ბერლინალეს 68 წლიანი ისტორიის განმავლობაში, წელს პირველად კინოფესტივალი ანიმაციური ფილმით გაიხსნა. ვეს ანდერსონის „ძაღლების კუნძული“ (Isle of Dogs) მთავარ კონკურსში 18 მხატვრულ ფილმთან ერთად იბრძოლებს „ოქროს დათვის“ მოსაპოვებლად.
ამერიკელი რეჟისორი როგორც ჩანს, ბერლინში ძალიან უყვართ. „ ძაღლების კუნძული“ მისი მეორე ნამუშევარია, რომლითაც კინოფესტივალი გაიხსა. 2014 წელს ეს პატივი Grand Budapest Hotel-ს ხვდა წილად და მაშინ ფილმმა ჟიურის სპეციალური პრიზი, ვერცხლის დათვი მოიპოვა. მანამდე ანდერსონის კიდევ ორი ფილმი მონაწილეობდა ბერლინალეს მთავარ კონკურსში : Royal Tenenbaums (2002) და The Life Aquatic with Steve Zissou (2005). ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორ დამთავრდება წლევანდელი „ძაღლების“ ნადირობა „დათვებზე“, მაგრამ წინასწარი შეფასებებით თუ ვიმსჯელებთ, დიდი შანსია ფილმს რომელიმე კატეგორიაში მაინც მისცენ პრიზი.
„ძაღლების კუნძულის“ სიუჟეტი დისტოპიურ მომავალში, იაპონიის გამოგონილ ქალაქ მეგასაკში ვითარდება. ქალაქის მერი კობაიაში არჩევნებისთვის ემზადება და წინასაარჩევნოდ მხარდაჭერის მოსაპოვებლად რადიკალური ნაბიჯი სჭირდება. მან ისეთი რაღაც უნდა მოიფიქროს, რომელიც მოსახლეობას საფრთხის განცდას გაუჩენს და ძლიერი ლიდერის საჭიროებას დაანახებს. მტრის ხატად ის ძაღლებს ასახელებს და ტელემიმართვაში აცხადებს, რომ მათ მიერ გავრცელებულ გრიპის ვირუსი ქალაქის მაცხოვრებლებს განადგურებით ემუქრება. კობაიაშის განკარგულებით მეგასაკის ყველა ძაღლს უკაცრიელ კუძულზე, ნაგავსაყრელზე გადაასახლებენ.
პირველი განდევნილი ძაღლი ქალაქის მმართველუს ობოლი ძმისშვილის - ატარის ოთხფეხა მეგობარი, სპოტსია. 12 წლის ატარი ძალინ განიცდის მის დაკარგვას და მეგობრის საძებნელად კუნძულზე მიემგზავრება. აქ ის 5 ძაღლისგან შემდგარ ბანდას გადაეყრება, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან და უკვე მათთან ერთად აგრძელებს სპოტსის ძებნას.
„ძაღლების კუნძული“ stop motion ტექნიკით არის გადაღებული და ეს ანდერსონის მეორე ანიმაციური ნამუშევარია 2009 წელს გადაღებილი Fantastic Mr. Fox-ის შემდეგ. რეჟისორი არც ამჯერად ღალატობს თავის ხელწერას და სტილის გამორჩეული შეგრძნებით გვხიბლავს. ფილმის ყურებისას პერიოდულად გინდება კადრი გააჩერო და კარგად დააკვირდე მის არქიტექტურას, ფერებს, სტრუქტურას... შეისწავლო თითოეული სცენა. ანდერსონის ესთეტიკისთვის სახასიათო სიმეტრია, სივრცის მასშტაბური აღქმა და ფერთა გამა იაპონურ მინიმალიზმთან საინტერესოდაა შერწყმული და საბოლოო ჯამში ერთგვარ რეტრო- ფუტურისტულ ჰაიკუს ქმნის, სადაც სიმბოლოებს და ქვეტექსტებს სიტყვები ნაცვლად გამოსახულებაში ეძებ. რითმის და მუსიკის ძალიან ზუსტი შეგრძნება და სევდანარევი კომიკურობა კი ფილმს დამატებით ემოციურობას სძენს.
ანდერსონის ძაღლები მისი სხვა ფილმების ფილმების პერსონაჟებივით სახასიათო და ერთმანეთისგან განსხვავებული ტიპაჟები არიან. მაგალითად, მეამბოხე ქუჩის ძაღლი „შეფი“ ხან გარემოსთანაა კონფლიქტში, ხან საკუთარ თავთან შედის ეგზისტენციონალურ დიალოგში და თავისი საქციელის ახსნას ცდილობს. რექსი წასრულ ტკბილ ცხოვრებას მისტირის და უნდა, რაც შეიძლება მალელ დააღწიოს თავი ნაგვით სავსე კუნძულს. ატარის მეგობარი სპოტსი კი სუპერ ძალების მქონე, ტექნოლოგიებთან ადაპტირებული ძაღლია, რომელიც გარეგნული სიმშვიდის მიღმა ბევრ საიდუმლო ცოდნას მალავს. პერსონაჟებს ისეთი ცნობილი მსახიოები ახმოვანებენ, როგორებიც არიან: ბილ მიურეი, ედვარდ ნორტონი, ტილდა სვინტონი, ბრაიან კრენსტონი, სკარლეტ იოჰანსონი, იოკო ონო და სხვები.
ერთი შეხედვით სახალისო, ვიზაულურ მხარეზე ფოკუსირებული ანიმაცია არაერთ ალეგორიულ მინიშნებებს ატარებს და შეიძლება ითქვას, ანდერსონის ერთ-ერთი ყველაზე პოლიტიკურ მესიჯებით დატვირთული ფილმია. ლიდერი, რომელიც კონკრეტული ჯგუფებისგან მტრის ხატს ქმნის და მათ მარგინალიზაციას ახდენს; მედია პროპაგანდა, რომლისაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სჯერა; ბრძოლა საღ აზრთან და ა.შ. ქვეტექსტები, რომლებიც სხვადასხვა სცენებში იკითხება, დროსთან ძალიან თანხვედრაშია.
როგორც ვეს ანდერსონმა პრეს კონფერენციაზე განაცხადა, ფილმის იდეა ჯერ კიდევ წლების წინ გაჩნდა და სცენარზეც დიდი ხანი მუშაობდნენ. თავდაპირველი სიუჟეტი რეჟისორის და სცენარისტების ფანტაზიის ნაყოფი იყო, მაგრამ თანდათან რეალური ცხოვრებიდან იმდენი ინსპირაცია მიიღეს, საბოლოოდ ეს დისტოპიური მომავალი არც ისე არარეალური აღმოჩნდა. ანდერსონმა ისიც აღნიშნა, რომ იაპონური კულტურის დიდი მოყვარულია და ყოველთვის უნდოდა ეს თემა რომელიმე ფილმში აესახა. „ძაღლების კუნძულზე“ მუშაობისას მისი შთაგონების წყარო იაპონელი რეჟისორების - აკირა კუროსავასა და ანიმატორის, ჰაია მიაზაკის შემოქმედება იყო.
რთული სათქმელია, რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს ანდერსონის ნამუშევარი წლევანდელ ფესტივალზე და როგორ შეადარებს მას ჟიური სხვა ფილმებს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ბერლინალეს დირექციის მხრიდან ეს ძალიან გაბედული რევერანსია ანიმაციისადმი, რამაც სამომავლოდ შესაძლოა ბევრი რამ შეცვალოს საერთაშორისო კინოფესტივალების კონცეფციაში.
სტატია მომზადებულია ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს მხარდაჭერით