7 წლის მათე, რომელსაც აუტიზმი აქვს, ორ კვირაზე მეტია ოჯახმა სკოლიდან გამოიყვანა. დედამისი ამბობს, რომ სანამ მათეს სპეცპედაგოგი არ შეიცვლება, ბავშვს სკოლაში არ დააბრუნებს. ამ განცხადებით მაკა შერმაზანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლების განვითარების ფონდის" დახმარებით, განათლების სამინისტროსაც მიმართა. სამინისტრო ამ დროისთვის ბავშვის შემთხვევას სწავლობს.
მათეს დედა, მაკა შარმაზანაშვილი „ლიბერალთან” იმ დეტალებზე საუბრობს, რის გამოც დედოფლისწყაროს სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლიდან შვილის გამოყვანა გადაწყვიტა. მაკას თქმით, ის უკმაყოფილოა სპეციალური პედაგოგის სწავლების მეთოდებითა და მიდგომით.
მისი თქმით, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით, რომელიც მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების საფუძველზე შეადგინეს, მათეს გაკვეთილზე მხოლოდ 15 წუთი უნდა გაეტარებინა, დარჩენილი 20 წუთი კი სპეცპედაგოგთან ერთად - რესურსოთახში.
ეს გადაწყვეტილება, მულტდისიციპლინური ჯგუფის წევრის შეფასებით, იმიტომ მიიღეს, რომ მათეს უცხო გარემოში ადაპტირება უჭირდა.
დედა ამბობს, რომ მათეს თავიდან უჭირდა გაკვეთილზე გაჩერება და უცხო გარემოში ადაპტირება. თუმცა ფიქრობს, რომ ნელ-ნელა სპეცპედაგოგს კლასში მათეს დაყოვნების ხანგრძლივობა უნდა გაეზარდა, მაგრამ სპეცპედაგოგი ასე არ მოქცეულა და მას ზუსტად 15 წუთში გამოჰყავდა ბავშვი კლასიდან და რესურსოთახში მიჰყავდა.
მშობლის განმარტებით, სპეცპედაგოგი გულგრილად ეკიდება ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე მიაჩნია, რომ არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია. არ გაუვლია შესაბამისი გადამზადება.
„მას არ ჰქონდა სპეცგანათლება, თავდაპირველად ყველაფერს ჩემი მითითებით აკეთებდა. ამის მიმართ მალევე გაუჩნდა პროტესტი. არ მოსწონდა, რომ მასზე უკეთ ვერკვეოდი ინკლუზიურ განათლებაში”.
მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრი, თამარ ტუხაშვილი, სპეციალურ მასწავლებელზე ჰყვება, რომ „ის ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური და პროფესიონალი სპეცმასწავლებელია”.
2014 წელს, როცა სკოლაში ინკლუზიური განათლების სისტემა დაინერგა, სკოლას არ ჰყავდა სპეციალური განათლების მასწავლებელი, რომელიც შესაბამის კონკურსში მიიღებდა მონაწილეობას (მაგალითად, სპეცპედაგოგი უნდა იყოს განათლებით ან ფსიქოლოგი, ან ოკუპაციური თერაპევტი). ამიტომ, თამარ ტუხაშვილის რეკომენდაციით, მათეს ახლანდელმა პედაგოგმა სპეცპედაგოგის ფუნქციებიც შეითავსა.
მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრის, ტუხაშვილის ინფორმაციით, სპეცმასწავლებელს დღემდე არ გაუვლია განათლების სამინისტროს შესაბამისი ტრენინგები: „არ ვიცი რატომ, მაგრამ ჟანა (მათეს მასწავლებელი) ვერ მოხვდა უფასო ტრენინგების კურსზე, რაიონიდან მხოლოდ 2 მასწავლებელს ჰქონდა მონაწილეობის უფლება. თუმცა მან თავისივე რესურსით გაიარა ძალიან პროფესიური კურსები და ახლა ის სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესოა”, - ამბობს თამარ ტუხაშვილი.
ამ მოთხოვნის შემდეგ გადაწყდა, ბავშვის შესაძლებლობები ხელმეორედ შეეფასებინათ. მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრი, თამარ ტუხაშვილი ამბობს, რომ ამ მიზნით, დაახლოებით 2 კვირის წინ, გაკვეთილს მათეს დედასთან ერთად დაესწრო:
ზუსტად მე-16 წუთზე ბავშვმა მოძრაობა დაიწყო. და კიდევ ერთხელ მივხდით, რომ დედის მოთხოვნა არასწორი იყო. ბავშვი არ იყო მზად. ჩვენ გვახსოვს შემთხვევები, როცა ის კლასელებსა და მასწავლებელს ფეხს ურტყამდა, კლასელს თავზე ნაგვის ყუთი ჩამოაფარა და შეაშინა. ამიტომ, აკადემიური სწავლების დაწყებამდე მათემ ჯერ ქცევითი უნარები უნდა გააუმჯობესოს”, - ამბობს ტუხაშვილი და განმარტავს, რომ მისთვის გაუგებარია მშობლის უკმაყოფილება, რადგან მასთან საუბრის დროს, ვერ მოისმინა მყარი არგუმენტები, რატომ არ მოსწონს სპეცპედაგოგი.
მოსწავლის დედა კი ამტკიცებს, რომ ბავშვს დასწავლის უნარები დიდი ხანია გამომუშავებული აქვს. მაკა შვილს 3 წლიდან კვირაში ერთხელ კერძო სპეცპედაგოგთან ატარებდა, პარალელურად, 4 წელი საბავშვო ბაღში დაჰყავდა: „ბოლო წელს ბაღში სხვა ბავშვებივით 5 საათამდე რჩებოდა ხოლმე”.
მაკამ უკვე მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ითხოვს, სკოლას სპეცპედაგოგი შეუცვალონ: „წინააღმდეგ შემთხვევაში, უარს ვამბობ მათეს სკოლაში ტარებაზე”, - ამბობს მაკა.
განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ შემთხვევას სწავლობენ და აუცილებლად გაარკვევენ, რატომ არ ჰქონდა სკოლის ადმინისტრაციას ამაზე რექცია.
სპეციალური პედაგოგი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, ამიტომ მისი პოზიცია არ ვიცით.
„ლიბერალი” სკოლის დირექტორს, მამუკა ყავრელიშვილის დაუკავშირდა. გვაინტერესებდა, როგორ ცდილობდა სკოლა ამ უთანხმოების მოგვარებასა და ბავშვის სკოლაში დაბრუნებას, თუმცა დირექტორმა საუბარზე კატეგორიული უარი თქვა.