Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცხოვრება კონფლიქტის ზონაში - "ეს ჩემი სოფელია!"

11 ნოემბერი 2013

შემოდგომაა და ე.წ. ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფლებში მოსავალს აბინავებენ და ზამთრისთვის ემზადებიან. საზღვარზე ცხოვრება რთულია, თუმცა „საზოგადო გასაჭირის“ _  მავთულხლართებისა და მოძრავი საზღვრის გარდა, ადგილობრივები სხვა კონკრეტულ პრობლემებსაც უხვად აწყდებიან. ამის მიუხედავად, სოფლების დატოვებაზე, ახალგაზრდების გარდა არავინ ფიქრობს.   

 

„სოფლის შესასვლელში ჩვენი ეკიპაჟი დაგხვდებათ, თქვენივე უსაფრთხოებისთვისაა საჭირო“, _ საგუშაგოზე რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ სამართალდამცავი გზის გაგრძელების საშუალებას გვაძლევს. გორის რაიონის სოფელ კარბიდან ზარდიაანთკარის მიმართულებით მივდივართ.

გზაზე შემხვედრი სატვირთო მანქანები ვაშლითაა სავსე, სხვადასხვა სოფლის შარაზე საქმიანად მოსიარულე ადგილობრივებსაც ბაღებიდან ვაშლით დატვირთული სათლები გამოაქვთ, ან პირიქით _ ცარიელები შეაქვთ ასავსებად, ალაგ-ალაგ შემხვედრი „ტრანგალეტკებიც“ ვაშლებითაა სავსე; მოკლედ, ყველგან ვაშლია, ხეზეც, ხის ყუთებშიც, სათლებშიც, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ფურგუნის „ტორპედოზეც.

„ყუთებს, რომლებიც 20-30 კილო ვაშლს იტევს, 1.25 ლარად იბარებენ. სოფლებში „კამაზი“ დადის და ის აგროვებს, მერე ტყვიავში, წვენის ქარხანაში აბარებენ. ისეთი სასაცილო ფასია, ამის გამო ვაშლის ხიდან ჩამოკრეფა კი არა, ძირს ჩამოყრილი ხილის შეგროვებაც არ ღირს“, _ გვიხსნიდა საგუშაგოს პოლიციელი.

სოფლის შესასვლელში პოლიციის ეკიპაჟი გვხვდება და თან მოგვყვება. ზარდიაანთკარში მეორედ ვართ, სოფელი ისევ ორ საგუშაგოს შორისაა მოქცეული, თუმცა თითქმის ერთი წლის შემდეგ აღარც ჩუმი ეთქმის და აღარც ადგილობრივების პოვნაა რთული. შემოდგომაა და ზარდიანთკარელებიც მოსავალს აბინავებენ _ ბაღებში ფუსფუსებენ და ზამთრისთვის ემზადებიან. 

ზარდიაანთკარი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საზღვრისპირა სოფელია და აქ ეთნიკურად ქართველი და ოსი მოსახლეობა ცხოვრობს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა. ომის შემდეგ ზარდიაანთკარს, ოფიციალურად, ქართული მხარე აკონტროლებდა, თუმცა ადგილობრივები შინ დაბრუნებას იმ დრომდე ვერ ახერხებდნენ, ვიდრე სოფლის ბოლოს ქართული საგუშაგო არ განთავსდა.

„ერთი წელი იქნება, რაც აქ ვართ და სიტუაცია შედარებით დამშვიდდა. ჩვენი საგუშაგოს ზემოთ რუსებს აქვთ პოსტი, ამ ტერიტორიის მაღლა აღარ აგვიშვეს. ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის მოქცეულ ტერიტორიაზე სამი ოსური ოჯახი სახლობს“, _ გვიხსნის პოლიციელი.

სოფელი 30-კომლიანია, აქაურთა ნაწილს სხვაგანაც აქვს სახლები, 10 ოჯახი კი სტაბილურად ზარდიაანთკარშია.

ამ ოჯახებიდან ერთ-ერთში ნიკოლოზ თაზიაშვილი 3 ძმასთან ერთად ცხოვრობს _ „სამი ძმა სახლის ერთ ნაწილში ვართ, მეოთხე დაოჯახებულია და 5 შვილთან ერთად მეორე ნაწილს იკავებს“, _ ამბობს მასპინძელი, რომელმაც საპენსიო ასაკს წელს მიაღწია, სოციალური დახმარება მოხსნილი აქვს, თავი კი ბაღში მოწეული მოსავლითა და ერთი ძროხით გააქვს.

ერთი წლის წინ თაზიაშვილებს სახლის კარამდე მიღწევა დანგრეული კიბისგან მორჩენილი რელსითა და აივნის რიკულებზე მოჭიდებით უხდებოდათ, დღეს კი მეგობრის ნაჩუქარი საფეხურნაკლული და კიდეჩამოშლილი კიბით სარგებლობენ. შარშანდელი ვითარებისგან განმსახვავებელი კიდევ რამდენიმე ნიშანი - მოვლილი ეზო, აივნის ბოძებზე გაკრული ქარისაგან დამცავი ტენტი და აქა-იქ გაშლილი კაკალი, ლობიო და სიმინდია; რთული წარმოსადგენი იყო, რომ ადამიანები აქ საცხოვრებლად დაბრუნდებოდნენ.   

