გორში, კომბინატის დასახლებაში, ლიახვის პირას, პატარა ხის ფიცრულში უკვე ორი წელია დევნილი ნანული გოჩაშვილი თავის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.
გარეთ თოვს. ოთახში, შეშის ღუმელში იქვე მდებარე ნაგავსაყრელიდან მოტანილი ფიცრები იწვის. სოციალურმა აგენტმა შეშის დარიგების დროს ოჯახს მაღალი ქულა მიანიჭა და მუნიციპალიტეტის მიერ შეშით უზრუნველყოფის სიის მიღმა დატოვა. თავშესაფარი დაახლოებით ორი მეტრის სიმაღლისაა, ორი საწოლი დგას, ხის კედელზე კი სითბოს შესანარჩუნებლად ნოხია ჩამოკიდებული. თოვლის დნობასთან ერთად ოთახის კედლებში წყალი შემოდის.
ნანული გოჩაშვილი 63 წლისაა, უკვე ერთი წელია მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონეს სტატუსი მიენიჭა, მენჯის ბარძაყის დაავადება აქვს და გადაადგილება უჭირს. მისი მეუღლე თენგიზ ზუბაშვილიც წლებია ავადმყოფობს.
2008 წელს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გორში, კომბინატის დასახლებაში, ყოფილ მუსიკალურ სკოლაში ოთახი მისცა, მაგრამ ნანულის 4-ჯერ დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია, ოჯახმა ბანკიდან კრედიტი აიღო, საბოლოოდ კი სამინისტროს გადაცემული ოთახის გაყიდვა და ვალების გასტუმრება მოუწია.
ქუჩაში ცოლ-ქმრის აღმოჩენილ ერთადერთი თავშესაფარად ეს ხის ფიცრული იქცა.
“2008 წლის ომის მერე ოთხი თვე თბილისში, დიღმის ტურბაზაში, დევნილთა საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით. გორში, სამინისტროს გადმოცემული ოთახის გაყიდვა ჩემი ავადმყოფობის გამო მომიხდა. აქ მანამდე ჩემს ქმარს ქოხი ჰქონდა გაკეთებული, ბაღს ამუშავებდა და დასასვენებლად ერთი ხის საწოლი ედგა. ოთახის გაყიდვის შემდეგ ქუჩაში აღმოვჩნდით, ჩემმა ქმარმა ნაგავსაყრელიდან ფიცრები მოზიდა და ოთახი გავაკეთეთ. მაშინ რას ვიფიქრებდით, რომ ეს მიწური ჩვენს საცხოვრებლად გადაიქცეოდა”.
ოჯახის ერთადერთი შემოსავალი შშმ პირის სტატუსის პენსია, 100 ლარი და სოციალური დახმარება, 108 ლარია.
ქალბატონი ნანული თავისი ავადმყოფობის ისტორიას მაჩვენებს. ექიმის დასკვნაში წერია, რომ მენჯის ბარძაყის სამკურნალოდ პაციენტი მუდმივ მკურნალობასა და მედიკამენტურ ჩარევას საჭიროებს. აქვეა წამლების ჩამონათვალიც - პაციენტს ყოველთვე 170 ლარის ღირებულების მედიკამენტი სჭირდება, რომ ჯოხის დახმარებით გადაადგილება შეძლოს.
“ჩვენ წამლების, პურის და ყავის მეტს არაფერს ვყიდულობთ”, - მიყვება რესპონდენტი და შეშის ღუმელში თურქული ყავის ასადუღებლად ყავის სადუღს პირდაპირ ნაკვერჩხალზე დებს. გარედან კი მის ქმარს შოკოლადის გაუხსნელი ფილა შემოაქვს: ”გუშინ მეზობლის შვილმა სარეცხი გამირეცხა და ეს მომიტანა, თქვენ შეგინახეთ, მე წნევა რომ მაწუხებს, მაინც არ ვჭამ”.
ერთი თვის წინ ოჯახში გორის ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელი და ქალაქის გამგებელი იმყოფებოდნენ. ნანული გოჩაშვილის თქმით, გამგებელი შეშით დახმარებას შეჰპირდა, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტს ამისთვის თანხა არ აღმოაჩნდა.
“მანამდე სოციალური აგენტი იყო, 51 000 ქულა მოგვანიჭა. არადა უფრო დაბალ ქულაზე შეშას უფასოდ არიგებდნენ, მაგრამ ამ სიაში ვერ მოვხვდით. დევნილებისთვის 200-ლარიანი ვაუჩერიცაა, მაგრამ ვაუჩერი არ გვჭირდება, გაზი არ გვაქვს, ელექტროენერგია კი მეზობლისგან გადმოვიყვანეთ და თვეში 10 ლარს ვუხდით”, - ამბობს ნანული გოჩაშვილი.
ნანულის მეუღლე, თენგიზი ჩვენი საუბრისას ხმას არ იღებს, მხოლოდ წამოსვლისას დაბალი ხმით მეუბნება: “კარგად მესმის, რომ სამართლებრივად ვეღარავის დავავალდებულებთ, რამე ოთახი გამოგვიყოს, სამინისტრომ უკვე მოგვცა და ჩვენი ავადმყოფობისა და გაჭირვების გამო მისი გაყიდვა მოგვიწია, უბრალოდ, იქნებ ვინმემ კეთილი ნება გამოიჩინოს და ამ გაჭირვებული მდგომარეობიდან გამოვიდეთ”.
"ლიბერალი” შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელ თამაზ გვიმრაძეს დაუკავშირდა. იგი ნანული გოჩაშვილის ოჯახის შესახებ ინფორმაციას ფლობდა: “ვიცი, რომ მართლაც მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება, თუმცა სამინისტრომ მათ 2008 წელს უკვე გადასცა ბინა და მეორედ ვეღარ დააკმაყოფილებს”.
გორის კომბინატის დასახლების რწმუნებულის, მირიან კლინიაშვილის თქმით, ნანული გოჩაშვილის ოჯახისთვის გორში ბინა ფიზიკურად არ არსებობს, შეშა კი გორში მცხოვრებ 70 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახზე უკვე გაიცა და მუნიციპალიტეტს ფინანსურად მეტი შესაძლებლობა აღარ აქვს: “განცხადება დაწეროს ოჯახმა და მომავალში თუ გამოჩნდა შეშის შესაძენი თანხა, მათ მდგომარეობას აუცილებლად გავითვალისწინებთ”, - განაცხადა გორის კომბინატის დასახლების რწმუნებულმა.
ავადმყოფობა, უსახლკარობა, სოციალური სიდუხჭირე... - ვინ დაეხმარება ოჯახს ამ პრობლემების გადაჭრაში? როგორც ჩანს, ლიახვის პირას, ხის ფიცრულში, თოვლისა და ყინვის წინაშე დარჩენილი ნანული გოჩაშვილი და თენგიზ ზუბაშვილი სახელმწიფოს დახმარების იმედზე არ უნდა იყვნენ.