Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Смерть шпионам - რას ნიშნავს ბრიტანეთში ყოფილი რუსი მზვერავის მოწამვლა

12 მარტი 2018

„არავის ვურჩევთ, უღალატოს სამშობლოს. მოღალატეები ცუდად ამთავრებენ. განსაკუთრებით არ ვურჩევთ მოღალატეებს ბრიტანეთში დასახლებას. ეტყობა, იქ კლიმატი არ ვარგა”.

ეს ტექსტი რუსეთის პირველი არხის წამყვანს ეკუთვნის. 4 მარტს ბრიტანეთში ნერვო-პარალიტიკური გაზით, შვილთან ერთად, მოწამლეს სერგეი სკრიპალი, გრუ-ის (რუსეთის სამხედრო დაზვერვა) ყოფილი პოლკოვნიკი. ძნელად თუ შეიტანს ვინმე ეჭვს იმაში, რომ კვალი რუსეთისკენ მიდის. ერთი შეხედვით, ამაში გასაკვირი არაფერია. ეს ხომ რუსეთია. 2006 წელს დაახლოებით ასევე, იმავე ბრიტანეთში, ფსბ-ის (რუსეთის უსაფრთხოების სამსახური) ყოფილი პოდპოლკოვნიკი ლიტვინენკო მოკლეს. მაგრამ სინამდვილეში საქმე კიდევ უფრო მძიმედ და რთულადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

დავიწყოთ თავიდან. „მოღალატეების” ლიკვიდაცია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული (და საბჭოთა) სპეცსამსახურების წმიდათაწმიდა ტრადიციაა, რომელიც სათავეს 1930 წლიდან იღებს, როცა მათ შუა პარიზში გენერალი კუტეპოვი გაიტაცეს. ეს უკანასკნელი ანტისაბჭოთა ცარისტულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა და მისი თაოსნობით საბჭოთა კავშირში არაერთი ცნობილი ბოლშევიკი და ჩეკისტი იქნა ლიკვიდირებული. კუტეპოვი გატაცების შემდეგ არავის უნახავს. საფრანგეთის მთავრობამ მომხდარი სასტიკად გააპროტესტა, საბჭოთა კავშირს სავაჭრო ემბარგოც დაადო და ცოტაც დააკლდა მასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამდე. რთული სათქმელია, უღირდა თუ არა მოსკოვს კუტეპოვი ამდენად. მაშინ საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ საშიშ იზოლაციაში იმყოფებოდა და „იმპერიალისტური სახელმწიფოების” მხრიდან სამხედრო ინტერვენციისა და აგრესიის კვლავაც ეშინოდა. მაგრამ, ალბათ, მათი გათვლებით უღირდათ. საფრანგეთთან ურთიერთობები ადრე თუ გვიან დალაგდებოდა (და ასეც მოხდა), ქვეყნის მტრებმა კი კარგი გაკვეთილი მიიღეს.

კუტეპოვი არ იყო ერთადერთი. 1940 მექსიკაში მოკლეს ტროცკი. 1959 წელს კი, მიუნხენში - ცნობილი უკრაინელი ნაციონალისტი ბენდერა. მაგრამ მთლიანობაში ცივი ომის დროს მოსკოვი მსგავს მკვეთრ ნაბიჯებს ერიდებოდა და თუკი საქმე ლიკვიდაციამდე მიდიოდა, ამისათვის რომელიმე სატელიტი ქვეყნის სპეცსამსახურებს იყენებდა ხოლმე. ამ შედარებით „ცივილიზებული“ პრაქტიკის ფონზე ლიტვინენკოს ლიკვიდაცია ნამდვილ შოკად იქცა - რუსებმა ბრიტანეთის ტერიტორიაზე მოკლეს იმ დროისთვის უკვე ბრიტანეთის მოქალაქე. ამას ისიც დაემატა, რომ ლიტვინენკო მისმა ყოფილმა კოლეგამ, ფსბ-ის ოფიცერმა ლუგოვოიმ პოლონიუმით მოწამლა და ამგვარად არა მხოლოდ ლიტვინენკოს ჯანმრთელობა დააყენა საფრთხის ქვეშ. ბრიტანელთა მოთხოვნას, გადაეცათ მათთვის ლუგოვოი, რუსების მხრიდან პასუხად მხოლოდ ის მოჰყვა, რომ მკვლელი სასწრაფო წესით პარლამენტის წევრად აქციეს. ძნელი გასახსენებელია დიდი ბრიტანეთისათვის ასეთი დაცინვა კიდევ ვინმეს გაებედოს.

