Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი რუსეთში ცხოვრობს

02 მარტი 2018

2017 წლის მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 840 000 ქართველი ემიგრანტი ცხოვრობდა.

ეს მონაცემები გუშინ „პიუს კვლევითი ცენტრის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ინტერაქტიური რუკა, რომელიც მასალას ახლავს, აჩვენებს, რომ საქართველოდან წასული ყველაზე მეტი - 450 ათასამდე მიგრანტი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს; 80 000 - საბერძნეთში, 70 000 - უკრაინაში, 50 000 - აზერბაიჯანში, 40 000 - სომხეთში, 30 000 - ამერიკაში , 20 000 - გერმანიაში. 20 000 - კვიპროსზე, იტალიაში კი დაახლოებით 10 000 ქართველი მიგრანტია.

ამავე მონაცემებით, 10 000-ზე ნაკლები და 1000-ზე მეტი მიგრანტია ამ დროისთვის ისრაელში, ესპანეთში, ბელორუსში, თურქეთში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, ბელგიაში, ესტონეთში, შვედეთში, ლატვიაში, პორტუგალიასა და ჩეხეთში.

1990 წლისთვის მონაცემები მცირედით განსხვავებული იყო, თუმცა მაშინაც ქართველი მიგრანტების უდიდესი ნაწილი რუსეთში ცხოვრობდა - 660 000 ადამანი. შემდეგი იყო უკრაინა - 80 000 ქართველი იმიგრანტით, შემდეგ აზერბაიჯანი, სადაც ამ დროისთვის 70 000-მდე ქართველი მიგრანტი ცხოვრობდა, საბერძნეთი - 40 000 და ისრაელი - საქართველოს 30 000 მოქალაქით.

2000 წლისთვის არსებული მონაცემებით, იმ ქვეყნების „ტოპ-სამეული“, სადაც ყველაზე მეტი ქართველი იმიგრანტი იყო, არ შეცვლილა - რუსეთი (630 000 ), უკრაინა (70 000), და საბერძნეთი (70 000). შემდეგ ქვეყნებს შორის არიან საქართველოს მეზობლები - აზერბაიჯანი (60 000) და სომხეთი (50 000). 2000 წლისთვის, როგორც ჩანს, 20 000-მდე ქართველი ცხოვრობდა ისრაელში, შეერთებულ შტატებში კი - 10 000.

2010 წლის მონაცემებით, მკვეთრად დაეცა რუსეთში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა. თუკი 2000 წლის მონაცემებით, იქ 630 000ქართველი ცხოვრობდა, 2010 წელს ამ მაჩვენებლმა 440 000-მდედაიკლო, თუმცა რუსეთი მაინც პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში ქართველი იმიგრანტების რაოდენობის მიხედვით.

მას კვლავ მოჰყვებოდა საბერძნეთი (90 000), უკრაინა (60 000), აზერბაიჯანი (50 000), სომხეთი (30 000) ქართველი მცხოვრებით.

რაც შეეხება, შეერთებულ შტატებში ქართველ მიგრანტთა რაოდენობის დინამიკას, „პიუს კვლევითი ცენტრის“ ინფორმაციით, თუკი 1990 წლისთვის ამერიკაში 10 000-ზე ნაკლები ქართველი ცხოვრობდა, 20 წლის შემდეგ ეს რიცხვი გაორმაგდა და 2010 წელს აქ უკვე 20 000-ზე მეტი ქართველი იმიგრანტი იყო. როგორც მონაცემები აჩვენებს, ყოველ 10 წელიწადში ქართველი მიგრანტების რაოდენობა შეერთებულ შტატებში დაახლოებით 10 000-ით იმატებს - 2017 წლისთვის ამერიკაში უკვე 30 000-მდე ქართველი ცხოვრობდა.

რუსეთი ლიდერობს საქართველოში მცხოვრები იმიგრანტების რაოდენობითაც: 2017 წლისთვის საქართველოში 40 000-მდე ის ადამიანი ცხოვრობდა, რომელიც რუსეთის ფედერაციაში დაიბადა. შემდეგ ლიდერობენ სომხეთსა და უკრაინაში დაბადებული მოქალაქეები (10 000 თითოეული). 1000-დან 10 000-მდე იმიგრანტია საქართველოში აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და ბელორუსიდან. შედარებით ნაკლები, ათას მცხოვრებზე ცოტაა საქართველოში შემდეგ ქვეყნებში დაბადებულ მოქალაქეთა რიცხვი: გერმანია, მოლდოვა, თურქეთი, ყირგიზეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ლიტვა, ლატვია, თურქმენეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, ტაჯიკეთი, ესტონეთი, ირანი, ამერიკა, პაკისტანი, ჩინეთი, უნგრეთი, ავღანეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, გაერთიანებული სამეფო, ინდოეთი, ისრაელი, მონღოთი, ავსტრია, ბელგია და სხვები.

ამ მხრივ, 1990 წელთან შედარებით მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება - 28 წლის წინ საქართველოში ცხოვრობდა რუსეთში დაბადებული 150 ათასამდე ადამიანი, შემდეგი იყო უკრაინა - 50 000 მოქალაქით და ყაზახეთი - 20 000 ადამიანით. რუსი მიგრანტების რიცხვი 10 წლის შემდეგ, 2000 წლისთვის 150-დან 40 ათასამდე შემცირდა.

„მიგრანტთა წარმომავლობა და დანიშნულების ადგილები მსოფლიოში“ - ასე ჰქვია „პიუს გლობალური ცენტრის“ მიერ ჩატარებულ ფართომასშტაბიან კვლევას, რომლიც შედეგებიც და გრაფიკული მასალებიც გუშინ ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ეს მონაცემები არ ეყრდნობა მიგრაციის ყოველწლიურ მონაცემებს თითოეული ქვეყნისთვის. გაანალიზებულია ე.წ. „კუმულაციური“ მონაცემები 1990, 2000, 2010 და 2017 წლებისთვის.

შესაბამისად კვლევა მოიცავს 1990-2017 წლების პერიოდს და აჩვენებს რომელ ქვეყნებში მიდიოდნენ საცხოვრებლად კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეები, როგორ იცვლებოდა მათი რაოდენობა სხვადასხვა ქვეყანაში ამ ოთხი სხვადასხვა წლისთვის, თითქმის 30 წლის განმავლობაში.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“ მოსახლეობის დეპარტამენტის განმარტებით, „საერთაშორისო მიგრანტი“ არის ადამიანი, რომელიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა სხვა ქვეყანაში და არა იქ, სადაც დაიბადა.

მასალა მომზადებულია ამერიკის ხმის მიერ 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^