Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანქვაბი გამწვავებას არ ერიდება

15 ნოემბერი 2013

დემის პოლანდოვი, რადიო ,,თავისუფლება“; რადიო ,,ეხო კავკაზასაფხაზური ბლოკის ხელმძღვანელი

სახელმწიფო მოხელეებს გარკვეული კონფორმიზმი  ყოველთვის ახასიათებთ. მაღლა მდგომი პირისთვის მწარე სიმართლის ჯიქურ მიხლა ფუფუნებაა. თუ ბოსს რამეში  არ ეთანხმები,  სჯობს დელიკატურად შეაპარო. ამ თვალსაზრისით აფხაზეთის უსაფრთხოების საბჭოს ამას წინათ დათხოვილ ხელმძღვანელს კონფორმისტობას ვერავინ დასწამებს - ეს პოლიტიკოსი სავარძელს არასდროს ჩაბღაუჭებია.  დარწმუნებული ვარ, მას საკმაო დრო და ენერგია აქვს დახარჯული საიმისოდ, რომ ალექსანდრ ანქვაბისთვის საკუთარი შეშფოთება გამოეთქვა გალის რაიონის მაცხოვრებელთა პასპორტიზაციის პროცესის გამო. როგორც გამოჩნდა, არც რბილად  და არც ჯიქურ თქმას არაფერი მოუტანია.

,,ლიბერალისთვის“ დაწერილ ჩემს წინა მასალაში ვივარაუდე, რომ ანქვაბი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებისათვის გაცემული აფხაზური პასპორტების ჩამორთმევის შესახებ პარალამენტის დადგენილებას ხელი მოაწერა, ყველაფერს იღონებდა დადგენილების აღსრულების  საბოტაჟისთვის. მაშინ, სექტემბერში, გაოგნებული დავრჩი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ასე სწრაფად მოდუნდნენ და ერთმანეთისთვის სახელისუფლებო გუნდზე გამარჯვების მოლოცვა დაიწყეს. ანქვაბს, როგორიც არ უნდა იყოს მის მიმართ დამოკიდებულება, არავისთვის მიუცია მიზეზი, სუსტ მოწინააღმდეგედ ჩაეთვალათ. საქმე აქ, რასაკვირველია, ანქვაბის ,,პროქართულობაში“ კი არაა, როგორც ოპოზიციონერებს უყვართ მისი მონათვლა, არამედ ის, რომ გალის ელექტორატის ღირებულებაა სახელისუფლებო პარტიისათვის მეტისმეტად მაღალი.

თუმცა, კვანძი უფრო ადრე გაიხსნა, ვიდრე მე ვვარაუდობდი. მაშინ ვფიქრობდი, რომ სოჭის ოლიმპიადის კვირაძალს აფხაზეთის ლიდერი არ გარისკავდა და რადიკალურ ნაბიჯებს არ გადადგამდა - სხვაგვარად უსაფრთხოების საბჭოს მეთაურის შეფასება შეუძლებელია. ანქვაბი იმითაცაა ცნობილი, რომ დაცდა და სამოქმედოდ შესაფერისი მომენტის შერჩევა შეუძლია. მაგრამ ამჯერად სულ სხვაგვარად მოხდა.

ხელისუფლების მოჩვენებითი დანებებიდან ერთი თვე იყო გასული, როცა პარლამენტში პასპორტიზაციის პროცესის შემოწმებასთან დაკავშირებული პირველი ანგარიშის მოსმენა მოეწყო. გამომძიებლების მიერ აღმოჩენილი დარღვევების საერთო რაოდენობა იმდენად მიზერული გამოდგა, რომ ოპოზიციას ეჭვიც აღარ დარჩენია - გალელებისთვის პასპორტების ჩამორთმევას არავინ აპირებს. ლაკობას დათხოვნამ, რაც მოსმენას მალევე მოყვა, ეს ეჭვი საბოლოოდ ცხადყო.

