Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ ომობს ჩრდილოეთ კავკასია, სამხრეთ კავკასია კი - აღარ?

25 ნოემბერი 2013

ვალერი ძუცევის თვალსაზრისი

რატომ ხდება, რომ უკვე მერამდენე წელია, ადამიანები ჩრდილოეთ კავკასიაში დაუსრულებლად იღუპებიან შეიარაღებულ დაჯგუფებებსა და ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების შეტაკებების დროს, სამხრეთ კავკასიაში კი ასეთი დაპირისპირება არ შეინიშნება? დიახ, რასაკვირველია, სამხრეთ კავკასიაში იყო 2008 წლის ომი, არსებობს დაძაბულობა მთიანი ყარაბახის გარშემო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, არსებობს კრიმინალი, მაგრამ სამოქალაქო ომის ისეთი ნიშნები, როგორიც ჩრდილოეთ კავკასიაში შეინიშნება, არც ერთ სამხრეთკავკასიურ ტეროტორიაზე არ არის. ითვლება, თითქოს სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიას შორის არსებული ,,კულტურული სხვაობაა“ ამ რეგიონებში განსხვავებული პოლიტიკური ტრაექტორიის არსებობის მიზეზი.  მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის, რომ სამხრეთ კავკასიის ექვსივე ქვეყანა, მათ შორის უღიარებელი და ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოები, ერთი ,,მშვიდობისმოყვარე კულტურის“ მატარებლები არიან, ჩრდილოეთ კავკასიის ოთხივე ტეროტორია კი, ,,ბოევიკების“ მაღალი აქტივობის გათვალისწინებით, ,,ძალადობის კულტურის“ მიმდევრები ყოფილან.

უფრო ხშირად რუსეთის ხელისუფლება და ექსპერტები ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში  არასტაბილური ვითარების მიზეზი სოციალური პრობლემებია. კლანურობა, კორუმპირებულობა, სოციალური ლიფტების არარსებობა ჩრდილოეთ კავკასიაში თითქოს უკმაყოფილების ტალღას წარმოშობს, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ადამიანებს შორის. ამის გამოა, რომ ახალგაზრდობა რადიკალიზებულია, პოლიტიკური ისლამის იდეებს ითვისებს და მიწისქვეშეთში მიდის. ზოგი ექსპერტი დასძენს, რომ სახელმწიფო ძალიან ხშირად მთელი სისასტიკით რეაგირებს მოვლენების ამგვარ განვითარებაზე, დროდადრო ადამიანის უფლებებს არღვევს, უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს ხელყოფს, ეს კი, თავის მხრივ, ბოევიკების გავლენის სფეროში კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას ითრევს. ამგვარად, კონფლიქტი სპირალისებურად ვითარდება.

თუმცა, ამგვარი დასკვნები არ იძლევა პასუხს კითხვაზე, თუ რატომაა ასეთი დიდი განსხვავება ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას შორის? ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც ექსპერტებს ჩრდილოეთ კავკასიის არასტაბილურობის მიზეზად მოაქვთ, სამხრეთ კავკასიაში არათუ იმდენივე,  ჩრდილოეთ კავკასიაზე გაცილებით მეტიცაა. განა რუსეთი სამხრეთ კავკასიის რომელიმე სახელმწიფოზე ღარიბი ქვეყანაა? კლანურობა არც სამხრეთ კავკასიას აკლია - აზერბაიჯანში, მაგალითად, ხელისუფლება მამამ შვილს გადააბარა და ამის გამო ქვეყანა ყალყზე არ დამდგარა, არც იარაღისთვის მოუკიდია ვინმეს ხელი. სიღატაკისა და სიმდიდრის კონტრასტი არც სამხრეთ კავკასიაშია ნაკლები, შესაძლოა, პირიქით, უფრო გამოკვეთილიც იყოს. ისლამის გავლენა? მხოლოდ აზერბაიჯანის მუსლიმანური მოსახლეობა გადასწონის ოდენობით საქართველოს და სომხეთს ერთად აღებულს.  მუსლიმური უმცირესობა არამუსლიმურ ქვეყანაში? ასე ხომ საქართველოშიც ცხოვრობენ მუსლიმები? სამხრეთ კავკასიის ხალხები უფრო მრავალრიცხოვანნი არიან, ვიდრე ჩრდილოეთ კავკასიის? ასე დაღესტანს უფრო მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ყავს, ვიდრე სომხეთს. აწ დასრულებული ომიდან მორჩენილი დევნილებია მიზეზი ძალადობის მატებისა? სამხრეთ კავკასიას 20 წლის განმავლობაში გაცილებით მეტი დევნილი გაუჩნდა, ვიდრე კავკასიის გადაღმა რესპუბლიკებს ერთად აღებულთ.

მაშ, რატომაა, რომ სამხრეთ კავკასია, რომლის მოსახლეობაც არათუ მეტ, არამედ უფრო ნაკლებ კეთილდღეობაში ცხოვრობს, ახერხებს და სამოქალაქო ომებში არ ეფლობა, მათ გამო ყოველწლიურად ასეულობით ახალგაზრდას არ აბარებს მიწას, მაშინ, როცა ჩრდილოეთი კავკასია არათუ რუსეთის ფედერაციაში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მშფოთვარე რეგიონად  ითვლება? რასაკვირველია,  ,,მენტალური სხვაობების“  და სხვაგვარი ვრცელი განმარტებების მოტანაც შეიძლება, მაგრამ თუკი ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიას ყურადღებით დააკვირდებით, ერთადერთ გამოკვეთილ განსხვავებად ის გამოჩნდება, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები კი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შედიან.

იმპერიის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა და მსხვერპლი ჭირდება. და პირიქით, ნაციონალურ სახელმწიფოში ბევრი პრობლემა გაცილებით იოლად წყდება, პოლიციური, ადმინისტრაციული და სამხედრო აპარატის ჩარევის გარეშე. ანუ იმპერიები ნაციონალურ სახელმწიფოებს იმით კი არ ჩამოუვარდებიან, რომ  მათზე სუსტები არიან, არამედ იმ მიზეზის გამო, რომ იმპერიების ,,შენახვას“ ძალთა და რესურსთა უზარმაზარი მობილიზება ესაჭიროება. რომელიღაც მომენტში იმპერიაში მოდის იმის გაცნობიერება, რომ შემოსავლებისა და გასავლების თანაფარდობა ( ისეთი, როგორიც იმპერიის შესანარჩუნებლადაა საჭირო) წამგებიანია. თუ გაცნობიერება თავისით არ ხდება, მაშინ მას ამის გაცნობიერებას გარეშე მოვლენები აიძულებს - ეკონომიკური კრიზისები და ომები.

სამხრეთ კავკასიასთან შედარებით, ჩრდილოეთი კავკასია სოციალური წესრიგის სფეროშიც აგებს, იმიტომ რომ იმპერიული რეჟიმი რუსეთის ფედერაციაში სრულად უკვე ვეღარ მოქმედებს, მაგრამ ჩრდილო კავკასიელ ხალხებს ჯერ  ნაციონალური სახელმწიფოებიც არ გააჩნიათ. რუსული სახელმწიფოს ძალები იმაზე იხარჯება, როგორმე საზოგადოების ორგანიზების არსებული წესი შეინარჩუნოს. იმის მიუხედავად, რომ რუსეთის ფედერაციას გაცილებით დიდი რესურსები აქვს,  ამ ძალების მნიშნელოვანი ნაწილი არარუსი ხალხების ,,არგაშვებას“ ხმარდება, და არა აღმშენებლობით ამოცანებს. 10 ნოემბერს მილიციის თანამშრომლებთან შეხვედრის დროს პრეზიდენტმა პუტინმა საკმაოდ დაუფარავად განაცხადა, რომ პოლიცია ჩრდილოეთ კავკასიაში იმაზე მუშაობს, თუ როგორ იხსნას რუსეთის დაშლისაგან. თვით ეს რესპუბლიკებიც რომ რუსეთის ხსნისათვის ისწრაფოდნენ, მაშინ კონფლიქტი არ იარსებებდა. პრობლემა, სრულიად აშკარაა, იმაში მდგომარეობს, რომ მოსკოვი ჩრდილოეთ კავკასიის შენარჩუნებისთვის იბრძვის, თვით ჩრდილოეთ კავკასია კი რუსეთის ფედერაციაში დარჩენას მაინცდამაინც არ ცდილობს. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, უმეტესად, არავინ არავის შენარჩუნებას არ ცდილობს, რადგან ამის საჭიროება არ არსებობს. ამიტომაა, რომ დღევანდელი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სტაბილურობის და სოციალური წესრიგის შენარჩუნებაზე სახელმწიფოების მხრიდან დიდი რესურსები არ იხარჯება, რუსეთისგან განსხვავებით, ეს არ მოითხოვს უზარმაზარი არმიების და პროპაგანდისტული აპარატების შენახვას.

ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მოსკოვი შესანიშნავად აცნობიერებს ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მიზეზებს, სწორედ ამიტომ უთხრა მან ჩრდილოეთკავკასიელებს უარი საკუთარი პოლიტიკური ნების თავისუფალ გამოხატვაზე, როცა ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მეთაურების დანიშვნა  და არჩევითობის გაუქმება შესთავაზა. რუსეთი შეგნებულად მიდის კონფლიქტზე რეგიონში, ურიგდება სოციალური წესრიგის დაბალ დონესა და სისხლისღვრას, როგორც ნაკლებ ბოროტებას, ვინაიდან მეტი ბოროტება მისთვის რეგიონის რუსეთისაგან შესაძლო სეცესია იქნებოდა. და მაინც, რეგიონის მიერ რუსეთის მტაცებლური მისწრაფებების გაცნობიერება აუცილებლად უფრო და უფრო გამოუთხრის მოსკოვის პოზიციას, ეს კი ოდესმე რუსეთს უბიძგებს, ვითარების მდგრადობისაკენ მიმართული გადაწყვეტილებები მიიღოს.

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, "ლიბერალისა და ფონდის ერთობლივი პროექტის "სამხრეთ კავკასიის ხმების" ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, გამოყენებული ტერმინოლოგია, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს ფონდის და ჟურნალის პოზიციას. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^