თამაზაშვილების მეზობლად (სოფელი იმდენად პატარაა, რომ თითოეული ადგილობრივი თავისუფლად შეიძლება ერთმანეთის მეზობლად ჩავთვალოთ) ეთნიკურად ოსი ცოლ-ქმარი: ტრისტან ბესტაევი და ლუდა დოგუზოვა ცხოვრობენ.

ოჯახის უფროსი ვაზს კრეფს, თუმცა საუბრისთვის მალევე იცლის და გვიყვება, თუ როგორი რთულია კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფელში ცხოვრება, როგორ წვალობს, როდესაც ბაღში მოყვანილი ვაშლის, ყურძნისა, თუ პომიდვრის გასაყიდად „იქით“ წაღება, ტრანსპორტის გარეშე უწევს. „იქით“ რუსი სამხედროების მიერ კონტროლირებადი ზონა და ცხინვალია, ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილება კი დღეში მხოლოდ ორჯერ, ორსაათიან ინტერვალებშია შესაძლებელია.    

„ქართული პასპორტი არ გვაქვს, ოსური საბუთებით ვსარგებლობთ. კვირაში მხოლოდ 4-ჯერ გიშვებენ ცხინვალში. იქით გადასვლა დილის 9-დან 11 საათამდე შეგიძლია, უკან კი 14-დან 16 საათამდე თუ არ დაბრუნდი, გამშვებ პუნქტთან არც ადრე და, მითუმეტეს, არც გვიან მისულს აღარ გაგატარებენ. რუს სამხედროებს რაღაც სია აქვთ შედგენილი და იქ თუ არ ხარ ჩაწერილი, აქეთ-იქით ვერ ივლი. ჩემი შვილი სოფელ დმენისშია გათხოვილი და ჩვენს სანახავად ვერ ჩამოდის _ სიაში ვერ მოხვდა“, _ გვიხსნის ტრისტან ბესტაევი, ამ დროს კი სახლიდან მისი მეუღლე გამოდის და საუბარში ერთვება _ „ცოტა მარტივად თქვი კაცო, ციხეში ხარ, ციხეში! ვითომ არა ხარ, მაგრამ ხარ!“.

ტრისტანსა და მის მეუღლეს ზარდიაანთკარის დატოვება პირველად 90-იანი წლების კონფლიქტისას მოუხდათ. 1997 წელს, უკან დაბრუნებულებს, სახლი განადგურებული დახვდათ. ამ დროიდან მოყოლებული ცხოვრება თავიდან დაიწყეს, მცირე მეურნეობაც შექმნეს, თუმცა 2008 წლის ომის გამო ოჯახს ისევ ცხინვალში წასვლა მოუწია: „ომის დასაწყისმა ჩვენს თვალწინ ჩაიარა, ეს ნამდვილი წამება იყო, ჩვენ შორის ოსისა და ქართველის გარჩევა არც ადრე ყოფილა და არც ახლაა, უბრალოდ ვიღაცას ასე აწყობდა და ცხოვრება დაგვინგრია“, _ ამბობს ლუდა დოგუზოვა.

ოჯახი ზარდიაანთკარში 2008 წლის აგვისტოს ბოლოს დაბრუნდა, როგორც ამბობენ, გარკვეული პერიოდი სოფელში სულ 3-4 ოჯახი სახლობდა.

დღეისათვის ზარდიაანთკარში სულ ორი ოსური ოჯახი ცხოვრობს, ეთნიკურად ოსი 4 ოჯახი კი პოსტის ზედა მხარეს _ ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორისაა მოქცეული. მათგან ერთ-ერთი ტრისტან ბესტაევის ძმაა, თუმცა ძმებს სახლებს შორის განთავსებული საგუშაგო ურთიერთობაში ხელს არ უშლის. 

მასპინძლები ამბობენ, რომ კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფელში ცხოვრება რთულია, მატერიალური პრობლემების გარდა კი სამედიცინო დაწესებულების არარსებობაც აწუხებთ _ „ექიმთან წასვლა თუ დაგვჭირდა, „იქით“ გადავდივართ, როგორც გითხარით, ქართული საბუთები არ გვაქვს. შეგვპირდნენ გაგიკეთებთო, მაგრამ ქართული პასპორტი რომ ავიღოთ, შეიძლება შვილის სანახავად საერთოდ აღარ გადაგვიშვან, ასე თუ მოხდა, აქაურობის დატოვება მოგვიწევს. არ ვიცით, რა იქნება მომავალში, ძნელია სახლისა და მამულის მიტოვება, თუმცა, სახლს ყველგან ააშენებ, ცხოვრება და შვილები კი ადამიანს ერთხელ გეძლევა და რად მინდა ან სახლი, ან სიცოცხლე, თუკი ჩემს შვილს ვეღარ ვნახავ?!“

სოფლის ბოლოს ქართული საგუშაგოს განთავსების შემდეგ, ზარდიაანთკარში დაბრუნებული კიდევ ერთი ოჯახის დიასახლისი ეზოში საქმიანობს. ციცინო ელიკაშვილი მეუღლესთან ერთად გორიდან სახლში შარშან დაბრუნდა, თუმცა ხანძრისა და 4-5 წლის მანძილზე უპატრონობით დაზიანებული სახლის აღდგენა დახმარების გარეშე უჭირთ.

გასულ წელს ციცინო ელიკაშვილსა და მის მეუღლეს იმ დროს შევხვდით, როდესაც ეზოში ჭას თხრიდნენ. მატერიალურად მაშინაც უჭირდათ, რის გამოც შვილების დატოვება გორში მოუხდათ. მასპინძელი ამბობს, რომ დღეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ეზოში მოწეული მოსავალი და სოციალური დახმარებაა, თუმცა ოთხსულიანი ოჯახისთვის ეს ძალიან ცოტაა.

„ეკონომიკურად ძალიან უჭირს ხალხს, რთულია მთავრობის დახმარების გარეშე აქ რამის მიღწევა. სოფელში სამსახური საერთოდ არავის აქვს, თუმცა, მადლობა ღმერთს, დავბრუნდით და სახლებში გაჩერება საშიში აღარაა. 13-14 წლის ქალ-ვაჟი მყავს, ამ წლის დასაწყისში გორიდან ჩვენთან გადმოვიყვანეთ, მერეთის საჯარო სკოლაში დადიან, მაგრამ აქაც პრობლემაა _ ტრანსპორტი არ მოძრაობს, რის გამოც ბავშვებს 4 კილომეტრზე წინ და უკან სიარული ფეხით უწევთ. ახლა კიდევ არაუშავს, მაგრამ ზამთარში?! მავთულხლართებს რომ აბამენ, ზოგჯერ მეშინია კიდეც, მაგრამ ჩვენი სამართალდამცავების იმედი მაქვს; არადა ჩვენ, ქართველებს და ოსებს ნათესაობა გვაკავშირებს, დაბალი ფენის ხალხს კი გასაყოფი საერთოდ არაფერი გვაქვს“, _ გვემშვიდობება ციცინო ელიკაშვილი და გვთხოვს, რომ კიდევ ვესტუმროთ.

სოფლიდან მოვდივართ, ჩვენს შესახვედრად შეკრებილი ადგილობრივებიც ნელ-ნელა ასრულებენ საკუთარ გასაჭირსა და პოლიტიკაზე საუბარს და საქმეებს უბრუნდებიან. ზარდიაანთკარში ერთხელ მაინც თუ მოხვდით, მალევე დარწმუნდებით, რომ აქაურებისათვის ყურადღება მნიშვნელოვანია, დახმარება კი მათთვის, უბრალოდ, სასიცოცხლოდ აუცილებელია.

პოლიციის თანამშრომლები დიცისაკენ მიმავალ უმოკლეს გზას გვიჩვენებენ, იქაურ საგუშაგოს ჩვენ მარშრუტს ატყობინებენ და გვემშვიდობებიან. 

სოფელ დიცის გარშემო ხმაური პირველად 2013 წლის მაისის ბოლოს ატყდა, მაშინ რუსმა სამხედროებმა ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გავლების სამუშაოები დაიწყეს. შემდეგ შეწყვიტეს, მერე ისევ განაახლეს და ეს სამუშაოები 17 სექტემბრამდე გაგრძელდა.

ილია ბერუაშვილი დედასთან ერთად სოფელში გამავალი ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ცხოვრობს და ერთ-ერთი პირველია, ვინც დე-ფაქტო საზვარზე მომხდარ ამბებს იგებს.

ბოძებზე დამაგრებულ რკინის ბადეებთან ახლოს ცხოვრება კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ მას რუს სამხედროებთან ხშირად უწევს კამათი. იყო შემთხვევები, როცა „დაუპატიჟებელი სტუმრების“ გაყრა საკუთარი ბაღიდანაც მოუხდა.

ილია ბერუაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი ბოლო შელაპარაკებისას, როდესაც დე-ფაქტო რესპუბლიკის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსს სასაფლაომდე მისასვლელი სამანქანო გზის დატოვებას სთხოვდა, რობერტ გაზაევმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა ქართველი სამართალდამცავების ადგილზე მისვლის შემდეგ ეს ფაქტი უარყო, რაც მომხდარის შემსწრე რუსმა სამხედროებმაც დაუდასტურეს _ „ძნელია, როცა ვიღაც მიწას გართმევს და თან შეურაცხყოფას გაყენებს. არ ვიცი რუსი სამხედროები რას აპირებენ. ერთი პერიოდი ისე ღობავდნენ, რომ ბაღებსა და სახლებს ჩვენს მხარეს ტოვებდნენ, მერე მიწაში ჩასობილი ბოძები ამოიღეს და წაიღეს“.

უამრავი სირთულის მიუხედავად, ილია ბერუაშვილს სოფლის დატოვებაზე არასდროს უფიქრია _ „ეს ჩემი სოფელია, პაპაჩემის ნაყიდია ეს მიწა-წყალი, აქ გავიზარდე, მამა აქ დავკრძალე, ჩემი ახალგაზრდობა, რაც ვისწავლე, რაც ვიშრომე, აი აქ ჩანს, აქ დევს ყველაფერი. სხვაგან მე რა მაქვს? სად უნდა წავიდე?! როგორია ჩემი ცხოვრება? ალბათ ჩვეულებრივი, შევეგუეთ ამ სიტუაციას. მართალია ოკუპანტები ადრე ასე ახლოს არ იყვნენ, მაგრამ რაც დავკაცდი, აქ სულ ომია“.

