მოსკოვის გამზირის დასაწყისში, რკინით შემოღობილ ტერიტორიაზე ოცამდე მწვანე ფერის კარავია გაშლილი, რომელსაც თავს 170-ზე მეტი უსახლკარო ადამიანი აფარებს. ეზო პირობითად ორ ნაწილად იყოფა - მარჯვენა ფლანგი პოლიციის თანამშრომლებს, პირველადი დახმარების ექიმებსა და “კათარზისის’’ თანამშრომლებს უკავიათ, რომლებიც კარვებთან გამუდმებით მორიგეობენ; მარცხენა მხარე კი - კარვებს. კარვები სტანდარტულია. ბეტონის იატაკზე განთავსებული რამდენიმე ორსართულიანი საწოლით, კუთხეში შეშის ღუმელითა და პატარა ოთხკუთხა მაგიდებით, რომელზეც ძირითადად წყალი და რამდენიმე კვერცხი ალაგია - ეს მათთვის, ვინც დილიდან საშოვარზე გავიდა და საუზმობა ვერ მოასწრო. კარვის მცხოვრებლები ძირითადად საკვების, ტანსაცმლისა და სველი წერტილების პრობლემებზე საუბრობენ.
კვება დღეში ორჯერადია. უსახლკაროთა რაციონში, ძირითადად, ორი კვერცხი, ერთი ცალი სოსისი, ფუნთუშა და ბურბუშელა შედის. კარვების მობინადრეთა ნაწილი კვებით კმაყოფილია, ნაწილი კი ამბობს, რომ იქაური კვება “სულ არაფერს ჯობია, თუმცა საკმარისი მაინც არ არის”. კარვის ერთ-ერთი მცხოვრების მადლენა ნინიაშვილის თქმით, იყო შემთხევები, როცა საჩუქრად მიტანილი საახალწლო ნუგბარი უსახლკაროებამდე არც მისულა.
კარვებში მამაკაცები და ქალები ერთად არიან. აბანოთი ადგილზე ვერ სარგებლობენ. მოშორებით რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ ნაქირავები აბანოა, სადაც მსურველები ნებისმიერ დროს მიდიან, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც გადაადგილების პრობლემა აქვთ და დანიშნულ ადგილამდე მისვლასა და აბანოთი სარგებლობას ვერ ახერხებენ. კარვებში ტანისამოსის დეფიციტია. ახალი ტანსაცმელი აქ დასწრებაზეა. თუ ვინმეს აღება ცოტა დააგვიანდა ან თავისი ზომა ვერ ნახა, მის გარეშე რჩება.
კარავი, რომელშიც მადლენა ცხოვრობს, დღისით და ღამით სულ ღიაა, ელვაშესაკრავი გაფუჭებული აქვს. ღამის ყინვას ღუმელი ვერ უმკლავდება. მადლენა ამბობს, რომ ცივი ჰაერი პირდაპირ ზურგში უბერავს. დამხარება ითხოვა, მაგრამ უპასუხეს, არ გაკეთდებაო.
უსახლკაროთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ყველაფრით კმაყოფილები არიან და ადმინისტრაციასთან პრეტენზიები არ აქვთ. კარავი, რომელშიც თერთმეტი კაცი ერთად ცხოვრობს, შედარებით სუფთად გამოიყურება. აქ ტელევიზორიც დგას და წყლის მადუღარაც შეუძენიათ. როგორც ამბობენ, ქუჩაში ღამის გათევას, კარავში ყოფნას ამჯობინებენ. არც საკვების სიმცირეს უჩივიან და არც ადმინისტრაციის მხრიდან არასათანადო მოპყრობას.
კარვებთან რეგიონული განვითარების სამინისტროს მორიგე თანამშრომლებმა, ჩვენთან კომენტარზე უარი განაცხადეს. თუმცა გვირჩიეს, რომ ყველა უსახლკაროსთვის არ დაგვეჯერებინა, “რადგან მათი ნაწილი უმადურობით გამოირჩევა.”
პრობლემა, რომელსაც თითქმის ყველა უჩივის, სამედიცინო მომსახურების არაეფექტურობაა. ზოგი უსახლკარო გვეუბნება, რომ სტაციონალურ მკურნალობაზე უარს საკუთარი ნებით ამბობს, შიშობენ, რომ საავადმყოფოში ყურადღებას მათ არავინ მიაქცევთ და ისევ კარავში წოლას ამჯობინებენ. უმრავლესობას ჯიბეში წამლის რეცეპტი უდევს და ექიმის მიერ დანიშნულ აბებს რამდენიმე დღეა უშედეგოდ ელოდება.
მთავარი ექიმი გელა ჭურუხაძე ამბობს, რომ დროებითი მცხოვრებლები დღეში 70-მდე მაინც მიმართავენ ექიმს. მათ ყველას თავისებური მიდგომა სჭირდებაჸ. მისი თქმით, პუნქტში ყველა საჭირო მედიკამენტია და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებას ყველას უწევენ. როგორც ექიმი ამბობს, “უსახლკაროებში გახშირებული ალკოჰოლის მიღების გამო, მკურნალობა სასურველ შედეგს ვერ იძლევა. მძიმე პაციენტების შემთხვევაში სხვადასხვა საავადმყოფოებსაც მიმართავენ”.