პრაქტიკულად, ანქვაბმა მისთვის ომის გამომცხადებელი ოპოზიციის გამოწვევა მიიღო. ძნელი სათქმელია, თუ რატომ ჩათვალა ეს პერიოდი შესაფერის მომენტად. შემიძლია ვივარაუდო: მოსკოვთან მას ურთიერთობა არ ეწყობა, ფულად გადმორიცხვებთან დაკავშირებული პრობლემა ღრმავდება და არ გვარდება, და ამიტომ, ამ პირობებში, მოსკოვისთვის გამწვავებული სიტუაციის ჩვენებაა საჭირო - პოლიტიკური კრიზისის, მაგალითად, თან ისეთნაირად, რომ ნაჩვენებ სიტუაციაში მხოლოდ ხელისუფლება იწვევდეს მხარდაჭერის სურვილს. ოღონდ როგორ უნდა გაკეთდეს ეს?

რეცეპტი ძველია და მრავალგზის გამოცდილი. ალექსანდრ ანქვაბი პირველად არ ათამაშებს ,,ნაციონალიზმის“ კარტს. ნაციონალისტების როლში დღეს, რასაკვირველია, ოპოზიცია გამოდის. ქართველ დამკვირვებელს, ალბათ, სამართლიანი, მართებული მოეჩვენება სტანისლავ ლაკობას დადანაშაულება აფხაზურ შოვინიზმში - სწორედ ამ ბრალდებით გამოვიდა ერთ-ერთ აფხაზურ არხზე პრემიერ-მინისტრის ძველი მეგობარი ლეონიდ ლაკერბაია. აფხაზური ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი იდეოლოგი აპრიორი ნაციონალისტი უნდა იყოს. სინამდვილეში კი ყველაფერი ასე მარტივად არ არის.

აფხაზურ მენტალურ სივრცეში (მოდი ასე დავარქვათ) სტანისლავ ლაკობა ნაციონალისტად არ ითვლება. მაშინაც კი, როცა საქმე საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, ლაკობა არასდროს სცდება იმ ფაქიზ ზღვარს, რომელიც სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და ეთნიკური დისკრიმინაციის მხარდაჭერას შორის არსებობს. ამ პოლიტიკოსისგან ვერავინ ვერასდროს გაიგონებს განცხადებებს, რომლებიც აფხაზეთში მოსახლე რომელიმე ეთნიკური ჯგუფის ინტერესებს შელახავდა.

თუმცა, ესეც უდავოა - საქართველოს მოქალაქეთა პასპორტიზაციის საკითხი სწორედ სტანისლავ ლაკობამ წარმოაჩინა მწვავე პრობლემად, და ამან დროებით მართლაც აამაღლა აფხაზეთში ნაციონალიზმის გრადუსი. რაც არ უნდა თქვას ლაკობამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, როგორც არ უნდა ახსნან, რომ მათი მოქმედებები მხოლოდ კანონიერების ინტერესების დაცვისკენ და ,,მტრული ქართული სახელმწიფოს“ პოზიციების გამაგრების აღმოფხვრისკენაა მიმართული, ხალხი ყოველთვის უფრო მარტივად გაიგებს - ეთნიკურად ქართველებს პასპორტები უნდა ჩამოერთვას! ინტელიგენციის რიგებში მასების ამგვარი აგრესიული პოზიცია გარკვეული დისტანცირების სურვილს აღძრავს - ყველაფერში შეიძლება ლაკობასთან დათანხმება, ოღონდ ამ საკითხში -არა. ამას გარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აფხაზური ინტელიგენციის ნაწილი ტრადიციულად ემხრობა აფხაზურ საზოგადოებაში გალელების ინტეგრაციას.

თუმცა, პრობლემა ამაზე ღრმაც კია. შოვინიზმში ლაკობას დადანაშაულებამ აფხაზურ საზოგადოებაში დისკუსიები გამოიწვია: მაინც რა არის ნაციონალიზმი, არის კი ამდენად მიუღებელი რამ? საქმე მხოლოდ ლაკობას არ შეეხება. რუსეთთან ერთიან საინფორმაციო სივრცეში მყოფი აფხაზეთი ნაციონალიზმთან დაკავშირებული იმ დისკუსიების გავლენას განიცდის, რომლებიც დღეს რუსულ საზოგადოებაში მიმდინარეობს.

ამის შედეგად საინფორმაციო სივრცეში  უკიდურესად რადიკალური იდეებისა და მოსაზრებების  გამოსროლა მოხდა - მაგალითად, იმის შესახებ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ეთნიკურად აფხაზებს აქვთ, და რომ მათვე უნდა ეკუთვნოდეთ აფხაზეთის ბუნებრივი რესურსების გაყიდვიდან შემოსული სარენტო წილები. ზოგიერთმა რიგითმა ოპოზიციონერმა ამ ლოზუნგებს მხარი დაუჭირა. ალბათ საჭირო არ იქნება იმის განმარტება, რომ აფხაზეთის ეთნიკურად განსხავებულ მკვიდრთ მსგავსი იდეები არ მოეწონებოდათ. აშკარაა, რომ შექმნილი სურათი სწორედ ალექსანდრ ანქვაბისთვისაა ხელსაყრელი, რომელიც ამ ვითარებაში ხელს ისე ითბობს, როგორც ინტერნაციონალიზმის პრინციპების დამცველი.

რა თქმა უნდა, ჯერ ადრეა შეჯამება, თუ რა მოიტანა საბოლოოდ ხელისუფლებასთან ოპოზიციის დაპირისპირებამ.  აშკარაა, რომ სტანისლავ ლაკობას გადაყენებამ ანქვაბის პოპულარობის მეტ ვარდნას შეუწყობს ხელს - როგორც რიგით აფხაზებში, ისე ინტელიგენციაში. მაგრამ თუ ოპოზიციამ ალექსანდრ ანქვაბის მიერ შემუშავებულ ტაქტიკაზე ადეკვატური პასუხი ვერ მოძებნა, მაშინ, საფიქრებელია, რომ აფხაზეთის ლიდერი მოახერხებს არააფხაზური ელექტორატის დიდი ნაწილის ,,დაკავებას“ თავის მხარეზე. მრავალეროვნულ აფხაზეთში ეს პატარა ციფრი არ იქნება. 

თუმცა, მთავარი თემა ახლა მაინც კრემლია. ანქვაბი ცდილობს დაარწმუნოს მოსკოვი, რომ აფხაზეთის პრორუსული ვექტორის არსებობის გარანტი სწორედ თავად არის ( აფხაზური ოპოზიციის ანტირუსულობა ის ბრალდებაა, რომელიც სახელისუფლებო დერეფნებიდან შესაშური სიხშირით ისმის). პოლიტიკური წინააღმდეგობის საფრთხემ ( რევოლუციის საფრთხემაც კი), რომელსაც ვიწროეთნიკური ნაციონალიზმის აფეთქება დაერთვება, შესაძლოა, მართლაც მოახდინოს მოსალოდნელი გავლენა რუსეთის პოზიციაზე.   და მართალია, მთლიანობაში კრემლისათვის უდავოდ უპატიებელი სისუსტეა ალექსანდრ ანქვაბის უუნარობა, შეინარჩუნოს აფხაზეთში პოლიტიკური სტაბილურობა, თანაც რუსეთისთვის ასეთ საპასუხისმგებლო მომენტში  - სოჭის ოლიმპიადა კარზეა მომდგარი, ცხენებს შუა გზაში არავინ ცვლის. ამის იმედი აქვს ანქვაბს. თუ რა მოხდება მერე, უკვე ცხოვრება გვიჩვენებს.

 

 სტატია მომზადებულია ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, "ლიბერალისადა ხსენებული ფონდის ერთობლივი პროექტის, "სამხრეთ კავკასიის ხმებისფარგლებში. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, მასში გამოყენებული ტერმინოლოგია, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს ჟურნალის რედაქციისა და ბიოლის ფონდის პოზიციას.

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^