მომავალს იმედიანად უყურებს, ომის დროს დაზიანებულ კარ-მიდამოს უვლის და სურს, რომ მეურნეობა აღადგინოს, თუმცა დახმარებას საჭიროებს, რადგან ომის შემდეგ, როგორც სასმელი, ასევე მთელი სოფლისთვის საზიარო პრობლემად ქცეული სარწყავი წყლის არქონა ბევრ დაბრკოლებას უქმნის _ „ცხოვრება ძნელია, ყველაფერი ახლიდანაა გასაკეთებელი, ძველ მასალას ვეწვალები და ხან რას ვაკეთებ, ხან რას. ომის მერე სასმელი წყალი არ მქონია, `ბოჩკებით~ ვეზიდები და ამ წყალს ვიზოგავ. ჩემი მეზობელიც ძალიან წვალობს, მეტრანახევარი თოვლი იცის აქეთ და მოხუც კაცს სასმელი წყლისთვის კილომეტრზე უწევს წასვლა. აბანოსთვის კი არ ვთხოულობთ წყალს? მხოლოდ დასალევად, რომ არ დავიხრჩოთ. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ თოვლს ვადნობთ და იმას ვსვამთ“.

სოფელში შემოდგომა იგრძნობა. ერთ-ერთი სახლის წინ ხის დაჭრილი მორები აწყვია, შარაზე მიმავალ ერთ ადგილობრივს მხარზე ღუმელში დასაწვავად „განწირული“ ხის მსხვილი ტოტი აქვს შემოდებული, მეორე ღვინის დასაწურად ემზადება და ხელში ვერმოხელთბულ ჭურჭელს წვალებით „მიერეკება“. ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს სულაც არ ჰგავს „მდიდარი და ბედნიერი“ სოფლის ზამთრისთვის მზადებას. წყლის არქონა კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე დიცში 2008 წლის შემდეგ გადაუჭრელ პრობლემადაა ქცეული, რის გამოც, თუკი „ადრე 100 ტონა ვაშლი იკრიფებოდა, ახლა ყველა ბაღი რომ შემოიარო შეიძლება 10 ტონაც ვერ მოაგროვო“.

ერთ-ერთ ოჯახს სოციალური დახმარება აქვს შეჩერებული, მეთორმეტეკლასელი გიორგის თანაკლასელი 15 მოსწავლიდან კი ყველას თბილისში წასვლა სურს, თუმცა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას მხოლოდ ნახევარი გეგმავს.

ბინდდება და დიციდან ქარელის რაიონის სოფელ დვანისკენ მივდივართ. სოფლამდე მისასვლელი გზა, რომელზეც ველოსიპედით მოსიარულეთა ბილიკები ყვითელი ხაზითაა გამოყოფილი, ახალდაგებულია _ როგორც აქაურებმა გვითხრეს, საგზაო სამუშაოებისას აქ უძველესი სამარხები აღმოაჩინეს. ასფალტის საფარი ქართულ საგუშაგოსთან წყდება, სოფლის შიდა გზა მტვრიანი და ქვაღორღიანია, წყლის არხზე გადებული, ალაგ-ალაგ ჩაღუნული რკინის სქელი ფირფიტები კი იმ ხიდს ქმნის, რომელიც ზედ გადასვლისას საშინელ ხმას გამოსცემს.

ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, იქ, სადაც მავთულხართები დვანსა და ოსურ სოფელ მუგუთს ჰყოფს, ახლა სამი სახლის ნანგრევებია. მთაზე რუსი სამხედროები დგანან და პერიმეტრს აკონტროლებენ _ ხან ერთი ჯარისკაცი ჩანს, ხან - ორი. ერთ-ერთი ნასახლარის ეზოში ჭრელნაჭრებშებმული ნატვრის ხე დგას, კანტიკუნტად მოსავალია დარჩენილი _ მიწაზე პატარა წითელი პომიდვრებია გართხმული, ხეებზე ალაგ-ალაგ ვაშლია შერჩენილი, იქვე კი უპატრონოდ დარჩენილი ქვევრია მიყუდებული.

მავთულხლართების გვერდით მდებარე 3 სახლი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 21 სექტემბრის ღამეს დაწვეს, თითქმის მთლიანადაა დაშლილი. შენობების დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ვარგისი საშენი მასალა: „არმატურა“, შიფერი და ცემენტის „ბლოკები“ ოდნავ მოშორებით აწყვია, აქვეა დახვავებული ჯართის დიდი გროვა, აივნის ლითონის რიკულები, რკინის სკამები და მილები.

ეს იმ სამი სახლიდან მორჩენილი სამშენებლო მასალაა, რომელთა დაშლაც მეზობლად მცხოვრებ ოჯახებს საკუთარი ხელით მოუწიათ. სოციალურ დახმარებას მათგან მხოლოდ ერთი ოჯახი იღებს. მახაჭაშვილებსა და კორაშვილებს დახმარება შეჩერებული აქვთ. აკაკი კორაშვილი, რომლის 9-წევრიან ოჯახს მე-7 თვეა რაც დახმარება შეუჩერდა, ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი გორში სასწავლებლად წასული შვილიშვილის დაბრუნებაა _ „გვითხრეს, ოჯახის წევრი რომ შემოგემატათ, ამის გამო საბუთების დალაგებაა საჭიროო“. მახაჭაშვილებს აინტერესებთ, მისცემს თუ არა სახელმწიფო ლტოლვილის სტატუსს, ასევე, ამბობენ, რომ სოციალური დახმარების მოხსნის მიზეზად ჯართის ჩაბარება ჩაუწერეს, აღდგენას კი დაჰპირდნენ და დაპირების რეალურობაში დასარწმუნებლად 20 ოქტომბერს ელოდებიან.

ამასთანავე, სამივე ოჯახი აღნიშნავს, რომ სამშენებლო მასალით „თბილისის განვითარების ფონდი“ დაეხმარათ.

