25 წლის ირაკლი კვირიკაძე პირველი ქართველი მსახიობია, რომელსაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის Shooting Stars -ის ჯილდო გადაეცა. „ამომავალი ვარსკვკავების“ სპეციალური პროგრამა ბერლინალეზე უკვე 20 წელია არსებობს და ორგანიზაცია European Film Promotion-თან ერთად აქ ყოველწლიურად 10 საუკეთესო ახალგაზრდა ევროპელ მსახიობს ირჩევენ. ირაკლი კვირიკაძე Shooting Stars -ზე რეზო გიგინეიშვილის ფილმ "მძევლებში" გეგა კობახიძის როლის შესრულებისთვის შეირჩა. მასთან ერთად აქ 9 მსახიობი მოხვდა, რომელთა შორისაა მიჰაელ ჰანეკეს Happy End-ისა და სებასტიან შიპერის Victoria-ს მსახიობი, გერმანელი ფრანც როგოვსკი.
2 ათწლეულის განმავლობაში „ამომავალი ვარსკვლავების“ სიაში ისეთი მსახიობები მოხვდნენ, როგორებიც არიან: რეიჩელ ვაიზი, დენიელ კრეიგი, ალისია ვიკანდერი,დენიელ ბრული, ნინა ჰოსი და სხვები. ახალგაზრდა მსახიობებისთვის ევროპაში ეს ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა საავტორო კინოს გავლენიანი პროდიუსერებისა და რეჟისორებისთვის თავის გაცნობისთვის და მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებისთვის.
მასალა მომზადებულია ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით