Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"საზოგადოება მთავარია"

09 დეკემბერი 2013

დავით ლოსაბერიძე: “საქართველოს მოსახლეობა იყო, არის და იქნება, ლიდერები მიდიან და მოდიან, საზოგადოება არჩევანს აკეთებს”.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობა თითქმის არ ფუნქციონირებს. რა განაპირობებს მის სისუსტეს, რა არის ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციები და სამოქმედო პრინციპები? 

რა არის თვითმმართველობის მთავარი პრინციპები?

მსოფლიოში აღიარებულია სუბსიდირების პრინციპი. რისი გაკეთებაც შეიძლება ქვედა დონეზე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაეცეს გასაკეთებლად მაღალ დონეს. ის, რისი გაკეთებაც შეუძლია ადამიანს _ რა ჩაიცვას ან როგორ განწყობაზე იყოს, არ არის ოჯახის, სამეზობლოს, ნათესავების, ქალაქის მერის, პრეზიდენტისა თუ გაერთიანებული ერების გადასაწყვეტი. ის, რის გაკეთებასაც ვერ ახერხებს პირი, უფრო მაღალ რგოლს გადაეცემა: ოჯახს, უბანს, ქალაქს და ა.შ. ქვემოდან ზემოთ პრინციპია მთავარი და როგორც ისტორია გვიჩვენებს, ამან გაამართლა. ქვედა რგოლის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზედა რგოლისა.

საქართველოში როგორ მუშაობს ეს პრინციპი?

რაც არ უნდა ჭკვიანი პრეზიდენტი გვყავდეს, გენიალური პრემიერ-მინისტრი და მინისტრები, შეუძლებელია, რომ ერთ კაბინეტში გადაწყდეს 3766 დასახლებულ პუნქტში, პლუს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების პრობლემები. თუ გადაწყდა, ასეთი გადაწყვეტილება ყოველთვის არაადეკვატური იქნება. მაგალითად, მოხუცებით დასახლებულ სოფელში საქანელებს დაკიდებენ. პრეზიდენტმა გულწრფელად დაუკიდა საქანელები, ბავშვები ითამაშებენო, მაგრამ იმ სოფელში ბავშვი არ არის. ანდა _ სოფელს არ აქვს წყალი და ამ დროს კომუნისტებისდროინდელი სტადიონი გაურემონტეს და ამის გარდა, ორმა სხვადასხვა სამინისტრომ კიდევ ორი სტადიონი გაუკეთა. სოფელში სამი სტადიონია და 10-15 ბიჭი ცხოვრობს. იმდენიც არ არიან, რომ ერთ სტადიონზე გუნდებად ითამაშონ. ამ დროს სოფელს წყალი არ აქვს. სტადიონები ცუდი არაა, კარგი გააკეთეს, მაგრამ ეს ნათელი მაგალითია, რომ ცენტრიდან ვერ გადაწყდება ეს საკითხები.

ჩვენთან ყველაფერი ცენტრიდან წყდებოდა და დღესაც წყდება. სუბსიდირების პრინციპი ბიბლიაშიცაა და ილიაც წერდა სოფლის მოწყობის შესახებ. ილია ჭავჭავაძე წერდა საქართველოში იმის შესახებ, რაც 1987 წელს ევროპის თვითმმართველობის ქარტიის  მთავარ პრინციპებად იქცა. საქართველოს ამ კონვენციაზე ხელი აქვს მოწერილი და ეს პრინციპები ჩვენთვის სავალდებულოა. რატიფიცირება ცოტა გაიწელა და 2004 წლის 1 აპრილს რატიფიცირდა. სტრასბურგში ხუმრობენ, რომ 1 აპრილს გვითხარით, მოგვატყუეთო.

ამ კონვენციით საქართველომ რა ვალდებულებები იკისრა?

მოსახლეობასთან სიახლოვე: მე რაც არ უნდა კარგი ვიყო, ვერ გადავწყვეტ ყველა ადამიანის პრობლემას, მან თვითონ უნდა გადაწყვიტოს და ამისათვის უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა. შესაბამისად, მეორე საკითხი დგება, საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდება. ქვედა დონეზე სამუშაოს ვერ გიპოვით, მე თქვენ პენსიებს ვერ გავზრდი, ეს არ არის ჩემს კომპეტენციაში. მაგრამ თქვენთან შუქი უნდა იყოს, კანალიზაცია, გამწვანება, სკვერები, ანუ თქვენი საარსებო გარემო, უკეთესი რომ იყოს, მე ვარ პასუხისმგებელი, ამიტომ ამირჩიეთ მე. პრეზიდენტი იმიტომ აირჩიეთ, რომ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას მიხედოს.

