რა ეკონომიკური ეფექტი ექნება ხუდონჰესს ქვეყნისთვის? რამდენად სწორია ინვესტორების ეკონომიკური გათვლები? რა შეიცვლება მომხმარებლისთვის?
პროექტის ფისკალური ეფექტები
ინვესტორები და ხელისუფლების წარმომადგენლები ხუდონის ელექტროსადგურის ყველაზე მნიშვნელოვან სარგებლად სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას ასახელებენ. არადა, ტყუილია ის, რომ პროექტის განუხორციელებლობის შემთხვევაში ქვეყანის ბიუჯეტი მნიშვნელოვან შემოსავლებს დაკარგავს. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით ხუდონჰესი მშენებლობის ეტაპზე სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ საშემოსავლო და ქონების გადასახადებს გადაიხდის, ხოლო ექსპლუატაციის ეტაპზე დაემატება მოგების გადასახადი მას შემდეგ, რაც ინვესტიციებს უკვე ამოიღებენ.
პროექტში არ არის ნაჩვენები მონაცემების დაანგარიშების მეთოდი, ხოლო წარმოდგენილი მონაცემები არ შეესაბამება რეალობას და პროექტის ფისკალურ ეფექტს გადაჭარბებულად წარმოაჩენს. ამას გარდა, პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში საერთოდ არ არის განხილული პროექტის სხვა ალტერნატივების ფისკალური ეფექტები - მაგალითად, 200 მეტრიანი კაშხლის ნაცვლად რომ აშენებულიყო 35 მეტრიანი კაშხალი, რომელიც არ გამოიწვევდა მოსახლეობის გასახლებას, ან ჰესი რომ აშენებულიყო სოფელი ხაიშის ზემოთ ენგურის ხეობაში.
განვიხილოთ მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე კომპანიის მიერ გადასახდელი გადასახადები სახელმწიფო ბიუჯეტში ცალ-ცალკე:
მშენებლობის ეტაპი:
არსებული დოკუმენტაციის თანახმად[1], კომპანია ყოველწლიურად გადაიხდის 26.3 მილიონ ლარს სახელმწიფო ბიუჯეტში, საიდანაც საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 21.53 მილიონ ლარს, ხოლო ქონების გადასახადი - 4.8 მილიონ ლარს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1700-1800 ლარი იქნება, შესაბამისად, უხეში გათვლებით პროექტის წლიური სახელფასო ფონდი უნდა შეადგენდეს 61.2 მილიონ ლარს, ხოლო საშემოსავლო გადასახადი - 12.24 მილიონ ლარს, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია ანგარიშში მოცემულ 21.53 მილიონ ლარზე.
გარდა ამისა, გაუგებარია, როგორ დაითვალეს ქონების გადასახადი. კომპანიის მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მესამე წელია ხუდონი სვანეთის ბიუჯეტში იხდის 600 ათას აშშ დოლარს (1 მილიონ ლარს) წელიწადში[2], ხოლო სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით და ეს თანხა 2019 წლამდე[3], ანუ მშენებლობის დასრულებამდე არ შეიცვლება, ეს კი წინააღმდეგობაში მოდის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშში დასახელებულ რიცხვთან - 4.8 მილიონ ლართან.
შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მშენებლობის ეტაპზე კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად გადაიხდის არა გზშ ანგარიშში მოცემულ 26.3 მილიონ ლარს, არამედ 13.24 მილიონ ლარს.
