რამდენიმე თვის წინ თბილისში პარტიზანი მებაღეები გამოჩნდნენ. სოციალური ქსელებით გაერთიანებული ადამიანები ქალაქის სხვადასხვა ადგილას ხეებს რგავენ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დედაქალაქის სარეკრეაციო ზონები თანდათან შემცირდა. გამწვანებულ ტერიტორიებსა თუ პარკებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რასაც ხეების ჭრა მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დედაქალაქის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური თავის ფუნქციებს არ ასრულებს და ქალაქის გამწვანება მოქალაქეებმა საკუთარ თავზე აიღეს. თბილისის მერია კი ამ შეფასებებს გადაჭარბებულად მიიჩნევს
8 ივლისს ასათიანის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე, 42 ხე მოიჭრა. ახალი მფლობელი ამ ადგილას საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავს. თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურში აცხადებდნენ, რომ ნებართვა დაავადებული ხეების მოჭრაზე გაიცა, თუმცა გარემოს დაცვის სამინსიტროს ექპერტებმა დაადგინეს, რომ მოჭრილი ხეების დიდი უმრავლესობა დაავადებული არ იყო.
ხეების მოჭრიდან დაახლეობით ერთი კვირის შემდეგ "ფეისბუქზე" ახალი გვერდი - "პარტიზანული მებაღეობა თბილისში" - შეიქმნა. დაბნეულ მომხმარებლებს მალევე აუხსნეს, რომ საინიციატივო ჯგუფი ქალაქში კონკრეტული ადგილების შერჩევას და პარტიზანულად, საკუთარი ინიციატივით გამწვანებას გეგმავდა. ამ საქმეში მონაწილეობის მიღება კი თითოეულ მოქალაქეს შეეძლო.
თბილისის მთავარი პარტიზანი მებაღე პროფესიით მხატვარ-რესტავრატორი ნატა ფერაძეა. ბოლო წლებში გამწვანების საკითხებით დაინტერესდა, სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდა, როგორც თვითონ ამბობს, ქალაქის გამწვანებას სხვადასხვა ლეგალური გზით ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მოგვიანებით სამსახურიდან წამოვიდა და ზაჰესში საკუთარი კერძო მეურნეობა მოაწყო. მეურნეობას შაბათ-კვირას "ზაჰესის მწვანე სკოლის" მოსწავლეებიც სტუმრობენ. თბილისში დარგული ნერგებიც თავიდან ნატას სწორედ პირადი მეურნეობიდან მოჰქონდა.
"ის, რაც დღეს ქალაქში ხდება, სრულიად არაადეკვატურია. გამწვანების სამსახური რომ კარგად და პროფესიონალურად აკეთებდეს იმას, რაც ევალება, ცხადია, ჩვენ ამ საქმით არ დავკავდებოდით. მოჭრეს უამრავი ჭადარი და ჯუჯა, დეკორატიულ ხეებს რგავენ, სრული ეკოლოგიური კოლაფსი გვემუქრება. ამიტომ მივეცი თავს უფლება თვითმარქვია პარტიზანი გავმხდარიყავი. ვრგავთ ყველაფერს, რაზეც ხელი მიგვიწვდება", - ამბობს ნატა.
თითქმის 4 თვის შემდეგაც საინიციატივო ჯგუფი ოფიციალურად არ დარეგისტრირებულა. ნატა ამბობს, რომ ორგანიზაციად ჩამოყალიბებას არც აპირებენ. არც სტაბილურ დაფინანსებას ეძებენ. დღემდე ყველა აქტივობა სოციალური ქსელით, ამ გვერდზე იგეგმება. თუკი პირველი რამდენიმე აქციისთვის ნერგები ნატას მეურნეობიდან მოჰქონდათ, მოგვიანებით სხვადასხვა ორგანიზაციამ მათთვის ნერგების შეღავათიან ფასად შეთავაზება დაიწყო. ზოგჯერ მიწას, ბამბუკის სარებს ან სხვა საჭირო ნივთებსაც ჩუქნიან. მოქალაქეებმა რამდენჯერმე თავადაც შეიძინეს ნერგები. ამავე გვერდის მეშვეობით, პარტიზანები იმ ადგილებს ინაწილებენ, რომლებსაც ყურადღებას მიაქცევენ, მორწყავენ და მოუვლიან. "ნარგავების მონიტორინგის" შედეგებიც აქვე ქვეყნდება. რამდენჯერმე პარტიზანებს თანხაც აჩუქეს. მის ხარჯთაღრიცხვას მთავარი პარტიზანი დანარჩენებს აბარებს, დარჩენილ თანხას კი მომავალი აქციებისთვის ინახავს.