სერვისების მიწოდება ჩვენი ტიპის, გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში კიდევ ორი ტიპის ფაქტორით მყარდება. ესაა ინტეგრაციული პროცესების გაძლიერება. როდესაც ჯავახეთში ან ქვემო ქართლში ვუკრძალავ სომეხს ან აზერბაიჯანელს საკუთარი ნაცონალური ინტერესების გამოხატვას, ბუნებრივია, ვაძლიერებ სეპარატიზმს. ერთადერთი შანსი, რომ თავი გადაირჩინოს, ისაა, რომ უკეთეს შემთხვევაში  _ გამომეყოს. თუ მე ადგილობრივ ინტერესებს ვუკმაყოფილებ და მას აქვს საშუალება ჩხუბის გარეშე გადაწყვიტოს საკუთარი პრობლემები, ის ჩემი მოკავშირე ხდება და თავადაა დაინტერსებული სიტუაციის შენარჩუნებაში. ამაზე ჩვენთან კამათია, მივცემთ უფლებებს და დაინგრევა ქვეყანაო. ყველგან სადაც ეს მოხდა, ინტეგრაციული პროცესები გაძლიერდა.

კიდევ ერთი პრინციპი ადგილობრივი ელიტების ფორმირებაა. დღეს ვიცით, რომ მინისტრებს ვერ არჩევენ, ხალხი ჭირს, საიდან უნდა მოვიდეს ეს ხალხი? დღეს ყველა მორბის თბილისში, სოფელში ან რეგიონულ ცენტრში დარჩენა, მაინცდამაინც, არ უნდათ. არა იმიტომ, რომ იქაურობა არ უყვართ, თბილისში მეტი პერსპექტივაა. რეგიონებში კადრების პრობლემა უფრო მწვავეა. როდესაც არსებობს ახალგაზრდების ამბიციური ჯგუფი და მივდივარ რესპუბლიკელი, ნაციონალი თუ ა.შ. ვხედავ ჩემი ღირებულებების შესაბამის უამრავ ადამიანს. ვიცი, რომ სხვადასხვა რეგიონში მყავს ხალხი, რომელსაც მე კი არ ვეძებ, თავად გაჩნდა. ასეთ დროს არც თვითმმართველობას და არც სახელმწიფოს კადრების შერჩევა არ უჭირს. 

ჩამოთვლილი ფუნქციებითა და კატეგორიებით როგორია ჩვენი თვითმმართველობა?

დავიწყოთ იმით, რომ მაქსიმალურად ცენტრალიზებულია. მაგალითად, რა ფერის ავტობუსის გაჩერება უნდა იყოს ჩხოროწყუს რომელიმე სოფელში, პრეზიდენტი წყვეტს. მაგალითად, სოფლის დახმარების პროგრამა. ყოველწლიურად სოფელი რაღაც თანხას იღებს და თავად უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა ამ თანხით გაკეთდეს. უცებ აღმოჩნდა, რომ გურჯაანის ყველა სოფელმა მოინდომა ჰქონდეს სტადიონი. ერთი გურჯაანელი არ აღმოჩნდა, რომ ეთქვა _ სტადიონი კი არა, სახინკლე მინდაო. ჩხოროწყუს ყველა სოფელმა გადაწყვიტა, რომ წითლად ან ყვითლად შეღებილი ავტობუსის გაჩერება უნდა. თავისთავად გასაგებია, რომ ეს ცენტრიდან გადაწყდა. `ხალხი ბრბოა, ხალს ელაპარაკე, ხალხს რომ დაუწყო ახსნა...~ და ა.შ. პოლიტიკის გამო პირდაპირ გუბერნატორებს ეუბნებოდნენ, ჩამოწერე რა შეიძლება გაკეთდესო. აღმოჩნდება რომ მის ნათესავს წითელი საღებავი შემოაქვს და გადაწყდება, რომ ამ თანხით ყველა სკოლა წითლად უნდა შეიღებოს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის გადანაწილება ხალხთან კავშირის შედეგად ან განსაზღვრული ადგილობრივი პრიორიტეტების მიხედვით არ ხდება?

უფრო მეტიც, იურიდიულ იუმორს უწოდებენ ამას სტრასბურგში, ქართველებს მხიარული იურისპრუდენცია გაქვთო. 2009 წლის 27 მარტს მინაშვილის ინიცირებით ორგანულ კანონში ცვლილებები შევიდა. თვითმმართველობებმა მიიღეს ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციების დაფინანსების უფლება თუ მთავრობა ამას სთხოვდა. წარმოიდგინეთ, გამგებელი ხართ და უცებ გირეკავთ ვანო მერაბიშვილი და პოლიციისთვის მილიონი ლარის დახარჯვას გთხოვთ. რომელი  იტყოდა უარს? ეს კონსტიტუციითაც დარღვევაა. მთავარსარდალი გვყავს ერთი, გამგებელს ვინ ჰკითხავს ძალოვანი სტრუქტურის საქმეში  რომ ერევა? თვითონ პრეზიდენტი ავალებს ამის გაკეთებას. ამ დროს ადგილობრივ კომპეტენციებს ვერ ახორციელებს თვითმმართველობა, საბავშვო ბაღებზე ვიცით, რა პრობლემებიცაა. მინაშვილის კანონი 2009 წელს მიიღეს და 2006 წლიდან მუშაობს. შედეგად _ ადრე რომ რაღაცას ავალებდნენ, ეს დარღვევა `გაპრავებულია". 