ექსპლუატაციის ეტაპი
გადაჭარბებულად არის წარმოჩენილი კომპანიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხები ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგაც (ქონების გადასახადი - 18.4 მილიონი ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადი - 4.3 მილიონი ლარი[4]). გზშ-ს თანახმად, ობიექტზე 200 ადამიანი დასაქმდება, რომელთა საშუალო ხელფასი, კომპანიის წარმომადგენლების მიერ მედიაში გაკეთებული განცხადებების თანახმად, 1700 – 1800 ლარი იქნება. შესაბამისად, უხეში გათვლებით კომპანიის წლიური სახელფასო ბიუჯეტი 4.08 მილიონი ლარია, ხოლო საშემოსავლო გადასახადის სახით კომპანიას 816,000 ლარის გადახდა მოუწევს, ნაცვლად ანგარიშში მოცემული 4.3 მილიონი ლარისა. იმის გათვალისწინებით, რომ ინვესტიციების მთლიანი ოდენობა შეადგენს 1.2 მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო კომპანია მოგების გადასახადის გადახდას მხოლოდ ინვესტიციების ამოღების შემდეგ აპირებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მშენებლობის დაწყებიდან დაახლოებით 20 წლის განმავლობაში კომპანია მოგების გადასახადს საერთოდ არ გადაიხდის და შემოიფარგლება მხოლოდ საშემოსავლო და ქონების გადასახადების გადახდით, რაც ექსპლუატაციის ეტაპზე შეადგენს 19.224 მილიონ ლარს[5], ნაცვლად ანგარიშში მოცემული 22.7 მილიონი ლარისა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამორტიზაციის გამო ყოველწლიურად შემცირდება ობიექტის საბალანსო ღირებულება და შესაბამისად, შემცირდება ქონების გადასახადიც, რაც პროექტში საერთოდ არ არის განხილული.
ამგვარად, მშენებლობის ეტაპზე კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად გადაიხდის არა ანგარიშში მოცემულ 26.3 მილიონ ლარს, არამედ 12.84 მილიონ ლარს, ხოლო ექსპლუატაციის ეტაპზე (სულ მცირე, პირველი 10 წელი) 19.224 მილიონ ლარს, ნაცვლად ანგარიშში მოცემული 22.7 მილიონი ლარისა, რაც საგრძნობლად ნაკლებია, ვიდრე საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი სწრაფი კვების რესტორნის კონტრიბუცია სახელმწიფო ბიუჯეტში[6].
შეუძლებელია საშემოსავლო გადასახადი შეადგენდეს 21.53 მილიონ ლარს, როგორც ეს გზშ ანგარიშში არის წარმოდგენილი. მოცემული ოდენობის საშემოსავლო გადასახადის გადახდა შესაძლებელი გახდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ყოველწლიური სახელფასო ფონდი დაახლოებით 107.65 მილიონი ლარი იქნებოდა, რაც 6 წლის განმავლობაში (მშენებლობის ხანგძლივობა) შეადგენს 646 მილიონ ლარს და მთლიანი განსახორციელებელი ინვესტიციის 33.6%-ია. ეს კი წარმოუდგენელია ასეთი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტისათვის. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ ინვესტორი ჰესს კი არ აშენებს, არამედ მხოლოდ ხელფასებს იხდის, რაც აბსურდია.
ზემოქმედება დასაქმებაზე
გზშ ანგარიშის მიხედვით, მშენებლობის ეტაპზე იგეგმება 3000 ადამიანის, ხოლო ექსპლუატაციის ეტაპზე 200 ადამიანის დასაქმება, რომელთაგან 60-70% საქართველოს მოქალაქე იქნება. თუმცა, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მშენებლობის ეტაპზე დასაქმდება 4000 ადამიანი და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქე იქნება. როგორც საქართველოში განხორციელებული თუ მიმდინარე მსგავსი მასშტაბის პროექტების პრაქტიკა აჩვენებს, სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობის და, ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების დასაქმების წილი უმნიშვნელოა, რისი ნათელი მაგალითია შუახევში მიმდინარე შუახევიჰესის პროექტი, სადაც მხოლოდ 15 ადგილობრივი დასაქმდა, მიუხედავად იმისა, რომ 200-ზე მეტმა გაიარა გადამზადების კურსი. ასევე, კომპანია „ფერის“ შესაბამისი გზშ ანგარიშების მიხედვით, „ლარსი-ჰესის“ მშენებლობაზე - 150, ხოლო „დარიალჰესის“ მშენებლობაზე - 200 ადამიანი უნდა დაესაქმებინა. როგორც 2013 წლის 11 სექტემბერს დაბა სტეფანწმნინდაში გამართულ საჯარო განხილვაზე აღმოჩნდა, ორივე პროექტზე დასაქმებული იყო მხოლოდ 67 ადამიანი.