“ამ ადამიანებმა არ ისურვეს ვინაობის საჯაროდ გამხელა. არც იმ მაღაზიებს უთხოვიათ რეკლამა, რომლებიც ან სარებს გვჩუქნიან, ან ნერგებს გვაძლევენ ფასდაკლებით. ამას თითქმის ყველა სრულიად გულწრფელად, უანგაროდ აკეთებს. მიხარია, რომ ნელ-ნელა ამ საქმის ირგვლივ საზოგადოება ერთიანდება და იკვრება", - ამბობს ნატა.
თბილისში დაწყებული მოძრაობის გააქტიურების შემდეგ პარტიზანები ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმშიც გამოჩნდნენ.
პარტიზანული მებაღეობა, როგორც მოძრაობა და აქტივიზმის ფორმა, თბილისზე ბევრად უფრო დიდი ურბანული ქალაქების რეალობაში გაჩნდა, როგორც მოქალაქეების პასუხი მწვანე საფარის სიმცირეზე. პარტიზანები პირველად 1973 წელს, ნიუ-იორკში გამოჩდნენ, როდესაც აქტივისტი ლიზ ქრისტი ე.წ. „მწვანე პარტიზანებთან“ ერთად ჰიუსტონის უბნის გამწვანებას ცდილობდა.
ნახევრადოფიციალური განმარტებით, პარტიზანული მებაღეობა ნიშნავს მებაღეობას მიწაზე, რომლის გამოყენების უფლებაც ამ ადამიანებს კანონით არ აქვთ. ლონდონი, მანჩესტერი, ნიუ-იორკი, მელბურნი, კოპენჰაგენი, ამ და სხვა ქალაქებშიც ენთუზიასტი მებაღეები თავისი ქმედებით ხელისუფლებას ერთგვარ პროვოკაციას უწყობენ და მოთხოვნას - „მეტი სიმწვანე ქალაქში“ - თავადვე ასრულებენ. ზოგიერთი ამ ყველაფერს მართლაც პარტიზანულად, ღამით აკეთებს, ზოგი კი, პირიქით, ოფიციალური პირებისა და მოსახლეობისთვის დასანახ დროსა და ადგილას. პარტიზანი მებაღეები 30-ზე მეტ ქვეყანაში არიან. 2007 წლიდან კი ყველა ამ ქვეყანაში ტრადიციულად 1 მაისს, მზესუმზირებს რგავენ.
პარტიზანები თბილისში, ხეების დარგვასთან ერთად, მწვანე საფარის შემცირებას საპროტესტო აქციებითაც უპირისპირდებიან და ამაში დედაქალაქის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს ადანაშაულებენ. გასული ზაფხული ამ მხრივ საკმაოდ აქტიური იყო. განსაკუთრებული ხმაური მოჰყვა ასათიანის პარკისა და კუს ტბის ფერდობზე ე.წ. "ციყვების" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიას პარკის სტატუსი ოფიციალურად არასდროს ჰქონია. მაგრამ მოსახლეობა ამ ადგილს "დელისის ფილტვებს" უწოდებს და მის განაშენიანებას კატეგორულად ეწინააღმდეგება. ეჭვები არსებობს როგორც ხეების მოჭრის, ისე ხმობისა და მთლიანად, ტერიტორიის გასხვისების სქემასთან დაკავშირებითაც.