მახაჭაშვილებს სახლის დაშლა მას მერე მოუწიათ, რაც გაიგეს, რომ მათი სახლი ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის იქით მოხვდებოდა და 38 წლის განმავლობაში ნალოლიავებ „კარ-მიდამოს მიწასთან გაასწორებდნენ“.  

„ჩემი სახლი აღარც კი ჩანს, გაპარტახებული და გაუბედურებულია იქაურობა. ერთი ჰექტარი შემოღობილი ნაკვეთი, 15 ძირი კაკლის ხე, ვაზი, ტყე, ორი წყარო, საკალმახე, ცენტრალური გათბობა და 10 სათავსო; წარმოიდგინეთ, ჯერ ეს ყველაფერი დამიწვეს, შემდეგ კი ჩვენი ხელით მოგვიწია მთელი ცხოვრების ნაწვალევის დანგრევა _ ეს ყველაზე დიდი საშინელებაა“, _ ჰყვება გივი მახაჭაშვილი, რომელიც მეუღლესთან ერთად შვილის სახლში ცხოვრობს.

მახაჭაშვილები ამბობენ, რომ ახალმა დე-ფაქტო საზღვარმა მათი ვაჟიშვილის სახლის უკან, 2 მეტრში უნდა გაიაროს და შესაძლოა მათი ბაღიც მოიყოლოს, რაც ცუდ ამბავთან ერთად სახიფათოცაა, რადგან ამ სახლში მათი 4-5 წლის შვილიშვილებიც ცხოვრობენ, რძალი კი შიშისგან დიაბეტით დაავადდა.

„ჩემი მეუღლე ჩვენს ძველ სახლში ვერ ადიოდა, უნდოდა ისევ ის ძველი კარ-მიდამო დარჩენოდა მეხსიერებაში. სახლის დაშლის შემდეგაც რომ ჰკითხოთ, რომელი ფიცარი სად იდოო, ზუსტად გეტყვით. დანგრევის შემდეგ დღეს პირველად ავიყვანე და ცუდად გახდა. 5 წლის შვილიშვილიც არ იყო იქ ნამყოფი, გამუდმებით ესმოდა დამწვარ სახლზე საუბარი და ამასწინათ მასაც ვაჩვენეთ იქაურობა. „რად დაგვიწვეს ბაბო სახლი, ცუდებია ოსებიო?“ მეკითხება, რა ვუპასუხო?! არ არიან ბებო ცუდები-მეთქი ვეუბნები. არადა ოსებთან კარგი ურთიერთობა გვქონდა, ომამდე 1 წლით ადრე ჩვენი შვილის ქორწილში 50 ოსი გვყავდა სტუმრად“, - იხსენებს ანო მახაჭაშვილი.

„არსად წამსვლელი მე არ ვარ, თუ სახლს ავაშენებ, ისევ აქ. მე რომ წავიდე, მერე სხვა წავა და დაიცლება დვანი, არადა იცით რა საყვარელი სოფელია?! ახლა მოსავლის აღების პერიოდია, მაგრამ, რომ გაიგეს, სახლები უნდა დაიშალოსო, 20-30 კაცი მოდიოდა და მეხმარებოდა, თავიანთი საქმე დატოვეს და მე მეხმარებოდნენ. აი, სად უნდა წავიდე აქედან?! რა წამიყვანს! ჩემზე უარესი სხვას გადახდა, ზოგმა შვილები, სახლ-კარი, მამა-პაპური საფლავი დაკარგა. ეს ადამიანები ცოცხლობენ, ვიცხოვრებთ ჩვენც!“ , _ გვემშვიდობება გივი მახაჭაშვილი.

მახაჭაშვილების სახლიდან ოდნავ მოშორებით, 2008 წლის შემდეგ აშენებულ ორ კოტეჯში აკაკი კორაშვილის 9-სულიანი ოჯახი ცხოვრობს. ოჯახში პენსიას ოთხი ადამიანი იღებს, მათ შორის აკაკი კორაშვილის 2 ვაჟია, რომლებიც 2008 წელს შეიარაღებულმა ოსებმა სცემეს და მას მერე ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.

მასპინძელი იხსენებს, რომ მავთულხლართებთან მდებარე მათი სახლი ჯერ გაქურდეს, შემდეგ დაწვეს, სულ ცოტა ხნის წინ კი რუსმა სამხედროებმა გააფრთხილეს, „აქ აღარ დაგინახოთ, წაიღეთ რისი წაღებაც გინდათ, თორემ მიწაში ავურ-დავურევთ ყველაფერსო“.

„გავკაფეთ ვენახი, კაკალი, ვაშლი...  ამ კოტეჯებში ვერ ვეტევით, ზაფხულობით იმ სახლში ავდიოდით და ვრჩებოდით, რომელიც დაგვანგრევინეს, ბეტონისგან აშენებული ოთახები გვქონდა და ისინი არ დაიწვა. 6 ვენახი მაქვს, სულ 3 ჰექტარი, ჰექტრის 30 მეასედი მინდორში გვაქვს და შიგნით ვეღარ შევდივართ, გვეშინია. აქ პომიდორი და ყურძენი მოგვყავს, თუმცა არაფერში გვყოფნის. შეგვპირდნენ სოციალურ დახმარებას აღგიდგენთო, მაგრამ ჯერ არ ვიცით რა იქნება“, _ ამბობს აკაკი კორაშვილი.