რა არგუმენტით ამართლებდნენ ამ კანონის მიღებას?

ქვეყანას სჭირდებაო. ქვეყანას თუ სჭირდებოდა, თქვენ წინააღმდეგი ხომ ვერ იქნებოდით? თუ იქნებოდით და არსებობდა პროკურატურა.

იურიდიული ფაქტორების გარდა სხვა რა ფაქტორები ქმნიდა თვითმმართველობის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის პრობლემას?

მთავარი პრობლემა პოლიტიკური ისტებლიშმენტის დამოკიდებულებაა: მე ვარ შეფი, თქვენ ყველანი ხართ ცხვრები. მე თქვენი გაბედნიერება მინდა, მაგრამ თქვენ არ იცით, რა არის ბედნიერება! ძალით უნდა შეგრეკოთ ბედნიერებაში. ნებისმიერი რადიკალური აზრი ამას ღაღადებს. ლევან რამიშვილი `თავისუფლების ინსტიტუტიდან~ გულწრფელად ამბობდა, რომ ხალხმა რა იცის, ჩვენ ძალით უნდა შევრეკოთ და შემდეგ მიხვდებიან, რა კარგები ვართ ჩვენო.  კომუნისტებიც, ფაშისტებიც, ნებისმიერი რადიკალური მიმდინარეობა ასე აკეთებდა. არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ ისინი არ ფიქრობდნენ ხალხის ბედნიერებაზე. პირიქით ფიქრობდნენ. ისტორიამ გვანახა, რომ ხალხთან კავშირის გარეშე ეს არ გამოდის.

პრობლემა სტრუქტურის არაეფექტური  მუშაობაა. სტალინის პერიოდის ტერიტორიული მოწყობა გვაქვს: რაიონული მოწყობა, რაიკომის მდივანი პირველი კაცია, ის მართავს სიტუაციას. სინამდვილეში, ცენტრი ავალებს ყველაფერს. ადგილზე არაფერი წყდება. ის რომ, ხალხს აქვს საშუალება ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღებაში და დაესწროს სხდომებს, ქაღალდზეა დარჩენილი. რომელ სხდომებს უნდა დაესწროს, როდესაც ლანჩხუთის საკრებულოში შესვლა უფრო რთულია, ვიდრე საქართველოს პარლამენტში? აკრედიტაცია ერთჯერადია, მეორე დღეს რომ მიხვიდე, ან ორი საათის შემდეგ, ხელახალი აკრედიტაცია გჭირდება. ამერიკის კონგრესში ტერაქტის შემდეგაც უსაბუთოდ შედიხარ, უბრალოდ, გჩხრეკენ. 

უამრავი ბარიერია, არ არსებობს ერთიანი სისტემა და ადგილობრივ მმართველს  ეშინია პასუხისმგებლობის. რამეს რომ შეგპირდეს და თბილისიდან დაურეკონ და სხვა რამე დაავალონ, რა ქნას?!

პრობლემებია კომპეტენციების გაყოფაშიც. გაწვევას რატომ უნდა კურირებდეს ადგილობრივი თვითმმართველობა და საბავშვო ბაღების ფერის შეღებვას _ ცენტრალური ხელისუფლება?

 როგორაა ფედერალური და ცენტრალური ბიუჯეტი გაყოფილი?

ადრე იყო ცოტა ფული. ბიუჯეტის მესამედი მიდიოდა რეგიონებზე. სააკაშვილის დროს ბიუჯეტიც გაიზარდა და შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებაც ათჯერ გაიზარდა. სადაც 200 ათასს იღებდნენ, ახლა 2 მილიონს იღებენ. მაგრამ ის თანხა, რომელზეც მე ვიღებ გადაწყვეტილებებს _ შემცირდა. ადგილობრივი თვითმმართველობა ფინანსურად მთლიანად ცენტრზეა დამოკიდებული. მან არ იცის რამდენს მიიღებს. თან თუ ვაძლევდით 100 ლარს და ეს თანხა მისი იყო და თავად შეეძლო დაეხარჯა, ახლა ვაძლევთ მილიონ ათ ლარს, ოღონდ თან ვავალებთ ჩემთვის მილიონიანი მანქანის ყიდვას და ფეხის ქირად 10 ლარი რჩება. კონსტიტუციით ეს არაა სწორი, მაგრამ იქვე არსებობს მინაშვილის კანონიც.