გარემოს დაცვის სამინისტრომ, რომელსაც დედაქალაქის გამწვანების მონიტორინგის ფუნქცია კანონით არ აქვს, მოსახლეობას, ინვესტორ კომპანიასა და მერიას შუამავლობა შესთავაზა და მოჭრილი ხეების კვლევა ჩაატარა. ექსპერტების დასკვნით, მოჭრილი ხეების უმეტესობა დაავადებული არ იყო. ნაწილს კი ისეთი მავნე ორგანიზმები აღენიშნებოდა, რომლებიც ხეების მთლიან ხმობას არ იწვევს და მკურნალობა შესაძლებელია.
საინიციატივო ჯგუფმა პროკურატურას მიმართა. ჯგუფის ხელმძღვანელი მარიკა ჩიქოვანი ამბობს, რომ ეჭვები არსებობს იმის შესახებაც, თუ რატომ დაიწყო ბოლო პერიოდში ხეებმა ხმობა, როცა რამდენიმე თვით ადრე ჩატარებული კვლევების თანახმად, ხეები ჯანმრთელი იყო.
“მოსახლეობას აქვს ეჭვი, რომ ხეებს ხელოვნურად ახმობენ, ზოგს დაუნახავს, რომ სხვადასხვა საშუალებით, რაღაცებს ასხურებენ. მეორე საჩივარი სწორედ ამას ეხება. თუმცა, ისიც საეჭვოა, რატომ გასხვისდა ეს ტერიტორია პირდაპირი წესით სწორედ ამ კომპანიაზე", - ამბობს ჩიქოვანი.
2010 წლის მარტში, ეკონომიკის სამინისტრომ, ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორია, შენობა-ნაგებობებით და 32 935 კვ.მ მიწის ნაკვეთით, 2 400 000 ლარი საწყის ფასად, აუქციონზე გაიტანა. აუქციონის პირობებით 300-საწოლიანზე მეტი თავშესაფარი უნდა აშენებულიყო, მაგრამ აუქციონი ჩაიშალა, რადგან ტერიტორიის შესყიდვის არც ერთი მსურველი არ გამოჩნდა.
იმავე წლის ნოემბერში, ეკონომიკის სამინისტრომ, ტერიტორია შპს "სახელმწიფო მომსახურების ბიუროს" კაპიტალზე დარიცხა და უკვე დეკემბერში ხელშეკრულება შპს BD Property-სთან გააფორმა და ასათიანის 10-ში არსებული ქონება, 37 541 კვ.მ. მიწის ნაკვეთი თავისი შენობა ნაგებობებით 6 300 000 დოლარად პირდაპირი მიყიდვის წესით მიჰყიდა. ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია ქონებაზე საკუთარი შეხედულებისამებრ განახორციელოს საცხოვრებელი, ბიზნეს და/ან სხვა ტიპის შენობებისა და დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ამასთან ეკისრება ვალდებულება მესაკუთრედ რეგისტრაციიდან 3 წლის ვადაში განახორციელოს სულ მცირე 13 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია. ხელშეკრულებით განსაზღვრულია ისიც, რომ მყიდველს ამ ან ქალაქის ნებისმიერ ტერიტორიაზე 1200 კვ.მ ფართობზე პარკის მოწყობა დაევალოს.
2012 წლის 10 ოქტომბერს ტერიტორიის მფლობელმა BD Property-იმ თბილისის მერიასთან მრავალფუნქციური კომპლექსის ასაშენებლად განაშენიანების რეგულირების პროექტი შეათანხმა, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე ექვსი 24-სართულიანი და ორი 30-სართულიანი კორპუსის აშენებაა განსაზღვრული. მშენებლობის ნებართვა, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი 30-სართულიანი ნაგებობის ასაშენებლადაა გაცემული.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორია იმ სახელმწიფო ქონებისა და აქტივების ნუსხაშია, რომელთა გაყიდვითაც საქართველოს პარლამენტის მშენებლობის დიდი ნაწილი დაფინანსდა.