მესამე ოჯახი, რომელსაც კორაშვილების მსგავსად საკუთარი სახლის დანგრევა მოუხდა, ომის შემდეგ აშენებულ კოტეჯებში ცხოვრობს. მერაბ მეკარიშვილი მეუღლესთან, შვილებთან და მშობლებთან ერთად მავთულხლართების გვერდით მდებარე პირველივე სახლში ცხოვრობდა.

ოჯახში იხსენებენ, რომ ომამდეც „იქ სულ სროლები იყო, ოსი სამხედროები გვერდით იდგნენ და თუ პატარა პურს და საჭმელს არ მიაწვდიდი, ბავშვებს რომ არ დაეძინათ მთელი ღამე ისვროდნენ. ოსებს შტაბი ჩვენი სახლის გვერდით ჰქონდათ, ბედის ანაბარა ვცხოვრობდით. ამ გაჭირვების მიუხედავად, 2008 წლის 21 სექტემბრის ღამეს დამწვარ სახლში 2 ოთახი აღვადგინეთ, თუმცა, მას შემდეგ რაც ოსებმა შეგვატყობინეს, საზღვარი 50 მეტრით გადმოდის და გაიტანეთ რასაც გაიტანთო, ჩვენი სახლი ჩვენივე ხელით დავშალეთ, საშინელი გრძნობაა, თუმცა ოსი, ან რუსი რომ დაანგრევდა, ამაზე უფრო გვეტკინებოდა გული“.

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ორი ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაკარგა, ოჯახის უფროსი, მერაბ მეკარიშვილი ოპტიმისტურადაა განწყობილი: „ჩვენ იარაღი კი არ გვაქვს მოშვერილი?! უღელი გვადგას მხრებზე და ამის მოშორება გვინდა, მთავრობის დახმარების გარეშე ამას ვერ შევძლებთ. მხოლოდ ჩემზე არ ვლაპარაკობთ, ეს მთელი სოფლის გასაჭირია. არავის არ უნდა აქედან წასვლა. თუ ეს უღელი უკიდურესად არ მოგვიჭერს, აქედან არავინ წავა, იმიტომ, რომ ამ უბედურებას მივეჩვიეთ. აი ახლაც, სახლის აშენებაზე რომ ვფიქრობ, ისევ სოფლის ბოლოსკენ მიმიწევს გული, სხვანაირი სიყვარული გვაქვს ალბათ აქაურობისა“.

ღამდება და 21 საათისთვის სოფელი თითქმის მთლიანად ჩაბნელებულია. ერთადერთი, რაც სინათლეს გამოსცემს, ალაგ-ალაგ, სახლებში ანთებული ნათურები, კანტი-კუნტად მოძრავი მანქანები და ბავშვების ველოსიპედის „დინამოებია“. ამის ფონზე კარგად ჩანს განათებული რუსული ბაზა.

გამთენიისას სოფლის საფიხვნოში მოსახლეობაა შეკრებილი და მათი ნაწილი „ნარდს აგორებს“. სოფლის სკოლაში ვაპირებთ მისვლას. ეს ის ობიექტია, რომელიც ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, მავთულხლართების მახლობლად აღმოჩნდეს.

გზად შემხვედრი ერთ-ერთი სახლის კარზე ცარცით 41 აწერია, იქვე მდებარე ბოძზე კი „ქართული ოცნების“ დროშა ფრიალებს. მიუხედავად ამისა, ამ და კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სხვა სოფლის მცხოვრებლებთან საუბარში იგრძნობა, რომ მათთვის მთავრობა არა რომელიმე პოლიტიკური გუნდი, არამედ ის ჯგუფია, რომელიც პირველ რიგში მათ უსაფრთხოებაზე, შემდეგ კი იმ პრობლემების მოგვარებაზეა პასუხისმგებელი, ასე რომ აწუხებთ და დაბრკოლებებს უქმნით მათ. 

სკოლის გარშემო ადგილობრივთა ბაღები და საცხოვრებელი სახლებია. შესასვლელი კარის გვერდით, კედელიდან  დიდი ყავისფერი ასოებით შესრულებული წარწერის ავტორი „გვესალმება“, ისევე როგორც მიშო და ცარცით შესრულებული, ნახევრად გადაშლილი ავტოგრაფების ავტორები. სკოლის შესასვლელში თეთრ ფონზე გაკეთებული შავი წარწერა გხვდება თვალში _ „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“.

დვანის საჯარო სკოლა დამწვარი იყო, სასწავლო პროცესი აქ 2010 წლის 20 იანვარს აღდგა. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რამაზ მედოიძე ამბობს, რომ ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავშირებით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ბავშვები სკოლაში ჩვეულებრივ დადიან და ამით სასწავლო პროცესი არ ფერხდება, თუმცა შიშობს, რომ სკოლის სიახლოვეს მავთულხლართების გაბმის შემთხვევაში სიტუაციის გაკონტროლება გართულდება.

