„მეცხვარე ძმაო ერთი ერთზე, მგელს გლიჯავს შუაზე იმენა “ ასეთი მითები გსმენიათ ალბათ. მგელი ნაგაზზე ბევრად ძლიერია და ერთი-ერთზე ჩვენებურ ძაღლს არავითარი შანსი არ აქვს. მეცხვარე არც იმ ჯიშების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც გასართობად გაწვრთნი და გადაგდებულ ჯოხს მოგიტანს. თუმცა მისი მებრძოლი ხასიათის ფსიქოლოგიურად განსამტკიცებლად ფშავში ადრე ასეთი წესი ჰქონდათ - დაჭრილ მგელს იჭერდნენ, აბამდნენ, პირს უხვევდნენ და ნაგაზის ლეკვს პატარაობიდანვე გეშავდნენ ნადირზე. სწორედ ასე გამოწვრთნილი მეცხვარეები გამორჩეულად იცავდნენ თავიანთ ტერიტორიას და ფარას.
ადამიანის აღზრდაშიც ძლიერი ფსიქიკის და გამარჯვებულის ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჰოდა აგერ, ბატონო, ჩვენმა ოცწლამდელებმა ისე ირწმუნეს საკუთარი თავის, რომ ფრანგ თანატოლებს ორი უპასუხო ლელო დაუდეს და არც გარდასახვებზე დაზარდნენ. კი ბატონო, "მზარდი", "რეზერვი", როგორც გნებავთ ისე მოიხსენიეთ საფრანგეთის ოცწლამდელთა ნაკრები, მაგრამ ფაქტია უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ფრანგები დაამარცხეს. იმ ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც სარაგბო მიმართულებით მინიმუმ 10 წლით წინ არიან. იმ ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც 18 წამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ სამი წელია ფინალში გვამარცხებენ და 20 წლამდელთა მსოფლიოს ჯგუფურ ეტაპზე შარშან დიდი ანგარიშით მოგვიგეს.
ჩვენი ბიჭები ახლა იწყებენ. ოვალური სამყაროს რანგით მეორე პირველობაზე უკვე მესამედ მონაწილეობენ და ჩემპიონატზე 12 საუკეთესო ქვეყანას შორის იმკვიდრებენ ადგილს. გამორჩეულად მიხარია ორი რამ -პირველი ის, რომ ამ ნაკრებს ჰყავს ქართველი მწვრთნელები და მეორე - ასაკობრივ ნაკრებებში იზრდება კონკურენცია.
მატჩს მივუბრუნდეთ: გამოსახულების დაბალი ხარისხის მიუხედავად, ძალიან კარგი სანახავი იყო შერკინება, რომელსაც ორთქლი ასდიოდა და ცხრა ნომრის დირიჟორობით „ლეე-ლოო, ლეე-ლოო“ ერთ რიტმში ცდილობდა მოწინააღმდეგის დაძვრას. გუნდი ფაზებს კარგად კინძავს და ნაკლებ შეცდომას უშვებს. ნაკლებად ვჯარიმდებით, ისეთი დაცვა გვაქვს ზემოთხსენებულ, ქართულ, დიდტორებიან და კეთილსინდისიერ ნაგაზსაც რომ შეშურდება. სწორედ ამ დაცვის ხარჯზე ფრანგებმა სულ რამდენჯერმე მოახერხეს ჩვენს 22 მეტრიანში შემოსვლა, თუმცა უშედეგოდ.
უშედეგო და არაზუსტი მოქმედებები ჩვენს თამაშშიც იყო. წინთამაშიც დაგვიფიქსირა ბატონმა მსაჯმა და ბურთიც დავკარგეთ რამდენჯერმე, მაგრამ ეს ხომ მოსამზადებელი შეკრებაა და ზუსტად ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენას ემსახურება.
შეხვედრის დაწყებიდან მალევე დავწინაურდით და არაერთხელ გვქონდა უპირატესობის გაზრდის შანსი, ეს იყო ოცწლამდელთა ნაკრების პირველი შეხვედრა, რომელზეც მგონი საერთოდ არ ვნერვიულობდი იმდენად სასიამოვნოდ წარიმართა თამაში. აუტი, შერკინება, მოლი... მოკლედ კარგი ტემპებით ვვითარდებით და ამ ტემპებს კარგი მხარდაჭერა სჭირდება, რომ ფრანგებთან განვითარების 10 წლიანი ჩამორჩენა მინიმუმ შევამციროთ. მხარდაჭერა სახელმწიფოს და ქომაგის მხრიდან...
წელს ქვეჯგუფში გვყავს სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი და ირლანდია... ივნისში სიცხის დეფიციტი არ შეგვაწუხებს ქართველებს, მაგრამ სარაგბო თვალსაზრისითაც კარგად ჩამოცხება ..
მადლობა უმცროს ბორჯღალოსნებს და მათ სამწვრთნელო შტაბს.
პ.ს
ადრე ასე ვამბობდი „ქართული შერკინების ძალა მოგცეთ ღმერთმა“ . ახლა რაღაც საინტერესოს მოფიქრება ან დამატება მაინც შეიძლება „დაცვასთან“ დაკავშირებით... თუმცა ეგ მერე...