BD Property-ის პიარ-მენეჯერი ნინი გორგოძე ამბობს, რომ კომპანია ცდილობს, ხეები მაქსიმალურად შეინარჩუნოს. "მაგრამ ერთია სურვილი და მეორე მდგომარეობა: ეს ტერიტორია დიდი ხნის განმავლობაში მოუვლელი იყო და შესაბამისად, ხეების ნაწილი სანიტარულ ჭრას ითხოვს. ჩვენ ეს მიწა ყველა წესის დაცვით, კანონიერად შევისყიდეთ სახელმწიფოსგან. ავიღეთ ვალდებულებები, უზრუნველვყოფთ ამ ვალდებულებების შესრულებას და ამ პროცესს გამჭირვალედ ვახორციელებთ. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მოსახლეობასთან მოლაპარაკებაზე საუბარი არასწორად მიმაჩნია", - ამბობს გორგოძე.
მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი მალხაზ კუმელაური ამბობს, რომ ეს ადგილი ქალაქის გენგეგმით ყოველთვის სრულიად ჩვეულებრივი, სამშენებლო ფუნქციით დატვირთული ტერიტორია იყო, სადაც მშენებლობა დასაშვებია. "არ შეიძლება, ადამიანს იმის იურიდიული ინტერესი ჰქონდეს, რომ ვიღაცის კერძო საკუთრება ოდესმე სარეკრეაციო ბაღის ან სკვერის სტატუსის მატარებელი აღმოჩნდეს", - ამბობს კუმელაური.
ასათიანის პარკი ერთადერთი გახმაურებული ამბავი არ ყოფილა, როდესაც ქალაქში ხეები იჭრებოდა. ბოლო თვეებში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული კუს ტბის ფერდობზე ე.წ. "ციყვების" ტერიტორიაზე, კვების ობიექტის მშენებლობისთვის ნერგების ამოღება იყო. მოქალაქეთა პერიოდული პროტესტის მიუხედავად, შემოღობილი ადგილი მოსწორდა, ნერგები ამოიღეს და კომპანია მშენებლობას აგრძელებს.
2 500-მდე კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც ახლა ობიექტი შენდება, ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონის შუაგულში მდებარეობს. ეს ზონა კანონმდებლობით „ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიაა“ და აქ, პრაქტიკულად, ნებისმიერი სახის მშენებლობა დაუშვებელია. თუმცა, ამ ნაკვეთს რამდენიმე წლის წინ სტატუსი შეეცვალა და "სარეკრეაციო ზონა 3" გახდა, სადაც მერიის თანხმობით სხვადასხვა ობიექტის მშენებლობა ნებადართულია.
2000 წელს ნაკვეთი ოფშორულ კომპანიაზე გასხვისდა, მოგვიანებით კი სახელმწიფოს დაუბრუნდა და თბილისის თვითმმართველმა ერთეულმა 2011 წელს აუქციონზე გაყიდა. აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველს ორსართულიანი რესტორანი უნდა აეშენებინა საბანკეტო-საკონცერტო დარბაზით.
2011 წლის 19 ივლისს ჩატარებულ აუქციონზე ტერიტორია შპს „ოტიუმმა“ 650 000 ლარად შეიძინა. „ოტიუმის“ მფლობელი, აუქციონის ჩატარების პერიოდში, სააქციო საზოგადოება სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი "ემ გრუპი" იყო. თავის მხრივ, "ემ გრუპ"-ის თანამფლობელი არჩილ გეგენავაა, რომელიც აუქციონის ჩატარების პერიოდში, საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“. მომდევნო პერიოდში, „ოტიუმის“ მფლობელი ჯერ შპს „ჰოლდინგ.ჯი“ გახდა (რომელიც არჩილ გეგენავას ძმას, ანდრო გეგენავას ეკუთვნოდა), ხოლო შემდეგ სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია EASTWEST HOLDING LTD-ის საკუთრება გახდა.
2013 წლის დასაწყისში ეს ტერიტორია კიდევ ერთხელ გაიყიდა და ამჯერად ის შპს „კოლორიტმა“ შეიძინა, თუმცა ამ უკანასკნელის თანამფლობელი ასევე "ემ გრუპ"-ია. ამასთან, საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „კოლორიტის“ მფლობელებს შორისაც ანდრო გეგენავაა.
