25 თებერვალს მთაწმინდის ქედთან, შატბერაშვილისა და ჟვანიას ქუჩების კვეთაში „მთაწმინდის ქედის გადასარჩენად“ მორიგი აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები მთაწმინდის ქედის მოჭრას აპროტესტებდნენ და მშენებლობის შეჩერებას ითხოვდნენ.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის აშენება იგეგმება.
აქციის მონაწილეების მტკიცებით, აღნიშნული ტერიტორია მეწყერსაშიშია და ქედზე მუდმივად მიმდინარეობდა ნიადაგის ჩამოშლა და ქანების მოძრაობა. მათი თქმით, საფრთხე შეექმნება არა მარტო ახალ კორპუსში შესახლებულ მოსახლეობას, არამედ წლების წინ აქ დაფუძნებულ მცხოვრებლებს.
„ქედის თხრის შედეგად იკვეთება, რომ მიწა სულ უფრო და უფრო ნესტიანი ხდება, რაც კუს ტბის სიახლოვით უნდა იყოს განპირობებული. ექსპერტების მოსაზრებით, არის საშიშროება კუს ტბის გამოჟონვის და ჟვანიას/შატბერაშვილის/კეკელიძის ქუჩების დატბორვა-განადგურების“, - ამბობენ აქციის ორგანიზატორები.
როგორც აღმოჩნდა, მერია აქციის მონაწილეთა აზრს, რომ მთის ფერდობზე მიმდინარე მშენებლობა საშიშია, არ იზიარებს, რადგან 23 იანვარს ამ ობიექტზე მერიის მიერ შეჩერებული სამუშაოები თებერვალში განახლდა. აქციის დღეს კი ქალაქის მერმა განაცხადა, რომ „იმაზე საუბარი, თითქოს ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის არეალი მეწყერსაშიში ზონაა, გაუგებარია“.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 23 იანვარს ნინო ჟვანიას ქუჩაზე არსებულ მთის ფერდობზე, მიმდინარე მიწის სამუშაოები თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მშენებელ კომპანიასთან შეთანხმებით შეაჩერა. თბილისის მერიიდან „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ შეჩერების მიზეზი მოსახლეობის პროტესტი იყო და ზედამხედველობის სამსახურის მიერ საკითხის შესწავლის შემდეგ სამუშაოების გაგრძელება დასაშვებად ჩაითვალა.
რას ამბობენ აქტივისტები და სპეციალისტები - რატომაა მშენებლობა მოსახლეობისთვის საშიში
აქტივისტების თქმით, ხეობა მეწყერსაშიშია და გეოლოგიური დასკვნა მშენებლობის დასაშვებობაზე, სავარაუდოდ, არალიცენზირებული სპეციალისტის მიერ არის დაწერილი.
მშენებლობას კომპანია შპს „ბალტიკ ინვესტმენტ გრუპი“ გეგმავს. მერიის არქიტექტურის სამსახურმა პროექტი 2017 წლის ივლისში ნებართვა გასცა.
საპროექტო ტერიტორიის საერთო ფართია 5213 კვ.მ. და მთავარი არქიტექტორია რიტის ციკანავიჩუსი.
აქტივისტები ამბობენ, რომ მეწყერსაშიშ ხეობას ამ ქედის მოშლა უფრო სახითაფოს გახდის. მათი თქმით, ქედს, რომელსაც მრავალბინიანი სახლის გამო ითხრება, თავსხმა წვიმების დროს წყალმარეგულირებელი, წყალშემაკავებელი ფუნქცია ჰქონდა.
ნატა ფერაძის თქმით, გეოლოგიური დასკვნა, რის საფუძველზეც გაიცა ნებართვა არალიცენზირებული სპეციალისტების დაწერილია.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა გეოლოგებთან და სეისმოლოგებთან, ისინი ცალსახად გვეუბნებიან, რომ გეოლოგები, რომლებმაც გასცეს გეოლოგიური დასკვნა, არ არიან ლიზენცირებული სპეციალისტები. კომპანიას გეოლოგიური დასკვნები აქვს, მაგრამ როგორც ხეებზე ხდება, დასკვნას გასცემს არალიცინზირებული სპეციალისტი, რისი შემოწმების უფლებაც მერიას არ აქვს, რადგან კანონმდებლობით ასეა დაწესებული. მე რომ გავხსნა რაღაც ფირმა, მეც მექნება უფლება რომ დავწერო მსგავსი დასკვნა“,-განაცხადა ნატა ფერაძემ.