პრაქტიკა ასევე აჩვენებს, რომ დასაქმების შესაძლებლობების გადაჭარბებულად წარმოჩენა ემსახურება ადგილობრივი მოსახლეობის და ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების მხარდაჭერის მოპოვებას და დაგეგმილი პროექტების კრიტიკოსთა „განეიტრალებას“. ქვეყანაში არსებული სიღარიბის მაღალი და დასაქმების დაბალი დონე ამგვარი ცრუ დაპირებებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. საგულისხმოა, რომ მსხვილმასშტაბიან პროექტებზე დადებულ არც ერთ შეთანხმებაში, მათ შორის, ხუდონჰესის თაობაზე დადებულ ხელშეკრულებაში, საქართველოს მთავრობა არ უყენებს ინვესტორებს რაიმე ვალდებულებას (ადგილობრივი მოსახლეობის ან ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების) დასაქმებასთან დაკავშირებით. ამდენად, პროექტების დაწყების შემდეგ, დასაქმებაზე გაცემული ცრუ და გადაჭარბებული დაპირებების შეუსრულებლობაზე პასუხი არავის მოეთხოვება. მაღალი ალბათობით მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდებით ხუდონჰესის პროექტის შემთხვევაშიც.
მაკროეკონომიკური ეფექტები
მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა
კომპანიის წარმომადგენლების მიერ გადაჭარბებულად არის შეფასებული პროექტის გავლენა მშპ-ს ზრდაზე. იმის მტკიცება, რომ ვინაიდან დროის რაღაც პერიოდში განხორციელებულმა 1-მილიარდიანმა ინვესტიციამ გამოიწვია 5.5%-იანი ზრდა და შესაბამისად, ყოველწლიურად 200 მილიონი დოლარის ინვესტირება პროპორციულად 1.1%-ით გაზრდის ქვეყნის მშპ-ს მაჩვენებელს, აბსურდულია და არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან; ასეთი ჩანაწერი ემსახურება მხოლოდ პროექტის მაკროეკონომიკური თვალსაზრისით საჭიროების გადაჭარბებულად წარმოჩენას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
პროექტის სარგებლის დღევანდელი ღირებულება
ასევე, საერთოდ არ არის დაანგარიშებული და გაანალიზებული პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული მთლიანი სარგებლის დღევანდელი ღირებულება (Present Value[7]), რაც პროექტის დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზის განუყოფელი ნაწილია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმნიშვნელოვანესი პარამეტრია.
ზეგავლენა ექსპორტზე
წინააღმდეგობრივია საპროექტო დოკუმენტაციისა და კომპანიის წარმომადგენლების მტკიცებები ელექტროენერგიის ექსპორტთან დაკავშირებითაც. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით[8] გამომუშავებული ელექტროენერგიის 91% ექსპორტზე უნდა გავიდეს, ხოლო საქართველოს ენერგოსისტემას მხოლოდ 133.9 მლნ კვტ/სთ უნდა მიეწოდოს ზამთრის ოთხი თვის განმავლობაში. ამასთანავე, კომპანიის წარმომადგენლები მედიაში ამტკიცებენ, რომ გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოში დარჩება ქვეყანაში ენერგოდეფიციტის შევსების მიზნით.[9] მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსგავსი ტიპის ობიექტის მშენებლობამდე, აუცილებელი იყო ენერგეტიკის სამინისტროს შეემუშავებინა ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელიც ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს განსაზღვრავდა.