"გაურკვეველია, თუ რატომ დაუქვეითდა ამ ნაკვეთს დაცვის ხარისხი ან რატომ მიიჩნია თბილისის მერიამ 2011 წლის ივნისში საჭიროდ მისი აუქციონზე გატანა. საბოლოოდ, ჯამში სახეზეა სიტუაცია, როდესაც ქალაქის მერიამ გაურკვეველი მიზეზით, სათანადო დასაბუთებისა და საჯარო განხილვის გარეშე გაასხვისა საზოგადოებრივ საკუთრებაში არსებული დაცული ტერიტორიის ერთი ნაწილი. დამატებით ეჭვებს წარმოშობს ის გარემოება, რომ ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი საბოლოო ბენეფიციარი პარლამენტის წევრი იყო იმჟამინდელი მმართველი პარტიიდან", - აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში".
ორგანიზაციაში ასევე განმარტავენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისის მერია ქალაქის სარეკრეაციო ზონების მომავლის შესახებ მნიშვნელოვნად გადაწყვეტილებებს ნაჩქარევად და სათანადო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე იღებს, ხოლო გადაწყვეტილების ბენეფიციარი თანამდებობის პირია. მაგალითად, 2011 წელს მერიამ მუშტაიდის პარკი 49-წლიანი იჯარით კომპანია „ჯეო გოლდს“ გადასცა, რომელსაც სარეკრეაციო ზონების მენეჯმენტის გამოცდილება არ ჰქონდა და თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ალექსანდრე ნიკოლაიშვილს ეკუთვნოდა.
რამდენიმე კვირის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მერია ვაკის პარკშიც გეგმავს მშენებლობას. ყოფილი რესტორან "ბუდაპეშტის" ადგილას სასტუმრო უნდა აშენდეს, რაც სპეციალისტთა და მოქალაქეთა ნაწილის აზრითაც, პარკს სრულიად დაუკარგავს ფუნქციას.
რაც შეეხება მერიის ოფიციალურ პოზიციას, მათი თქმით, მშენებლობასა და ჰაერის დაბინძურების შესახებ ქალაქში გადამეტებული აქცენტები კეთდება. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, გიორგი ქორქაშვილის განცხადებით, თბილისში არც ისე მძიმე სიტუაციაა, როგორც ამას არასამთავრობოები აღწერენ:
"ცოტა გაზვიადებულია ინფორმაცია, რომ იჩეხება ყველაფერი და მათ ნაცვლად რესტორნები შენდება. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, როცა მშენებლობაა დაწყებული და აღნიშნულ ტერიტორიაზე ნარგაობაა, ჩვენ სხვა ადგილას ვარგვევინებთ ხეებს ან, უკიდურეს შემთხვევაში, ვაჭრევინებთ და მერე საკომპენსაციოს ვახდევინებთ", - ამბობს ქორქაშვილი.
ის ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ასათიანის პარკთან დაკავშირებით გამოძიების შედეგებს ელოდება, "ციყვების" ტერიტორიაზე კი ყველაფერი სრულიად კანონიერად მოხდა და სადავო არაფერია.
სად არის გარემოს დაცვის სამინსიტრო? ეს კითხვა მთელი ამ ხნის განმავლობაში არა ერთხელ დაისვა. მაშინაც, როდესაც გარემოს დაცვის სამინსიტრომ ასათიანის პარკთან დაკავშირებით შუამავლობა ითავა, მოქალაქეები ამბობდნენ, რატომ უნდა იყოს სამინისტრო შუამავალი და არა მხარე?