თბილისის მერიაში ამბობენ, რომ გეოლოგიურ თუ სხვა დასკვნების ხარისხზე მის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი სპეციალისტია, რომელიც დასკვნას წერს და მერია ამ დასკვნას ვერ ამოწმებს. ასევე მერიაში აცხადებენ, რომ სპეციალისტზე ლიცენზია არ გაიცემა და სპეციალისტი ფასდება თავისი კვალიფიკაციითა და გამოცდილებით.
აღნიშნულ პროექტზე 2014 წელს გაიცა გეოლოგიური დასკვნა. გეოლოგიურ კვლევაზე იმუშავა კომპანია შპს „გეოტექსერვისმა“ . სამუშაოების უშუალო ხელმძღვანელი ინჟინერ-გეოლოგი გ. ტლაშაძე იყო, ხოლო დასკვნა დადებითად შეაფასა ტექნიკური უნივერსიტეტის ფუძე-საძირკვლების მიმართულების ხელმძღვანელმა გუგა ჭოხონელიძემ.
„ჩატარებული საინჟინრო გეოლოგიური სამუშაოები ქ. თბილისში, კეკელიძის ქუჩის მიმდებარედ, საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე (N3/36) აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებითაა მოცემული“, - წერია გეოლოგიურ დასკვნაში.
„ლიბერალი“ ესაუბრა გეოფიზიკის ინსტიტუტის წარმომადგენელს, სეისმოლოგ ნინო წერეთელს, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული მშენებლობა, ისევე, როგორც ბევრი სხვა მშენებლობა თბილისში ვერ აკმაყოფილებს სათანადო სეისმომედეგობას.
„ჩვენთან მოქმედი სამშენებლო ნორმები ეფუძნება არასწორად შეფასებული სეისმური საშიშროების რუკას. რას ნიშნავს არასწორად შეფასებული სეისმური საშიშროენის რუკა? - სეიმური საშიშროების შეფასება ხდება ორი პარამეტრის მიხედვით: მაკროსეისმური ინტენსივობით - ბალებით და ნიადაგის მოძრაობის მაქსიმალური აჩქარებით. ეს უკანასკნელი უმნიშვნელოვანესი ფიზიკური პარამეტრია ინჟინრებისთვის, რადგან შენობა-ნაგებობების დაპროექტება სწორედ მის მიხედვით ხდება. გაირკვა, რომ ზუსტად ეს პარამეტრი - ნიადაგის მოძრაობის მაქსიმალური აჩქარების მნიშვნელობები მოსალოდნელ მნიშვნელობებზე საგრძნობლად დაბალია. შესაბამისად, დაბალ მნიშვნელობაზე დაპროექტებული შენობა ვერ იქნება სათანადოდ სეისმომედეგი. აუცილებელია ახალი სეისმური საშიშროების რუკის მიღება, რაზეც გეოფიზიკის ინსტიტუტი 2013 წლიდან უშედეგოდ საუბრობს“, - განაცხადა ნინო წერეთელმა.
მისი თქმით, მთაწმინდის ქედი მეწყერსაშიშია, თბილისი კი სეისმურად აქტიური ზონაა. მიწისძვრის დროს მეწყერი იძვრება და ამ ხეობაში მშენებლობის დაგეგმვისას ეს გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს.
სეისმოლოგი ამბობს, რომ ამ მშენებლობას მოჰყვება შესაბამისი ტრსანსპორტი, რაც უფრო დაამძიმებს სიტუაციას.
ნატა ფერაძის თქმით, სეისმურ საშიშროებებთან ერთად პროექტი ქალაქგეგმარებითი კუთხითაც მიუღებელია, რომელიც ქედის ფერდებზე შენდება.
„თუმცა სულ რომ სეისმოლოგიას თავი დავანებოთ, აქ არის ქალაქგეგმარებითი და ეკოლოგიური დიდი საფრთხეები. ის, რომ ფერდებზე არ უნდა ხდებოდეს განაშენიანება, ეს არის ქალაქგეგმარებითი საფრთხის ანბანი. ქალაქის აერაცია (ბუნებრივი ვენტილაცია) ხდება ფერდებიდან. გარდა ამისა, აქ სარეკრეაციო ზონა საერთოდ აღარ რჩება და ეს ყოველმხრივ იქნება ცუდი“, - ამბობს ნატა ფერაძე.
ნატა ფერაძე „ლიბერალთან“ აცხადებს, რომ იქმნება ახალი მოძრაობა „ქალაქი ჩვენია“, რომელშიც ჩაერთვება ყველა ის ადამიანი, რომელიც თბილისის მშენებლობებით არის შეწუხებული.