Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უკრაინის მწარე რეალობა

04 დეკემბერი 2013

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირის ინტერესს უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. თითქოს, კიევისთვისაც მიმზიდველი ჩანდა ევროპისკენ მიმავალი გზა. შესაბამისად, ანალიტიკური პროგნოზებით, ვილნიუსში ევროპისა და უკრაინის ურთიერთობებში ახალი ერა უნდა დაწყებულიყო, მაგრამ კიევის მხრიდან სამიტამდე ერთი კვირით ადრე გამოცხადებულმა უარმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არამარტო უკრაინის ევროპული არჩევანი, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალიც.

კიევის უარს წინ უსწრებდა ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლის, პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ ევროკავშირი ვილნიუსის სამიტზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, ხელს არ მოაწერს  შეთანხმებას უკრაინასთან, რადგანაც კიევი არასერიოზულად მიუდგა ევროკავშირის მოთხოვნას იულია ტიმოშენკოს გათავისუფლების შესახებ. საპასუხოდ უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ წყვეტს ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის სამზადისს. მოგვიანებით ბრიუსელში შეეცადნენ ვითარების განმუხტვას და უკრაინას მოლაპარაკებების გაგრძელება ტიმოშენკოს საკითხის განხილვის გარეშე შესთავაზეს, მაგრამ კიევის პოზიცია მტკიცე აღმოჩნდა.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ გადაწყვეტილებას ბრიუსელის მხრიდან არასაკმარისი დახმარების შეთავაზებით და შანტაჟისშემცველი მოთხოვნების წაყენებით ხსნიან. პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული დახმარება ვერ აანაზღაურებს იმ ზარალის მესამედსაც კი, რაც ამ ხელშეკრულების ხელმოწერით რუსეთ-უკრაინის ეკონომიკურ ურთიერთობებს მიადგება. მისი თქმით, უკრაინა მხოლოდ მაშინ გადავა თანამშრომლობის ახალ ეტაპზე ევროკავშირთან, როდესაც ეს მის ინტერესებში იქნება და ბრიუსელი მას თანასწორი პარტნიორისთვის შესაფერის პირობებს შესთავაზებს.

საკუთარი ხელისუფლების გადაწყვეტილებამ აღაშფოთა უკრაინის მოსახლეობის პროევროპულად განწყობილი ნაწილი. ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გამართული სპონტანური სტუდენტური აქციები, საპარლამენტო ოპოზიციის ჩართვის შემდეგ, მასშტაბურ აქციებში გადაიზარდა. ვიტალი კლიჩკოს პარტია „უდარ“ გამოსვლების მთავარ ორგანიზატორად იქცა. საპროტესტო აქციებს სოლიდარობა გამოუცადა პატიმრობაში მყოფმა იულია ტიმოშენკომ, რომელმაც ევროკავშირს სთხოვა, მისი საკითხი მოლაპარაკების პროცესიდან ამოეღოთ, რადგანაც  შექმნილ ვითარებაში მთავარია არა მისი გათავისუფლება, არამედ უკრაინის მომავალი.

ამას გარდა, ტიმოშენკომ საკუთარ მხარდამჭერებს და სხვა ოპოზიციურ პარტიებს საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც კიევში ორ ჯგუფად დაყოფილმა დემონსტრანტებმა იდეოლოგიური დაპირისპირება დროებით დაივიწყეს. ევროპის მოედანზე დაბანაკებულმა გამომსვლელებმა კარვები აშალეს და დამოუკიდებლობის მოედანზე მყოფ საკუთარ თანამოქალაქეებს შეუერთდნენ. შედეგად, გაერთიანებულმა ოპოზიციამ, 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი გამოსვლების ორგანიზება შეძლო

ხელისუფლების პირობის მიუხედავად, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალისმიერ მეთოდებს არ გამოიყენებდა, პოლიციამ ცრემლსადენი გაზის საშუალებით რამდენიმეჯერ სცადა აქციების დაშლა, რასაც დემონსტრანტებსა და ძალოვანებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც დემონსტრანტების ყველაზე რადიკალური მოთხოვნების მომხრე ჯგუფმა მთავრობის სახლის ბლოკირება სცადა.

საპროტესტო მუხტის განელება ხელისუფლებამ რიტორიკის შერბილებით სცადა. პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი აზაროვის განცხადებით, ევროკავშირთან დაახლოება ერთ დღეში არ მთავდება და ურთიერთობის მომავალი ბრიუსელის ნაბიჯებზეა დამოკიდებული. იმის სადემონსტრაციოდ, რომ უკრაინა არ წყვეტს ევროპისთან ინტეგრაციის პროცესს და სრული სერიოზულობით ეკიდება საკითხს, პრეზიდენტი იანუკოვიჩი თავად ჩაუდგა სათავეში ვილნიუსში ჩასულ უკრაინულ დელეგაციას. თუმცა, მისივე თქმით, კიევი გადაწყვეტილებას არ შეცვლის და ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს.

საინტერესოა, რა გაგრძელება მოჰყვება მოვლენებს ვილნიუსის სამიტის დასრულების შემდეგ. ოპოზიციური ძალები შეთანხმდნენ, რომ საპროტესტო აქციების ერთადერთი მოთხოვნა ევროკავშირთან ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ყოფილიყო და თუ უკრაინის ხელისუფლება ვილნიუსში ამ მოთხოვნას არ გაითვალისწინებდა, მაშინ საპროტესტო აქციები ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით გაეგრძელებინათ. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, საპროტესტო გამოსვლები უფრო მეტი სიმწვავით გაგრძელდეს და ქვეყანა პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვას. ამან კი, დასავლეთის მხრიდან მწვავე რეაქციასთან ერთად, შესაძლოა, კიევს საკუთარი პოზიციის გადახედვისკენ უბიძგოს.

ფორმალურად, უკრაინას ვილნიუსის სამიტის შემდეგაც შეუძლია ხელი მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირის ნებისმიერ მინისტერიალზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^