„სამწუხაროდ, ბავშვები მიჩვეულები არიან ყველაფერს, მათ შორის სროლებსაც. გასროლის ხმის გაგონებაზე ამბობენ _ ეს კარაბინია, ეს „AKშ“-ი. ძალიან მძიმეა, როცა ბავშვი გეუბნება _ „იქ მესაზღვრეებმა გაიარეს ძაღლით“, „იქ ბაზებია“, „გუშინ ჩვენი ნაკვეთი წაგვართვეს, ნეტა არ მოეხნა მაინც მამაჩემს“, ეს ყველაფერი მათ ფსიქიკაზე მოქმედებს. მავთულხლართების სკოლის მახლობლად გავლების შემთხვევაში ბავშვებისთვის ყურადღების მიქცევა გაჭირდება. ალბათ ერთ-ერთ მასწავლებელს, ან თანამშრომელს გამოვყოფ ეზოში მეთვალყურედ, რომ მოსწავლეები იქით მხარეს არ გადავიდნენ. ამას სირთულეები ახლავს თან, ბავშვი ცელქია და ცნობისმოყვარე, ასე რომ, ძალიან გაგვიჭირდება“, _ ამბობს რამაზ მედოიძე.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის საჯარო სკოლაში დღეს 135 მოსწავლე დადის. პირველ კლასში წელს მხოლოდ 7 ბავშვი მივიდა, მომავალ წელს კი მხოლოდ ორ ახალ მოსწავლეს ელოდებიან. მეორე-მესამე კლასელთათვის კლასკომპლექტებია შექმნილი. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი იხსენებს, რეგიონში პირველი არეულობის შემდეგ, როდესაც ვითარება ცოტათი დასტაბილურდა, შობადობა გაიზარდა და 1994 წლის 1 სექტემბერს პირველ კლასში 25 მოსწავლე მივიდა, რაც მაშინ საკმაოდ დიდი მაჩვენებელი იყო _ „2008 წლის შემდეგ ისე დაიფანტა ხალხი, შეიძლება კაცი აქ ცხოვრობდეს, მაგრამ ბავშვი სოფლის სკოლაში არ მიიყვანოს, ამხელა სოფლიდან 2-3 ბავშვი შედის პირველ კლასში“.

დვანის სკოლას 2014 წელს 15 მე-12 კლასელი ამთავრებს. ჟანა მამაგულაშვილს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რომელ უნივერსიტეტში, ან რა ფაკულტეტზე უნდა ჩაბარება, თუმცა ზუსტად იცის, რომ მას, როგორც მისი თანაკლასელების აბსოლუტურ უმრავლესობას, უმაღლესი განათლების მიღება და თბილისში წასვლა უნდა.

„სხვებს უკვირთ, მანდ როგორ სწავლობთო. აქ გასართობი არაფერია. სკოლაში კომპიუტერები გვაქვს, მაგრამ ინტერნეტი მხოლოდ ერთ კომპიუტერზეა. ინფორმატიკის საათი გვაქვს, მაგრამ რაიმე პროგრამა რომ ვისწავლოთ, მსგავსი არაფერია. ყველაზე მეტად გარემოსთან კომუნიკაცია გვაკლია, სოფელში ხარ ჩაკეტილი, აქ კი არაფერი ხდება, ტელეფონიც კი არ იჭერს გამართულად. ჩემი კლასელების 90% აქედან წასვლაზე ფიქრობს, არ მგონია ვინმეს სოფელში დაბრუნება უნდოდეს“, _ ამბობს ჟანა მამაგულაშვილი.

დვანიდან აძვში უნდა წავიდეთ. სკოლის გამოსასვლელში ორი პატარა მოსწავლე, სავარაუდოდ, პირველკლასელები, მათზე გაცილებით უფროს ბიჭს ეთამაშებიან, ერთ მათგანს ხელში პლასტმასის ავტომატი უჭირავს, მეორეს კი ცელოფნის ის შავი პარკი, რომელშიც სათამაშო ჰქონდათ შენახული.

სოფლის ცენტრში გამოვლისას უცხოობის შეგრძნება გიჩნდება. ადგილობრივები ცნობისმოყვარე თვალებით ჯერ უცხო მანქანას აკვირდებიან, შემდეგ კი მასში მსხდომთა პროფესიის გამოცნობას ცდილობენ, ჩამოსვლის მიზეზს ისედაც ხვდებიან _ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრები და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.

აძვისაკენ მიმავალ გზას გაჩერებაზე მდგომ ორ ქალბატონს ვეკითხებით. რამდენიმე წუთში გზას ერთად ვაგრძელებთ. მგზავრები მეჯვრისხევში ცხოვრობენ და უკვირთ, „რატომ არაა მეჯვრისხევი კონფლიქტის ზონა, მავთულხლართები და საგუშაგოები ხომ აქაცაა! საღამოობით ბავშვები რომ იკრიბებიან, რუსული ბაზებიდან პროჟექტორებით ამოწმებენ - რა ხდება. თან ერთი ჩვენი თანასოფლელის შვილი ჰყავთ დაჭერილი რუსებს, იცით რა კარგი ბიჭია?!“.

ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის მეჯვრისხევში მშობლებთან ჩასული 24 წლის ბექა თითქმის ერთი წლის წინ დააკავეს. საზღვრისპირა ბაღში საქონელს აძოვებდა, როცა რუსმა მესაზღვრეებმა დაიჭირეს და ცხინვალის ციხეში წაიყვანეს. „ამბობენ, 2 წელი აქვს მისჯილიო, ვითომ ტელეფონით ფოტოებს იღებდა, არადა ძალიან უბრალო მობილური აქვს. წითელი ჯვრის დახმარებით ჩავდივარ ცხინვალში და იქ ვნახულობ შვილს, ყოველ მისვლაზე, სანამ სანახავადად გამოიყვანენ, იმის შიში მაქვს, როგორი დამხვდება, როგორი იქნება. სულ სამი ქართველი ჰყავთ დაჭერილი, ერთი დვანელი ბიჭიცაა, ისიც საზღვრის დარღვევისთვისაა დაკავებული. როცა ჩვენებს ვაკითხავთ, ერთ ოთახში გამოჰყავთ, ვსხედვართ და ვლაპარაკობთ. არავინ გისმენს, არავინ გადგას თავზე. მოპყრობას არ ემდურიან, თუმცა ჩემს შვილს ადვოკატი სულ ერთხელ ჰყავს ნანახი“, _ ჰყვებიან ბექას მშობლები და რამდენჯერმე გვთხოვენ, „ამ ამბავმა“ ცხინვალამდე არ ჩააღწიოს, რომ შვილს საქმე არ გაურთულდეს _ „იქ ჩვეულებრივად უყურებენ ქართულ არხებს“.

ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, 2012 წლის სექტემბრიდან, ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით, საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 35 მოქალაქე დააკავეს, 2013 წლის იანვრიდან სექტემბრამდე კი ამ რიცხვმა 113-ს შეადგინა, დაკავებულთა შორის 11 ქალი და 7 არასრულწლოვანია.

მეჯვრისხევიდან აძვისაკენ ვაგრძელებთ გზას. ეს ერთ-ერთი ბოლო სოფელია, სადაც რუსმა სამხედროებმა მავთულხლართები გაავლეს. ქართული საგუშაგოს გავლის შემდეგ  იმას ვაწყდებით, რასაც კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფელში ყველაზე ნალებად ელოდები _ ერთ-ერთ ოჯახში მუსიკაა ჩართული, რამდენიმე ადამიანი კი სახლს არემონტებს.

ბალამწარაშვილები ორ ქართულ საგუშაგოს შორის ცხოვრობენ. იმედი აქვთ, რომ სიტუაცია დაწყნარდება, აბა სულ ასე ხომ არ ვიქნებითო?! _ ამბობენ. 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის დროს სოფელი არ დაუტოვებიათ, რადგან ომის სიმძიმე დიდად არ უგრძვნიათ _ „ჩვენს სოფელს ომი დიდად არ შეხებია. ეს გზა ცხინვალთან დამაკავშირებელი გზა იყო, აქ გამოიარა ტექნიკამ და ჯარმა. არავინ არ შეგვხებია, გამოიარეს, გაიარეს. ხომ ხედავთ კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე რუსული ბაზაა, არადა, ბაზა კი არა, მაგ მაღლობზე რამე თუ გაკეთდებოდა არც დამესიზმრებოდა. 90-იანი წლებიდან ხალხმა ომში შვილები დაკარგა, ოჯახები დაიკარგა, ქონება _ გაქრა, თუკი ჩვენც ის გვიწერია, რომ მათ რიცხვში ჩავეწეროთ, რას ვიზამთ, მაგრამ იმედი გვაქვს რომ ასე არ მოხდება“.

ნანული ბალამწარაშვილი იხსენებს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც რუსი სამხედროების კოლონა უკან ბრუნდებოდა, ერთ-ერთი მანქანა მათი სახლის კართან გაჩერდა და რუსმა ჯარისკაცმა პური სთხოვა _ „ძალიან გვშია, უჭმელები ვართ და თუ შეგიძლიათ დაგვეხმარეთო. შეშინებულები რომ ვიყავით, საჭმელი უცბად მივაწოდეთ, უკვე ეზოდან გადიოდა როცა უკან მობრუნდა და გვითხრა _ „ჩვენ გვითხრეს საქართველოში ჩეჩნების მაგვარი ხალხი ცხოვრობსო“, მადლობა გადაგვიხადეს და წავიდნენ“.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ 2008 წლამდე ოსებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა ახლა რუსები დგანან და ოსებს ქართველებთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევენ.

საგუშაგოსთან მდებარე ბოლო სახლის ღობე მანქანის ბორბლებითაა შეკოწიწებული. ეთნიკურად ოსი გალინა ბალამწარაშვილი ამბობს, რომ ბლოკპოსტის გვერდით ცხოვრება არ არის სასიამოვნო, რადგან ცუდი შეგრძნებაა, როცა შენი დაცვა უწევთ.

„და-ძმა იქით მხარეს მყავს და მიუხედავად იმისა, რომ ოსი ვარ, საზღვარზე გადასვლის საშუალებას არ მაძლევენ. ცოტა ხნის წინ ჩემმა ძმამ რამდენიმე დღით მოახერხა ჩამოსვლა. 20 წელი არ მყავდა ნანახი, თავი სიზმარში მეგონა“, _ ამბობს გალინა ბალამწარაშვილი.

ამ დროს საუბარში ბალამწარაშვილების მეზობელი, ნუნუ ელიოზიშვილი ერთვება _ „უნდა შევრიგდეთ შვილო, სხვა გამოსავალი არ არსებობს. ოდითგანვე ერთად ვიყავით და იყო დრო, როცა ოსები აძვის სკოლაში სწავლობდნენ. გამსახურდიას ერთმა ნაბიჯმა ნელ-ნელა ამ შედეგამდე მიგვიყვანა. ასეა თუ ისე, უნდა შევრიგდეთ, სხვა გზა არა არის, ჩვენ შორის მესამე არ უნდა იყოს ჩარეული!“

სამხედრო ბაზებით წარმოდგენილი „მესამე“ აძვიდან კარგად ჩანს და არც რამე ნიშანი ჩანს იმისა, რომ ქართველებსა და ოსებს შორის „ჩარევას აღარ აპირებდეს“. საზღვრისპირა სოფლებში კი ზამთარს ელოდებიან.  

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^