უკრაინული საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან, ვიტალი კლიჩკოსთან ინტერვიუ “ლიბერალმა” ვილნიუსში ჩაწერა. კრივში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი უკრაინის რადაში სიდიდით მესამე, 42 მანდატით წარმოდგენილ ფრაქციას ხელმძღვანელობს. პარტია “უდარის” თავმჯდომარეს 2015 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად მიიჩნევენ.
რამდენად ერთიანია უკრაინული ოპოზიცია ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხში?
დღეისათვის პარლამენტში ჩვენ მოქმედებების კოორდინირებას ვახდენთ, თანაც საკმაოდ წარმატებულად და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ მივიღოთ საერთო გადაწყვეტილება. კარგად გვესმის, რომ ურთულესი იქნება მარტომ გაუწიო წინააღმდეგობა დღევანდელ სისტემას, რომლის ხელშიც კონცენტრირებულია კოლოსალური ფინანსური, ადმინისტრაციული და მედია რესურსი.
თქვენ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობაზე საუბრობდით. თვლით, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია და სხვა ფაქტორები ხელისუფლებას ამ ნაბიჯზე წასვლას აიძულებს და მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, მიიღებთ თუ არა მასში მონაწილეობას?
თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო იმ ფაქტს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ და ეს არ არის პოლიტიკური აქცია, სურვილი აქვთ იცხოვრონ კორუფციის გარეშე, იცხოვრონ მკაფიოდ დადგენილი წესებით, იცხოვრონ ღირებულებებით, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის უფლებების დაცვასა და თავისუფლებასთან. სწორედ ამის გამო გამოვიდა ასობით ათასი უკრაინელი ქუჩაში და ხელისუფლებას მათი სურვილის იგნორირების უფლება არ აქვს. თუკი ხელისუფლება მაინც არ გაითვალისწინებს ამ ადამიანთა ნებას, არ გამოვრიცხავ, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. ამ თემაზე მეტის თქმა არ შემიძილია. გარეთ გამოსული ამდენი ადამიანი 2004 წელს, ნარინჯისფერი რევოლუციის დროსაც კი არ მახსოვს.
როგორც პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატი, ვთქვათ, საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთეთ. თუკი თქვენ გახდით პრეზიდენტი, მოგიწევთ რუსეთთან ურთიერთობა. როგორ აპირებთ რუსეთის ხელისუფლების დარწმუნებას, რომ ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერა მათ ინტერესებს არ ეწინააღმდეგება?
ძალიან კარგად ვიცი რა არის ევროპა, ევროპული სტანდარტები. რუსები დიდი სიამოვნებით მგზავრობენ ევროპული ავტომობილებით, დიდი სიამოვნებით მოგზაურობენ ევროპაში, იყენებენ შანსს, თუკი აქვთ ევროპაში განათლების მიღების საშუალება, ასევე ევროპულ სამედიცინო მომსახურებასაც. რუსებმა ძალიან კარგად იციან რა არის ევროპა. დარწმუნებული ვარ, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ჩვენ შევძლებთ ევროპა უფრო მეტად დავუახლოვოთ რუსეთს, რუსეთი კი უფრო ახლოს იყოს ევროპასთან.
რუსეთშუც ბევრი თვლის, რომ რუსეთის ევროპისკენ დაძვრაა აუცილებელი.
თუკი რუსეთი არ მიდის ევროპისკენ, ევროპა უნდა მივიდეს მასთან.
მზად ხართ იმისთვის, რომ თუკი პრეზიდენტი გახდებით , პუტინმა შესაძლოა გითხრათ - თქვენ იანუკოვიჩზე უარესად მოგექცევით. რას მოიმოქმედებთ ასეთ სიტუაციაში?
არ ვიცი, როგორ ელაპარაკებოდა იანუკოვიჩს და რას სთავაზობდა პუტინი მას. ჩვენი ამოცანაა, რომ მეზობლებთან ურთიერთობა ეფუძნებოდეს კეთილმეზობლობას, ურთიერთპატივისცემას, ურთიერთსასარგებლო აქტივობებს, თუმცა ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ეს ეხება თითოეულ ჩვენს მეზობელს, მათ შორის ყველაზე დიდს - რუსეთის ფედერაციასაც.
ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გზაზე მომხდარ ასეთ ცვლილებებში რუსეთის ფაქტორს თუ ხედავთ?
განწყობის ასეთმა ცვლილებამ ყველა გააკვირვა - ზოგიერთისთვის ეს იყო შოკი, იმედგაცრუება. უკრაინელთა უმრავლესობისთვის ეს არის ის, რომ მათ მოპარეს ოცნება, მომავალი, იმედი. ევროკავშირთან უკრაინისა და უკრაინელი ხალხის დიდი იმედებია დაკავშირებული. დავიღალეთ დაპირებებით, რომ ვიცხოვრებთ ნორმალურ ქვეყანაში, დავიღალეთ 1991 წლიდან დაწყებული დაპირებებით, რომ უკეთ ვიცხოვრებით, გატარდება რეფორმები და უკრაინა გახდება დემოკრატიული. სწორედ ამიტომ, ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, რომ შეეჩერებინა ქვეყნის ევროინტეგრაცია გამოიწვია აფეთქების ეფექტი - ათასობით უკრაინელი ქუჩაში გამოვიდა, რათა გამოეხატათ საკუთარი პოზიცია ამ გადაწყვეტილების მიმართ. პოლიტიკოსები ამ პროცესში მოგვიანებით ჩაერთვნენ.
ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი იულია ტიმოშენკოს საკითხი იყო. თქვენ მას შეხვდით, როგორ გრძნობს თავს?
მე არ შევხვედრივარ ტიმოშენკოს, მის ქალიშვილს შევხვდი.
ტიმოშენკოს გათავისუფლების საკითხი და უკრაინის ევროპული მისწრაფება ერთი მთლიანობად იქცა...
რაც შეეხება ტიმოშენკოს, არ შეიძლება ქვეყანა ითვლებოდეს დემოკრატიულად, როდესაც ქვეყანას პოლიტპატიმარი ჰყავს.
ვრცელდება ჭორები, რომ ვაჭრობა ამ ფორმითაც მიმდინარეობს: „თუკი თქვენ ამოიღებთ ტიმოშენკოს შესახებ პუნქტს, ჩვენ ხელს მოვაწერთ შეთანხმებას“
მზად არ ვარ პასუხისათვის. ტიმოშენკომ ძალიან ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ იანუკოვიჩს მისი გათავისუფლების სურვილი არ აქვს, იულია ამ მოთხოვნას ხსნის. ასოცირების ხელშეკრულებას ხელი უნდა მოეწეროს ამ პუნქტის - იულია ტიმოშენკოს გათავისუფლების გარეშეც.
თქვენ რომ ყოფილიყავით პრეზიდენტი, რას შეცვლიდით პირველ რიგში?
ჩვენ ვსაუბრობთ ბაზარზე, კანონებზე, ინვესტიციებზე. დღესდღეობით უკრაინაში ბაზარი არ არის, არსებობს მონოპოლია, რომელიც კლავს მცირე და საშუალო ბიზნესს. არ გვაქვს კანონები, რის გამოც ქვეყანით ინვესტორები არ ინტერესდებიან. ისიც გარბის, ვინც აქ არის. ამის ნათელი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ წამყვანი ევროპული ბანკები ტოვებენ ქვეყანას. ეკონომიკა, რაც დღეს გვაქვს, პოსტსაბჭოთა ეკონომიკაა, რომელიც მოდერნიზაციას, კონკურენციას საჭიროებს. ამის გარეშე ის ეტაპობრივად კვდება. ჩვენ ვიცით, რომ ამ ეკონომიკის მოდერნიზება მხოლოდ ახალი კანონების მიღებით შეგვიძლია. ეს ის კანონებია, რომლითაც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები, ევროპის ქვეყნები ვითარდებიან.