გარემოს დაცვის სამინსიტრომ დედაქალაქის გამწვანებაზე ზრუნვის ფუნქცია ოფიციალურად მას შემდეგ დაკარგა, რაც თბილისის მერიაში ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური შეიქმნა. 2009 წლიდან დედაქალაქის მწვანე ნარგავებზე ზრუნვა და გამწვანების პოლიტიკის დაგეგმვა ამ სამსახურის ფუნქციაა. ხეების გაჩეხვისა და რეკრეაციული ზონების შემცირების გამო პროტესტიც, უმეტესად, მერიისკენაა მიმართული.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი ერეკლე ურუშაძე ამბობს, რომ ამ სამსახურს სასწრაფო რეფორმირება ესაჭიროება. ურუშაძე განმარტავს, რომ ეკოლოგიის სამსახურის ფუნქციები ორ ნაწილად იყოფა. ერთია - ქალაქში არსებული მწვანე ნარგავების მოვლა, მკურნალობა, დარგვა, გამხმარის მოჭრა და ა.შ. მეორე, ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგი და პოლიტიკის შემუშავებაა.
„შეიძლება ითქვას, რომ პირველ ფუნქციას ეს სამსახური ასრულებს ცუდად და მეორე ფუნქციას საერთოდ არ ასრულებს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არ გვინახავს ქალაქის გამწვანების არანაირი კონცეფცია, არანაირი სტრატეგიული დოკუმენტი, რა მდგომარეობა გვაქვს ამ კუთხით და როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი, რაში უნდა დაიხარჯოს 10-15 მილიონ ლარიანი ბიუჯეტი წელიწადში?"
ურუშაძე იმ ნორმების არარსებობაზეც მიუთითებს, რაზე დაყრდნობითაც, წესით, სამსახური უნდა ფუნქციონირებდეს. აგრონომები, ნორმატიული სტანდარტები, რომლებითაც თითქმის ყველა ქალაქში ხელმძღვანელობენ, თბილისისთვის ოფიციალურად არ არსებობს.
„დღეს არავინ იცის, რა ჯიშის ხეებია ჩვენი ქალაქისთვის პრიორიტეტული, რომელი სახეობის ხეს რა ტიპის მოვლა, როგორი ფორმირება, გადაბელვა სჭირდება. ან რის მიხედვით ფასდება, რომელია მოსაჭრელი და რომელი - არა?! ეს ყველაფერი სრულიად სპონტანურად ხდება, ცხადდება ტენდერები და ისიც გაუგებარია, რის მიხედვით. უამრავი ფაქტია, როდესაც გამხმარი ხეების გვერდით სრულიად ჯანსაღი ხეები იჭრება. ვაკის პარკში მთელი ხეივანი გადახმა იმის გამო, რომ წლების განმავლობაში, არ უტარდებოდა მკურნალობა. გაიარეთ ქალაქში, რა დღეშია ცაცხვი, ცხენისწაბლი, ფიჭვი. საერთოდ არ ჩასტარებია მკურნალობა“, - ამბობს ურუშაძე.
“უსაფრთხო სივრცის" ხელმძღვანელი ანა გაბრიაძე ისეთ შემთხვევასაც იხსენებს, როდესაც თბილისში კონკრეტული ხეების ფიტოსანიტარულ კვლევებსა და შეწამვლაზე 40 000-ლარიანი ტენდერი გამოცხადდა, მაგრამ ფირმას, რომელმაც გაიმარჯვა, სათანადო ინსტრუმენტებიც კი არ გააჩნდა.
ტენდერებზე საუბრისას ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები ორ ყველაზე მსხვილ ხარჯებს იხსენებენ. მაგალითად, აეროპორტის გზატკეცილის გამწვანებაზე, ბალახის, ბუჩქების დარგვასა და მორწყვაზე მილიონნახევრიანი ტენდერი გამოცხადდა, რაც ბევრად უფრო მეტია, ვიდრე თბილისის რამდენიმე პარკზე დახარჯული თანხა.
„აეროპორტის გზატკეცილის გამწვანების გარდა, მსხვილი ხარჯი იყო პოლიციის შენობების მიმდებარე ტერიტორიების მოვლა-პატრონობაზე გამოცხადებული ტენდერებიც. გამოდის, რომ თბილისში ხალხი სასეირნოდ ან აეროპორტის ტრასაზე დადის, ან პოლიციის შენობების ეზოებში", - ამბობს ურუშაძე.