მართალია, ელექტროენერგიის ექსპორტით გაუმჯობესდება ქვეყნის საგადასახდელო ბალანსი[10], რომელიც წარმოადგენს სტატისტიკურ ანგარიშს, მაგრამ საქართველო სხვა რაიმე სარგებელს ელექტროენერგიის ექსპორტიდან ვერ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით ექსპორტი 0%-ით იბეგრება. გარდა ამისა, ბუნებრივი რესურსების ათვისება ექსპორტირების მიზნით არ ნიშნავს ჯანსაღ და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოში უნდა დარჩეს, გაუგებარია, საერთოდ რატომ არის განხილული ექსპორტიდან მიღებული მაკროეკონომიკური სარგებელი.
ზეგავლენა ელექტროენერგიის ტარიფზე
იმ შემთხვევაში, თუ ხუდონის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია დეფიციტის დაფარვის მიზნით დარჩება საქართველოში იმ ტარიფად, რაც განისაზღვრა ხელშეკრულებაში (9.5 თეთრი), ის უცილობლად გამოიწვევს ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას, ვინაიდან ხუდონის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ტარიფი რამდენჯერმე აღემატება არათუ ჰიდროელექტროსადგურების ტარიფს (ჟინვალჰესი - 1.83 თეთრი; ენგური - 1.18 თეთრი ა.შ), არამედ ყველაზე მაღალი ტარიფის მქონე თბოელექტროსადგურის ტარიფსაც კი (ჯიფაუერის საკუთრებაში არსებული გარდაბნის აირტურბინული თბოელექტროსადგური - 8.48 თეთრი).
გზშ ანგარიშის მიხედვით 9.5 თეთრი განსაზღვრულია მხოლოდ 133.4 მლნ კვტ/სთ-ისთვის და არა ჰესის მიერ მთლიანად გამომუშავებული ენერგიისთვის, შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს დაჭირდება ელექტროენერგია ხუდონის ჰიდროელექტროსადგურიდან, კონტრაქტის მიხედვით ქართულ მხარეს მოუწევს საერთაშორისო კონკურენციაში შესვლა მეზობელ ქვეყნებთან.
ზეგავლენა ენგურჰესზე და ვარდნილჰესზე
საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ხუდონჰესის აგების ეფექტით ენგურჰესზე და ვარდნილჰესზე დამატებით გამომუშავებული იქნება ყოველწლიურად 300 მლნ. კვტ/სთ. მედიაში კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან კი კეთდება განცხადებები, რომ ენგურჰესზე და ვარდნილჰესზე ელექტროენერგიის გამომუშავება გაიზრდება 470 მლნ კვტ/სთ-ით. იმის გათვალისწინებით, რომ პროექტის გზშ ანგარიშში არ არის წარმოდგენილი ხუდონჰესის, ენგურჰესისა და ვარდნილჰესის ერთობლივი მუშაობის რეჟიმები და შესაბამისი ტექნიკური გათვლები, შეუძლებელია აღნიშნული მტკიცებულებების შემოწმება.
ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის 2011 წლის გზშ ანგარიშის მიხედვით, პროექტის განსახორციელებლად საჭირო ინვესტიციების ოდენობა 780 მილიონ აშშ დოლარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ტექნიკური პარამეტრები პრაქტიკულად არ შეცვლილა, „ტრანსელექტრიკას“ მიერ 2013 წლის ივლისში წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით ინვესტიციების ოდენობა გაიზარდა დაახლოებით 35%-ით და 1.2 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა.