ლიტვინენკოს ამბავს თავისებური „ახსნა” მოჰყვა: პუტინმა წითელი ხაზები გადაკვეთა, მაგრამ მაინც შეიძლება გავუგოთ, რადგან იგი მოღალატეებს ვერ იტანს. ცხადია, მას არც მტრები უყვარს, მაგრამ მტერს მტრობა შეიძლება აპატიო, მან თავისი პროფესიონალიზმით შეიძლება პატივისცემაც კი დაიმსახუროს. ამიტომაც მტრებს რუსული სპეცსამსახურებიც კი იშვიათად კლავენ. მაგრამ აი მოღალატეს - შენიანს, რომელიც მტრის მხარეს გადავიდა - რუსული სპეცსამსახურები (მათი ოფიცრის, ვლადიმირ პუტინის ჩათვლით) არასოდეს პატიობენ. საფუძვლიანი ეჭვის თანახმად, ლიტვინენკომ ბრიტანულ დაზვერვას რუსეთზე მომუშავე რამდენიმე ჯაშუშის ვინაობა გაუმხილა და პოლონიუმიც სწორედ ამიტომ დაიმსახურა, და არა იმდენად იმიტომ, რომ დაწერა სკანდალური წიგნი, რომელშიც პუტინსა და ფსბ-ს დააბრალა რუსეთში საცხოვრებელი სახლების აფეთქება (რაც ოფიციალურად ჩეჩენ ტერორისტებს დაბრალდა).

და ახლა უკვე სკრიპალის საქმესაც მივადექით. ეს უკანასკნელი 2004 წელს ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მაგრამ მოხდა ისე, რომ 2010 წელს იგი პატიმრობიდან განთავისუფლდა და ბრიტანეთში გადაბარგდა. სკრიპალი და კიდევ რამდენიმე რუსი „მოღალატე” მოსკოვმა ამერიკაში დაკავებულ ცნობილ ანა ჩეპმენსა და მის მეგობრებში გაცვალა. ჩეპმენსა და კომპანიას მოსკოვში ჩასვლისთანავე თვით პუტინი შეხვდა და მათთან ერთად „С чего начинается родина“ იმღერა (სიმღერა საბჭოთა ფილმიდან „ფარი და მახვილი”, რომელიც მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა დაზვერვის დაუჯერებელ გმირობებზე მოგვითხრობს). იქვე პუტინმა დასძინა, რომ ჩეპმენის ჯგუფის ჩავარდნა მოღალატის ბრალი იყო, „მოღალატეები კი ყოველთვის ცუდად ამთავრებენ”. ახალი „მოღალატის” ვინაობა მალე გაირკვა - სვრ-ის (რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური) პოლკოვნიკი, დეპარტამენტ ესი-ს დირექტორის მოადგილე. ამ დეპარტამენტს აბარია, ე.წ. ილეგალები - ანუ მზვერავები, რომლებიც უცხო ქვეყანაში დიპლომატიური საფარის გარეშე მუშაობენ, ზუსტად ისე, როგორც ჩეპმენი და მისი მეგობრები. სვრ-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა: ვიცით ვინაა მოღალატე და ეჭვი არ არ შეგეპაროთ, რომ მერკადერი მისთვისაც მოიძებნება (მერკადერი გახლავთ ის, ვინც ტროცკი მოაკვდინა). ეს მუქარა იმით არის საინტერესო, რომ პოტეევი ამერიკაში ცხოვრობს და თუკი რუსულმა სპეცსამსახურებმა იქ მისი ჯერ პოვნა შეძლეს, შემდეგ კი - ლიკვიდაცია გაბედეს ეს უკვე უპრეცედენტო თავხედობა იქნება. ერთია „მოღალატის” ლიკვიდაცია ბრიტანეთში, მეორეა ამერიკაში მსგავსი რამის ჩადენა.