“საერთაშორისო გამჭვირვალობის" წარმომადგენელი ეკოლოგიის სამსახურის მიერ ხეების ჭრაზე ნებართვების გაცემის გაუმართავ და საკამათო სისტემაზეც მიუთითებს: „კერძო პირს ხის მოჭრაზე შეიძლება მართლაც უთხრან უარი, ან დააჯარიმონ კიდეც, მაგრამ სხვა საქმეა, როდესაც საქმე მსხვილ იურიდიულ პირებს, კომპანიებს ეხებათ“.
ურუშაძე ამბობს, რომ ზოგადი დაკვირვებით, ხშირად, საზოგადოებრივ ტერიტორიებზეც, ტროტუარებზე, ჯანსაღი, მრავალწლიანი ხეები მხოლოდ იმ მიზეზითაც ხშირად მოუჭრიათ, რომ რომელიმე ბიზნესის, სავაჭრო ცენტრის ან მაღაზიის ფასადი კარგად გამოჩენილიყო.
ასეთ შემთხვევად ურუშაძე ჭავჭავაძის ქუჩაზე, ყოფილი ექიმთა დახელოვნების ცენტრის, ახლა კი სავაჭრო ცენტრის წინ მოჭრილ 10-12 ხეს იხსენებს. ამ სავაჭრო ცენტრის ისტორია კი, სავარაუდოდ, კოდუების ოჯახს უკავშირდებოდა.
გარემოსდამცველები მიუთითებენ, რომ კონკრეტული კონცეფციისა და აგროსტანდარტების გარეშე ისეთი აბსურდული სიტუაციები კიდევ ხშირად გვექნება, როგორიც ბარათაშვილის ქუჩაზე იყო, სადაც 120 კვიპაროსის დარგვისთვის, მერიამ 990 000 ლარი გადაიხადა.
გამწვანების სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს "გამადიდებელი შუშით" აკვირდება "უსაფრთხო სივრცეც". ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა გაბრიაძე შიშობს, რომ სანამ თბილისის მერიაში ხელმძღვანელობა არ შეიცვლება, ეკოლოგიური კატასტროფის რისკის წინაშე აღმოვჩნდებით. ამასთან ერთად დასახვეწია შესაბამისი კანონმდებლობაც.
სარეკრეაციო ზონებთან დაკავშირებულ ნორმებს თბილისის საკრებულოს დადგენილება არეგულირებს. დადგენილების თანახმად, არსებობს ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონები, რომლებიც მაღალი ხარისხითაა დაცული, როგორც კუს ტბის ფერდობები. აქ თითქმის ყველანაირი მშენებლობა აკრძალულია, გარდა ამ ტერიტორიის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურისა. თუმცა დანარჩენი სარეკრეაციო ზონები, პარკების უმეტესობა, მაგალითად, ვაკის პარკი, ვერის პარკი, კიკვიძის ბაღი და ა.შ. როგორც წესი, "რზ2 - რეკრეაციული ზონა 2-ის" სტატუსით სარგებლობს, სადაც თითქმის ყველაფრის აშენება ნებადართულია, საცხოვრებელი სახლის გარდა, კაზინო იქნება ეს თუ რესტორანი.
კანონმდებლობის დახვეწასა და აგრონორმების დადგენასთან ერთად, "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ამ სამსახურის სასწრაფო რეფორმირების მომხრეა.
„ცხადია, რომ დღევანდელი ხელმძღვანელობა თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს და ამიტომ უნდა შეიცვალოს. ამასთან უნდა დაიხვეწოს კანონმდებლობაც და დაწესდეს ნორმები, რომელთა მიხედვითაც ეს სამსახური შესაფერისად იმოქმედებს“, - აცხადებს ურუშაძე.