სამწუხაროდ ინვესტიციების საერთო რაოდენობა რატომღაც არ მოიცავს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებებსა და უკვე განხორციელებულ კონტრიბუციას ამ პროექტში, კერძოდ, სახელმწიფოს მიერ ინვესტორისთვის გადაცემულ 1500 ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ უძრავ ქონებას (100 მლნ ლარი[11]), საბჭოთა კავშირის დროს ხუდონზე შესრულებულ სამუშაოს (311.5 მლნ ლარი), ხუდონი - ჯვარისა და ჯვარი - ხორგას გადამცემი ხაზებისა და ქვესადგურის მშენებლობის დაფინანსების ვალდებულებას[12] (239 მილიონი ლარი), რაც პროექტის საერთო ღირებულების 24% ს შეადგენს. მიუხედავად ამისა, პროექტში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა არ გააჩნია.
ვის საკუთრებაშია ხუდონჰესი?
სამწუხაროდ, ენერგეტიკის მინისტრის მიერ მედიასთან გაკეთებული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ხუდონჰესი გარკვეული პერიოდის შემდეგ უკან დაუბრუნდება სახელმწიფოს, სიცრუეა. სახელმწიფოს მიერ „ტრანსელექტრიკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, პროექტი უნდა განხორციელდეს ე.წ. მშენებლობა-ფლობა-ოპერირების სქემით, რაც გულისხმობს იმას, რომ ხუდონჰესი სამუდამოდ დარჩება ინვესტორის საკუთრებაში.
ხუდონჰესი, როგორც ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი
ხელშეკრულებით ინვესტორს აღებული აქვს ვალდებულება, რომ ხუდონი საქართველოს ელექტროსისტემას მიაწვდის 133,9 მილიონ კვტ/სთ ენერგიას 9.5 თეთრად ზამთრის 4 თვის განმავლობაში, რაც იანვარში საქართველოს 4 დღის მოხმარების ტოლია. შესაბამისად, ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოდეფიციტის დაფარვის საშუალებად ხუდონის განხილვის შესახებ ინვესტორისა და ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებები აბსურდულია.
ინვესტორი კომპანიის წარმომავლობა
გაურკვეველია თავად „ტრანსელექტრიკას“ წარმომავლობაც. ეს კომპანია დაფუძნდა 2010 წელს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე და მისი დამფუძნებლების ვინაობა უცნობია. ოფშერულ ზონებშია დარეგისტრირებული „ტრანსელექტრიკას“ აქციონერებიც, შესაბამისად, კუნძულ ჯერსიში (SGGS Infrastructure) და პანამაში (Oalney Assets S.A), ხოლო მესამე კომპანია - World Energy limted გაუქმებულია.
ხუდონჰესის ინვესტორ კომპანიას არ აქვს ბიზნესის წარმოების გამოცდილება და არ განუხორციელებია არათუ მსგავსი, არამედ სხვა რაიმე სახის ბიზნეს პროექტი. მიუხედავად ამისა, ინვესტორი კომპანიის ვებგვერდზე მითითებულია, რომ მათი ერთ-ერთი „პრომოუტერი“ წარმოადგენს კონტრაქტორს, რომელსაც გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება სამშენებლო სამუშაოების წარმოებაში სხვადასხვა კონტინენტებზე. ის წარმოადგენდა ერთ-ერთ მთავარ კონტრაქტორს ნატფა ჯახრის ჰიდრო ელექტრო სადგურის (1500 მვტ) მშენებლობის დროს, რომელიც დღემდე ითვლება ინდოეთის უდიდეს ჰიდრო ელექტროსადგურად. მათ ასევე გააჩნიათ გამოცდილება არამარტო ჰესების მშენებლობების, არამედ ავტომაგისტრალებისა და აეროპორტების, კაშხლებისა და გვირაბების და ა.შ.[16]
თუმცა, ლეგალური კავშირები „ტრანსელექტრიკასა“ და რეალურად არსებულ ამ კომპანიას შორის არ იძებნება.
