისიამ კი საბოლოოდ რეკომენდაცია 47 ოჯახს მისცა.

როგორც მამრიკიშვილი ამბობს, გამომდინარე იქედან, რომ ფიზიკურად მხოლოდ 24 ბინა არსებობდა, კომისიის მიერ შერჩეული ოჯახები კიდევ უნდა განახევრებულიყო. ამისთვის, შეიქმნა წარმომადგენლობითი საბჭო, სადაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის აპარატი და საკრებულოს სამი ფრაქცია შევიდა. წარმომადგენლობითმა საბჭომ 24 ოჯახი შეარჩია.

მშენებლობა 2013 წლის მაისში დასრულდა, ხელშეკრულებები შერჩეულ ოჯახებთან მერიამ აგვისტოს ბოლოს გააფორმა.

სოციალურად დაუცველი ოჯახების შერჩევის პროცესს სახალხო დამცველის აპარატიც აკვირდებოდა.

სახალხო დამცველის ოფისის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნათია კაციტაძის თქმით, შერჩევის პროცესს რაიმე განსაკუთრებული ხარვეზები არ ჰქონია.

„უმეტესობა იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თუმცა რადგან მხოლოდ 24 ადგილი იყო ,ბუნებრივია, მოხდა ისე, რომ ოჯახები ოდნავი სხვაობებით შეირჩა. შერჩეული 24 პირი ნამდვილად აკმაყოფილებდა იმ პირობებს, რომელიც გაწერილი ჰქონდა მერიას, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ სხვებიც იმავე ან დაახლოებით იმავე მდგომარეობაში იყვნენ. ეს გამოწვეულია იმით, რომ ადგილები იყო შეზღუდული და ბუნებრივია, ყველა ვერ მოხვდებოდა," - ამბობს ნათია კაციტაძე. 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^