ეკოლოგიის სამსახურისა და მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მოთხოვნით, "საერთაშორისო გამჭვირვალობამ", "მწვანე ალტერნატივამ" და "უსაფრთხო სივრცემ" თბილისის საკრებულოს წელს, აპრილში მიმართეს და მიზეზებიც განმარტეს:
"2009 წლიდან დღემდე არ ჩატარებულა ნარგავების პასპორტიზაცია, არ არის დამტკიცებული პარკების საზღვრები, არც ერთ პარკს არ ჰყავს ადმინისტრაცია და მათ მხოლოდ ტენდერების საფუძველზე უვლიან. დაგეგმილი სამუშაოები არ ეფუძნება აგროსტანდარტების განმსაზღვრელ დოკუმენტს (ასეთი დოკუმენტის არარსებობის გამო), რაც იწვევს ტენდერების არასწორ დაგეგმვას და, მეორე მხრივ, შეუძლებელს ხდის სამუშაოს მონიტორინგს. ქალაქში შექმნილია უმძიმესი ფიტოსანიტარული მდგომარეობა, თუმცა არ ტარდება ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭირო ღონისძიებები", - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.
არასამთავრობოების განმარტებით, წესით, მერიის საქმიანობის რეალური კონტროლი საკრებულომ უნდა განახორციელოს, თუმცა, შეიძლება სამინსიტროსაც ჰქონდეს გარკვეული ბერკეტები იმისა, რომ ზედამხედველობა განახორციელოს თბილისის გარემოს მდგომარეობაზე, ანდა მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მოთხოვნის შესაბამისად, შეიქმნას თბილისის გარემოსდაცვითი კომიტეტი. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, პირველი პასუხისმგებელი რგოლი თვითმმართველი ერთეული უნდა იყოს და არა სამინისტრო.
ასოციაცია "მწვანე ალტერნატივას" აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე ამბობს, რომ სამინისტროს რეალურად რესურსიც არ ეყოფა იმისათვის, რომ ამგვარი მიკრომენეჯმენტი განახორციელოს და თითოეული ხის მოჭრაზე ნებართვა გასცეს, თუმცა, როდესაც დედაქალაქის გარემოზეა საუბარი, მისი აზრით, ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტროს გარკვეული ბერკეტები უნდა ჰქონდეს.
„გასაგებია, რომ არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტი, რომლითაც სამინსიტრო თვითმმართველობის საქმიანობაში ჩაერევა, მაგრამ როდესაც დედაქალაქის გარემოს შეუქცევადი ზიანი ადგება, ვფიქრობ, არსებობს გარკვეული მექანიზმები, რომელთა გამონახვაც არის საჭირო და თუ ასეთი არ არსებობს, მაშინ მათი შექმნაა აუცილებელი“, - ამბობს გუჯარაიძე.
ანა გაბრიაძე ფიქრობს, რომ სამინისტროზე მეტად, ამ ეტაპზე, პროკურატურის აქტიურობა უფრო საჭიროა. "გაუგებარია, რატომ არ იძიებენ ამდენ გახმაურებულ საქმეს. მათი აქტივობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ახლა, როდესაც ამ გარდამავალ პერიოდში შეიძლება კიდევ უამრავი რამ გაიჩეხოს", - ამბობს გაბრიაძე.
ქალაქის გენერალური გეგმის ბოლო არსებული მონაცემების მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ადგილი 5,6 კვადრატული მეტრია. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება როგორც 80-იანი წლების (13 მ2), ისე არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმას (11მ2).
გარემოსდამცველების შეფასებით, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული გამწვანების მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი იქნება, თუ თბილისს ძველი საზღვრებით განვიხილავთ, რადგან რამდენიმე წლის წინ თბილისს შინდისი, ტაბახმელა, წავკისი და სხვა სოფლები შემოუერთდა. ახლადმიერთებული რაიონები კი სასოფლო-სამეურნეო, ტყით დაფარული, სარეკრეაციო და საცხოვრებელი სარტყლებისგან შედგებოდა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე იურისტები უკვე მუშაობენ, თუმცა დედაქალაქის გარემოზე ზრუნვისათვის კონკრეტული მექანიზმები სამინისტროში ჯერჯერობით არ შეუმუშავებიათ.
სანამ დედაქალაქის მერია, სამინისტრო, საკრებულო თუ პარლამენტი გადაწყვეტენ, როგორ მიხედონ თბილისში გამწვანების პრობლემებს, ნატა ფერაძე საკამოდ აქტიურ, პარტიზანულ შემოდგომას გვპირდება.