დასკვნა
ხუდონჰესი ეკონომიკური თვალსაზრისით გარკვეული, უმნიშვნელო სარგებლის მომტანი იქნება ქვეყნისთვის, რაც გამოიხატება ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების ქვეყნის ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებში მობილიზებაში. ასევე, პროექტს ექნება უმნიშვნელო მაკროეკონომიკური სარგებელი, მშპ-ის ზრდის თვალსაზრისით (არა იმ მოცულობით, რაც გზშ ანგარიშშია მოცემული), თუმცა, იმ ზარალის ფონზე რაც აღნიშნული პროექტის განხორციელებით მიადგება რეგიონსა და მთლიანად ქვეყანას, პროექტის სარგებელი მიზერულია. სამაგიეროდ, პროექტის სარგებელი მნიშვნელოვანია ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული „ტრანსელექტრიკასთვის“, რომელიც ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მიყენებული 1.5 მილიარდი დოლარის ზარალის ხარჯზე მიიღებს მნიშვნელოვან შემოსავლებს (მინიმუმ 150 მილიონ ლარს წელიწადში).
[1] პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში;
[2] http://www.tabula.ge/ge/story/77287-xudonhesi 21 ნოემბერი 2013წ.
[3]https://www.facebook.com/photo.php?fbid=238017016366647&set=a.234565290045153.1073741828.234557383379277&type=1&theater
[4]გზშ ანგარიშში მიხედვით, კომპანია მოგების გადასახადის გადახდას დაიწყებს მხოლოდ ინვესტიციების ამოღების შემდეგ.
[5] 18,408,000 + 816,000=19,224,000
[6] სახელმწიფო ბიუჯეტში მაკდონალდსი იხდის ყოველწლიურად 33.749.279 ლარს; გაზეთი ქრონიკა N41; 14-20 ოქტომბერი, 2013;
[7] PV=Cn/(1+r)n სადაც PV - სარგებლის დღევანდელი ღირებულებაა, Cn - სარგებელია n წელიწადში, r - უკუგების შიდა დონე, რომელიც პროცენტებში გამოისახება და წილადის სახით შედის ფორმულაში;
[8] გზშ ანგარიში; გვ 33; „მაკროეკონომიკური ეფექტები“
[9] 24 საათი; 14 დეკემბერი, 2013 წელი N236; “დავით მირცხულავა: ხუდონჰესზე გამომუშავებული ენერგიის უდიდესი ნაწილი საქართველოში დარჩება“;
[10] „sagadasaxdelo balansi aris makroekonomikuri statistikuri angariSi, romelic asaxavs drois gansazRvrul periodSi mocemul ekonomikasa da danarCen msoflios Soris ganxorcielebul ekonomikur tranzaqciebs“; http://www.nbg.gov.ge/uploads/publications/balanceofpayments/sagadasaxdelo_geo_24_12_13.pdf
[11] ინვესტორი ქონების გადასახადის სახით იხდის გადაცემული ქონების საბალანსო ღირებულების 1%-ს, რაც შეადგენს 1 მლნ ლარს, შესაბამისად გადაცემული უძრავი ონების საბალანსო ღირებულება შეადგენს 100 მილიონ ლარს; აღსანიშნავია, რომ ქონების გადაცემისას ინვენტარიზაცია გადაცემული ქონების არ მომხდარა, ანუ გადაცემული ქონების რეალური ღირებულება უცნობია;
[12] 100 მლნ ევროს ეკვივალენტი ლარში, რაც შეადგენს 239 მლნ ლარს http://www.ebrd.com/english/pages/project/psd/2013/45181.shtml
[13] გასატვალისწინებელია, რომ აქ არ შედის ის სოციალური და გარემოს დაცვითი ხარჯები
[14] 178 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში კურსით 1.75;
[16] „One of our Promoter’s is a heavy civil construction contractor with more than 5 decades of construction experience across continents. They have the credentials of being the main contractor for works of Nathpa Jakhri Power Project (1500 MW) which till date is the largest Hydro Electric project in INDIA. Our capabilities span the range of heavy civil construction from highways and airports, to dams and tunnels, marine facilities, public health engineering and hydro electric power projects.” http://transelectrica.com/projects.htm