მაგრამ სკრიპალის შემდეგ აღარც ესაა გამორიცხული. რადგან აქამდე რუსეთის სპეცსამსახურებს არასოდეს მოუკლავთ გაცვლილი ჯაშუში. გაცვლა და გაშვება ხომ ერთგვარ პატიებასაც გულისხმობს და რუსები დაზვერვის ამ დაუწერელ კანონს აქამდე ყოველთვის იცავდნენ. სწორედ ამ არგუმენტს იშველიებენ ახლა მოსკოვში. მაგრამ მათი არავის სჯერა. ჯერ ერთი, რომ ამგვარ რამეში მოსკოვის ნდობა არ ღირს. იგივე კუტეპოვის გატაცებასთან რუსები ყველანაირ კავშირს ჯიუტად უარყოფდნენ, სანამ 1965 წლებში გაზეთმა „კრასნაია ზვეზდამ” გატაცების ამბავი არ გაამხილა (გაამხილა კი არა და ოპერაციის მონაწილე გმირები აქო და ადიდა). მეორეც, ბრიტანეთის სამართალდამცველები მომწამვლელის ვინაობის დადგენას ვერაფრით ახერხებენ, რაც დამნაშავის განსაკუთრებულ მომზადებაზე მიუთითებს. ამას ისიც ემატება, რომ სკრიპალის გაცვლა მოსკოვის მხრიდან იძულებითი ნაბიჯი იყო. აქამდე რუსები გაცვლისას იძლეოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მზვერავებს (მტრებს და არა მოღალატეებს). ცივი ომის დროს იყო შემთხვევები, როცა გაცვლისას გაუშვეს საკუთარი მოქალაქეები, მაგრამ ისინი პოლიტიკური დისიდენტები იყვნენ - უფრო მტრები, ვიდრე მოღალატეები. 2010 წელს, როცა ჩეპმენისა და კომპანიის გამოხსნა გახდა საჭირო, რუსებს გაცვლისათვის „მოღალატეების” მეტი არავინ აღმოჩნდა და ასე აღმოჩნდა სკრიპალი ბრიტანეთში.

ასე რომ, მოღალატეების ლიკვიდაციის წმიდათაწმიდა ტრადიცია სრულიად ახალ დონეზე ავიდა. ამაში კარგი არაფერია, რადგან მოსკოვი უკვე დიდ კონფრონტაციაზე მიდის. პუტინი ახალ ვადას იწყებს და ეს ვადა იოლი არ იქნება, რადგან რუსეთის ეკონომიკას უჭირს, დასავლეთთან ურთიერთობების დალაგების პერსპექტივა კი არ ჩანს. ასეთ ვითარებაში შეიძლება  მავანს „ღალატის” სურვილი და ცდუნება გაუჩნდეს. ალბათ, სწორედ ამ მავანთა დასანახად განხორციელდა სპეცოპერაცია ბრიტანეთში. ალბათ აზრი აღარ აქვს შეკითხვას - უღირთ კი მოსკოვში პოტენციური მოღალატეების გაფრთხილება ასეთ კონფრონტაციად? ისევ და ისევ, მათი გათვლებით, ალბათ უღირთ.

ბრიტანეთი კი ისევ პროტესტს აცხადებს, მაგრამ მოსკოვში ამას ყურადღებას არც აქცევენ. სპეცსამსახურების ომში რუსებმა ლონდონს კიდევ ერთი რაუნდი მოუგეს: სიდნი რაილის (ჯეიმს ბონდის პროტოტიპის) ლიკვიდაცია რუსეთში; ლეგენდარული კემბრიჯის ხუთეული (გამორჩეული ბრიტანელი დაზვერვის ოფიცრები და დიპლომატები, რომლებიც ფარულად მოსკოვზე მუშაობდნენ); ჯორჯ ბლეიკი (ბრიტანეთის დაზვერვის ოფიცერი, რომელიც ასევე მოსკოვზე მუშაობდა); ლიტვინენკოს ლიკვიდაცია… რით პასუხობს ამას ლონდონი? ახალი მავნიტსკის სია, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტი… სულ ეს არის. თუკი რუსებმა ასე გააგრძელეს, მსოფლიო ჩემპიონატის ჩაშლა შეიძლება მართლაც იქცეს რეალობად. მაგრამ ეს შეიძლება სულაც არ იყოს კარგი ამბავი - იზოლირებული რუსეთი ალბათ კიდევ უფრო მეტად საშიში იქნება... 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^