რამდენად სისტემური ხასიათი ჰქონდა ამას?

ადგილობრივი თვითმმართველობის 12 პროცენტი არამიზნობრივი ხარჯი იყო, ანუ 2 მილიარდიდან 300 მილიონი იხარჯებოდა პოლიციის შენობებზე, მანქანებზე და ა. შ.

საიდან უნდა დაიწყოს პრობლემის მოგვარება?

დღევანდელი თვითმმართველობა საქართველოს ისტორიაში ყველაზე ერთპარტიული თვითმმართველობაა. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნები ყველაზე მონოპარტიული იყო, არის რეგიონები სადაც ნაციონალის გარდა არავინაა. შეიცვალა სიტუაცია და ხალხი გამოდის ნაციონალებიდან და შედის ოცნებაში.

მათი მოტივაცია გასაგებია. ერთ-ერთმა დეპუტატმა თქვა: უმრავლესობის მხარეს უნდა ვიყოო. უნდა, რომ მთავრობასთან ჰქონდეს კარგი ურთიერთობა.

ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას კონცეფციას, რომელიც სისტემის ძირეულ ცვლილებას გულისხმობს. როგორ უნდა განხორციელდეს, როგორ უნდა მოეწყოს ტერიტორია, ვინ ახორციელებს, ვის რა უფლებები აქვს, როგორ უნდა გადანაწილდეს ბიუჯეტი. ღია დისკუსიას ვითხოვთ ამასთან დაკავშირებით. დღეს პარადოქსული სიტუაციაა. ადგილობრივ თვითმმართველობას არ აქვს საკუთარი ქონების გაყიდვის უფლება. ამის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს. უცნაურია, მე თქვენი სახლის  გაყიდვის უფლება მაქვს, ე.ი. ის სახლი ჩემი ყოფილა.

ჩვენ ვთავაზობთ, რომ 2013 წელი იყოს კონცეპტუალური მომზადების წელი, შემდეგ 2014 წელს იყოს საპილოტე ცდა, როდესაც მოდელი დაიდება და 2014 წლის არჩევნები ჩავატაროთ იმ სისტემაში, რომელიც ოპტიმალურია ქვეყნისთვის. ამის ნება თითქოს არის, ივანიშვილმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ეს პრიორიტეტია.

აღნიშნეთ, რომ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მონოპარტიული ხდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობა. რა პროცესები განაპირობებდა ამას?

ის პროცესები, რაც ზოგადად ქვეყანაში მიდიოდა. ავტორიტარიზმის გაძლიერებაა. ხელისუფლების იმანენტური თვისებაა _ რაც უფრო მეტის ნებას მომცემ, უფრო მეტს გაგიბედავ, თან როდესაც მე არ მაქვს შემზღუდავი ბარიერები ოპოზიციის და სასამართლოს სახით. ჩერჩილი რომ გადაირჩიეს, ტიროდა, ინგლისელ ხალხს აღარ ვჭირდებიო. ომის გმირი იყო და ომის შემდეგ გადაირჩიეს, ინგლისელმა ხალხმა ასე გადაწყვიტა. ინგლისი მარადიული კატეგორიაა. საქართველოს მოსახლეობა იყო, არის და იქნება, ლიდერები მოდიან და მიდიან, საზოგადოება აკეთებს არჩევანს.

როდესაც თვითმმართველობის გაძლიერებაზე საუბრობენ, ამბობენ, რომ საქართველოს მოსახლეობას თვითმმართველობის კულტურა არ გვაქვს და ეს სერიოზულ ბარიერს ქმნის. არის თუ არა ეს ბარიერი?

ეს არის აბსოლუტური სისულელე. თუ გინდა, რომ ბავშვს ცურვა ასწავლო, წყალში უნდა ჩააგდო. ეს არ ნიშნავს, რომ ჩააგდო და მიატოვო. წყალიც შეიძლება გადაყლაპოს, მაგრამ ისე ცურვას ვერ ისწავლის. 1998-2002 წლების თვითმმართველობა ყველაზე დემოკრატიული იყო, იმ გაგებით, რომ რაც ფული ჰქონდათ, თავად წყვეტდნენ _ სად წასულიყო. ძირითადად, თვითონ ინაწილებდნენ  ამ ფულს, მაგრამ რეალური პოლიტიკური პროცესებიც მიდიოდა და აღმოჩნდა, რომ ქართველს რეგიონში გადაწყვეტილების მიღების ისეთივე უნარი აქვს, როგორც აფრიკელს, ევროპელს, აზიელს… 

 

გამოქვეყნდა "ლიბერალის" 116-ე ნომერში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^